"ისეთი თემები უნდა წამოვწიოთ, რომელსაც სააკაშვილი ვეღარ აიტაცებს და გაიშიფრება" - კვირის პალიტრა

"ისეთი თემები უნდა წამოვწიოთ, რომელსაც სააკაშვილი ვეღარ აიტაცებს და გაიშიფრება"

"სააკაშვილს როგორც კი გაუჭირდება, რუსეთი მაშინვე თოკს გადაუგდებს როგორც წყალწაღებულს"

"სახალხო პარტიის" თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე ხელისუფლებასთან საბრძოლველად ოპოზიციური სისტემის შექმნის ინიციატივით გამოდის:

- ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის მიუღებელია. ეს ოპოზიციის უპირატესობაა და ასეთ დროს დამარცხება დამღუპველი იქნება არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ ქვეყნისთვისაც. ამის მწარე მაგალითია 2007-2008 წლები. "ქართული ოცნების" დამარცხება (თუ ოპოზიციამ ვერ აიღო უმრავლესობა) შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს ქართული სახელმწიფოებრიობის იდეისა და საქართველოს ხვალინდელი დღისათვის. სისტემასთან ბრძოლის ნაცვლად  პიროვნების ხელისუფლებიდან განდევნისკენ გვაქვს მეტი ყურადღება მიმართული. უფრო მეტად ვლაპარაკობთ მის ხელისუფლებაში მოყვანასა და გაშვებაზე, ვიდრე იმაზე, რომ არსებული სისტემის ნაცვლად ახალი უნდა შეიქმნას.

- რა ახალ სისტემას გულისხმობთ?

- ახალი სისტემა ხელისუფლებაში მოსვლამდე, ბრძოლის პროცესში უნდა შეიქმნას. თუ ახალ სისტემას არ დავუპირისპირებთ ამ ტირანულ სისტემას, გამარჯვებას ვერ მოვიპოვებთ. უნდა შევქმნათ ჯანსაღი პოლიტიკური სივრცე. შევთანხმდეთ, რა პარამეტრებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ, რომ სრულიად ოპოზიციური სისტემის შექმნაში მივიღოთ მონაწილეობა. რას ნიშნავს სრული ოპოზიციური კონსენსუსი, როგორ უნდა დავამკვიდროთ ცხოვრებაში მდგრადი პოლიტიკური სისტემა, რომელიც ამ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ იმუშავებს, ხვალ კი სახელმწიფო აღმშენებლობის სამსახურში ჩადგება. როგორ უნდა მოვახდინოთ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების სტრუქტურირება და ბრძოლისუნარიან ძალად ჩამოყალიბება.

ამაღელვებელი იყო ბოლო ხალხმრავალი მიტინგები. გულწრფელი იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართვა ოზურგეთელებისადმი, სადაც თქვა, დროზე უნდა დაგვენახა ის პრობლემები, რომელთაც გვიქადდა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლაო. ეს გამოცდილება უნდა გავიზიაროთ და განვსაზღვროთ ჯერ ერთიანი ეროვნული ამოცანა და მერე თითოეული მებრძოლის ადგილი ამ ამოცანის შესრულებაში. ბრძოლაში უნდა გამოვიყენოთ ყველა მშვიდობიანი და ჰუმანური მეთოდი, რაც კაცობრიობას შეუქმნია.

- გზა, რომელიც ივანიშვილმა აირჩია, არ მიდის გამარჯვებამდე?

- როდესაც კერძს ვამზადებთ, შეიძლება ყველა ინგრედიენტი გამოვიყენოთ, მაგრამ კერძი გემრიელი არ გამოვიდეს, რადგან რაღაცას ადრე უნდა მოშუშვა, რომელიღაც ინგრედიენტი ბოლოს უნდა დავამატოთ, რომელიღაც - შუაში. ამას მნიშვნელობა აქვს.

- მაგრამ ივანიშვილმა თვითონ აირჩია, ვისთანაც ითანამშრომლებდა.

- რომ არ იყოს თანამშრომლობა, სააკაშვილს არ უნდა ვებრძოლოთ? ყველამ თავისი წილი უნდა გააკეთოს. რატომღაც სხვისი ბრძოლის დამკვირვებლებად ვიქეცით.  არადა, ჩვენ თუ არ გავხდით ქმედუნარიანი, გამარჯვება ისე არ მოვა. რა მნიშვნელობა აქვს, რა დოზით ვითანამშრომლებთ "სახალხო პარტია" და "ქართული ოცნება"? მთავარია, ჩვენი თავი მოვიაზროთ საერთო-ეროვნულ ამოცანაში და თითოეულმა ჩვენგანმა სცადოს ამ ტირანიისთვის საყრდენის გამოცლა. ამის ნაცვლად ოპოზიციური სპექტრი იმის განსჯაშია, ვინ დადგება მაჟორიტარად და ვინ ვის სიაში იქნება. მთავარია, გლობალურად გავიაზროთ რეჟიმთან ბრძოლა და გამოვკვეთოთ, რა გვაქვს განმასხვავებელი რეჟიმთან. არის თემები, რაზეც ტაქტიკური მოსაზრების გამო არ უნდა ილაპარაკო, მაგრამ არის თემები, რაზე გაჩუმებაც არ შეიძლება. მაგალითად, ოკუპირებული ტერიტორიების, საზღვრების, ეროვნულ-ქრისტიანული სიწმინდეების ხელყოფისა და კონსტიტუციური ცვლილებების თემა.

სააკაშვილი ცდილობს თითქმის იგივე თქვას, რასაც ოპოზიცია ამბობს და ტექნოლოგიურად სწორად იქცევა.  უჭკუო არ არის, ის მრავალსახოვანია. რა ფორმით და საიდან შემოვა ჩვენს ცხოვრებაში, არავინ იცის, მაგრამ, როგორც წესი, შემოდის სუსტი მხრიდან. ამ შემთხვევაში განაცხადა, თქვენს ოცნებებს ოპოზიცია კი არა, მე ავასრულებო. ჩვენ ისეთი თემები უნდა წამოვწიოთ, რომელსაც სააკაშვილი ვეღარ აიტაცებს და გაიშიფრება. ჩვენ უნდა ავამოქმედოთ ის კოზირები, რის გამოც ვართ სააკაშვილის ოპოზიციაში. მას მხოლოდ იმიტომ ხომ არ ვუპირისპირდებით, რომ გვშია, არამედ იმის გამოც, რომ მან ვერ უზრუნველყო ქართული სახელმწიფოებრიობის დაცვა, ვერც საზღვარი დაიცვა და ვერც ჩვენი სალოცავები.  სააკაშვილი პოლიტიკურ მანიპულაციაში ძალიან გამოცდილია და არ უნდა დაგვაგვიწყდეს, რომ მის ხელისუფლებას გარედან ამყარებს ძლიერი დესპოტი რუსეთის სახით, რომელიც როგორც კი გაუჭირდება სააკაშვილს, მაშინვე თოკს გადაუგდებს როგორც წყალწაღებულს.

- თუმცა, სააკაშვილის მეგობრად შტატებია გამოცხადებული.

- ჰილარი კლინტონმა თქვა, გახდით აშშ-ის პარტნიორიო, დაანებეთ თავი შემოდგომაზე რუსეთის სამხედრო წვრთნებს, ხელისუფლების მთავარი პრობლემა არჩევნებიაო და ამით მიანიშნა სააკაშვილს, რუსეთის თემატიკას ნუ გამოიყენებთ საარჩევნო მანიპულაციისთვისო.

- ხელისუფლება პირიქით, ივანიშვილს აცხადებს "პუტინის მოვლენილად".

-  ასეთი განცხადებებით სააკაშვილს სურს მიჩქმალოს თავის მფარველთან ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ არა მისი განცხადებები, არამედ მოქმედებები, სადაც აშკარად ჩანს, რომ ქართული პოლიტიკური სივრცის ნაწილი და ეკონომიკა  რუსული სპეცსამსახურებისგან იმართება. რუსეთი აძლევს სააკაშვილს საშუალებას, ძალაუფლებისათვის ბრძოლაში რუსული თემატიკა გამოიყენოს.

დღეს თბილისი და მთელი საქართველო უნდა გუგუნებდეს, როდესაც ასე თავხედურად გვიცხადებენ,  დავითგარეჯის მიწა სხვა ქვეყანას ეკუთვნის და მერე დამცინავად გვეუბნებიან, ტერიტორიის 2%-ზე ლაპარაკობთო? როდესაც ამაზე არ ვრეაგირებთ, ხელისუფლება ამით თავხედდება და ამის შედეგია, რომ ვიღაც ჩინოვნიკმა გაბედა და ანტენების მონტაჟის დროს სცემა "გლობალ TV"-ის თანამშრომლები. თუ ასეთ შემთხვევებზე პასუხი არ მოსთხოვეს, არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ გავიმარჯვებთ.

ჩვენთვის სამაგალითო უნდა იყოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რომელიც დიდი ლმობიერებით გამოირჩევა ადამიანებთან ურთიერთობაში, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში შეუვალ კლდედ გადაიქცევა ხოლმე. ასეთი იყო ის დავითგარეჯის, აზიზიეს მეჩეთისა და ბაგრატის ტაძრის საკითხებშიც. ვიცი, რომ ის ამ პრობლემის მოგვარებას ტკბილი სიტყვით აპირებდა, მაგრამ, როდესაც დადგა მომენტი, სიმტკიცე გამოავლინა. მაგრამ სად ვართ ამ დროს მისი სულიერი შვილები, რატომ უნდა სჭირდებოდეს ასეთი განცხადებების გაკეთება.  რა პრობლემა მოვუგვარეთ, რომელიც ამ ხელისუფლებამ შეუქმნა?! თუ ვერ გავხდით სულიერი შვილები საქართველოს ეკლესიისა, მისი სამოქალაქო  და სოციალური პარტნიორები, არაფერი გვეშველება.

უფრო მეტი საშიშროება იქნება, რომ ამ ეიფორიაში შეცდომები დავუშვათ და ყველაფერი ცუდად დამთავრდება.

"პოლიტიკა მეტისმეტად სერიოზული საქმეა იმისთვის, რომ მხოლოდ პოლიტიკოსებმა აკეთონ ის" შარლ დე გოლი