რა წერილი მოსწერა კახა ლომაიამ "კვირის პალიტრას" - კვირის პალიტრა

რა წერილი მოსწერა კახა ლომაიამ "კვირის პალიტრას"

ლომაიას დილემა - ღვიძლი ძმა თუ ძმადნაფიცი მიშა

"ეშმაკის ნაირსახეობამ - ბატონმა კახა ლომაიამ და ფულზე დახარბებულთა ნაირსახეობამ - "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა და უცხოეთში ამ მოძრაობის ლიდერებმა ერთად აღნიშნეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე", - ქართველმა ლეიბორისტებმა ასე "გაშიფრეს" საქართველოს ხელისუფლებისა და "ქართული ოცნების" ფარული თანამშრომლობა და ამ თემას ემოციური პრესკონფერენციაც მიუძღვნეს.

ლეიბორისტების განცხადებით, 26 მაისს ნიუ-იორკში საქართველოს წარმომადგენელმა კახა ლომაიამ და "ქართული ოცნების" წევრებმა დამოუკიდებლობის დღე ერთად აღნიშნეს. ლეიბორისტებმა გაავრცელეს ნიუ-იორკში გადაღებული ფოტოები, სადაც ლომაია და "ქართული ოცნების" წევრები არიან აღბეჭდილი.

"კახა ლომაია და "ქართული ოცნების" ლიდერები 26 მაისს ერთად ზეიმობდნენ, ერთად აღლუმობდნენ და შემდეგ ერთად წავიდნენ საქეიფოდ", - ამით ადასტურებს "ქართული ოცნებისა" და ხელისუფლების თანამშრომლობას ლეიბორისტი გიორგი გუგავა.

"კვირის პალიტრა" გაეროში საქართველოს წარმომადგენელ კახა ლომაიას დაუკავშირდა და მისგან წერილობითი განმარტება მიიღო:

"მეოთხე წელია 26 მაისს ნიუ-იორკში, უოლ-სტრიტზე იმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება: სიტყვით გამოსვლა, სახელმწიფო დროშის აღმართვა და კონცერტი. წელსაც ასე მოხდა. დაახლოებით ოთხმოცმა ქართველმა, მათ შორის ოცმა ბავშვმა, მოიყარა თავი. ნიუ-იორკის მერიის წარმომადგენელი, მე, საქართველოს კონსული ნიუ-იორკში ნიკა ვეფხვაძე და აქ მცხოვრები რამდენიმე ქართველი სიტყვით გამოვედით და ერთმანეთს დამოუკიდებლობის დღე მივულოცეთ.

შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა და აღიმართა საქართველოს დროშა, რომელიც კიდევ 3 დღე ფრიალებდა. გაიმართა კონცერტი საბავშვო ანსამბლ "ფესვების" მონაწილეობით. შეკრებილთა შორის იყვნენ 2 მამაკაცი და ასე 7-9 წლის 5-6 ბავშვი, ცისფერი პარტიული  მაისურებით. უფროსები წარმომიდგნენ როგორც ჭიდაობის მწვრთნელები ფილადელფიიდან, ბავშვები კი, რუსები, უკრაინელები და ქართველები, ჩვენი მოსწავლეები არიანო, მითხრეს. ღონისძიება 1 საათს გაგრძელდა.

გარდა ამისა, კახა ლომაიას დავუსვით კითხვა: ეს ფაქტი ნიშნავს თუ არა ხელისუფლებისა და "ქართული ოცნების" ფარულ თანამშრომლობას და თვითონ ხომ არა აქვს სიმპათია "ქართული ოცნებისადმი", რაზეც გვიპასუხა, ამ თემაზე რაც ვთქვი, სავსებით საკმარისიაო.

სხვათა შორის, "ქართულ ოცნებასთან" კახა ლომაია პირველად არ დაუკავშირებიათ. ლეიბორისტების ფანტაზიას, ალბათ, გასაქანი ივანიშვილის განცხადებამ მისცა, - კახა ლომაიას ძმა, გია ლომაია მოსკოვში ჩემს ერთ-ერთ სტრუქტურას ხელმძღვანელობსო:

"ლომაიას ძმა დღემდე მუშაობს ჩემს სტრუქტურებში რუსეთში და ძალიან წესიერი კაცია, მე ასე ვთვლი... საკუთარი ძმის გამო თვითონაც წითლდება, როცა მხვდება... სხვათა შორის, კახა ლომაიას არც ვიცნობ... ერთხელ ვარ შენახვედრი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

თუ ოჯახის წევრის სადმე მუშაობა პოლიტიკური შეხედულებების განმსაზღვრელია, მაშინ ლეიბორისტული პარტიაც სავსებით "ლოგიკურად" შეიძლება ვამხილოთ კახა ლომაიასთან ფარულ თანამშრომლობაში. ამის დადასტურებაც ასევე "უტყუარი ფაქტით" შეიძლება - ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს, როდესაც ლომაია რუსეთის ფედერაციაში საქართველოს წარმომადგენელი იყო, საქართველოს მთავარი ლეიბორისტის მეუღლე ბელა ალანია კახა ლომაიასთან მუშაობდა. როგორც ვიცი, ლომაია შალვა ნათელაშვილს ამ დროიდან იცნობს და მაშინ არცთუ ურიგო ურთიერთობა ჰქონდათ.

თუ უფრო სერიოზულად მივუდგებით ამ საკითხს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ წინასაარჩევნოდ სააკაშვილი კახა ლომაიას საქართველოში დაბრუნებას აპირებს. ამ იდეის ავტორი, როგორც შევიტყვეთ, უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერიაა. გადამწყვეტ ბრძოლაში სააკაშვილს ლომაია სჭირდება და ამიტომაც საქართველოში უპირებენ ჩამოყვანას.

ვნახოთ, დაუპირისპირდება თუ არა ლომაია იმ ადამიანს (და გუნდს), რომელთანაც მისი ძმა საკმაოდ მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე მუშაობს? ვინც ძმების ურთიერთობას იცნობს, ძმასთან ლომაიას დაპირისპირებას გამორიცხავს. მაშ, რაღა რჩება? რა გამოდის, გია ლომაიამ უნდა დატოვოს ივანიშვილის გარემოცვა, თუ კახა ლომაიას მოუწევს ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც ერთხელ უკვე გადადგა, 1991 წელს (მაშინ მან პრესით გააკეთა განცხადება, რომ ზვიად გამსახურდიას ემიჯნებოდა)?

რამდენად პრაგმატული იქნება ამჯერად მისი ნაბიჯი, დრო გამოაჩენს.

ასევე იხილეთ : კახა ლომაია ნიუ-იორკში "ქართული ოცნების" აქციაზე ნახეს