"სააკაშვილის ჯიბის ტელევიზიებს იმედი უნდა გავუცრუო" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის ჯიბის ტელევიზიებს იმედი უნდა გავუცრუო"

"ხელისუფლება მთავაზობდა "რაღაცებს", მაგრამ არაფერი მიმიღია"

"ზონდერჟურნალისტების მეუღლეები შსს-ს მაღალჩინოსნები არიან. ქმარი უკვეთს სიუჟეტს, ცოლი ასრულებს"

ცნობილი ფეხბურთელის, "ქართული ოცნების" წევრ კახა კალაძის აზრით, ხელისუფლება "ქართული ოცნების" წევრებსა და მათთან დაკავშირებულ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებზე ზეწოლას ამაოდ ცდილობს. მას ეჭვი არ ეპარება, რომ ხელისუფლებას ბუმერანგივით მიუბრუნდება ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო ყოველი ნაბიჯი.

- რას გვეტყვით იტალიაში დაწყებულ საფეხბურთო სკანდალზე?

- თამაშების ჩაწყობა მთელ მსოფლიოში ხდება. თუმცა, იტალიაში, სადაც ფეხბურთი რელიგიის დონეზეა აყვანილი, ეს მტკივნეულად განიცადეს. იმედია, იტალიური თემიდა გაარჩევს მტყუან-მართალს. მუდამ ჩაწყობილი თამაშებისა და გულშემატკივართა მოტყუების წინააღმდეგი ვარ.

- ზოგიერთი მედიასაშუალება ამ სკანდალთან თქვენს დაკავშირებას ცდილობდა.

- სააკაშვილის ჯიბის ტელევიზიებს იმედი უნდა გავუცრუო - არ ვარ გარეული ამ ამბავში, სუფთა წარსული მაქვს და ძალიან მშვიდად ვარ.

- გასულ კვირას სახელისუფლებო არხებმა არაერთხელ ილაპარაკეს თქვენს კავშირზე კანონიერ ქურდებთან.

- როგორ შეიძლება ასეთ არასერიოზულ თემაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება. ეს რომ ნორმალური ქვეყანა იყოს, ჯიბის ტელევიზიები ახლა სასამართლოში უნდა იყვნენ დაბარებული. ზონდერჟურნალისტები გამუდმებით მესხმიან თავს, გამუდმებით იგონებენ რაღაცას და თვითონვე ვარდებიან უხერხულ მდგომარეობაში. რა კავშირი უნდა მქონდეს ქურდულ სამყაროსთან? ერთი ტელეარხი ამბობს, მილანში შეხვდა ქურდებსო. იმავდროულად, სხვა არხი გვიმტკიცებს, ნიცაში შეხვდა გატუზოს საძმოსო.  ზონდერჟურნალისტების მეუღლეები ძირითადად შსს-ს მაღალჩინოსნები არიან. აი, ასეთი "საძინებლის პოლიტიკაა" საქართველოში, - ქმარი უკვეთს სიუჟეტს, ცოლი ასრულებს. საცოდავები განწირული და ძალზე სასაცილო მდგომარეობაში არიან. სჯობს "ნაცმოძრაობამ" კარგად მიიხედ-მოიხედოს, დარწმუნებული ვარ, თავის გარემოცვაში უამრავ ადამიანს აღმოაჩენს, რომლის მამა ან ახლობელი კანონიერი ქურდია. ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს წონასწორობიდან გამოგვიყვანოს, მაგრამ ჩვენ მათგან განსხვავებით, მტკიცე ნერვები გვაქვს. ძალიან ცუდია, რომ შსს-ს ხელმძღვანელობა მასობრივად ატოვებინებს თანამშრომლებს სამსახურს. თავის დროზე, პოლიციაში ძალიან კარგი რეფორმა გატარდა, მაგრამ ახლა შსს პოლიტიკური პოლიციაა. საბედნიეროდ, იქაც არის განსხვავებულად მოაზროვნე ხალხი, მათთვის სამშობლო, ღირსება, პოლიციელის მუნდირი ყველაფერზე მაღლა დგას.

- გორის გამგეობის გადაწყვეტილებით, ქალაქის ცენტრში ოლიმპიური კედელი დაანგრიეს, სადაც იმ სპორტსმენების გვარებიც იყო ამოტვიფრული, რომლებიც დღეს "ქართული ოცნების" წევრები არიან (ამ ადგილას ბავშვთა ცენტრი აშენდება). რას ფიქრობთ ამაზე?

- ესენი არიან  ბარბაროსები. თვითონ ვერაფერს ქმნიან და სხვის შექმნილ ისტორიას შლიან. ვერ ეღირსებიან! ქართველი ხალხი მალე გასცემს პასუხს.

არიან სპორტსმენები, რომლებსაც სხვადასხვაგვარად შეეხო ეს რეჟიმი, ყველა მათგანის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ რამდენიმეს მაინც დავასახელებ: გიორგი დემეტრაძე, გელა კეტაშვილი, შოთა ხაბარელი, ამბაკო ავალიანი, ლუკა კურტანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ზურაბ ზვიადაური და მრავალი სხვა. მათ მინდა ვუთხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თქვენ უკვე შექმენით ისტორია და სულ მალე სამართალი აუცილებლად იზეიმებს.

- როგორ ფიქრობთ, თქვენ რომ სააკაშვილისთვის საპრეზიდენტო არჩევნების წინ სანდრო გირგვლიანის მკვლელების დასჯის ვალდებულება არ შეგეხსენებინათ, დღეს პრივილეგირებულ მდგომარეობაში იქნებოდით?

- მაშინ არ მიფიქრია იმაზე, თუ რა მოჰყვებოდა ამას. მე მართლა მინდოდა, რომ ჩემი თანატოლი ბიჭის საქმე ობიექტურად გამოძიებულიყო. არ მჭირდება ტიტულები ან თანამდებობები. სააკაშვილის ხელისუფლებაც მთავაზობდა "რაღაცებს", მაგრამ არაფერი მიმიღია. ერთადერთი ხალხის სიყვარულია, რასაც ვგრძნობ და ვიღებ...

- მაინც რითი სჯობს ივანიშვილი სააკაშვილს?

- მათ ერთმანეთს ვერ შევადარებ. ვიტყვი მხოლოდ ერთს: სააკაშვილს არ გააჩნია ღირსება, მაშინ როდესაც ივანიშვილი ღირსებით სავსე ადამიანია.

- ივანიშვილს ან მის მეუღლეს მანამდე თუ იცნობდით, ვიდრე პოლიტიკაში ჩაერთვებოდით?

- ქალბატონმა ეკამ და მე ერთი სკოლა დავამთავრეთ სამტრედიაში, თუმცა, არ ვიცნობდი. ბატონი ბიძინა მას შემდეგ გავიცანი, რაც პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა.

- როგორც ითქვა, სამტრედიაში კენჭისყრას აპირებთ.

- სამტრედიაში დავიბადე, გავიზარდე, სკოლა აქ დავამთავრე, ჩემი ძმის საფლავიც აქ არის. ვიცი, როგორ უჭირთ სამტრედიელებს. ისინი კმაყოფილი რომ იყვნენ ხელისუფლების გატარებული პოლიტიკით, ათასობით  ადამიანი თაკარა სიცხეში აქციაზე არ დადგებოდა. სამტრედია სააკაშვილის კარიკატურული რეჟიმის მძლავრი ოპოზიციური კერაა. ამ ხელისუფლებამ თუ რამე გასაჩანაგებელი იყო, გააჩანაგა რაიონში, ქალაქს ფუნქცია დაუკარგა. მაგრამ არა უშავს, ,,ქართული ოცნება" მალე გაიმარჯვებს და სამტრედიაც დაიბრუნებს ძველებურ იერს. სამტრედიელებს რასაც დავპირდები, აუცილებლად ავასრულებ. მგონი, ეჭვი არავის ეპარება, რომ სავარძლის მოსაპოვებლად არ ვიბრძვი. ჩემი ხალხი მიყვარს და იმავეთი ვპასუხობ, რასაც ისინი გამოხატავენ.

- გავრცელებული ინფორმაციით, სამტრედიაში ნაციონალების წარდგენით კენჭს იყრის "ვისოლ ჯგუფის" საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი ლევან ფხაკაძე.

-  ვინც უნდა იყოს, ვისურვებ, რომ სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდეს არჩევნები. როგორც ვიცი, ბატონი ლევანი სამტრედიელი არ არის.

- მოქალაქეებისთვის "გლობალ TV"-ის ანტენების დამონტაჟება არის თუ არა ამომრჩევლის მოსყიდვა?

- ეს იყო კონკრეტული ფირმის გრძელვადიანი ბიზნესგეგმა, გათვალისწინებული ფართო მასებისათვის. ამ ანტენებით თავისუფალი სიტყვა მიდის საზოგადოებამდე. ანტენების დაყადაღება  კერძო კომპანიის ტერიტორიაზე ბარბაროსობაა. ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, თორემ ერთი მუჭა ნაძირალები ამდენს ვერ გაბედავდნენ.

ამავე თემაზე | ვიდეორეპორტაჟები

- "იმედის" ცნობით, სამართალდამცავები კალაძისა და ნარკოტრეფიკიორის კავშირით დაინტერესდნენ

31-05-2012

- ნარკოტრეფიკთან კახი კალაძის დაკავშირება მიზანმიმართული შავი პიარია - ოთარ ჩრდილელი

31-05-2012

- "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით კახი კალაძე მილანში ქართველ ე.წ კანონიერ ქურდებს შეხვდა

20-06-2012

- კალაძის ე.წ კანონიერ ქურდებთან შეხვედრა "რუსთავი 2"-მა გამოიგონა - ოთარ ჩრდილელი

20-06-2012