მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

რატომ შეუძლია ბლუმბერგს და არ შეუძლია ივანიშვილს?

ამერიკაში, ქართველი ჟურნალისტებისთვის გამართული სემინარის ფარგლებში, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა ნიუ-იორკის საარჩევნო კამპანიის ფინანსურ საბჭოში შედგა. ეს საბჭო ნიუ-იორკში ჩატარებულ ყველა ტიპის არჩევნებზე ფინანსების მიღებასა და ხარჯვას აკონტროლებს. აქ სრული ინფორმაცია ინახება წინასაარჩევნო კამპანიის შემოწირულობების თუ დაფინანსების შესახებ. ეს ინფორმაცია ღიაა და კარგი წყაროა ამერიკელი ჟურნალისტებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც არჩევნების პროცესში სხვადასხვა კანდიდატის კანონდარღვევის ფაქტებს იძიებს. ალბათ, ხვდებით, რატომ აღმოჩნდა ეს შეხვედრა ჩვენთვის საინტერესო და რატომ ვაპირებ, მასზე გიამბოთ. ჩვენთანაც ხომ საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაა ყველაზე აქტუალური თემა და სწორედ ამ თემის ირგვლივ ვითარდება პოლიტიკური პროცესები. მართალია, ზემოთ ვახსენე, რომ ნიუ-იორკის საარჩევნო კამპანიის ფინანსური საბჭო არჩევნებზე ფინანსების მიღებასა და ხარჯვას აკონტროლებს-მეთქი, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის ამ საბჭოს ფუნქცია.

ჩვენი ახალშექმნილი ანალოგიური უწყებისგან განსხვავებით, საბჭო არა მხოლოდ აკონტროლებს, არამედ თავადაც გასცემს ფინანსებს. იგი დაფინანსებას ბიუჯეტიდან იღებს, მაგრამ ამავე დროს, აბსოლუტურად დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. მის მუშაობაში ხელისუფლება ვერ ერევა. მოგეხსენებათ, პოლიტიკური პარტიები ჩვენთანაც ბიუჯეტიდან ფინანსდება, მაგრამ წინა არჩევნებზე მიღებული შედეგების მიხედვით. აქ სრულიად განსხვავებული მოდელი მუშაობს. იმისთვის, რომ საბჭოსგან დაფინანსება მიიღო, თანხა თავადაც უნდა მოიპოვო და შენს მოპოვებულ ყოველ დოლარზე საბჭო 6 დოლარს გიმატებს, ანუ, რაც მეტი სპონსორის დაინტერესებას ახერხებ შენი პროგრამით, მით მეტ ფულს იღებ დამატებით. ასეთი სისტემა, ცხადია, სტიმულს გაძლევს. რაც შეეხება კონტროლს, იქაც, როგორც ჩვენთან, რა თქმა უნდა, არსებობს შეზღუდვა და ლიმიტი როგორც შემოწირულობების, ისე ხარჯების თვალსაზრისით, მაგრამ ერთი დიდი განსხვავებით - კანდიდატს შეუძლია, განაცხადოს, რომ არ სურს დაფინანსების პროგრამაში მონაწილეობა. ანუ, მას არც სხვისგან სურს შემოწირულობის მიღება და არც საბჭოსგან. მაშინ იგი ყოველგვარი შეზღუდვისგან თავისუფლდება(!). ანუ თუ მდიდარია და თავადვე აფინანსებს საკუთარ საარჩევნო კამპანიას, მას შეზღუდვა არ ეხება. როდესაც საბჭოს ხელმძღვანელს ამის მიზეზი ვკითხეთ, გვიპასუხა: - რა საჭიროა ასეთ დროს შეზღუდვა, კანდიდატი საკუთარ თავს ხომ არ მოისყიდისო.

როგორც მოგეხსენებათ, შეზღუდვების შემოღების მთავარი მიზეზი ის არის, რომ პოლიტიკოსი ან პოლიტიკური პარტია ერთმა რომელიმე მდიდარმა ადამიანმა არ მოისყიდოს. ანუ თუ დაწესებული არ იქნება ლიმიტი, შეიძლება პარტიამ ან კანდიდატმა შემოწირულობა არა ბევრი ადამიანის, არამედ ერთი ძალიან მდიდარი ბიზნესმენისგან მიიღოს და შემდეგ მასზე დამოკიდებული გახდეს, რადგან მისგან დავალებული იქნება. ამიტომ კანონი როგორც ჩვენთან, ისე ნიუ-იორკშიც ამბობს, რომ ერთ ადამიანს არ აქვს დაწესებულ თანხაზე მეტის შეწირვის უფლება. თუმცა, ლოგიკურია ისიც, რაც საბჭოს ხელმძღვანელმა გვითხრა: თუ პოლიტიკაში მოდის მდიდარი ადამიანი და თავის წინასაარჩევნო კამპანიას თავადვე აფინანსებს, რა საჭიროა მისთვის შეზღუდვის დაწესება, ის ხომ საკუთარ თავს ვერ მოისყიდის. აქ მხოლოდ ერთი უხერხულობა იქმნება: ასეთ დროს მდიდარი კანდიდატი, რომელსაც ფულის ხარჯვა შეუზღუდავად შეუძლია, სხვებთან შედარებით უკეთეEს მდგომარეობაში აღმოჩნდება. ამის შესახებაც ვკითხეთ საბჭოს ხელმძღვანელს და გვიპასუხა, რომ ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ბევრი ფულის დამხარჯავს არჩევნები წაუგია, ასე რომ, ფული გადამწყვეტი არ არისო. ამის მაგალითად მან ნიუ-იორკის მერის ბოლო არჩევნები მოიყვანა. ნიუ-იორკის დღევანდელმა მერმა, ბატონმა ბლუმბერგმა, რომელიც ძალიან მდიდარია, წინასაარჩევნოდ კოლოსალური თანხა დახარჯა, მოიგო კიდეც, თუმცა მთავარი კონკურენტი მას ძალიან მცირედით ჩამორჩა. არჩევნების ბედი სულ რამდენიმე პროცენტმა გადაწყვიტა.

ეს ყველაფერი იმიტომ გვაინტერესებს, რომ ჩვენთანაც არჩევნებში ძალიან მდიდარი ადამიანი მონაწილეობს, მაგრამ მას საკუთარი პარტიისთვის მხოლოდ 60(!) ათასის შეწირვის უფლება აქვს.

მშობლიური გარემო

დაბრუნდები საქართველოში და დაგხვდება მშობლიური გარემო. ამ მშობლიურ გარემოში ნორმალურია, რომ ხელისუფლება ანტენებს "აპატიმრებს" და ამ გზით ცდილობს, წინასაარჩევნოდ ინფორმაციის გავრცელება შეზღუდოს, ერთი სიტყვით, "ანტენების ომს" იწყებს. მერე ხვდება, რომ ზედმეტი მოუვიდა და თანხმდება არასამთავრობოების წინადადებას - კანონმა დაავალდებულოს საკაბელო არხები, თავიანთ ქსელში ჩართონ ყველა ქართული ტელევიზია, ოღონდ მხოლოდ ოფიციალურად გამოცხადებულ საარჩევნო პერიოდში, რომელიც 60(!) დღე გრძელდება. ხელისუფლების აზრით, არც მანამდე და არც შემდეგ მოსახლეობას დაბალანსებული ინფორმაცია არ სჭირდება. მოკლედ, ოთხი წელი სახელისუფლებო არხები თქვენს ტვინებს პროპაგანდით გამორეცხავენ და მერე ორი თვე მოგცემენ უფლებას, ალტერნატიული ინფორმაციაც მიიღოთ! არა, რა თქმა უნდა, სულ არაფერს ეს ჯობია და ამ წყალობისთვის მადლობა ხელისუფლებას, რადგან ეს ჩვენი მშობლიური გარემოა. და რაც მთავარია, მშობლიურ გარემოში დაბრუნებულს არჩევნების მოახლოებასთან ერთად დესტაბილიზაციის და დაძაბულობის შიში გხვდება, თითქოს არჩევნებს კი არა, ომს ველოდებით.

მოკლედ, მომილოცეთ, შინ დავბრუნდი!..