"ვინც პუტინის გეგმებზე ოცნებობს, სჯობს დაივიწყოს" - კვირის პალიტრა

"ვინც პუტინის გეგმებზე ოცნებობს, სჯობს დაივიწყოს"

"გლობალ TV"-ისა და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული მოვლენების შეფასება პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნუგზარ წიკლაურს ვთხოვეთ:

- ქართველმა საზოგადოებამ კარგად ნახა, როგორ ცდილობდნენ ერთი კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები ძვირად ღირებული ანტენებით მოქალაქეების მოსყიდვას. ეს იყო კანონსაწინააღმდეგო ქმედება და ვფიქრობ, სწორი იყო ის რეაგირება, რაც ქართულმა სახელმწიფომ და სასამართლომ მოხდინა.

- მოსახლეობას სატელიტური ანტენები უფასოდ კი არა, განვადებით გადასცა "გლობალ TV"-მ.

- 5 წლის განმავლობაში უმნიშვნელო გადასახადი, ფაქტობრივად, ანტენების უსასყიდლოდ გადაცემას გულისხმობდა. ის საკანონმდებლო ცვლილება, რომელზეც დავით ბაქრაძემ განაცხადა და იგეგმება საქართველოს პარლამენტში, მოტივირებული იყო ერთი გარემოებით,  - ჩვენს ამომრჩეველს ჰქონოდა გააზრებული და ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობა ისეთ მნიშვნელოვან პერიოდში, როგორიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება.

გვაკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ რეგიონების მოსახლეობას არა აქვს ინფორმაციის მიღების საშუალება. მას შემდეგ, რაც პარლამენტი მიიღებს ამ საკანონმდებლო გადაწყვეტილებას, საარჩევნო პერიოდში ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება.

არა ვარ იმის მომხრე, რომ კერძო მაუწყებლებსა და ბიზნესს სახელმწიფომ დაავალდებულოს რაღაც, მაგრამ ახლა ინფორმაციის მოსახლეობისთვის მიწოდება უფრო მნიშვნელოვანია. ბევრი პოლიტიკური ძალა ემზადება არჩევნებისათვის, რაკიღა ამ არჩევნებზე უნდა გადაწყდეს მთავარი - რა მიმართულებით გააგრძელებს საქართველო სვლას. ამიტომ მგონია, რომ ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება სრულყოფილი ინფორმაციის მიღებისა

ყველა პოლიტიკური ძალისგან, თუ რას აპირებენ, როგორ ესახებათ საქართველოს განვითარება.

მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეების არჩევანი დამყარებული იყოს იმის გააზრებაზე, რაც ხდება ქვეყანაში. მოქალაქეებს ასარჩევი ექნებათ - პუტინის გზა თუ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ცდილობს საქართველო დაუახლოოს იმ სივრცეს, სადაც ყველაზე მეტად დაცული იქნება ჩვენი ქვეყანა.

- გასულ კვირას "ქართულმა ოცნებამ" გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიას მიმართა საჩივრით საქართველოს ხელისუფლების უკანონო ქმედებების გამო.

- ყველა პოლიტიკური ძალის უფლებაა გამოაცხადოს პრეტენზია. მართალია, სხვადასხვა უფლებადამცველ ორგანიზაციას აქვს შენიშვნები, მაგრამ ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია ერთხმად აღიარებს, რომ ქვეყანა პროგრესის გზას ადგას.  ზოგი პოლიტიკური ძალისთვის უფრო მნიშვნელოვანია ტირაჟირება იმისა, რომ არჩევნები არ იქნება სამართლიანი, მაგრამ არსებობენ ძალები, რომელთაც სურთ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ხელისუფლების სურვილია, საქართველოში ობიექტურად ჩატარდეს არჩევნები. მჯერა, საქართველო აღარასოდეს გახდება რუსეთისა და პუტინის ახალი გეგმების ნაწილი და ვინც ამაზე ოცნებობს, სჯობს დაივიწყო.