"ბიჭო, რა დღეში ხართ... ან დედა არ გყავთ, ან და, ან დეიდა?!" - კვირის პალიტრა

"ბიჭო, რა დღეში ხართ... ან დედა არ გყავთ, ან და, ან დეიდა?!"

ერთმანეთზე აღმართული ხელით ხომ სამშობლოს ვადენთ სისხლს

ამ დაყვედრებული 24-საათიანი განათების ქვეყანაში მართლა ბნელა(?!)..

საქართველოში ზაფხულის დადგომასთან ერთად პოლიტიკურმა ტემპერატურამაც საგანგაშო სიცხის ნიშნულს უწია. გასულ კვირას მომხდარი ინციდენტები და პოლიტიკური ოპონენტების, მათ შორის მანდილოსნების ცემა-ტყეპა ის ზღვარია, რომლის გადაბიჯება ქვეყანას კატასტროფას უქადის. "დემოკრატიის შუქურად" შერაცხილ ქვეყანაში ისევ მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც დემოკრატიულ ღირებულებებს იმის მიხედვით იცავენ, რამდენადაც მათ მოჩვენებით კეთილდღეობას აწყობს.

26 ივნისს გორის რაიონის სოფელ მერეთში ხელისუფლებასა და "ქართული ოცნების"”მომხრეებს შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელია საქართველოს მატიანეში. პოლიტიკური პრიზმიდან დანახული ანალიზის მიღმა ქართველთათვის ძალზე შემაშფოთებელი ტენდენციები გამოიკვეთა, რომელიც დიდი ხანია მძიმე სენად შემოგვეჩვია და ქვეყანას დამანგრეველ მეტასტაზებად მოედო. ამ ტენდენციების ერთობლიობას უზნეობა ჰქვია, რომლის წიაღშიც მეტ-ნაკლები დოზით არის ჩაბუდებული დაკარგული ღირსება, მამაპაპური ტრადიციების აბუჩად აგდება, განუკითხავი უსამართლობა და, რაც ყველაზე შემზარავია, სიძულვილი და ზიზღი თანამოძმის მიმართ(!).

დეტალები გავიხსენოთ: მერეთში გორიდან ჩასულმა (როგორც თავად განაცხადა) პედაგოგმა ქალბატონმა საჯაროდ თქვა, რომ სააკაშვილი მისი ღმერთია(?!)... რასაკვირველია, ეს მისი აზრია და ამ აზრის გამოხატვის უფლება აქვს. სხვა საქმეა, რამდენად მოეწონებოდა ეს პრეზიდენტს, რომელსაც ალბათ მშვენივრად უნდა ესმოდეს, რომ ჯანსაღ თაობას ვერასოდეს გაზრდის პედაგოგი, რომელსაც ღვთისმსახურება და კერპთაყვანისმცემლობა ერთმანეთში ერევა(!). ამ პედაგოგმა, ეტყობა, არ იცის, რომ ვიდრე სადმე "საქადაგებლად" ჩავა, წიგნი მაინც უნდა გადაშალოს, რათა გაიხსენოს - სოფელი მერეთი ქართველი წმინდანის - დიმიტრი ყიფიანის დაბადების ადგილია და ასეთი მკრეხელობით უხერხულ მდგომარეობაში არ უნდა ჩააყენოს ის, ვის მეხოტბედაც მიუჩნევია თავი...

მეორე. საქართველოში (ისე, როგორც არსად!) გამორჩეული მოწიწებით და პატივისცემით ეპყრობოდნენ მანდილოსნებს. დიდი ქართველი წმინდა დედების - ნინოს, თამარის და ქეთევანის ღვაწლის გახსენებაც კმარა საამისოდ. მერეთის ინციდენტისას კიდევ ერთი სამარცხვინო ფაქტი მოხდა, მანდილოსანს ხელით შეეხო ქართველი კაცი(!)... ამის მერე, გინდ "ზონდერი" გერქვას, გინდ პოლიტიკოსი და გინდაც გლეხი, სულერთია, რადგან ხალხში ამის ჩამდენს ერთი სახელი ჰქვია - არაადამიანი(!)..

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ხელისუფლების მომხრეები და მათ შორის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ყველა ასეთ თარგზეა მოჭრილი, რადგან მათაც ჰყავთ ოჯახები - დედები, მეუღლეები, დები და ქალიშვილები, რომელთა სიტყვიერ შეურაცხყოფასაც (ცემაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია!) ცოცხალი თავით არავის აპატიებენ და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მათი დიდი ნაწილი, თუნდაც გულის სიღრმეში, გმობს ასეთ ეგზეკუტორულ მეთოდებს. უბრალოდ, იმ დოქსოპულოების გასაგონად მინდა ვთქვა, რომლებმაც იმ დღეს ქალბატონებსა და მოხუც კაცზე "ივაჟკაცეს", "იძალოვანეს": თქვე მამაცხონებულებო, გასაგებია, რომ წიგნი არ წაგიკითხავთ, ეკლესიის ქადაგება არ გესმით და ისტორიის სათავე 2003 წლიდან დაწყებული გგონიათ... ქართული მულტფილმი, "ბატი ტასიკო" მაინც არ გაჩვენეს ბავშვობაში და იქ ნათქვამი სიტყვები მაინც არ გახსოვთ? - "ბიჭო, რა დღეში ხართ... ან დედა არ გყავთ, ან და, ან დეიდა?!" როგორ აგიხსნათ ახლა, რომ წინათ, როცა ქართველი ქალი მანდილს გაშლიდა, თუნდაც სამკვდრო-სასიცოცხლოდ შებმული მოჩხუბრები ბრძოლას წყვეტდნენ და მუხლზე დგებოდნენ? როგორ გაგაგებინოთ ახლა, რომ ცეკვის დროს ქართველი ვაჟკაცი მანდილოსნის კაბის ქობასაც არ ეხებოდა, ისეთი რიდი და კრძალვა გასდევდა ჩვენი წინაპრების ზნეობრივ კოდექსებს... განა, იმ სულკურთხეულ წინაპრებში თქვენი მამა-პაპაც არ ერია?

სად გაიზარდეთ,  რამ გაგაველურათ ასე, რომ არავის და აღარაფერს  ერიდებით და სიძულვილით ანგრევთ სიყვარულით აშენებულს...

კიდევ ერთი სირცხვილის შესახებ. – ქართველთან სტუმრად მოსული კაცი ღვთისაა(!), მნიშვნელობა არა აქვს, სტუმარი ბიძინა იქნება თუ მიშა, ოპოზიცია თუ ხელისუფლება, საარჩევნო განწყობაზე იქნება თუ სოფლის წყაროზე სამასლაათოდ ჩამოსული ადამიანი. მეტიც, "დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა!.."”ამ ღირებულებების მატარებელ ქართველ ხალხს როგორ უბედავთ სტუმარმასპინძლობის გრძნობის შებღალვას, ამ დაყვედრებული 24-საათიანი განათების ქვეყანაში მართლა ბნელა(?!)..

საქართველოში ბევრი ჩაითრია უზნეობის ჭაობმა, გამორჩეულად ახალგაზრდა თაობის ნაწილი და ეს ჩვენი ტრაგედიაა. მერეთის ინციდენტიც ამ ტრაგედიის ერთი ფურცელია, რომელშიც ხელისუფლებასაც მოუწევს ჩახედვა და სწორი დასკვნების გამოტანა. შეიძლება იბრძოლო გამარჯვებისთვის, მაგრამ უღირსი ხერხებით გამარჯვების მოპოვება შეუძლებელია. ისიც შეიძლება, ძალა იხმარო და გაამწარო, ყადაღა დაადო, ხელოვნური ბარიერები აუგო ხალხს, მაგრამ ყველას უნდა ახსოვდეს, უსამართლოდ გამწარებული ხალხის ძალა ერთხელაც ზვირთად შეიძლება იქცეს, რომელიც ყველას და ყველაფერს წალეკავს. დღევანდელი "პატარ-პატარა" ინციდენტები იმ დენთის კასრს ჰგავს, რომელიც ყოველ წამს შეიძლება აფეთქდეს. ერთმანეთზე აღმართული ხელით ხომ სამშობლოს ვადენთ სისხლს, იმ სამშობლოს, რომლის სახელი ზოგს საკუთარი უზნეობის გასამართლებელ ალიბად აკერია პირზე და ზოგსაც ჩაუმქრალ სიყვარულად უნთია გულში...