"აბა, ვისთვის ვირჯებით, სხვამ რომ გაიმარჯვოს? - კვირის პალიტრა

"აბა, ვისთვის ვირჯებით, სხვამ რომ გაიმარჯვოს?

"NDI-ს რჩევები გასათვალისწინებელია, მათი შეშფოთება კი დასაფიქრებელი"

"რა თქმა უნდა, საქართველოში არის პოლიტიკური ძალების პოლარიზაცია, განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლისა და მისი განცხადების შემდგომ, რომ შუა უნდა გაიკრიფოს და პოლიტიკაში მხოლოდ ორი პოლუსი დარჩეს", - ასე ახსნა NDI-ს შეშფოთების საფუძველი საქართველოში პოლიტიკური პროცესების პოლარიზებაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ხათუნა ოჩიაურმა:

-  ბიძინა ივანიშვილმა რაღაც დოზით მოახერხა, რომ ქართულ პოლიტიკაში ორი პოლუსი შექმნილიყო. მან თავისი ფულის ირგვლივ გააერთიანა ხელმოცარული პოლიტიკოსები. მისი კოალიციის ზოგიერთ სუბიექტს რეიტინგი და პოლიტიკური ავტორიტეტი საერთოდ არ ჰქონდა, მაგრამ დღევანდელ საქართველოში ფული ძალიან მნიშვნელოვანი გახდა.  NDI-ს რჩევები გასათვალისწინებელია, მათი შეშფოთება კი დასაფიქრებელი. სახელმწიფოს განვითარებისთვის მართლაც უკეთესი იქნება, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგი გაიმართოს, მაგრამ პოლარიზაციას იწვევს ჩვენი რადიკალური ოპონენტების შეფასებები, თითქოს ხელისუფლებამ საქართველო დაქცევის პირას მიიყვანა და თვითონ არიან ქვეყნის გადამრჩენები. რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას პოლიტიკურ ძალებს უთვლის ნაკლად და ხელისუფლებაზე მიყიდულს ეძახის, როდესაც თვითონ პირდაპირ არიან მიყიდული ივანიშვილზე.

- დავუშვათ, ოპოზიცია სცოდავს პოლარიზაციის საქმეში, მაგრამ ხელისუფლებას ხომ მეტი მოეთხოვება?

- ბიძინა ივანიშვილის პირველივე განცხადებიდან ნათელი  შეიქნა, რომ გადამრჩენად მოდის და ამ ხელისუფლების აშენებული უნდა დაანგრიოს. როდესაც "ნაციონალურ მოძრაობას" დამნაშავე ორგანიზაციად თვლის, ძალიან ძნელია ასეთ ადამიანთან კონსტრუქციულად ლაპარაკი, მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ყოველთვის მზად არის ოპოზიციასთან დიალოგისთვის.

- მერეთში დაპირისპირება ლამის ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა...

- როდესაც ასეთი დამაპირისპირებელი ლოზუნგები ისმის, ბუნებრივია, ხალხს შორისაც ჩნდება დაპირისპირება. ამიტომ პოლიტიკოსებს დიდი პასუხისმგებლობა გვმართებს, რომ ხალხი გააზრებულად, მშვიდად  მივიყვანოთ არჩევნებამდე, მივცეთ საშუალება,  გააზრებული არჩევანი გააკეთოს  პროგრამებზე დაყრდნობით და არა იმაზე, ვინ უკეთ გალანძღავს ოპონენტს.

- რას ფიქრობთ გასული კვირის საკადრო ცვლილებაზე - ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნაზე?

- ვანო მერაბიშვილის სახელს უკავშირდება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმა. ქვეყანაში რომ აღარ არის კრიმინალი და წესრიგის დაცვის მხრივ   დიდი წინსვლაა, ეს ვანო მერაბიშვილის დამსახურებაა. ამიტომაც  არ უნდა იყოს გასაკვირი მისი დანიშვნა პრემიერ-მინისტრად. წარმატება, რომელსაც მან თავის უწყებაში მიაღწია, ახლა  ყველა ქართველის, ყველა ოჯახის კეთილდღეობაში უნდა გადაიზარდოს. მინდა ერთი-ორი სიტყვა ვთქვა ნიკა გილაურზე, რომელიც ჩემი აზრით, ძალიან წარმატებული პრემიერ-მინისტრი იყო. ის მნიშვნელოვან დროს გაუძღვა საქართველოს მინისტრთა კაბინეტს.