"რეპრესიებში საშუალო რგოლი მოექცევა" - კვირის პალიტრა

"რეპრესიებში საშუალო რგოლი მოექცევა"

"აგვისტოში  დიდი ზეწოლა დაიწყება "ქართული ოცნების" წევრებზე"

"ივანიშვილს  სოფელ მერეთში სწორედ მერაბიშვილისგან მართული ზონდერები დაუპირისპირდნენ"

გასულ კვირას განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე, საარჩევნო გარემოსა და გახშირებული დაყადაღება-დაჯარიმებების გამო წარმოქმნილი პრობლემებისა თუ საფრთხეების შესახებ "კვირის პალიტრას" კოალიცია "არჩევანის თავისუფლებისთვის" წევრი ირაკლი მელაშვილი ესაუბრა:

- წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობას ალტერნატიული ინფორმაციის მიღების საშუალება უნდა ჰქონდეს, რასაც ე. წ. Must Carry-ის პრინციპი უზრუნველყოფს, - ეს გულისხმობს საკაბელო მაუწყებლების დავალდებულებას, უზრუნველყონ ყველა ტელეარხის თანაბარი ხარისხით მაუწყებლობა. ამ ხელისუფლების ხელში ესეც დიდი მიღწევაა. თუმცა, მოსახლეობა ამ პრივილეგიას, ალტერნატიული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას არჩევნების წინადღეს დაკარგავს.  არასამთავრობო სექტორმა საკმაოდ მკაფიო რეკომენდაცია მისცა ხელისუფლებას. ვამბობთ, რომ არჩევნების დღეს საკაბელო მაუწყებლების მიერ ოპოზიციური ტელევიზიების სიგნალის გათიშვა პოლიტიკურ ტემპერატურას გაზრდის, რაც  შეიძლება პროცესის კულმინაციაც აღმოჩნდეს.  რაც ხელისუფლებას ბუმერანგივით დაუბრუნდება.

პარანოიაა იმაზე ფიქრი, რომ ვინმე ოპოზიციური ტელევიზიების მეშვეობით ანტიკონსტიტუციურ მოწოდებებს გააკეთებს მაინცდამაინც არჩევნების მეორე დღეს და ამიტომაც ოპერატორებმა საკაბელო არხები უნდა გათიშონ! ბოლოს და ბოლოს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრეც შეიძლება ამგვარი მოწოდება, თუ დავრწმუნდით, რომ შედეგებს გვიყალბებენ. ხალხის გამოყვანა ქუჩაში ინტერნეტითაც შეიძლება, საქართველოში ეს სივრცე საკმაოდ გახსნილია. რა გამოდის? ხალხს თუ აქციის გამართვა უნდა, ისედაც გამართავს, ამასთან საკაბელო ტელევიზიების სიგნალის გათიშვა რა კავშირშია?

- მაშინ რით ხსნით, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ  Must Carry-ს პრინციპის გატარების ვალდებულება საკაბელო მაუწყებლებს მხოლოდ არჩევნების წინა დღემდე დააკისრა?

- ვფიქრობ,  ეს მხოლოდ ერთი კაცის ახირებაა. მიხეილ სააკაშვილს თავში უდევს, რომ 2003 წლის რევოლუცია "რუსთავი 2"-ის მეშვეობით მოახდინა და აღარ უნდა, სხვამაც იგივე გაიმეოროს.

-  გასულ კვირას "ქართულ ოცნებაში" შემავალ პარტიებს დიდი ჯარიმები დააკისრეს.  ეს გადაწყვეტილება რა გავლენას მოახდენს წინასაარჩევნო გარემოზე?

- მალე ამ პარტიების ანგარიშებსაც დააყადაღებენ, იმიტომ, რომ ჯარიმებს ვერ გადაიხდიან. მათ წინასაარჩევნო ფონდი უნდა შექმნან, სადაც მოქალაქეები შეწირულობებს შეიტანენ. თუმცა, თითო ლარის შემწირველსაც კი, ალბათ, სათანადო ორგანოები დაიბარებენ და დაკითხვებით გააწამებენ. ამით დაუპირისპირდება ხელისუფლება მოსახლეობის აქტიურობას. პარტიები ჯარიმებს რომ ვერ გადაიხდიან, ამას მათი ანგარიშების დაყადაღება მოჰყვება. შესაძლოა, დააყადაღონ პარტიული ქონებაც, ოფისები, ავტომობილები. ეს იმაზეა დამოკიდებული, მიშა სააკაშვილი რა ხასიათზე გაიღვიძებს. მოვლენების ასე განვითარება კი იმას ნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" აღარ ექნება არჩევნებში მონაწილეობის საშუალება.

უკვე ვიცით, რაზეა წამსვლელი ეს ხელისუფლება. ის, რაც "გლობალ TV"-ის დამართეს ანტენების გამო, ყველამ ვნახეთ.

"ნაცმოძრაობა" თითქმის მთლიანად საბიუჯეტო სახსრებით სარგებლობს. ადრე კანონით იყო დარეგულირებული, რომ გუბერნატორებსა და გამგებლებს არ მიეღოთ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. ახლა, ფაქტობრივად, კანონში ჩაიწერა, რომ ამის უფლება აქვთ. ისინი ფინანსურ სახსრებს ცენტრალური ბიუჯეტიდან იღებენ, პრემიებს სურვილის მიხედვით ანაწილებენ, მერე კი ხელქვეითებს "ქართული ოცნების" წევრებთან საჩხუბრადაც გზავნიან. ოპოზიციის აქტივისტებზე თავდამსხმელ ზონდერებში ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები არიან შემჩნეული.

ამ ვითარებით შეშფოთებული არიან აშშ, ევროკავშირი და საერთაშორისო დამკვირვებლები, მაგრამ ამას კულუარებში გამოხატავენ, საჯაროდ კი დიპლომატიურ განცხადებებს აკეთებენ. მათ არ სურთ, რომელიმე განცხადებამ პროცესების პროვოცირება მოახდინოს და ეს დესტაბილიზაციაში გადაიზარდოს. როგორც აშშ-ისთვის, ასევე ევროპისთვის სასურველია,  საქართველოში ხელისუფლება არჩევნებით შეიცვალოს. თუმცა, ის განცხადებებიც, რომელთაც დიპკორპუსის წარმომადგენლები აკეთებენ, მაინც მნიშვნელოვანია. მაგალითად, ჯონ ბასმა ხელისუფლებას ფაქტობრივად უთხრა, თავი დაანებეთ იმაზე ფიქრს, ჩვენ ვცნობთ თუ არა არჩევნების შედეგს, მთავარია, ის ქართველმა ხალხმა ცნოსო.  NDI-მაც, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ყველაზე ლოიალურია საქართველოს ხელისუფლებისადმი, დეტალურად აღწერა ის დარღვევები, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში ხდება.

ვფიქრობ, აგვისტოში დიდი ზეწოლა დაიწყება "ქართული ოცნების" წევრებზე. ლიდერების დაკავებას ან დაკითხვას გამოვრიცხავ. ვფიქრობ, რეპრესიებში საშუალო რგოლი მოექცევა, რომლის მხრებზეც არის "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია. მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში ნიჰილიზმი არ უნდა გაღვივდეს, არჩევნებზე სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ.

- კულუარებში ბოლო დროს ამბობდნენ, რომ ვანო მერაბიშვილს პრემიერ-მინისტრად გადაიყვანდნენ, რაც საზოგადოების დიდ ნაწილს მორიგი ჭორი ეგონა. რას მიანიშნებს ეს ცვლილება?

- სააკაშვილს ეს ცვლილება რეჟიმის გამკაცრებისთვის სჭირდება. როგორც ჩანს, სხვა გამოსავალი ვერ გამონახა, მას არჩევნების წინ მეტი კოორდინაცია სჭირდებოდა. უკმაყოფილოა რეგიონებში აქციებზე გამომსვლელთა სიმრავლით. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილი გურიაში იყო, სადაც გუბერნატორი და გამგებლები დატუქსა იმის გამო, რომ ვერ უზრუნველყვეს, ამდენი ხალხი არ გასულიყო აქციაზე. მერაბიშვილი, ერთი მხრივ, ძლევამოსილი მინისტრია, მეორე მხრივ, სააკაშვილზე მთლიანად დამოკიდებული ფიგურა. კარგად იცის, თუ სააკაშვილი წავიდა, მასაც მოსთხოვენ პასუხს, უპირველესად, გირგვლიანის საქმეზე.

- მაგრამ ხელისუფლებისთვის შს სამინისტრო უმნიშვნელოვანესი რგოლია არჩევნებზე.

- არაფორმალურად სამინისტრო ისევ მერაბიშვილის დაქვემდებარებაში დარჩება. უბრალოდ, ის შეეცდება აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობა კიდევ უფრო კოორდინირებული გახადოს. ივანიშვილს  სოფელ მერეთში სწორედ მერაბიშვილისგან მართული ზონდერები დაუპირისპირდნენ. ახლა მისი პრემიერ-მინისტრად დანიშვნა იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ამ გზით ივლის.

- მთავრობაში  ისევ კარუსელი დატრიალდება თუ ახალი სახეებიც გამოჩნდებიან?

- შესაძლოა, დაწინაურდნენ გიგა ბოკერიას კადრები. არ არის გამორიცხული, მერაბიშვილმა ნაკლებად პოპულარული მინისტრები მოიცილოს... დიდი ალბათობაა, რომ შს მინისტრად დიმიტრი შაშკინი ან ბაჩო ახალაია დანიშნონ. ორივე ისეთი ფიგურაა, სააკაშვილის ხელისუფლების იქით სხვა გასახედი არა აქვთ.

P.S სხვათა შორის, ირაკლი მელაშვილმა არც ის გამორიცხა, რომ ნიკა გილაური მთავრობაში არასანდო ფიგურად მიიჩნიეს. "მიზეზი მალე გამოჩნდება", - განაცხადა მან და დასძინა, რომ შესაძლოა, კახეთის რეგიონში "ალდაგის" რამდენიმე ოფისის დახურვის თაობაზე გავრცელებული კულუარული ინფორმაცია ამ პოლიტიკურ პროცესს უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ "ალდაგი ბისიაი" "საქართველოს ბანკის" ჯგუფის წევრია, რომელსაც ნიკა გილაურის ძმა, ირაკლი გილაური ხელმძღვანელობს.