მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

რომელია ნამდვილი?

თბილისში მომხდარი წყალდიდობის მეორე დღეს სააკაშვილის მილანში გასეირნების ამბავი, ეტყობა, მარტო ოპოზიციას და ჟურნალისტებს არ ჩარჩათ გულში. როგორც ჩანს, თავად პრეზიდენტსაც ეს ამბავი მწარედ დაამახსოვრდა. მილანში გასეირნება კი არ დაამახსოვრდა მწარედ, არამედ ამ ამბის გახმაურება და შემდეგ ამას მოყოლილი კრიტიკა. ამიტომ გასული კვირის ბოლოს, როდესაც ბუნებამ მას  შეცდომის გამოსწორების შანსი მისცა, უმალვე გამოიყენა. სამეგრელოში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ სახელისუფლებო არხებმა გვამცნეს, რომ სააკაშვილმა ბაქოში ვიზიტი სასწრაფოდ შეწყვიტა და სტიქიის ზონაში გაემგზავრა.

მაგრამ გამგზავრებაცაა და გამგზავრებაც, უბრალოდ კი არ ჩავიდა, პირდაპირ შუა წყალში შევიდა, არა, - შეტოპა. მის ნაბიჯებს ეს სიტყვა უფრო მოუხდება. კადრი მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა: პრეზიდენტი ადიდებულ მდინარეს მიაპობს, წყალი ლამის წელამდე სწვდება, ხელჩაკიდებული მოჰყავს ადგილობრივი მკვიდრი, რომელსაც სტიქიამ სახლი დაუნგრია და ახლა სწორედ ეს სახლი უნდა ინახულონ. არა, ნამდვილად შთამბეჭდავი პიარსვლა იყო, - პრეზიდენტი, რომელიც ხალხის გულისთვის წელამდე წყალშიც კი შედის და ხიფათს არ ერიდება. თავდადებული და უშიშარი მიშა - ასეთად დარჩებოდა ის ამ კადრების შემდეგ ჩვენს გულებში, რომ არა დაწყევლილი მილანი, სადაც ჩუმად გადაიღეს. ახლა კი მიშას ორი სახე შეგვრჩა: ხალხის გამო სტიქიასთან მებრძოლი და ორი ადამიანის დაღუპვის შემდეგ მილანში საშოპინგოდ გაქცეული. რომელია ნამდვილი?

მთავარ კითხვაზე პასუხი გაცემულია

შაბათ დღეს ასეთი ახალი ამბავი! ორშაბათამდე მაინც მოეცადა? მერაბიშვილის პრემიერად გადაყვანა, ალბათ, ერთ-ერთი უკანასკნელი კოზირი იყო სააკაშვილის არსენალში და მან ამ კარტით უკვე იარა. თავს ნურავინ მოიტყუებს, ნუ იტყვის, რომ ეს ჩვეულებრივი სამთავრობო კარუსელია. ვანო მერაბიშვილი ზურაბ ჟვანიას შემდეგ პირველი პრემიერ-მინისტრია, ვისაც პოლიტიკური წონა აქვს, ვისაც დამოუკიდებლად თამაშის პოტენციალი გააჩნია. მერაბიშვილის პრემიერად გადაყვანა, პირველ რიგში, რწმენაში განამტკიცებს "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებს, ვისაც ძლიერი კონკურენტის გამოჩენამ შეიძლება გამარჯვების რწმენა შეურყია. ვანოს რომ საქმის კეთება ეხერხება, არახალია. თუმცა ის, რომ ადამიანი წარმატებული შს მინისტრი იყო, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ წარმატებული პრემიერი იქნება. მოლოდინი დიდია, მაგრამ ამ მოლოდინს გამართლება უნდა. ზოგჯერ ფეხბურთის მწვრთნელი ერთ გუნდში დიდ წარმატებას აღწევს, შემდეგ სხვაგან გადაჰყავთ, მაგრამ აღარაფერი გამოსდის. კარგი მწვრთნელი ის არის, ვინც ყველგან კარგია. ამიტომ სწორედ ახლა გამოჩნდება, მართლა მაგარია თუ არა ვანო.

პრემიერმინისტრობა უფრო მეტ საჯაროობას მოითხოვს, მეტ კომუნიკაციას ხალხთან, ჟურნალისტებთან. მართალია, მერაბიშვილმა ბოლო დროს ცოტა ლაპარაკიც ისწავლა (მგონი "ლ"-ც აღარ აქვს რბილი), მაგრამ ეს თვისებრივად ახალი სამუშაოა. ჩვენს ქვეყანაში პრემიერ-მინისტრს, პირველ რიგში, ეკონომიკურ წინსვლას სთხოვენ. კი გვითხრეს, რომ ვანო სოფლის მეურნეობაში კარგად ერკვევა, რადგან პოლიტიკოსობამდე ფერმერების დაცვით იყო დაკავებულიო, მაგრამ აბა, სად არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობა და სად - მთავრობის ხელმძღვანელობა. ვანოს მთავარი გამოწვევებიც ეკონომიკური ხასიათის იქნება. სააკაშვილმაც ეს დაუსახა მიზნად, თუმცა თავიდან, როდესაც პრეზიდენტმა წარმოთქვა სიტყვები: მერაბიშვილმა დაამარცხა კორუფცია და კრიმინალი და ახლა ბეჭებზე დადებს ჩვენს მთავარ მტერსო, ვიფიქრე, ივანიშვილს გულისხმობდა, მაგრამ თურმე უმუშევრობაზე ლაპარაკობდა. დაბოლოს, ჩვენ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მერაბიშვილი ახალ თანამდებობაზე გადასვლას რამდენიმე თვით, მხოლოდ არჩევნებამდე არ დათანხმდებოდა. ის კი არა, შეგვიძლია დიდი ალბათობით გამოვთქვათ ვარაუდი, რომ 2013 წლის არჩევნების შემდეგაც პრემიერად ის დარჩება. ასეთი ვარაუდის საფუძველს სააკაშვილის სიტყვები იძლევა, რომელიც მან მერაბიშვილის წარდგენისას თქვა: ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხმა ახლავე იცოდეს, რას გააკეთებს მომავალი ოთხი წელი საქართველოს მთავრობაო. ანუ შეიძლება ითქვას, კითხვაზე: დარჩება თუ არა სააკაშვილი პრემიერად, - პასუხი უკვე გაცემულია.

როცა მწერალი ხდება მსახური

თბილისის საკრებულომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტიდან ორი თვის წინ არჩეული დავით საგანელიძე გადაირჩია. ბუნებრივია, ვინც საქმეში ჩახედული არ არის, იკითხავს, რა დააშავა ასეთი ორ თვეში საგანელიძემო? არც არაფერი, უბრალოდ, "ქართულ ოცნებაში" შევიდა. საკმარისი არ არის?! ადრე ეს თანამდებობა ალასანიას პარტიის წევრს, ზურაბ აბაშიძეს ეკავა, მაგრამ ისიც "მრუდე" გზას დაადგა, როდესაც მისი პარტია "ქართული ოცნების" წევრი გახდა, ისიც გადაირჩიეს. და რადგან კანონი ითხოვს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის ორი მოადგილე აუცილებლად ოპოზიციის წევრი უნდა იყოს, ხელისუფლებაც დაფიქრდა, ვინ აერჩიათ? ჰოდა, საგანელიძე იპოვა, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ რჩებოდა "ახალი მემარჯვენეების" წევრად. ბედი არ გინდა? აირჩიეს და ორ თვეში ისიც "ქართულ ოცნებაში" არ აღმოჩნდა?!

აბა, ახლა "ქართული ოცნების" წევრს თანამდებობაზე რა უნდა?! ამიტომ პირველივე სხდომაზე მისი გადარჩევის საკითხი დააყენეს. გადასარჩევად რაღაც მიზეზი ხომ გჭირდება, მართლა იმას ხომ ვერ იტყვი: ჩვენთვის "ახლები" მისაღები ოპოზიციაა, "ქართული ოცნება" კი - არაო. ჰოდა, აქ დაიწყო საკრებულოს თავმჯდომარის, მწერალ ზაალ სამადაშვილის წვალება. მისი განმარტებით, მას შემდეგ, რაც დავით საგანელიძე "ქართულ ოცნებაში" გადავიდა, მისი მხრიდან არაკორექტული გამონათქვამები გახშირდა. ანუ, თუ მარტივად ვიტყვით, გაუზრდელდაო. ჰოდა, უზრდელი კაცის თანამდებობაზე გაჩერება შეიძლება?! მართალია, საგანელიძე ამაოდ ითხოვდა, დამისახელეთ ჩემი რომელიმე არაკორექტული გამონათქვამიო, მაგრამ ამას რაღა მნიშვნელობა ჰქონდა? რადგან მწერალმა კაცმა დაასკვნა, რომ უზრდელი ხარ, ე.ი. უზრდელი და თანამდებობისთვის შეუფერებელი ბრძანდებით. ახლა ყველაზე საინტერესო ის არის, ვის აირჩევენ საგანელიძის გამოთავისუფლებულ ადგილზე. როგორც უკვე გითხარით, ეს აუცილებლად ოპოზიციონერი უნდა იყოს. რომ აირჩევენ, მერე საინტერესო ის იქნება, რამდენ ხანს გაჰყვება ზრდილობა...

დიდი მადლობა ხელისუფლებას

მოკლედ, ხელისუფლებამ ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გადაწყვიტა, საქართველოს მოსახლეობისთვის ყველა არხის ყურების და ალტერნატიული ინფორმაციის მიღების საშუალება მხოლოდ 60 დღის განმავლობაში ეწყალობებინა. მინდა მთელი ქვეყნის სახელით გითხრათ, რომ ყელამდე ვართ თქვენი პატივისცემით. ასეთი დიდი წყალობა  ჯერ არც ერთ ხელისუფალს არ გაუღია. მართალია, ავადსახსენებელი შევარდნაძის დროს დამოუკიდებელი "რუსთავი 2" ყოველგვარი დათქმებისა და შეზღუდვების გარეშე მაუწყებლობდა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მაგრამ შევარდნაძე თქვენთან რა სახსენებელია?! სამაგიეროდ, მას არ ჰქონდა შუქი და გზები. ახლა, როდესაც შუქი და გზები გაქვს, რა საჭიროა ალტერნატიული ინფორმაცია? აბსოლუტურად საკმარისია ის, რასაც თქვენი არხები გვეუბნებიან, ტყუილად რატომ უნდა გავიხეთქოთ გული და რაღაც სისულელეებს ვუყუროთ?! ის კი არა, ეს ორი თვეც არაფერში გვჭირდებოდა, მაგრამ, რადგან გვიწყალობეთ, მაინც გმადლობთ. თქვენს ჯიბრზე დასავლეთმაც ხომ ჩვენს ოპოზიციას აუბა მხარი და ამ ავადსახსენებელი "მასტ ქერის" მიღება მოითხოვა, მათი რეკომენდაციის შესრულებაც ხომ საჭირო იყო?

თქვენც იდეალური გამოსავალი იპოვეთ. რა თქმა უნდა, ორი თვე აბსოლუტურად საკმარისია საიმისოდ, რომ ჩვენ, ამომრჩევლებმა ინფორმირებული არჩევანი გავაკეთოთ, მერე - რა მოხდება არჩევნების დღეს ან შემდგომ ხმებს როგორ დაითვლიან, რაღაში გვაინტერესებს?! მით უმეტეს, რაში გვაინტერესებს, როგორ იმუშავებს ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ მიერ არჩეული ხელისუფლება. ამ ყველაფერს მშვენივრად მოგიყვებიან სახელისუფლებო არხები... გვეუბნებით, რომ ინფორმირებულობა ორ თვეზე მეტი ხნით ჯანმრთელობისთვის მავნებელია, ზედმეტი მოგივათო და ჩვენც აბსოლუტურად გეთანხმებით! გვეუბნებით, მეტი რაში გჭირდებათო და ჩვენც აღფრთოვანებულები ვართ!  ამბობთ, რომ არჩევნების დღეს და მერე ოპოზიციური თუ დამოუკიდებელი ტელევიზიების ყველა საკაბელო არხის ეთერში დატოვება ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხესო და ჩვენც გეთანხმებით! თქვენ გვეუბნებით, რომ ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია ხალხს ქუჩაში გამოიყვანს და გადატრიალებას მოაწყობსო. აბა რა, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი თუ ოპოზიციური ტელევიზიები საშიშია, საშიშია სახელმწიფოებრიობისთვის! ამიტომაც, კიდევ ერთხელ გმადლობთ ამ ორი თვისთვის და ჩვენზე ზრუნვისთვის!