"ოპოზიციის ლიდერებს დააპატიმრებენ!" - კვირის პალიტრა

"ოპოზიციის ლიდერებს დააპატიმრებენ!"

"2007 წელი ის წერტილი იყო, რამაც ფსიქოლოგიურად დაანგრია სააკაშვილი"

"ეს "შპინგალეტი" უგულავა იმდენს როგორ ბედავს, რომ სინოდის სხდომას უყვირის?"

"2002-2003 წლებში ძმები კუბლაშვილები  სააკაშვილზე მეუბნებოდნენ, ხომ ხედავ, გიჟიაო"

"ჩამოყალიბდა ერთგვარი ნომენკლატურა, რომელიც სხვადასხვა პრეზიდენტის დროს სხვადასხვა სახელით არის ხელისუფლებაში. ხან "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია, ხან "მოქალაქეთა კავშირი", ხან ეროვნული მოძრაობა, ადრე კი კომუნისტური პარტია ერქვა", - აცხადებს "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა. რას ამბობდნენ სააკაშვილზე მისი დღევანდელი თანაგუნდელები და როგორ იცვლებოდა პრეზიდენტის გარემოცვა წლების განმავლობაში? ამის შესახებ კახა კუკავა გვესაუბრება:

2002-2003 წლებში ძმები კუბლაშვილები და ბევრი ჩემი მეგობარი სააკაშვილზე მეუბნებოდნენ, ხომ ხედავ, გიჟიაო. მიშას თაყვანისმცემელი არასოდეს ვყოფილვარ, უბრალოდ მიმაჩნდა, რომ შევარდნაძე უნდა წასულიყო... სააკაშვილის თავგამოდებული დამცველი კუბლაშვილები შევარდნაძის ბიუროკრატიის ნაწილი იყვნენ. გიგი წერეთელი და ბევრი მისთანა შევარდნაძის პირველი მმართველობიდან არიან ხელისუფლებაში. შეუძლებელია დათვლა, გიორგი ბარამიძე მერამდენე ხელისუფლებაში და მერამდენე მთავრობის მინისტრია. ისინი მზად არიან შემდგომ მთავრობაშიც დაიკავონ პოსტები. ეს ერთგვარი მაფიაა, ორგანიზებული დანაშაული, რაც ზუსტად ნიშნავს ელიტურ კორუფციას. ამ მაფიის წევრები კომუნისტების დროს რაიკომის მდივნები იყვნენ. იდეურად როგორი ლენინელები იყვნენ, ამაზე ლაპარაკი სასაცილოა, მაგრამ კომუნისტური პარტია მათთვის იყო თანამდებობა, კომერციული კორპორაცია, სტრუქტურა, სადაც ფულს შოულობდნენ. შემდგომ იყო "მოქალაქეთა კავშირი", დღეს კი "ნაციონალური მოძრაობაა". სასაცილოა იმის თქმა, რომ გიგი წერეთელს, გიორგი ბარამიძეს, აკაკი მინაშვილს ან პალიკო კუბლაშვილს სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" პროგრამა მოეწონათ და ამიტომ არიან მის გვერდით.

შეუძლებელია ადამიანი იყო კომუნისტიც, ზვიადისტიც, შევარდნაძისტიც და სააკაშვილისტიც, თუ ერთი ციდა პრინციპულობა მაინც გაქვს.

სააკაშვილი ვერ იტანს, როდესაც არ ეთანხმებიან. ამიტომაც მის გარემოცვაში აღარავინ დარჩა, ვინც მის არასწორ გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგება. 2004 წელს სააკაშვილი ბათუმის დაბომბვას აპირებდა და "ნაციონალურ მოძრაობაში" არავინ აღმოჩნდა, იმის მთქმელი, რომ არ შეიძლება საქართველოს ავიაციამ დაბომბოს ბათუმი (მხოლოდ ზურაბ ჟვანიას ჩოლოქზე გადასვლამ შეაცვლევინა ეს გადაწყვეტილება). 2008 წელსაც ვერავინ გაბედა ეთქვა სააკაშვილისთვის, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არ ჰქონდათ ომის დაწყების რესურსი. არ ვამბობ, რომ გიჟია, მაგრამ მისი ფსიქიკური მდგომარეობა არ არის ისეთი, როგორიც უნდა ჰქონდეს პირველ პირს. ფრაგმენტულად აზროვნებს, სწრაფად იღებს ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს, რაც საშიშია ქვეყნისთვის.

- თავიდანვე ასეთი იყო, თუ ამხელა ძალაუფლებას ვერ გაუძლო?

- ორი ვერსია მაქვს: პირველი 99%-იანია: სააკაშვილი ჰეროინს მოიხმარს. ამ საქმის სპეციალისტებისაგან ვიცი, რომ პირველ ეტაპზე ჰეროინი ადამიანს უფრო აქტიურს, ენერგიულს ხდის, მაგრამ ყოველი მომდევნო დოზა იწვევს გამოფიტვას და ბოლოს ანადგურებს, ამიტომაც ვხედავთ ყოველდღიურად უცნაურ მოვლენებს...

მეორე, 100%-იანი ვერსიით სააკაშვილი ძალაუფლების სინდრომის ტყვეობაშია და დღეს, როდესაც დასასრულის დასაწყისს გრძნობს, ეს მისთვის მძიმედ გადასატანია.

ხელისუფლების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მიამბო, როგორი ფსიქოლოგიური შოკი ჰქონდა სააკაშვილს, როდესაც 2008 წლის 5 იანვრის არჩევნების შედეგები უთხრეს. არ სჯეროდა, რომ თბილისსა და იმ რეგიონებში, სადაც არჩევნები პატიოსნად ჩატარდა, მისი რეიტინგი, ფაქტობრივად, ნულზე იყო. სააკაშვილს სავალალო შედეგი მიხეილ მაჭავარიანმა აცნობა, ის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. სააკაშვილმა იმ საღამოსვე გასცა განკარგულება, რამე მოეფიქრებინათ. დილის 6 საათზე სააკაშვილს შეატყობინეს, რა ვქნათ, 300 ათასი ხმა გვაკლდებაო და დილით სააკაშვილმა გასცა ბრძანება, რომ მარნეულში, გარდაბანსა და ახალქალაქში ოქმები კი არ გადაესწორებინათ, პირდაპირ დაეწერათ შედეგები. ამით მოაგროვეს 53%.

მახსოვს, 2004-დან 2007 წლამდე სააკაშვილი ლაპარაკობდა ცხინვალისა და აფხაზეთის დაბრუნებაზე, რომ ჩვენი ჯარი რუსეთის ჯარზე ძლიერია. ზოგს ამის სჯეროდა, ზოგი ამბობდა, ვაცალოთ, ეგებ მართლა გამოუვიდესო. სააკაშვილს ზოგიერთ სფეროში წარმატებაც ჰქონდა - დენის საკითხის მოგვარება, საგზაო კომუნიკაციის მოწესრიგება და საპენსიო დავალიანების აღმოფხვრა უმნიშვნელო არ იყო. ამან ხალხს შეუქმნა განცდა, რომ ის გმირი იყო. ეს განწყობა იზრდებოდა, მაგრამ გირგვლიანის მკვლელობამ შეაფერხა. 2007 წლის ნოემბერი შემოტრიალების წერტილი იყო, რამაც ფსიქოლოგიურად დაანგრია სააკაშვილი. საყოველთაო სიყვარულით გარემოცული კაცი უცბად გახდა ჰიტლერიც, მურვან ყრუც და თბილისში იმ დროს "ნაცმოძრაობის" რეიტინგიც განულდა. დღეს, როდესაც კითხულობენ, რატომ აქვს სახე შეშლილი პრეზიდენტს, ამის მიზეზი იმ საყოველთაო სიყვარულისა და მხარდაჭერის დაკარგვაა, რაც ერთ დროს ჰქონდა ქართველ საზოგადოებაში. ადრე სააკაშვილის სჯეროდათ, მაგრამ ახლა რომ ამბობს, ლაზიკა ევროპაში პირველი ფინანსური ცენტრი გახდებაო, უკვე იცის, რომ მისი აღარ სჯერათ და ნერვიულობს. ასეთ ლაპარაკზე კუბლაშვილებს, მაჭავარიანსა და წერეთელსაც ეცინებათ მის ზურგს უკან... მარტო დევნილები რამდენჯერ მოატყუა, გაისად შეგიყვანთ სოხუმსა და ცხინვალშიო. ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვართ აფხაზეთის დაბრუნებასთანო... იმდენჯერ მოატყუა ურცხვად Mმთელი ქართველი საზოგადოება, რომ ეს მისი აღარავის სჯერა.

- მერეთში დაპირისპირება საზოგადოების ნაწილისთვის იმის სიგნალი გახდა, რომ გამარჯვებისთვის ხელისუფლება ოპონენტების ფიზიკურ ანგარიშსწორებასაც არ მოერიდება.

- მერეთის ამბავიც და ოპოზიციისთვის დაწესებული ფინანსური სანქციებიც ცხადყოფს, რომ ხელისუფლებაში ინტენსიურად განიხილება რეპრესიების საკითხი:

ოპოზიციურ პარტიებს რეგისტრაციას გაუუქმებენ, ლიდერებს ან დააპატიმრებენ, ან დეპორტაციას მოუწყობენ. სააკაშვილი ვა-ბანკზე მიდის, რადგან იცის, რომ მხოლოდ არჩევნების გაყალბება მისთვის საკმარისი არ იქნება... კარგად იცის, რა რისკსაც გასწევს რეპრესიებით, მაგრამ შეჩერება არ შეუძლია იმიტომ, რომ იღუპება და ჰგონია, რომ ეს გადაარჩენს, მაგრამ მწარედ ცდება.

2007 წელს პროტესტის მიზეზი ის გახდა, რომ კედელთან მიაყენეს მთელი ოპოზიცია. გიგა ბოკერიას პოზიციის გათვალისწინებით, ოპოზიციურ პარტიებს უთხრეს, არც ერთს არ შეგიშვებთ პარლამენტშიო. ამან გამოიწვია ლიბერალი, რადიკალი და ზომიერი პოლიტიკური ძალების გაერთიანება. გამოსვლების საბაბი ირაკლი ოქრუაშვილი გახდა, რომელიც დიდად არავის ეხატებოდა გულზე, მაგრამ რეალობამ განაპირობა საპროტესტო მოძრაობა. დღეს ხელისუფლება იძულებით მიდის იმავე შეცდომაზე. ზედმეტმა რეპრესიებმა შესაძლოა ხელოვნურად გამოიწვიოს ის, რაც ბუნებრივად არ მოხდა, - ოპოზიციის გაერთიანება და მასობრივი საპროტესტო აქციები.

არჩევნებისთვის პროცესების ორგვარ განვითარებას ველოდები: ან ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს და მის ლეგიტიმაციას ვაშინგტონი მოახდენს, ან გაყალბების მასშტაბურობის გამო შესაძლოა "მოკლე ჩართვა" მოხდეს და ხალხი ქუჩაში გავარდეს, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ლიდერები ამისკენ არ მოუწოდებენ.

- ასეთ ვითარებაში, ალბათ, მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს საკადრო ცვლილებები და პრემიერის უფლებამოსილების გაზრდა.

- რაიმე არსებითი უფლებამოსილება ვანო მერაბიშვილს არ დამატებია. მერაბიშვილი პრემიერად იმ განზრახვით დანიშნეს, რომ მთავრობის მეთაური გახდეს, მაგრამ გახდება თუ არა რეალურად მთავრობის პირველი პირი, დამოკიდებულია 2012-2013 წლებზე. სააკაშვილის განზრახვა ამ პოსტზე მერაბიშვილის დანიშვნისას ის იყო, რომ გააკეთოს ალტერნატიული სოციალური დემაგოგიური პროექტი და უფრო ეფექტურად დაუპირისპირდეს ივანიშვილის პროგრამას, რასაც გილაური, როგორც ტექნოკრატი, ვერ შეძლებდა.

ასეთ ვითარებაში ძალიან მაშფოთებს საპატრიარქოსთან დაკავშირებული მოვლენები. გიგი უგულავა კი უარყოფს, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ის საპატრიარქოში მივიდა და პატრიარქის თანდასწრებით ყვიროდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს სახელმწიფოში და საპატრიარქოში ყველაფერი რიგზე არ არის. პატრიარქს დღეს მხარდაჭერა სჭირდება, რადგან ის ყოვლისშემძლე არ არის. ეს "შპინგალეტი" უგულავა იმდენს როგორ ბედავს, რომ სინოდის სხდომას უყვირის?

დღეს ხელისუფლებაში არიან სექტანტები, რომლებიც მტრულად არიან განწყობილი საქართველოს ეკლესიის მიმართ და ამიტომაც ეკლესიას ქართველი საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

"შეიძლება ბევრი ხალხი მოატყუო ცოტა ხნით, ცოტა ხალხი ბევრი ხნით, მაგრამ ბევრი ხალხის დიდი ხნით მოტყუება შეუძლებელია!"

აბრაამ ლინკოლნი