"ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ" - კვირის პალიტრა

"ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ"

რომის მერი რომ მივიდეს ვატიკანში და პაპს დაუწყოს ყვირილი, რა რეაქცია მოჰყვება ამას?!

არქიმანდრიტი სტეფანე: - ყველამ კარგად იცის, რომ ხელისუფლება ერევა ეკლესიის საქმეში

"გიგი უგულავამ მოურიდებლად ჩაასწორა საშობაო ეპისტოლეს ტექსტი"

მრევლი ელოდა, რომ 5 ივლისს, წმინდა სინოდის შეკრების შემდეგ კიდევ უფრო მეტი ითქმებოდა თბილისის მერის გიგი უგულავას და სხვა პოლიტიკური ფიგურების ეკლესიის ცხოვრებაში უხეშად ჩარევის შესახებ. ნანა ლეჟავას ჟურნალისტური სტუდიის მიერ ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტთან, მეუფე სერაფიმესთან ფარულად ჩაწერილი ინტერვიუს გახმაურების შემდეგ გაირკვა, რომ ბატონი მერი პატრიარქის წინაშე ხმის ამაღლებასაც კი ბედავს, გიგი უგულავამ განაცხადა, - მეუფე ცილს მწამებსო...

საზოგადოებას ხშირად სმენია ჩინოსანთა თავგასულობის ამბავი. ჯერ კიდევ 2009 წლის 26 მაისს გავრცელდა ხმა, დედაქალაქის მერი წმინდა სამების ტაძრის საკურთხეველში შეუვარდა პატრიარქსო. მაშინ ხელისუფლებას შეეშინდა, რომ ოპოზიციის ლიდერების მიერ შეკრებილი ხალხი ერის სულიერმა მწყემსმა მთავრობის საწინააღმდეგო ქმედებაზე არ აკურთხოსო(?!). მთავრობის უსაფუძვლო პანიკის მიზეზის აღმოფხვრა” ყოფილმა სტიქაროსანმა მერმა იკისრა და მკრეხელურად საკურთხეველში შევიდა, რომ უმაღლესი სასულიერო პირის გაკონტროლება შეძლებოდა. ცნობილია უგულავას აგრესიული აქტიურობა რელიგიური უმცირესობების შესახებ კანონის მიღების დროს. მაშინვე ითქვა, რომ საკანონმდებლო ცვლილებით უკმაყოფილო საპატრიარქოში უგულავამ ერთგულ მსახურ კობა სუბელიანათან ერთად მთელი ღამე გაატარა. მეუფე სერაფიმესთან ფარული ჩანაწერიდან ამ შეხვედრის დეტალები დადასტურდა, - უგულავა პატრიარქს უყვიროდა. ამბობენ, ბოლო სინოდზე მეუფე სერაფიმესა და მეუფე იობს უსაყვედურეს. ერთს იმის გამო, რომ ჟურნალისტებთან მეტი სიფრთხილე არ გამოიჩინა, მეორეს კი "ქართული ოცნების" აქციაზე მისვლა არ მოუწონეს. სინოდის შეკრების დასრულების შემდეგ არქიმანდრიტმა სტეფანე კორინთელმა მედიასთან განაცხადა, რომ მიტროპოლიტმა სერაფიმემ ძალიან კარგად და სწორად გამოხატა სათქმელი.

"საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ყოფილა ისეთი პერიოდი, როდესაც ყოფნა-არყოფნის საკითხი მდგარა. ასეთ დროს ჩვენს სასულიერო პირებს მიუღიათ სამშობლოსთვის თავის დადების გადაწყვეტილება. დღესაც არის ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი. პავლე მოციქული გვასწავლის, რომ ყოველი ხელისუფლება არის ორნაირი: ღვთისგან მოვლინებული და ღვთის დაშვებითაც მოსული. დღეს თუ ჩვენი ცოდვებიდან გამომდინარე შედეგი გვაქვს, თუმცა, ცოდვა სინანულზე მეტი არ არის და, თუ გვექნება სინანული, შევძლებთ ერის გამოსწორებას. მეც ვიყავი "ქართული ოცნების" აქციაზე. ეს პოლიტიკაში ჩარევა არ იყო, თანაგრძნობა გამოვხატეთ იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც უზარმაზარი სიკეთე გაუკეთა ქართულ ეკლესიას, ააშენა სამება, 500 ეკლესია-მონასტერი გაარემონტა. ეს პოლიტიკა არ არის. მადლიერების გამოხატულება და მადლიერება ყველა პოლიტიკაზე მაღლა დგას... თუ ეს დავივიწყეთ, ძალიან დიდი უმადურობა იქნება...

შესაძლოა, ჩვენთვის მიუღებელი იყოს ინტერვიუს ასეთი ფორმა, მაგრამ მიტროპოლიტმა სერაფიმემ სრული ჭეშმარიტება ბრძანა. ყველამ კარგად იცის, რომ ხელისუფლება ერევა ეკლესიის საქმეში".

იმის გამო, რომ სასულიერო პირებს ეკრძალებათ ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობაზე საუბარი, დეკანოზმა დავით ქვლივიძემ ასეთ ხერხს მიმართა, ყოველი მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ თავის ქადაგებას ვიდეო ან აუდიოჩანაწერის საშუალებით ინტერნეტში ათავსებს, თუმცა არც პრესასთან ხმამაღალ განცხადებებს ერიდება:

"ხელისუფლება საპატრიარქოზე ზეგავლენას არაკეთილსინდისიერი სასულიერო პირების მეშვეობით ახერხებს, იმ ხალხით, ვის შესახებაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს კომპრომატები, მეტიც, საქმეები აქვს აღძრული. ასეთი ზეწოლის მექანიზმი გამოიყენეს, როდესაც წყდებოდა რელიგიური უმცირესობების შესახებ კანონის ბედი. მაშინ სინოდის დადგენილებაში დაიწერა, რომ არ ეთანხმებოდნენ კანონპროექტს. ხელისუფლების საქმეში ჩარევის შემდეგ ოქმიდან ეს ფრაზა გაქრა, რადგან კომპრომეტირებულ სასულიერო პირებზე ზეწოლა მოხდა და მათ გააკეთეს თავისი "საქმე".

სასულიერო პირები მსგავსი ზეწოლით ხსნიან იმ ფაქტსაც, რომ პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გამოქვეყნებამდე გიგი უგულავას ხელში მოხვდა და მან მოურიდებლად ჩაასწორა ტექსტი. უგულავა ეპისტოლეს მიმწოდებლებს "მეგობრებს და სასულიერო აკადემიიდან თანაკურსელებს" ეძახის, მათი დახმარებით კი ტექსტიდან თურმე ის ნაწილი ამოიღო, რომელიც ბუდა-ბარის და კაზინოების საპატრიარქოს წინ და გვერდით მშენებლობას გმობდა. ვინც უგულავას ასეთი მკრეხელური მავნებლობის ჩადენის შესაძლებლობას აძლევს, შესაძლოა, ის ხალხია, ვისზეც მეუფე სერაფიმე ფარულ ინტერვიუში ამბობს, - ვინც არის ახლოს, იყენებს თავისთვის. მე არ ვარ ახლოს და ძველ სახლში ვცხოვრობ. ვინც არის ახლოს, უშენებენ ეკლესია-მონასტრებსო...

"კვირის პალიტრა" კლდისუბნის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელმსახურ დეკანოზ დავით ციცქიშვილთან საუბარში შეეცადა, გაერკვია, რატომ აფარებს საპატრიარქო ხელს ხელისუფლების მავნებლობას და მათ თანამზრახველებს ეკლესიის წიაღში.

- მამა დავით, სინოდმა დაადგინა, რომ კატეგორიულად მიუღებელია ღვთისმსახურთა მონაწილეობა რომელიმე პოლიტიკური პარტიის პოლიტიკურ აქციაში, ეკლესია არის ნეიტრალური, საყოველთაო და მისი წევრია ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი. აქ არაფერი თქმულა მეუფე იობის და მისი ეპარქიის წევრი სასულიერო პირების შესახებ, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ სწორედ ისინი იყვნენ მცხეთაში "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ აქციაზე. საზოგადოებას წმინდა სინოდის დადგენილების შემდეგ უჩნდება კითხვა, ასეთი საქციელი მეუფის და სხვა სასულიერო პირების მხრიდან დანაშაულია?

- სასულიერო პირიც ქვეყნის მოქალაქეა, რომელსაც ესა თუ ის პოლიტიკური ძალა ესიმპათიურება და თვლის, რომ კონკრეტულმა პოლიტიკურმა გუნდმა შესაძლოა, უკეთ მართოს ქვეყანა. შესაძლოა ეს პირად საუბრებშიც გამოხატოს, მაგრამ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა აქციებში, მიტინგებზე და ა.შ. ეკლესია პოლიტიკასა და ცალკეულ პარტიებზე მაღლა დგას, შესაბამისად, მას უფრო მაღალი პასუხისმგებლობა აკისრია თითოეული ადამიანის საქციელის მიმართ. დავუშვათ, აქციაზე მოხდა დაპირისპირება, ადამიანები დაშავდნენ, ღმერთმა დაგვიფაროს, დაიღუპნენ კიდეც. გიფიქრიათ, რამხელა განსაცდელის წინაშე დგება ამ დროს სასულიერო პირი?

მადლიერების გრძნობა ბუნებრივია, რადგან მართლაც დიდი სიკეთე აქვს გაკეთებული ამ ადამიანს, მაგრამ მადლიერების გრძნობა შეიძლება გამოხატო უშუალოდ შეხვედრისას, საჯარო გამოსვლის დროს, მაგრამ არა მიტინგებზე და პოლიტიკურ აქციებზე, სასულიერო პირებმა არ უნდა მოუწოდონ ხალხს, ვის დაუჭირონ მხარი არჩევნების დროს. აქ ლაპარაკია სასულიერო პირის თავშეკავებულობაზე, თორემ ერისკაცმა თავისი სინდისის მიხედვით უნდა იმოქმედოს.

- ხალხი კითხულობს, თუ მოძღვარი მწყემსია და ყოველთვის უნდა იდგეს თავის მრევლთან ერთად, რატომ არ უნდა იყოს პოლიტიკურ აქციაზე, თუნდაც იმიტომ, რომ აღელვების შემთხვევაში დააშოშმინოს ხალხი, წინ გადაუდგეს მოსალოდნელ ბოროტებას?

- მრევლთან უნდა იყოს სულიერ საკითხებში, მაგრამ მრევლში შესაძლოა, ჰყავდეს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონენი. ღმერთი აძლევს ადამიანს თავისუფალი არჩევანის საშუალებას და მოძღვარიც არ არის ბატონი, რომ ყველაფერი განუსაზღვროს მრევლს. მრევლმა შესაძლოა ჰკითხოს მოძღვარს რჩევა. მოძღვარმა უნდა დააკვალიანოს, მაგრამ მონად არ უნდა გახადოს მრევლი, ამის ფუნქცია სასულიერო პირს ნამდვილად არა აქვს. სიბრძნე გამოიხატება იმაში, რომ ზედმეტი აქტიურობა არ გამოიჩინო არც ერთი მიმართულებით, ეკლესიას აქვს მშვიდობისმყოფლის როლი და მაქსიმალურად ცდილობს, ქვეყანაში არ დაიძაბოს სიტუაცია, არ მოხდეს კონფლიქტი მასა და სახელმწიფოს შორის, თუმცა, კიდევ ვიმეორებ - გარკვეულ ზღვრამდე. თუ რაიმე უზნეობას ემსახურება, ეკლესიის ინტერესებს ლახავს, რა თქმა უნდა, მაშინ ეკლესიამ ხმა უნდა ამოიღოს. დღეს ისეთი დროა, რომ ურთულესი დიპლომატია არის საჭირო ეკლესიის მხრიდან. ეს სულაც არ გულისხმობს უპრინციპობას, საკუთარი აზრის დაუფიქსირებლობას და ა.შ.

- თქვენ თქვით, სასულიერო პირებმა უნდა მოითმინონ გარკვეულ ზღვრამდეო. უკვე ხომ არ არის დრო, რომ ითქვას, ვინ ვინ არის?

- როდესაც შენს პოზიციას პირად საუბარში აფიქსირებ, ერთია, მაგრამ საფრთხილოა, ის არ მოხვდეს მასობრივ საინფორმაციო საშუალებაში. მეუფე სერაფიმე დარწმუნებული იყო, რომ ეს მისი და ჟურნალისტის პირადი საუბარი იყო, სხვა შემთხვევაში უფრო მოზომილად ჩამოაყალიბებდა თავის პოზიციას. მეუფე ასე ფიქრობს და უზნეობა იქნება, სიტყვა უკან წაიღოს იმის გამო, რომ სატელევიზიო ეთერში გამჟღავნდა მისი საუბარი. ასე რომ, მისი აზრი გასათვალისწინებელია. საპატრიარქოში კი ძალიან კარგად იციან, ვინ ვინ არის.

- ხელისუფლების მაღალჩინოსნები რელიგიურ დღესასწაულებზე მოდიან ეკლესიაში, სანთელს ანთებენ, პირჯვარს იწერენ, ერთი შეხედვით პატივს სცემენ პატრიარქს და ეკლესიას, სინამდვილეში კი თვალთმაქცები არიან? თუ ასეა, ამას არ უნდა აეხადოს ფარდა?

- ეკლესიას თავისი ინტერესები აქვს. ძალიან კარგად ვიცით, რომ უნაკლო არავინ არის, მაგრამ... ჩვენ გვაქვს 70-წლიანი გამოცდილება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობისა, სადაც ეკლესია ძალიან ბევრ რამეზე თვალს ხუჭავდა იმის გამო, რომ გადარჩენილიყო ტაძარი, მრევლი, არ დანგრეულიყო ჩვენი სალოცავები... დღესაც გვიწევს ამის გათვალისწინება.

- სამწუხაროდ, დღეს საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება - საპატრიარქო ხელისუფლებასთან იმიტომაც არის განსაკუთრებულად თავშეკავებული, რომ ითვალისწინებს კომპრომეტირებული სასულიერო პირების ფაქტორს, რაზეც დღეს უკვე ღიად ლაპარაკობენ.

- საზოგადოებამ არ იცის, რომ საპატრიარქო ასეთ სასულიერო პირებსაც საყვედურობს. თქვენთან პასუხების გაცემა რთულია, რადგან მინდა მოზომილი იყოს ჩემი საუბარი. შესაძლებელია ისეც იყოს, რომ ზოგჯერ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას ეკლესიის მსახურების მხრიდან, მეც ვითვალისწინებ მეუფე სერაფიმეს მოსაზრებას, მაგრამ ამ ეტაპზე ეკლესიისთვის მიუღებელია აშკარა დაპირისპირება გარკვეულ პოლიტიკურ ფიგურებთან, რომლებიც ამინდს ქმნიან სახელმწიფოში. შესაძლოა, ამან ძალიან დააზარალოს ეკლესიისა და ზოგადად ქვეყნის ინტერესები. თუმცა, გარკვეულ შემთხვევაში ალბათ მართლაც უნდა ითქვას ბევრი რამ.

- რა იგულისხმება ნათქვამში - გარკვეულ პოლიტიკურ ფიგურებთან დაპირისპირებაში სიფრთხილეა საჭიროო... რომის მერი რომ მივიდეს ვატიკანში და პაპს დაუწყოს ყვირილი, რა რეაქცია მოჰყვება?

- ეს არის რომის პაპი და ვატიკანი, რომელსაც სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის საუკუნოვანი კულტურა აქვს. მაგრამ საქართველოში დღევანდელი რეალობა როგორია? ამაზე დაფიქრდით.

ჩვენ რომ ვიყოთ მაღალი სასულიერო იერარქების ადგილას, იოლი შესაძლებელია, ისევე მოვიქცეთ, როგორც ისინი. იქიდან თვალსაწიერი გაცილებით რთულია, ვიდრე ჩვენ გვეჩვენება, ჩვენ ქვემოდან ზოგჯერ ნაჯახივით ვჭრით, მაგრამ ზემოთ სულ სხვა ვითარებაა და ძალიან ბევრ რამეს ითვალისწინებენ. ვიმეორებ, ჩემს განმარტებებში არ იგულისხმება, რომ უფრო პირდაპირები არ უნდა ვიყოთ, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ გარკვეული კუთხით, მაგრამ სიფრთხილე ძალიან საჭიროა. მხილებული უნდა იქნას პოლიტიკური მოღვაწეების უხეში ჩარევა ეკლესიის ცხოვრებაში, მაგრამ ყველგან ზომიერებაა საჭირო.

- ხალხი კითხულობს, ე.წ. აიდიბარათები არის თუ არა ანტიქრისტიანული მოვლენაო. თუ არის, რატომ უარს არ ამბობს საპატრიარქო მასზე?

- ამ ეტაპზე ეკლესიის მხრიდან არ იქნებოდა სწორი სრულიად აკრძალვა. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ვერაგი და საშიში პროცესები მიდის. ალბათ შემდეგი ეტაპი ადამიანის სხეულში ჩიპის შეყვანა იქნება, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება ადამიანის ტოტალური კონტროლი, რაც მისთვის ღვთისგან მინიჭებულ თავისუფლებას ეწინააღმდეგება. ამ ბარათებს იყენებს ხალხი, ვინც უცხოეთში მიდის სასწავლებლად, ან სამკურნალოდ, მათ ვერ შეუშლი ხელს. ამასთან, გასათვალისწინებელია იმ მრევლის და სასულიერო პირების პოზიციაც, რომელთაც არ სურთ ამ ჩიპიანი პასპორტების აღება.

ამიტომაც ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო სინოდმა, იყოს არჩევითი პოზიცია და ვისაც რა სურს, ის აიღოს. საბჭოთა პერიოდში ლენინის თავის გამოსახულებიანი პასპორტები მღვდლებს და სასულიერო პირებსაც ჰქონდათ, მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავდა, რომ ეკლესიას მადლი არ ჰქონდა იმ დროს? ქრისტიანული გაგებით, მთავარია, ადამიანის სულიერი, ქრისტიანული ცხოვრება, სულიერი კავშირი ღმერთთან, ლოცვა, მარხვა, საკუთარი თავის გაკონტროლება ფიქრის და ემოციის დონეზე. წმინდა პორფირე ამბობს, თუ შენში არის ქრისტე, მაშინ ანტიქრისტე ვერ შემოვა შენში, მაგრამ თუ შენი სულიდან გაუშვებ ქრისტეს, მაშინ დაგეპატრონება მისი მტერი. პირველმოწამეებს მხეცებს მიუგდებდნენ, ისინიც ჯვარს გამოსახავდნენ და მხეცნი ცხვრებივით ხდებოდნენ. მათ ზღვაში ისროდნენ, მაგრამ ჯვარს გამოსახავდნენ და ზღვა მყარი ხდებოდა, როგორც ხიდზე, ისე გადიოდნენ. მათ ცეცხლში ყრიდნენ, მაგრამ ჯვარს გამოისახავდნენ და ცეცხლი გრილდებოდა. მთავარი არის არა ეს ბართი თუ პასპორტი, არამედ ჩვენი სულიერი ცხოვრება. თუმცა, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ძალიან ვერაგი პროცესები მიდის და რაღაც მომენტში შესაძლოა გარდაუვალი გახდეს ჩვენი პოზიციების მკაცრად დაფიქსირება.

თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? გთხოვთ კომენტარი დატოვოთ ჩვენს საიტზე ან მოგვწეროთ რედაქციაში