ვანოს ფაქტორი - კვირის პალიტრა

ვანოს ფაქტორი

"ხელისუფლებამ გააუფასურა კრემლის აგენტისა და ჯაშუშის იარლიყი!"

"გამოვიდეს პარლამენტიდან ბობოხიძე და რა ბიჭია, იქ ვანახებ!"

ვაგრძელებთ ინტერვიუს პეტრე მამრაძესთან, რომელშიც უმრავლესობის ყოფილმა წევრმა გაუხმაურებელ სკანდალურ ფაქტებზე ისაუბრა:

- ქვეყანაში არსებული ვითარების სწორად შეფასებისათვის მკითხველმა უნდა იცოდეს, როგორ იღებდნენ გადაწყვეტილებებს "ვარდების რევოლუციის" შემდგომ და რამ მიგვიყვანა იქამდე, სადაც ახლა ვართ.

სააკაშვილის გვერდით მაშინ იყო ერთგვარი "ტროიკა" - ვანო მერაბიშვილის, ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის შემადგენლობით. როგორც წესი, "ტროიკა" გვიან ღამით იკრიბებოდა პრეზიდენტთან.  ქვეყანას გაუჩნდა ღამისა და დღის მთავრობები. ხშირად სწორედ "ღამის მთავრობა" იღებდა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომელთა აღსრულებაც უმალ იწყებოდა ზეპირი ბრძანებების საფუძველზე. "ტროიკის" წევრები ხშირად ვერ ბედავდნენ იმის თქმას სააკაშვილისთვის, რასაც ფიქრობდნენ. ყოველი მათგანი უფრო იმაზე ზრუნავდა, რომ არ დაემსახურებინა სააკაშვილის რისხვა და არ დაეშვა, "ტროიკის" სხვა წევრი მასზე გავლენიანი გამხდარიყო. მიუხედავად ამისა, სააკაშვილის ისტერიკული ყვირილი მაინც ხშირად ისმოდა "ტროიკის" სხდომებზე. ისეც ხდებოდა, რომ მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია, "დღის მთავრობის" სხვა წევრებზე რომ არაფერი ვთქვათ, ინფორმირებულიც კი არ იყო ღამის გადაწყვეტილებების შესახებ, თუმცა, თავი ისე ეჭირა, თითქოს საქმის კურსში იყო. ცხინვალთან დაკავშირებული ბევრი გადაწყვეტილება სწორედ ასე მიიღეს. ერთხელ ზურაბ ჟვანიამ მისთვის ჩვეული იუმორით მითხრა, - ეს ახალგაზრდები დილით იღებენ გადაწყვეტილებას, რომ საღამოსთვის 15-სართულიანი სახლი იყოს აშენებული და მერე საღამოს გულწრფელად უკვირთ, რომ სახლი აშენებული ჯერაც არ არის და ძალიან ბრაზობენო.

თანდათანობით საქართველოს ხელისუფლების არაადეკვატურობა იქამდე მივიდა, რომ რუსეთის ხელისუფლება მზად არის ყველაფერი გააკეთოს, რომ საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლება შეინარჩუნოს.

მას შემდეგ, რაც 2004 წლის თებერვალში პუტინს შეხვდა, იმ დღიდან რუსეთის პრეზიდენტი მისაბაძი მაგალითი გახდა სააკაშვილისთვის. პუტინი მისთვის ნიმუშია, თუ როგორ უნდა მოახდინო ძალაუფლების კონცენტრაცია, როგორ გააკონტროლო ყველაფერი - ბიზნესი, მასმედია, არასამთავრობო სექტორი და ა.შ. საკუთარ წრეში სააკაშვილი ამას გულახდილად ამბობდა ხოლმე. ხშირად აქებდა პუტინს, როგორც ძლიერ ლიდერს, რომელმაც დაამყარა წესრიგი რუსეთში.

აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა უცხოელ დიპლომატთა ჯგუფი, მათ შორის - ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციის თავკაცი და მან კონფიდენციალურად ძალზე საინტერესო რამ მითხრა: მოსკოვში შევხვდით პუტინის გარემოცვას, გვითხრეს, სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნა ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, გყავდეთ, რამდენ ხანსაც გინდათო. თავიდან პუტინი მართლაც იყო სააკაშვილისადმი ანტაგონისტურად განწყობილი. პიროვნულად ვერ იტანდა, გადამგდებს ეძახდა და მართლაც ჰქონდა განზრახული მისი განადგურება. სარკოზისაც უთხრა, დავიჭერ და ერთი ადგილით ჩამოვკიდებო, მაგრამ მერე მოხდა საინტერესო რამ, - ცნობილი ქართველები მიდი-მოდიოდნენ კრემლში. ზოგი ვის კანდიდატურას სთავაზობდა რუსეთთან ურთიერთობის დასალაგებლად კრემლს, ზოგიც - ვის. იყო მსჯელობა, ვისთვის უნდა დაეჭირა რუსეთს მხარი.  პუტინის გარემოცვა დარწმუნდა, რომ რუსეთის ინტერესების გასატარებლად უკეთესს, ვიდრე სააკაშვილია, ვერ იპოვიდა და დაარწმუნა პუტინი, რომ საუკეთესო ვარიანტი სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენა იქნებოდა. გათვალეს, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობისას საქართველო ვერც ერთი ნაბიჯით ვერ მიუახლოვდებოდა ნატოსა და ევროგაერთიანებას, რადგან აგვისტოს შემდეგ ევროპელები დარწმუნდნენ, რა არაადეკვატურ ადამიანთან ჰქონდათ საქმე. რუსებმა კი დაინახეს, როგორ იოლად ეგებოდა სააკაშვილი მათ გადაგდებულ ანკესს და იოლად სამართავი იყო. სააკაშვილი რუსეთის აგენტი არ არის, მაგრამ ადვილად მანიპულირებადია. პუტინი დღეს დიდად კმაყოფილია ამ გადაწყვეტილებით.

საქართველოში თუ რაიმე იყიდებოდა, ყველაფერს რუსები ყიდულობენ. ჩვენმა ხელისუფლებამ გაზსადენი მხოლოდ ამერიკელების ჩარევის წყალობით არ მიჰყიდა რუსებს. ცოტა ხნის წინ კი რკინიგზა გაიტანეს ლონდონის ბირჟაზე. იმთავითვე გასაგები იყო, რომ საქართველოს რკინიგზას რუსების გარდა არავინ იყიდდა. სომხეთის რკინიგზა რუსეთს მთლიანად ნაყიდი აქვს და რჩება საქართველოს მონაკვეთი. მტრად გამოცხადებულ ქვეყანას ექსკლუზიურად რატომ აქვს ყველა ბიზნესის ყიდვის უფლება? ნუთუ საინტერესო არ არის, აგვისტოს ომიდან სულ რაღაც ოთხ თვეში რატომ აწერს ქვეყნის ხელისუფლება ხელს სტრატეგიულ ობიექტ ენგურჰესთან დაკავშირებულ საიდუმლო ხელშეკრულებას ოკუპანტ ქვეყანასთან?..

ვინც უნდა მოვიდეს საქართველოს ხელისუფლებაში იგორ გიორგაძის გარდა, დაიწყება სვლა დასავლეთისაკენ.

- მახსოვს, იგორ გიორგაძემ ერთხელ პირდაპირ ეთერში გითხრათ, ჩემი აგენტი იყავიო.

- კა-გე-ბეს გენერალი არასოდეს გაშიფრავს თავის აგენტს. ეს ერთგვარი ჩეკისტური ილეთია. 1995 წლის შემდეგ, როცა შევარდნაძეს ტერაქტი მოუწყვეს (იმ მანქანაში მეც ვიჯექი და სასწაულით გადავურჩი სიკვდილს), მე ვიყავი ის კაცი, რომელმაც ხელი დაადო უშიშროების სამინისტროს. მოგვიანებით როგორ განვითარდა მოვლენები, ვიცით, - გიორგაძე ალექსეევკის გავლით რუსებმა გაიყვანეს.

- მაგრამ მაშინ თქვენ არაფერი უპასუხეთ გიორგაძეს.

- პასუხის გაცემა დავაპირე, მაგრამ ამასობაში ეთერი დამთავრდა.

- არც კაკო ბობოხიძეს შეუბრუნეთ ხელი.

- ნაძირალებსა და არაკაცებზე პარლამენტში ხელს არ გავისვრი. სხვა საკითხია, პარლამენტს გარეთ რინგზე რას გავაკეთებ. გამოვიდეს პარლამენტიდან ბობოხიძე და რა ბიჭია, იქ ვანახებ!

- რას მოასწავებს ბოლო საკადრო ცვლილებები?

- ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ გუნდში დარწმუნებული იყვნენ, რომ ჯარიმებითა და რუსეთის აგენტობის დაბრალებით, მათი ტერმინოლოგიით რომ ვილაპარაკო, გავტისკავთო. პირველი "ტისკი" ბანკის მანქანის "დაყაჩაღება" იყო. კამო ტერ-პეტროსიანის შემდეგ თბილისში ასეთი რამ არავის ჩაუდენია. გატისკვა ახლაც გრძელდება და გაგრძელდება. როგორც ზოგიერთმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა თქვა, საქართველოს ხელისუფლების იდეოლოგიური იარაღი - ჯაშუშობის დაბრალება, აღარ ამართლებს, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ გააუფასურა კრემლის აგენტისა და ჯაშუშის იარლიყი! რამდენი კრემლის ჯაშუში ვიხილეთ ქართველი მფრინავებისა და ფოტორეპორტიორების ჩათვლით. ამიტომ არც "ტისკმა" გაამართლა და ივანიშვილის მოძრაობამ საერთო-სახალხო მოძრაობის კონტურები შეიძინა. სახალხო მოძრაობა ძალას იკრებს და ამ დროს სასაცილოა, როცა ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ხან ექიმებს ხვდებოდა გრიბოედოვის თეატრში და ხან მასწავლებლებს "ნაციონალური მოძრაობის" სახელით. მას თან დაჰყვებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი ქადაგიძე, პროკურატურის წიაღიდან მოსული ყმაწვილი, რომლის ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშვნით გააოგნეს უცხოელები.

- რა ესაქმებოდა შინაგან საქმეთა მინისტრს მასწავლებლებსა და ექიმებთან?

- ეს სრულ პანიკაზე მიუთითებს, მაგრამ აქ საქმე შინაგან საქმეთა მინისტრზე კი არ არის, მთავარი ვანოს ფაქტორია. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ვანო მერაბიშვილს მოსახლეობა ენდობა. ის არც ერთხელ არ გამოსულა საჯაროდ პოპულისტური და დემაგოგიური განცხადებებით. ხელისუფლების აზრით, ვანო მერაბიშვილს საქმის კაცის იმიჯი აქვს. ამიტომაც გადაწყდა მისი გაპრემიერება. მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკას მაქსიმალურად გამოიყენებენ. დარჩენილ დროში მერაბიშვილი მოსახლეობას ოქროს მთებს დაჰპირდება. თუმცა ახალი იდეებიც არა აქვთ, ივანიშვილის პროგრამა ერთი-ერთზე გადაიღეს და რაღაც ციფრები დაუმატეს. კურიოზია, მაგრამ ეს ფაქტია. მძიმე დღეში არიან, მათ შორის - ფინანსურადაც. ამიტომ არა მარტო ამ ხნის განმავლობაში დაგროვილ "ობშჩიაკს" გამოიყენებენ, არამედ სახლიდანაც მოიტანენ იმ იმედით, რომ მერე ათმაგად ამოიღებენ, როგორც არაერთხელ გაუკეთებიათ. სავარაუდოდ, დარჩენილ 3 თვეში მოსახლეობას ბევრ შეღავათს მისცემენ, მაგრამ როგორც კი პოზიციას გაიმყარებენ, ხალხს ძმრად და სისხლად ადენენ იმ შეღავათებს, რასაც წინასაარჩევნო პერიოდში დაუწესებენ.

როცა პატარა ჯგუფი ერს იყენებს ვირად, რომელსაც ცხვირწინ დაუდებენ თივას და ისე მიჰყავთ მიზნისაკენ, ეს ტრაგედიაა.  ფიქრობენ, რომ არჩევნებზე მათრახითა და თაფლაკვერით და გაყალბებით უპრობლემოდ აიღებენ 65%-ს და ორ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ პარტიას შეიყვანენ პარლამენტში, დარჩენილი 20% კი ივანიშვილის კოალიციას ექნება. არჩევნებამდე არაფერს მოიმოქმედებენ, მაგრამ თუ დაინახავენ, რომ მოვლენები კატასტროფულად ვითარდება და მთელ საქართველოს ედება საერთო-სახალხო მოძრაობა, მაშინ ოქტომბერს არ დაუცდიან და რეპრესიებს დაიწყებენ. ივანიშვილის კოალიციაში შემავალი პარტიების თავკაცებს დაჰბრალდებათ კრემლის აგენტობა. "აგენტებისაგან" მოვისმენთ აღიარებით ჩვენებებს, ისევე როგორც გენერალ უჩავასაგან მოვისმინეთ, რომ შურდულით აპირებდა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას. ჩაატარებენ ჩხრეკებს, ამოიღებენ იმას, რასაც თავად ჩადებენ; იტყვიან, რომ იგეგმებოდა პუტჩი...

არის კიდევ ერთი ვარიანტიც: შეიძლება ხელისუფლება ოქტომბრამდე მშვიდად იყოს ჩატარებული კვლევების შედეგების გამო (ნიშანდობლივია, რომ კვლევები არ იძლევა რეალურ სურათს), მაგრამ თუ არჩევნებზე დაინახეს, რომ ყუთში მათთვის არასასურველი სურათია, მაშინ იმავე ან მეორე დღეს იტყვიან, რომ ვიღაც-ვიღაცებმა პუტჩის მოწყობა სცადეს და რეპრესიებს დაიწყებენ. თუ ხალხი გამოვა, შეეცდებიან გააჭიანურონ აქციები და გაანელონ საპროტესტო მუხტი. მერაბიშვილი სისხლის ღვრას არ დაუშვებს, რადგან სწორედ ის არის ყველაზე მოტივირებული ძალაუფლების შესანარჩუნებლად, რადგან სწორედ მას აქვს უამრავი დანაშაული ჩადენილი. შეეცდებიან უსისხლოდ დარჩნენ ხელისუფლებაში, მაგრამ თუ პროტესტი მასშტაბური იქნება, სისხლს დაღვრიან!

თუ ხელისუფლება მაინც გადააგორებს არჩევნებს, მივიღებთ ისევ ძველ რეჟიმს და ეკონომიკური კატასტროფა გარდაუვალია, რაც ყველა შემთხვევაში დაასრულებს ამ რეჟიმს.

- ჩაერევა თუ არა ამ პროცესებში ეკლესია?

- ჩვენმა ბრძენმა პატრიარქმა ქართული ეკლესია გადაარჩინა პოლიტიზაციას. არადა, რამდენჯერმე სცადეს ეკლესიის პოლიტიზება. ეს რომ დაეშვა პატრიარქს, საქართველო, როგორც სახელმწიფო, არ იარსებებდა. მაგრამ როგორც კი საქმე ეხება ჭეშმარიტებასა და ერის ინტერესების დაცვას, ეკლესია თავის სიტყვას ამბობს. ის მხარს უჭერს არა რომელიმე პოლიტიკოსსა და პოლიტიკურ პარტიას, არამედ ხალხს! როცა ცილისწამების ნიაღვრით ცდილობდნენ ივანიშვილის ჩარეცხვას, პატრიარქი სწორედ მაშინ შეხვდა მას საჯაროდ და საოცრად ლაკონიური, მაგრამ ტევადი ფრაზა თქვა, ივანიშვილი არის ქართველი და ის უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. პატრიარქმა აქ დასვა წერტილი.