"არ მინდა, კვლავაც თავლაფდასხმულები და შეურაცხყოფილები აღმოვჩნდეთ" - კვირის პალიტრა

"არ მინდა, კვლავაც თავლაფდასხმულები და შეურაცხყოფილები აღმოვჩნდეთ"

"ომში ფული უფასურდება, მხოლოდ სამშობლოს სიყვარულია ფასდაუდებელი"

გია ყარყარაშვილი: "აუცილებელია ტერიტორიის მომზადება, კავშირგაბმულობითი, საინჟინრო სამუშაოების ჩატარება და უამრავი სხვა რამ"

და მაინც, რა ხდებოდა ზუსტად ერთი წლის წინ, როგორ ისინჯებოდა მოსალოდნელი ომის მაჯისცემა...

ერთი წელი გავიდა, რაც რუსეთ-საქართველოს ომმა ჩვენი ქვეყნის ისტორიას ახალი, სისხლიანი თავფურცელი შემატა და მწარე გაკვეთილი ისევ შესასწავლად დაგვიტოვა. "მტრის სისხლიც თითქოს იკბინება" და მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, ქართველების მიტოვებული საფლავები კი სამშობლოს დაცვის (და მისი წაგლეჯილი ნაწილების დაბრუნების) აუცილებლობას მუდმივად გვახსენებს... ერმა თითქოს მოსვენება  საბოლოოდ დაკარგა და სულ იმის ფიქრშია, - რამდენად განეიტრალებულია ომის განმეორების საფრთხე, რა შეიცვალა ამ ერთი წლის განმავლობაში, როგორია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, სადამდე შეიძლება გაგრძელდეს მტრის მიერ ჩვენი ტერიტორიების მიტაცება, ქართულ მიწა-წყალს როდის გაეცლება ოკუპანტი... საზოგადოებას აღნიშნულ კითხვებზე მკაფიო, რეალური პასუხები სჭირდება. პასუხების მიღება კი მხოლოდ ძველი შეცდომების გაანალიზებით არის შესაძლებელი.

მცირედი ამონარიდები «კვირის პალიტრაში» გამოქვეყნებული «პროფესიონალის თვალით დანახული რუსეთ-საქართველოს ომის დეტალებიდან»:

"6 აგვისტოს, გვიან ღამით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ჩატარებული თათბირის მუშაობაში სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა, ქალაქ თბილისის მერი და სხვები მონაწილეობდნენ. სავარაუდოდ, უნდა განსაზღვრულიყო მოვლენების უკიდურესად მწვავედ განვითარების შემთხვევაში რუსული აგრესიის მოგერიებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი, შეიარაღებული ძალების სტრატეგიული გაშლის საშუალებები, ტერიტორიის მომზადება საბრძოლო მოქმედებების აუცილებლობის შემთხვევისთვის, მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებული საკითხები, აგრესიის პირობებში მოწინააღმდეგის მოქმედებათა სავარაუდო ხასიათი, სამხედრო-სტრატეგიული ოპერაციის დაგეგმარება, შემდგომში მისი მართვა-ხელმძღვანელობა და სხვ. სამწუხაროდ, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მსგავსი სტრატეგიული საკითხები თათბირზე არ განხილულა და არც შესაბამისი გეგმები შემუშავებულა".

"6 აგვისტოს, საღამოს, კრწანისის სასწავლო ცენტრი დატოვეს ამერიკელმა ოფიცრებმა, რომლებიც ქართულ შენაერთებს წვრთნიდნენ. აშშ-ის საელჩოს მიერ იმავე საღამოს მოხდა მათი საქართველოდან თვითმფრინავით ევაკუირება".

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დატოვეს იქ მოვლინებულმა სამხედრო მრჩევლებმაც და ინსტრუქტორებმაც".

"7 აგვისტოს, 23:35 საათზე, გაერთიანებული შტაბის უფროსმა დახურულ სხდომაზე უმაღლესი მთავარსარდლისგან მიიღო ბრძანება":

1. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შეაჩეროს საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილი რუსეთის შეიარაღებული ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა;

2. უზრუნველყოს მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების ჩახშობა, საიდანაც 6-7 აგვისტოს კონფლიქტის ზონაში განთავსებულ სამშვიდობო ჯარების პოსტებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს გამუდმებით ესროდნენ;

3. დაცულ იქნეს მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესები და მისი უსაფრთხოება».

"7 აგვისტოს, 23:40 საათზე საქართველოს ხელისუფლებამ საარტილერიო ცეცხლის გახსნის შესახებ ბრძანება გასცა".

პირველი გაზვიადებული, მაგრამ მაინც სამხედრო წარმატების შემდეგ, გორში საზეიმოდ მომზადებული ქართული დროშები, ტრიბუნები და ნაციონალური ატრიბუტიკა «უპატრონოდ» დაგვრჩა...

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ,გენერალმა გია ყარყარაშვილმა დეტალურად აღწერა აგვისტოს ომის მიმდინარეობა, სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებები, მათი ქმედებათა შეუთავსებლობა, სამარცხვინო მარცხის მიზეზები. მასალა, რომელიც დიდი შრომის შედეგად დაგროვდა და თავის დროზე «კვირის პალიტრაში» გამოქვეყნდა, უფრო განვრცობილი და სრულყოფილი სახით უკვე ბროშურად გამოიცემა. იმის მიუხედავად, რომ ამ ნაშრომის რამდენიმე ახალი ფრაგმენტი მკაცრად გასაიდუმლოებულია, რამდენიმე საინტერესო ინფორმაციას «კვირის პალიტრის» ერთგულ მითხველს მაინც მივაწვდით. გია ყარყარაშვილმა "კვირის პალიტრასთან" საუბარი აგვისტოს ომიდან გასული ერთი წლის ანალიზითა და სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელების მოქმედებათა შეფასებებით დაიწყო:

- არც საპარლამენტო კომისიაზე და არც შემდეგ, ერთი დებატიც არ შემდგარა, რაც შეცდომების გაანალიზების საშუალებას მოგვცემდა. გამოდიან სახელისუფლებო პირები, ლიდერები და გვიქადაგებენ, რომ ის, რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში, გარდაუვალი აგრესია იყო... ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, თითქოს ომზე კი არა, რაღაც ვირუსსა და ავადმყოფობაზე ლაპარაკობენ, რომელიც სახადივით უნდა მოგვეხადა... არადა, ხელისუფლების უპირველესი მოვალეობაა, ერთი მხრივ, ქვეყანას თავიდან აარიდოს ომის საფრთხე, მეორე მხრივ კი მზად იყოს თავდაცვისათვის. სამწუხაროდ, საქართველოს სამხედრო პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ამ ორი უმთავრესი ამოცანიდან არც ერთი არ შეუსრულებია.

წარსული გაკვეთილებიდან შეცდომების გაანალიზება და მათ გამოსწორებაზე ზრუნვა არ ხდება. ამიტომაც ომისა და ქვეყნის თავდაცვის სიმძიმე მოსახლეობის ზურგზე გადადის. ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ რა გააკეთა?! სამხედროები მოხსნა გვარდიის ხელმძღვანელობიდან, მათი ჩანაცვლება კი «ნაციონალური აქტივისტებით» განხორციელდა. აი, ასეთი გახლდათ გატარებული რეფორმა.

თბილისიდან ტრასას რომ გაუყვებით, დედაქალაქის მარცხნივ და მარჯვნივ, სანგრისმაგვარ მიწათხრილებს შეამჩნევთ. ასეთი სამუშაოები ომის შემდეგაც მიმდინარეობს თბილისის გარშემო, აღმოსავლეთით და დასავლეთით... ეს თავდაცვისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს და «ომობანას» თამაშისას შესრულებულ მოქმედებებს უფრო წააგავს. არადა, აუცილებელია ტერიტორიების მომზადება, კავშირგაბმულობითი, საინჟინრო სამუშაოების შესრულება და უამრავი სხვა რამ...

ქვეყნის უსაფრთხობაზე ყოველდღე ლაპარაკობენ, «ნაციონალური» სატელევიზიო საშუალებები დიდი ამბით გვამცნობენ, თუ როგორ იპოვეს ზუგდიდსა თუ წალენჯიხაში, აფხაზეთის საზღვარზე მოწინააღმდეგის მიერ დადებული ნაღმები. მაინტერესებს, ასეთ იდიოტურ კადრებს რომ აჩვენებენ, ნუთუ ჟურნალისტებს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისადმი არავითარი შეკითხვა არ უჩნდებათ? მახსოვს, როცა საომარი მოქმედებების დროს აფხაზეთში 14 თვე ვიყავით, გუმისთიდან ჰესის ტერიტორიამდე 35-40 კმ-ზე გადიოდა ფრონტის ხაზი, სადაც მოხალისეთა ჯარი გვყავდა და ერთხელ არ ყოფილა ჩვენს ზურგში დივერსიული ჯგუფის შემოსვლისა და ნაღმის დადების შემთხვევა. დღევანდელი «ძლიერი» უსაფრთხოების სისტემის პირობებში კი ამას მოწინააღმდეგე როგორ ახერხებს?! არადა, რამდენადაც ვიცი, უსაფრთხოებას იცავს უამრავი სამხედრო ნაწილი, განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო, ზუგდიდის სპეცრაზმი, სხვადასხვა სტრუქტურული შენაერთი.

სამხედრო გამოცდილებამ უკვე დაგვანახვა, რომ ომის განმეორების შემთხვევაში შეტევითი ხასიათის სამხედრო ოპერაციებს უნდა ველოდოთ. უნდა წარმოვიდგინოთ მოწინააღმდეგის დარტყმის მიმართულებები, ამისთვის რა სახეობის ჯარს გამოიყენებენ, რა შეიარაღება ექნება მას, რომელ შენაერთს დაეკისრება დომინანტური როლი. ამიტომაც ხელისუფლებას ვთავაზობ წინადადებას, რომ მზად ვარ გადამდგარ ოფიცრებთან, გენერლებთან ერთად, რომლებსაც აფახაზეთის ომის გამოცდილება აქვთ, მონაწილეობა მივიღო ისეთ «სამხედრო სამეთაურო-სასწავლო თამაშში», სადაც ერთ მხარეს წარმოდგენილი იქნება სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ხოლო მეორე მხარეს - ომგამოვლილი ოფიცრები მოწინააღმდეგის სავარაუდო მოქმედებების ინსცენირებას მოახდენენ. ხელისუფლება თავად დაინახავს, რამდენად არის თავდაცვისთვის მზად და წინასწარ აღმოაჩენს, ამა თუ იმ მოქმედების შემდეგ რისი გაკეთება იქნება აუცილებელი (1937 წელს, მეორე მსოფლიო ომის წინ, საბჭოთა კავშირის გაერთიანებულმა გენერალურმა შტაბმა ვოროშილოვის ხელმძღვანელობით ასეთი სასწავლო თამაში ჩაატარა, სადაც ერთ მხარეს გენერალური შტაბი იყო, ხოლო მეორე მხარეს --ჟუკოვი).

დღეისათვის ისეთი ინსტიტუტები, როგორიც არის ორგანიზებული რეზერვი, სახალხო თავდაცვითი რაზმები, წინააღმდეგობის კერები, არ არსებობს. მოქმედი სტრუქტურები კი კაზარმულ მდგომარეობაში იმყოფება.

რუსეთთან დღეს ჩვენ არა გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, პოლიტიკური ორმხრივი კავშირები, რომელმაც შეიძლება ესა თუ ის მოსალოდნელი, ლოკალური ინციდენტი განსაზღვროს, რათა იმავე წუთში მოხდეს მისი შესწავლა და აღმოფხვრა. საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა კონფრონტაციულია. კონფრონტაციულიდან საომარ მდგომარეობამდე კი ერთი ნაბიჯია.

- ფელგენგაუერმა აგვისტოს მოვლენების შემდეგაც არაერთხელ ისაუბრა ომის განმეორების საფრთხეზე...

- პაველ ფელგენგაუერს საკუთარი თავი დემოკრატიის შუქურა ჰგონია... მე კი სამშობლოს სიყვარული მაიძულებს, საფრთხეებზე ვილაპარაკო. არ მინდა კვლავაც თავზელაფდასხმულები და შეურაცყოფილები აღმოვჩნდეთ. ვხედავ, რომ ჩვენი სამშობლო იწვის და ღირსეული მამულიშვილობა გვმართებს. ამიტომ დროა, გაუაზრებელი საკადრო პოლიტიკიდან გამოვიდეთ, რომელმაც ჯარი მორალურად და ფსიქოლოგიურად გარყვნა და მიწასთან გაასწორა.

შემთხვევით, ვინმეს ხომ არ ჰგონია, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ანაზღაურების, პრემიის მიღების ხათრით რომ ასრულებენ ხელმძღვანელთა მითითებებს, ომის დროსაც ფულის გამო შეასრულებენ დავალებებს?! ომის დროს ფული ძალას კარგავს! მხოლოდ სამშობლოს სიყვარულია ფასდაუდებელი და ძვირად ღირებული. რა უნდა ვილაპარაკო იმათზე, ვინც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და იმავდროულად ჩემი მეგობრები არიან, თუმცა ჩემს მოსაკითხადაც ვერ მოდიან, დაბადების დღეებსა და ჭირის სუფრებზეც არ მნახულობენ. ეს ყველაფერი კი ხდება იმის გამო, რომ მათ ხელმძღვანელობამ ჩემთან ურთიერთობა აუკრძალა. ისინი კი სამწუხაროდ, ამ «პოლიტიკურ» ბრძანებას მორჩილად ასრულებენ.

- თქვენი აზრით, რა უნდა გაითვალისწინოს ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, რომ 2008 წლის კრახი არ განმეორდეს?

- მცირერიცხოვან ერებს ტერიტორიების დაცვა ფრონტალური, არმიული თავდაცვითი ოპერაციების წარმოებით არ შეუძლიათ. მათ ძირითადად, მრავალრიცხოვანი ჯარების წინააღმდეგ ბრძოლა უწევთ. ასეთ დროს, მოწინააღმდეგის შეტევისა და თავდასხმების სავარაუდო მიმართულებით უნდა მოხდეს ტერიტორიის წინასწარ მომზადება, შემდეგ სამხედრო ორგანიზაციის შერჩევა. ომის დაწყების პირველივე წუთებიდან სამხედრო ნაწილები მოწინააღმდეგის ავიაციის დარტყმების ქვეშ არ უნდა აღმოჩნდნენ და ძირითადი ძალა არ უნდა განადგურდეს.

მცირერიცხოვანმა ჯარებმა მოწინააღმდეგის შეტევის სავარაუდო მიმართულებით ლოკალური, გააფთრებული ბრძოლებით, პატარ-პატარა ჯგუფებით მაქსიმალური წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს მტერს და არ მისცეს სწრაფი გადაადგილების საშუალება. ამგვარი მოქმედება ერთი მხრივ, შეტევის სავარაუდო მიმართულებებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას უწყობს ხელს (რაც ჩვენს შემთხვევაში არ მომხდარა), მეორე მხრივ კი მოწინააღმდეგეს არ აძლევს დედაქალაქისკენ წინსვლისა და ხელისუფლების შეცვლის საშუალებას. 2008 წლის აგვისტოს ომში, სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობის ყველა ნაბიჯი სწორი და ერთმანეთთან შეთავსებული რომ ყოფილიყო, ომის ბედი დღე-ნახევარში არ გადაწყდებოდა, მინიმუმ ერთი თვე გავძლებდით...

თუმცა, ამდენი დროც კი არ არის საჭირო იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ დასძლიოს ორ-სამდღიანი დაბნეულობა და მკაფიოდ დაგმოს აგრესია. შესაძლოა, ბევრმა არც ის იცის, რომ რიგ საკითხებში ქართულ ჯარს რუსულთან შედარებით უპირატესობაც გააჩნდა, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, მოვლენები მაინც სავალალოდ წარიმართა.

- ბატონო გია, თუ დარჩა კიდევ ისეთი თემები, რომელიც წიგნში ამა თუ იმ მიზეზის გამო არ შესულა?

- რა თქმა უნდა, დარჩა! თუმცა იყო ისეთი თემები, რომელიც წიგნში მიზანმიმართულად არ შევიტანეთ. ცხინვალის ციხეებში ტყვეებზე განხორციელებული სისასტიკე მეტ შესწავლას საჭიროებდა. არ მინდა ასეთი ამბების აღწერამ ომგამოვლილები გააბოროტოს, მშვიდობიანად შერიგების სურვილი კი აგრესიაში გადაიზარდოს. ამიტომაც მოვერიდე იმის აღწერას, თუ როგორ დახვრიტეს დიდი ლიახვის ხეობაში ოცამდე მშვიდობიანი მოქალაქე, როგორ წვავდნენ მიცვალებულებს, როგორ გაუსწორდნენ დიდი ლიახვის ხეობაში დარჩენილ ფსიქიკურად შეშლილ ადამიანს და სიცოცხლეს გამოასალმეს...

- რამდენადაც ვიცი, ჰაიდი ტალიავინის კომისია დიდხანს ეძებდა დოკუმენტს ცხინვალის მიმართულებით რეაქტიული ჭურვის გაშვების ბრძანების გაცემის შესახებ, თუმცა მსგავსი ვერაფერი იპოვა.

- ეს იყო სიტყვიერი ბრძანება, რის შესახებ არა მარტო საპარლამენტო კომისიის სხდომაზე მოვისმინეთ, არამედ პრეზიდენტმა საერთაშორისო პრესისთვის მიცემულ ინტერვიუშიც განაცხადა. ჩემი დასკვნა ტალიავინის კომისიის ხელშეწყობის მიზნით არ დაწერილა. ის სიცრუის გასაფანტავად შეიქმნა, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ მომავალში მაინც აღარ განმეორდეს შეცდომები, რომელიც სამხედრო პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაუშვა. მე ამ დასკვნაში მივუთითე, რომ საბრძოლო მოქმედებების ყველა ეტაპს განაგებდა არა საღი გონება და უსაფრთხოების საკითხებისადმი ინსტიტუციონალური მიდგომები, არამედ პრეზიდენტისათვის დამახასიათებელი თვისებები, - სიფიცხე და გახევება, ამ ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან ბრძანებების გაცემა. ჩემი აზრით, საღი გონებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ნაცვლად, სწორედ ეს თვისებები გახდა გადაწყვეტილებათა მიღების საფუძველი. ამას ადასტურებს ისიც, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა არ ჩატარებულა, სადაც ცხინვალში შესვლის ან გამოსვლის გადაწყვეტილებები იქნებოდა მიღებული. ყველაფერი ერთი კაცისთვის დამახასიათებელი შლეგური თვისებებიდან გამომდინარე ხდებოდა, რამაც სამარცხვინო შედეგი განაპირობა. მე ხშირად მახსენებენ აფხაზეთის ომს, თუმცა მაშინდელ და შარშანდელ პოლიტიკურ თუ სამხედრო მდგომარეობებს შორის დიდი განსხვავებაა, პარალელების გავლება არასწორი იქნება. თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ 1993 წელს, თითქმის ყოველმა მესამე მხედართმთავარმა და გენერალმა სამშობლოს შესწირა თავი, შარშანდელ ომში კი ბევრი ისე ლაჩრულად გამოიქცა, რომ სამშობლოსთვის სისხლის გაღებაც კი არ მოინდომა.

- დაბოლოს, ვინაიდან ამ წიგნზე მეც მომიწია მუშაობამ, ვისარგებლებ ამით და «კვირის პალიტრის» მკითხველს გავუმხელ, რომ ნაშრომს წინ ოთარ ჭილაძის წერილი უძღვის, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ანალიზი კი ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვებით მთავრდება...

- დიახ, ასეა... აღვნიშნავ, რომ წიგნში უფრო დაზუსტებულია ინფორმაციები, სამხედრო თვალსაზრისით უფრო ღრმად არის შეცდომები შესწავლილი, დამატებულია გამოუქვეყნებელი ფრაგმენტები, ომის ქრონოლოგია მონათხრობის ამსახველი ფოტოებით არის ილუსტრირებული. ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია, რომ ბატონ ოთარ ჭილაძის წერილით იწყება ეს წიგნი, რაც ამ პატრიოტ მოღვაწეს და სახელოვან მწერალს თვითონვე ვთხოვე. მსურდა მისი წერილით სამხედრო მოსამსახურეებს მხნეობა შემატებოდათ, სამშობლოს დაცვის განცდა განმტკიცებოდათ. ჩემთვის იმდენად შეურაცმყოფელი იყო რუსი სამხედროების მიერ დატოვებული წარწერა - "ამხანაგო ქართველებო, ისწავლეთ სამხედრო საქმე, მოვალთ და შეგამოწმებთ!", გადავწყვიტე, წიგნი დიდი ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვებით დამესრულებინა: "ჭკუით ქართველებო, დაიცავით საქართველო!".