"სქაი ნიუსმა" საქართველოში არსებულ რეჟიმს "სააკაშვილის კლოუნების თეატრი" უწოდა" - კვირის პალიტრა

"სქაი ნიუსმა" საქართველოში არსებულ რეჟიმს "სააკაშვილის კლოუნების თეატრი" უწოდა"

"გაიხსენეთ მოდელირებული ქრონიკა, რომელმაც შოკში ჩააგდო  ცივილიზებული სამყარო"

"არარეალური "კარტინკების" შექმნის გამო სააკაშვილს დასავლეთში ინსცენირების დიდოსტატს უწოდებენ"

პოლიტიკური მოვლენები, რომელიც ელვისებურად ვითარდება ქვეყანაში, სახიფათო ნიშნებს იძენს. უკვე გახშირდა ცემა-ტყეპის სცენები.

პეტრე მამრაძე: - რამდენიმე დღის წინ სოზარ სუბარმა თქვა: სააკაშვილი პრეზიდენტად ქვის სროლით მოვიდა, ახლაც ქვებს ისვრის, პრეზიდენტობიდანაც ქვის სროლით წავა და დარჩება ისტორიაში, როგორც ქვასროლია პრეზიდენტიო. მართლაც, სააკაშვილი ხელისუფლებაში ქვების სროლით მოვიდა, მაგრამ მაშინდელ და ახლანდელ ქვების სროლაში განსხვავებაა. საინტერესო ის არის, სინამდვილეში, ვინ ისროდა ქვებს? კარგად მახსოვს, რა განწყობა იყო "ვარდების რევოლუციამდე" ეგრეთ წოდებულ რეფორმატორთა ჯგუფში. ამბობდნენ, აგერ ჩვენი ტელევიზია "რუსთავი-2", შევქმნათ ერთგვარი სცენა ტელევიზიისთვის, სადაც გამოჩნდება, როგორ გვებრძვიანო. გეგმავდნენ და აწყობდნენ ყველანაირ პროვოკაციას. კარგად მოქმედებდა ხალხზე, როცა ვიდეოფირზე ჩანდა, როგორ სცემდნენ სააკაშვილის თანამოაზრეებს აჭარაში თუ ზუგდიდში ნიღბიანი პირები. ალბათ, ყველას ახსოვს, როგორ ჩამოხსნა ზუგდიდში "საშინელ მონსტრს" ვიღაც ქალმა ნიღაბი. ეს ნამდვილად საეჭვო სცენა იყო, მაგრამ მასაზე კარგად იმოქმედა. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო, მათი სიტყვით რომ ვთქვა, "კარტინკის" მოპოვება.

პოსტმოდერნისტური ავტორიტარიზმი სწორედ ამაში მდგომარეობს. თუ ადრე რევოლუციონერები ფოსტასა და ტელეგრაფს იკავებდნენ, დღეს ტელევიზიის გაკონტროლებაა მთავარი, რადგან ვერავითარი სიტყვა, ახსნა და ანალიზი ისე ვერ ამართლებს, როგორც ტელეეთერში დანახული "კარტინკა". ამათი კამპანიაც სწორედ მოსახლეობისთვის "კარტინკის" ჩვენების სტრატეგიაზე იყო გათვლილი და უაღრესად მომგებიანიც გამოდგა. ამ გუნდში ეს პრინციპი მუშაობს დღემდე. მახსენდება, რა უთხრა მერაბიშვილმა ლატინინას 2007 წელს "იმედის" დარბევის შემდგომ: რომ არ დაგვეხურა, ჩვენ ძალაუფლებას ვკარგავდითო. ცხადია, აი, რატომ ნადირობენ ანტენებზე. ანტენებით ხომ ინფორმაცია გავრცელდება? რატომ გლეჯენ და აყადაღებენ? სინამდვილეში "კარტინკის" ეშინიათ. როცა ამბობენ, რომ ივანიშვილს ხალხის გამოყვანა უნდა, ამიტომ ამონტაჟებს ანტენებს და ჩვენც ამიტომ ვუშლით ხელსო, ბოდიში, მაგრამ "ვარდების რევოლუციის" წინა პერიოდი სხვა რა იყო, თუ არა განწირული მცდელობა იმისა, ხალხი გამოეყვანათ ქუჩაში. ზურაბ ჟვანის მოწოდება - "იყავით გაბრაზებული!" - რა იყო ფილარმონიაში? რა იყო "კმარას" მოქმედება, თუ არა მცდელობა ხალხის გამოყვანისა?

სააკაშვილის გუნდი ახლაც ქვებს ისვრის. ივანიშვილს უპირისპირებენ "კარტინკას",  დგამენ ძალადობის სცენებს, ტელევიზიებისთვის მომგებიანი "კარტინკის" მისაწოდებლად. ალბათ, მთელ საქართველოს ახსოვს, როგორ მივიდა სააკაშვილი დიღმის ტყე-პარკის "გადასარჩენად". ამ "კარტინკით" დაიწყო სააკაშვილის მასშტაბური კამპანია ხელისუფლებაში მოსასვლელად. მაშინ დაიწერა მისი ცნობილი მიმართვა ქართველი ხალხისადმი, სადაც წერდა: "დავდგეთ ყველა ერთად და გადავარჩინოთ დიღმის ტყე-პარკი". ცნობისათვის: ეს ტყე-პარკი დღეს "ნაცების" კლეპტოკრატებმა დაინაწილეს. როცა მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია ამ ტყე-პარკში ჩინოვნიკებისა და მათ შორის სააკაშვილის მდიდრული ვილის შესახებ, გავიკითხე, რა ხდება, ნუთუ მართალია-მეთქი, მითხრეს, უგულავამ და ბენდუქიძემ გაუკეთეს პრეზიდენტს საჩუქარიო. საინტერესოა, ქალაქის მერი რა სახსრებით და საშუალებით უძღვნის ასეთ "საჩუქარს" პრეზიდენტს?

ახლა სხვა სურათია, დღეს სპორტის მინისტრ ვარძელაშვილის დედა ბედავს და ჟურნალისტებს უყვირის, არ გაბედოთ გადაღება, თორემ პრობლემები შეგექმნებათო.

- ივანიშვილზე ზეწოლა დაჩაგრულის იმიჯის შექმნას ხომ არ შეუწყობს ხელს?

- მათ უკვე დაკარგული აქვთ რეალობის შეგრძნება. ახლა ძალადობას, ტყუილს და სიძულვილს უყურებენ როგორც უკანასკნელ იარაღს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ეს უდიდესი შეცდომაა. ტალეირანმა უთხრა ნაპოლეონს, ხიშტი კარგი იარაღია ბევრი რამისთვის, მაგრამ ერთი რაღაცისთვის არ ვარგა, - მასზე დიდხანს ჯდომა შეუძლებელიაო. ახლა ხიშტზე სხედან და სწორედ ამიტომ არის მათი დღეები დათვლილი.

სააკაშვილი თავისი გუნდით მოვიდა როგორც სამართლიანობისთვის მებრძოლი რაინდი, რომელიც ტყვიაზე მიდიოდა, ქვას თავს უშვერდა, რომ ხალხის ინტერესები დაეცვა. ამ "კარტინკამ" იმოქმედა ელექტორატზე. ხელჩართული ბრძოლა სიმართლისათვის, - აი, ეს იყო ის "კარტინკა", რაც შექმნეს "რუსთავი 2"-ის მეშვეობით. ახლა გადაწყვეტილი აქვთ შექმნან ახალი "კარტინკა" კალაძისა და მისი "ზონდერების" მონაწილეობით და ეს მაშინ, როცა ბასიშვილისა და ახალაიას ზონდერების ამბავი მთელმა საქართველომ იცის. ახალაიას ზონდერბრიგადის შესახებ მოხსენება უცხოელმა დამკვირვებლებმა ჯერ კიდევ 2007 წელს დაწერეს...

როცა კაცს მივარდები და მის გვერდზე მდგომ ქალბატონს შეურაცხყოფ, ცემასაც დაუპირებ, კაცს ამ დროს რა გამოსავალი აქვს, თუ არა ხელის გაქნევა? როცა კალაძეს ეუბნები, რომ მისი ძმა იმიტომ მოკვდა, რომ მან ფული არ გადაიხადა, მაინტერესებს, არის თუ არა ეს პროვოკაცია? ჩასაფრებული სპეცჟურნალისტები იმ კადრს აუცილებლად იპოვიან, რომელიც სჭირდებათ. პროვოკაციის შემდეგ რომელ კადრში ვისი ხელის გაქნევა გამოჩნდება, ეს დაინტერესებაზეა დამოკიდებული. მთავარი ის არის, ხალხმა უკვე იცის, რა და როგორ ხდება.

-  საკააშვილსაც ხომ  ჰყავს მომხრეები?

- რა თქმა უნდა, ჰყავს. მოსახლეობის 20-25%, რომელმაც თავისი ბედი, კარიერა, სოციალური და ფინანსური მდგომარეობა ამ ხელისუფლებას დაუკავშირა, ამიტომ ამ თამაშში არიან ჩართული და უკან დასახევი გზა აღარ აქვთ. ამ ხელისუფლების მთავარი შეცდომა ის არის, რომ მოწყვეტილია რეალობას, არადა არარეალური "კარტინკების" შექმნის გამო სააკაშვილს დასავლეთში ინსცენირების დიდოსტატს უწოდებენ.

"ფანდარასტ 007", ანუ სიყალბე "კარტინკის" გამოყენებით

2006 წელს სააკაშვილმა და მისმა გუნდმა მტკიცედ გადაწყვიტეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში არსებითი შედეგისათვის მიეღწიათ. 12 ნოემბრისთვის სეპარატისტებმა "საპრეზიდენტო" არჩევნები დანიშნეს ცხინვალში. ამ დროისთვის არენაზე გამოვიდა ვითომ ეთნიკური ოსების მიერ, სინამდვილეში კი საქართველოს ხელისუფლების დაარსებული "ოსთა ხსნის კავშირი", რომელიც ალტერნატიულ საპრეზიდენტო არჩევნებს მოითხოვდა. ისიც 12 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო ცხინვალის ყველა დასახლებულ პუნქტში. ოფიციალური თბილისი კი აცხადებდა, რომ ეს არჩევნები ისეთივე უკანონო იქნებოდა, როგორიც მორიგი არჩევნები ცხინვალში, თუმცა, ამ არჩევნებს დაბრკოლებას არ შეუქმნიდა თბილისი. "ფანდარასტის" კამპანიის ფიქციის ამბავი მთელმა საქართველომ იცის და ამ საკითხზე აღარ შევჩერდები, თუმცა, იყო ერთი ძალზე საინტერესო მომენტი: 12 ნოემბერს ცხინვალში ჩატარებულ არჩევნებთან ერთად ალტერნატიული არჩევნებიც ჩატარდა. კოკოითიმ ხმათა უმრავლესობით სძლია თავის სამ კონკურენტს, სანაკოევმა კი ასევე "ძლევაი საკვირველი" აჩვენა არჩევნებში და ოთხი კონკურენტი დაამარცხა. იმ არჩევნების მარაზმატიკულობის კულმინაცია გახლდათ საქართველოს ტელევიზიით ნაჩვენები ვიდეოფირი. ბინდში, მთებისა და ტყის ფონზე, მხედარი მოაჭენებდა ცხენს, აღელვებული დიქტორი კი გვამცნობდა, რომ ამ მხედარს ბიულეტენებით სავსე ყუთი გამოუტანია შემოვლითი გზებით რომელიღაც სოფლიდან, სადაც ალტერნატიული არჩევნების ჩატარება თურმე განსაკუთრებით სარისკო იყო. ამ დრამატულ ფირს ისღა აკლდა, "გმირ" მხედარს უკან მდევრის რაზმი მოჰყოლოდა სროლა-სროლით.

"კარტინკომანიის" გაგრძელება გახლდათ მოდელირებული ქრონიკა, რომელმაც შოკში ჩააგდო ცივილიზებული სამყარო. აი, რას წერდნენ ცნობილი პოლიტიკოსები და მეცნიერები მოდელირებულ ქრონიკაზე: "სააკაშვილთან დაახლოებულმა ტელეარხმა შაბათ საღამოს მაყურებელს რუსული ინტერვენციის შესახებ აცნობა. არხმა გადმოსცა, რომ ქვეყანა იბომბებოდა და მოაწყო იმის ინსცენირება, თუ როგორ იღებს ოპოზიცია ხელში ძალაუფლებას   სააკაშვილის მოკვლის შემდეგ. ამით ამ ადამიანის სიგიჟეების რიგმა ახალ, უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოში მან პროვოკაციების მეშვეობით ნამდვილი კავკასიური ომი წამოიწყო. 2008 წლის ნოემბერში პოლონეთის პრეზიდენტი კაჩინსკი სამხრეთ ოსეთის საზღვართან მიიყვანა და სროლის ინსცენირება მოაწყო. ახლა, როგორც ჩანს, მას დასჭირდა რაღაც მოემოქმედა ოპოზიციის მიმართ რისხვის გასანელებლად. იმ ოპოზიციის მიმართ, რომელიც ვითარების დამშვიდების მიზნით პუტინს დაელაპარაკა. აბსოლუტურად ცხადია, რომ სააკაშვილის რეჟიმი მაღალი რისკების შემცველ განუკითხაობაზეა დამყარებული. ეს კაცი დასავლეთის მოკავშირე არ არის". ეს სტატია "ბერლინერ ცაიტუნგში" გამოქვეყნდა სათაურით "ინსცენირების დიდოსტატის მიერ დადგმული კავკასიური ომი". ზოგი ჩვენს პრეზიდენტს პატარა კავკასიური ქვეყნის შეშლილ დიქტატორად მოიხსენიებდა. "სქაი ნიუსმა" საქართველოში არსებულ რეჟიმს "სააკაშვილის კლოუნების თეატრი" უწოდა. ცნობილი მეცნიერი, პოლიტოლოგი პოლ გობლი კი ამბობდა, "ამ ტელეგადაცემაზე დასავლური კომენტარების უმრავლესობა იმას მიანიშნებს, რომ შეუძლებელია ქართველებს გაუგო, ისინი ან გიჟები არიან, ან უფრო უარესიც სჭირთ".

სააკაშვილის ამერიკული ფაქტორი

ამერიკის უმაღლეს ეშელონებში ხშირად ამბობდნენ, რომ სააკაშვილი იქცა ბუშის ადმინისტრაციის თავისუფლების გეგმისა და დემოკრატიის გავრცელების სარეკლამო ბიჭუნად. იმის გამო, რომ სხვა ფერადი რევოლუციების ბრწყინვალება ქრებოდა, სააკაშვილის ქართული ექსპერიმენტი სულ უფრო  სახელგანთქმული ხდებოდა, მისი ნაკლოვანებები კი შეუმჩნეველიო. ამ ტევად ფრაზებში სრულიად გასაგებად არის მოქცეული სააკაშვილის ფაქტორის არსი. სარეკლამო ბიჭუნას მხარდაჭერამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ პრეზიდენტი ბუში ეხვეწებოდა თავისი გუნდის წევრებს, "მიშველეთ რამე, თბილისში კარგი ელჩი გვყავს, ნუთუ არ შეიძლება იმას მივაღწიოთ, რომ იმ ბიჭმა დღეში ცხრაჯერ არ დამირეკოსო? შეგრძნებამ, რომ უძლიერესი სახელმწიფოს მეთაური მისი "მეგობარია", სააკაშვილის ფსიქიკაზე დიდი გავლენა მოახდინა. სწორედ ფამილარობის ეს დონე იყო საკმარისი იმისათვის, რომ სააკაშვილს, ადრე თუ გვიან, სამხედრო ოპერაცია წამოეწყო. ამ საშინელი მარცხის შემდეგ ისეთი გაუგონარი "კარტინკები" დადგა მოსახლეობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად, რომ უცხოელები გააოგნა.

2009 წელს სააკაშვილმა კოლორიტული განცხადება გააკეთა, - ის მიესალმა კონფლიქტის ზონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას და, იმავდროულად, გაეროს ეგიდით აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მოქმედი დამკვირვებლები არაეფექტურობის გამო გააკრიტიკა.  "აგვისტოში ზუგდიდში ჩავედი, კოდორში მინდოდა გადასვლა და ამ დროს რუსული ტანკები მოადგნენ ენგურს. იქ იყო გაეროს მისია და უთხრეს, 20 წუთს გაძლევთ და დაახვიეთ აქედან, აქ არ გნახოთო და 10 წუთში გაიქცნენ. იმდენად სწრაფად გაიქცნენ, რომ ფაქტობრივად ჩვენ აღმოვჩნდით რუსული კონტინგენტის ალყაში. ჩემი თვალით რომ არ მენახა ყველაფერი, რამდენად არაეფექტურია ეს მექანიზმი, ალბათ, ძალიან გამოვეტირებოდი", - ეს განცხადება სააკაშვილმა ტელეეთერში გააკეთა და შოკში ჩააგდო გაეროს წარმომადგენლები. გაკვირვებული მეკითხებოდნენ, რატომ ამბობს ამდენ ტყუილს თქვენი პრეზიდენტი და რატომ აყენებს შეურაცხყოფას გაეროს? მაშინ სააკაშვილი არც ყოფილა ენგურის ხიდთან, ჩვენც არსად წავსულვართ, რადგან ბრძანება შტაბბინიდან არ მიგვიღია, ბრძანება კი იმიტომ არ გაცემულა, რომ იქ სახიფათო არაფერი ხდებოდაო.

კუდით ქვის სროლის შეუმდგარი "კარტინკა"

საქართვლოს კათოლიკოს-პატრიარქი 2008 წელს მოსკოვში ჩავიდა და 11 დეკემბერს თბილისში ჩამოსულმა განაცხადა: "რუსეთის პრეზიდენტი თანახმაა, ლტოლვილები დაბრუნდნენ სახლებში, რუსეთ-საქართველოს საზღვრები გაიხსნას, საელჩოები ამოქმედდეს. ჩვენ თანხმობას მივაღწიეთ თითქმის ყველა საკითხზე და ვფიქრობ, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ვიზიტის ეს შედეგი და განაგრძოს ეს კურსი".

ზუსტად ვიცოდი, რომ სააკაშვილი და მისი მავნე საბავშვო ბაღი რაღაცას მოიმოქმედებდნენ და მეორე დილიდანვე დაიწყო ეს "რაღაც". ბოროტ ბავშვთა ბაღის "აღსაზრდელები" ტელეეთერში გადასცემდნენ, რომ რუსებს კუდით ქვა ასროლინეს და ა.შ. მოგვიანებით რამდენიმე თვითმხილველი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებისაგან შევიტყვე, რომ პერევში ჩვენს ხელისუფლებას ტელევიზიების მონაწილეობით სპექტაკლი გაუმართავს, - ჩვენმა შეიარაღებულმა ნაწილებმა პერევში რუსის ჯარის განდევნის იმიტაცია შექმნეს, ტელეკამერებს კი უნდა დაეფიქსირებინათ, როგორ გარბოდნენ რუსები! ამისათვის ყველაფერი მზად იყო, ტელეკამერებისა და მსახიობი რუსების ჩათვლით, მაგრამ სულ მალე უკან დახეული საჯარისო დანაყოფები მათმა სარდალმა რაციით უკან გამოიძახა. რუსები უკან დაბრუნდნენ. "თქვენი ნაწილები იმდენად პომპეზურად წარმოადგენდნენ რუსული ნაწილების ჩანაცვლებას, რუსებმა ეს ვეღარ მოითმინეს და დაბრუნდნენ", - დელიკატურად მითხრა მაღალი რანგის უცხოელმა დიპლომატმა.