"ქვათაცვენა ქართულ პოლიტიკაში" - კვირის პალიტრა

"ქვათაცვენა ქართულ პოლიტიკაში"

"ამ ხალხისთვის რომ ეთქვათ, კახი კალაძე ჩინეთის ან მანჯურიის აგენტიაო, იმასაც გაიმეორებდნენ"

"სააკაშვილმა ქვების სროლით დაიწყო, დაამთავრებს ქვების სროლით და ისტორიაში შევა, როგორც ქვასროლია პრეზიდენტი", - განაცხადა სოზარ სუბარმა გორის რაიონის დევნილთა დასახლებაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როდესაც ხელისუფლების მხარდამჭერებმა "ქართული ოცნების" წევრები ქვების სროლით გაყარეს სოფლიდან. სოზარ სუბარის ამ სიტყვებმა ბევრს გაახსენა გაპრეზიდენტებამდე სააკაშვილის ბოლნისური თავგადასავალი, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები სააკაშვილის თაოსნობით ქვებით მიუხტნენ ბოლნისის გამგებელ ზურაბ ჯაფარიძეს. ეტყობა, ნაციონალებმა მაშინ გაუგეს გემო ქვის სროლას და ახლაც არ იღებენ ქვას საბრძოლო არსენალიდან. ამ ამბის გახსენება "ქართული ოცნების" წევრ დავით ზურაბიშვილს ვთხოვეთ:

- ბოლნისში ქვების სროლა ორმხრივად იყო, კარალეთში კი "ქართული ოცნების" წევრებს ქვები არ უსვრიათ. შეგნებულად მოერიდნენ დაპირისპირებას და იქაურობას გამოერიდნენ. გეხსომებათ ვიდეოფირი, როდესაც ბოლნისში პოლიციელი ფართხაფურთხით გარბის და სააკაშვილის მომხრეები ქვებს ესვრიან. მაშინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოლნისში გამგებლის საცემად ჩავიდნენ. კარალეთში კი არავინ ჩასულა ვინმეს გასალახად. გეხსომებათ ბოლნისის ამბის შემდეგ სააკაშვილის განცხადება, თუ ვინმე ჩემიანს ერთი თმის ღერი ჩამოუვარდება თავიდან, შევვარდები პოლიციის შენობაში და გადავთელავო. ასეთ განცხადებებს ჩვენ არ ვაკეთებთ. სააკაშვილი ისე იქცევა, როგორც თავის დროზე ასლან აბაშიძე. ხომ გახსოვთ, რა სასტიკად დაარბევინა ზონდერებს მიტინგი ბათუმში? მაშინ დავით ბერძენიშვილს სასტიკად სცემეს. ეს იყო 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებამდე.

- 2003 წელს, ნოემბრის აქციების დროსაც, გვახსოვს რუსთაველის პროსპექტზე ქვები...

- ქვები მაშინ სხვა რამისთვის მიიტანეს მანქანებით, - დატვირთული რომ ყოფილიყო და ვერ გადაეწიათ. ამ მოვლენების მონაწილე ვარ, იქ ჩხუბი არ ყოფილა.

- ალბათ, ბევრს ახსოვს ვიდეოფირი, სადაც ბოკერიაა ქვებით შეიარაღებული.

- ეს სასამართლოს შენობასთან მოხდა. იეღოველების დარბევის გამო გამართულ სასამართლო პროცესზე მივიდა ბასილ მკალავიშვილი თავისი აგრესიული მრევლით და კიდევ ერთხელ სცემა იეღოველებს. მაშინ მოხვდნენ ამ დაპირისპირებაში გიგა ბოკერია და დათო პაიჭაძე...

ერთადერთი, რაც სააკაშვილს დარჩა არჩევნების წინ, არის ძალადობა, მას არ შეუძლია პოზიტიური პროგრამის წარმოდგენა, რითაც აჩვენებს, რომ ოპონენტზე უკეთესია. ისღა დარჩა, დაამტკიცოს, რომ ყველას მოგვერევა, გაგვლახავს და დედას გვიტირებს. ძალის დემონსტრირებით, საზოგადოების დაშინებით უნდა არჩევნებში სასურველი შედეგის მიღება, მაგრამ ეს ფუჭი მცდელობაა. პროცესი შორს არის წასული, საზოგადოების განწყობა სულ სხვანაირია.

- ვინ არის ხალხი, ვინც ასე გაღიზიანებული დახვდა გორში "ქართულ ოცნებას"?

- ყველას ჰგონია, ეს ინციდენტი კარალეთში მოხდა, სინამდვილეში ეს დევნილთა დასახლებაა გორიდან 1 კილომეტრის დაშორებით, კარალეთის მიმართულებით. იქ დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილები ცხოვრობენ. სწორედ მათი ოჯახის წევრები არიან დასაქმებული ზონდერბრიგადებსა და პოლიციაში. ამ დასახლებებს ხელისუფლება განსაკუთრებულად აკონტროლებს. ასეთი ტიპის დასახლებები სხვაგანაც არის, მაგალითად, წეროვანში. ხელისუფლებაში კარგად იციან, რომ დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილები მებრძოლი ხალხია და მათზე განსაკუთრებული ზეწოლაა.

თუკი დევნილებს გეტოს მდგომარეობაში ამყოფებ, ერთად დაასახლებ, მუდმივად გააკონტროლებ და დამოკიდებულს გახდი იმაზე, რას მიაწოდებ, ის დაკომპლექსებულ სოციალურ ფენად ჩამოყალიბდება.

ამ ხალხთან ასეთი დამოკიდებულება დიდი დანაშაულია. ნაცვლად იმისა, მისცენ საშუალება, საზოგადოებაში სრულყოფილად ინტეგრირებისა, ცალკე, წნეხში ამყოფებენ. აქედან გამომდინარეობს მათი აგრესიაც. ისინი ხელისუფლების კრიტიკას საფრთხედ აღიქვამენ, რადგან ხელისუფლების სამსახურია მათთვის არსებობის საშუალება.

- მათი განცხადებებიდან გამომდინარე, იდეოლოგიურად დამუშავებულიც ჩანდნენ.

- როდესაც ხელისუფლებაზე ხარ დამოკიდებული, მისით ჭამ პურს და შენი არსებობის პირობად განიხილავ მისდამი ერთგულებას, მაშინ ყველაფრს დაიჯერებ, რა სიცრუეც უნდა გითხრან. ამ ხალხისთვის რომ ეთქვათ, კახი კალაძე ჩინეთის ან მანჯურიის აგენტიაო, იმასაც გაიმეორებდნენ.

კახის ისეთი რამ უთხრეს, კიდევ კარგად მოითმინა. იყვნენ პირები, რომლებიც განგებ აყენებდნენ შეურაცხყოფას, ქვებიც დაუშინეს. "ქართული ოცნების" წევრები არ ჩაებნენ ამ დაპირისპირებაში, რომელშიც ხელისუფლების წარმომადგენლებიც (მამასახლისი და გამგეობის წევრები) მონაწილეობდნენ.

- მედიით გავრცელებულ ერთ ვიდეოკადრში ჩანს, რომ კახი კალაძის დაცვის წევრს იარაღი უჭირავს ხელში.

- როდესაც ქვებით მოგდევს მოსახლეობა და უკან იხევ, დაცვის წევრმა შეიძლება იარაღი ამოიღოს კიდეც, მაგრამ ხომ არ უსვრიათ? გამაფრთხილებელი გასროლაც კი არ მოუხდენიათ.

- სააკაშვილს სოზარ სუბარმა პოლიტიკიდან ქვებით წასვლა უწინასწარმეტყველა.

- ეს კაცი არჩევნებით უნდა გავისტუმროთ. ნებით წასვლა, არ უნდა, მაგრამ ხალხის განწყობა უნდა დავანახოთ. წასვლა შევარდნაძესაც არ უნდოდა, მაგრამ წავიდა. სააკაშვილსაც მოუწევს. ჩვენი მიზანია, ეს კაცი მშვიდობიანად წავიდეს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ... ასეთ გამოხდომებზე ყველაზე კარგი პასუხი 15 ივლისის მიტინგი იყო, როდესაც საზოგადოებამ დაანახა სააკაშვილს, როგორ სცემს პასუხს ძალადობას.