სახიფათო ზღვარი - კვირის პალიტრა

სახიფათო ზღვარი

ამის იქით უფსკრულია!

ფრთხილად ვიყოთ! სამუდამოდ ბნელ გამო(ქვა)ბულში არ ამოვყოთ თავი...

ქვის სროლის შემდეგ, ღმერთმა გვაშოროს და ტყვიის სროლაღა რჩება...

"რთული პერიოდი გველოდება საქართველოში, ოქტომბრის თვეში ხალხი საპარლამენტო არჩევნებზე უნდა გავიდეს და ხმა მისცეს. დგება ის დრო, როდესაც შესაძლოა ადამიანს შეურაცხყოფაც კი მიაყენონ, ტალახი ესროლონ ერთმანეთს. მინდა ვთხოვო ერთ მხარესაც და მეორესაც, რომ შეურაცხყოფა არ მიაყენოთ ერთმანეთს, არ უნდა გაბედოთ, არ უნდა იკადროთ ისეთი სიტყვების თქმა, რომლისაც შემდეგ შეგრცხვებათ. თქვენ შეგიძლიათ ბევრი ილაპარაკოთ თქვენს პროგრამაზე, კონცეფციაზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ესროლოთ ერთმანეთს ტალახი. უნდა გაიგოს მთელმა მსოფლიომ, რომ ჩვენ ვართ დიდი კულტურის ქვეყანა და ვისწრაფვით დემოკრატიისკენ...", - ეს სიტყვები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 12 ივლისს, პეტრე-პავლობის სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ბრძანა.

მისი ქადაგებიდან დიდი დრო არ იყო გასული, როდესაც გორის რაიონის სოფელ კარალეთის დასახლებაში ქართველები ერთმანეთს ლამის სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეასკდნენ. ვერ გეტყვით, რა დაინახა მსოფლიომ, მაგრამ ყველა შეგნებულ ქართველს კი ნამდვილად ტკიოდა გული - არა მარტო იმის გამო, რომ ძმებმა ერთმანეთს თავ-პირი დაუსისხლიანეს, არამედ იმიტომაც, რომ პოლიტიკური ბოღმის განცდამ მთლიანად გადაფარა სულიერების განცდა, რამაც უარი გვათქმევინა ერთმანეთის დანდობაზე.

კარალეთში წამოსული ქვათა სეტყვა მოწმენდილი ციდან არ მომხდარა. საავდრო ღრუბლები დიდი ხანია გროვდებოდა და რაკი მის გაფანტვაზე არავინ იზრუნა, იქუხა კიდეც. ქვის სროლამდე საქმე არ მივიდოდა, რომ ხელისუფლებას (მას გაცილებით მეტი ბერკეტი აქვს მდგომარეობის განსამუხტად) მეტი სიმშვიდე და გონიერება გამოეჩინა. სიტუაციის დაძაბვას ინფორმაციულმა ომმაც გვარიანად შეუწყო ხელი და მათ შორის, ბოლო დროს მოფიქრებულმა ჟურნალისტურმა "ნოუ-ჰაუმ", ხალხში ე.წ. მიკროფონებით ხმალაობის სახელით რომ დამკვიდრდა. გაურკვეველი (უფრო სწორად, გარკვეული) წარმოშობის მასმედიის წარმომადგენლებს, იდეებისთვის ვეღარაფერი მოუხერხებიათ და საკუთარ თავზე იღებენ კოლეგების ჟურნალისტურ ანაბანაში განსწავლას. მათი ინოვაციური პროექტის გულისგამაწვრილებელი "ლაი-ლაი" "მე-9 არხის" და "ინფო 9"-ის ჟურნალისტებმა უკვე არაერთხელ იწვნიეს. ასე თუ გაგრძელდა, ალბათ ყველას ემუქრება მათი მხრიდან ცხვირის ცხვირზე მიდება,

მომიტევეთ და, მიკროფონების პირში ჩათხრა, ჯეკ ლონდონის ბიოგრაფიის გახსენება და ცინიკური ღიმილით გაკეთებული დასკვნა, რომ გაუნათლებელი ხართ(!). ეს, ერთი შეხედვით, "უწყინარი" ინტერვიუები, როგორც ჩანს, საერთო ჯაჭვის შემადგენელი რგოლია, რომელიც ადამიანის წონასწორობიდან გამოყვანას ემსახურება და ამას ფსიქოლოგიური ტერორი ჰქვია.

ამ ე.წ. კოლეგებს, გარდა იმისა, რომ ჟურნალისტობა ისევე ესმით, როგორც გოჭს "ტურნიკზე" ტრიალი, ეთიკის ნორმების ბაიბურშიც არ არიან, თორემ ეცოდინებოდათ, რომ როდესაც რესპონდენტი დუმილით გპასუხობს და თავის გზაზე მიდის, ჩახსნილი ვაგონივით არ უნდა სდიო კვალზე, ტვინი არ უნდა უბურღო ცილისმწამებლური დასკვნებით და არ უნდა "ეჩალიჩო", რომ ჭკუიდან გადასულმა მიკროფონი ჩაგარტყას "უგზოუკვლოდ განათლებულ" თავში. თუ მართლა ობიექტური ხარ, როდესაც ხელისუფლების მომხრეები არასასურველი ტელეარხების ჟურნალისტებს გაზეპირებული ტექსტებით - "მაგ კამერას თავზე დაგალეწავ!" და მიკროფონის "ერთ ადგილას შეტენვით" ემუქრებიან (რაც არაერთხელ ვიხილეთ), ეს აღარ უნდა გაგიკვირდეს.

ასეთი გულისამრევი მეთოდების შემდეგ წინასაარჩევნო დაპირისპირება უკვე მარაზმში გადადის. როცა სოფლის გამგებელი (რომელსაც, როგორც საჯარო მოხელეს, პირდაპირ ევალება ექსცესების თავიდან აცილება) ხალხთან გასაუბრებისთვის მოსულ ადამიანებს ხმის ამოღებას არ აცლის და ბოლო ხმაზე უყვირის, რომ "საიდანაც მოსულან, იქითვე დაახვიონ", იქ თითქმის შეუძლებელია მოვლენების მშვიდად დასრულება. ასეთი ტირადის შემდეგ აგრესიულ თავკაცს ყოველთვის გამოუჩნდება რამდენიმე მხარდამჭერი, რომელსაც ქვის ასაღებად დახრა არ დაეზარება და ემოციებით ტვინგადაკეტილ ადამიანს რომ ვეღარ მოსთხოვ იმის გარჩევას, მის წინააღმდეგ თანამოძმე დგას თუ მტერი, ამას რა დიდი ფილოსოფია უნდა.

სამწუხაროა, რომ ამ ინციდენტების დროს არსად ჩანს პოლიცია, რომლის პირდაპირი მოვალეობაა ძმათა შორის შუაში ჩადგომა და დაპირისპირების აღკვეთა.

მათ სწორ პოზიციაზე ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული - როგორმე უნდა გადავურჩეთ საშვილიშვილო ცოდვას, რაც 90-იან წლებში დაგვემართა. ყველამ კარგად გააცნობიეროს, რომ ქვის სროლის შემდეგ, ღმერთმა გვაშოროს და ტყვიის სროლაღა რჩება, რომელიც ნაკლებად არჩევს "პოზიცია" ხარ თუ ოპოზიცია. ჩვენი სამშობლო კი დარჩება სისხლდადენილი და განადგურებული.

არ ვიცი, მიაქციეთ თუ არა ყურადღება ერთ ძალიან დამაფიქრებელ ტენდენციას, როცა ქართველები ერთმანეთს ყველაზე მწარედ სწორედ საეკლესიო დღესასწაულების დროს უპირისპირდებიან(!). უახლოეს წარსულში ეს არაერთხელ განმეორდა და გასულ კვირასაც კიდევ ერთხელ დავიდეთ ცოდვა.

როცა ტაძარში დგომის მაგივრად "ცეცხლის ხაზზე" დგომას ამჯობინებ, სანთლის მაგივრად ქვა გიჭირავს და ლოცვის ნაცვლად დედის გინება ამოგდის პირიდან, უნდა გესმოდეს, რომ უფალი დაუსჯელს არ დაგტოვებს(!).  სამწუხაროდ, როდესაც უწმინდესი ძმათა დანდობასა და შეწყნარებაზე ქადაგებდა, სწორედ იმ დროს ჰქონდათ დახშული სასმენელი კარალეთის "გმირებს".

ძალიან მძიმე დროება გადაიტანა ბოლო წლებში გორის რაიონის ქართველობამ. მათთან უფაქიზესი მიდგომაა საჭირო, დიდი სიყვარული და თანაგრძნობა, რადგან ჯერაც ღიაა ის იარები (ალბათ, არც არასოდეს დაიხურება), რომელიც ომის შედეგად იწვნიეს. შესაძლოა, "ქართული ოცნების" წევრებს ემოციების მეტად თავშეკავება მართებდათ და რასაკვირველია, არც უნდა აჰყოლოდნენ ლანძღვა-გინებაში, მაგრამ მომხდარში ყველაზე დიდი დამნაშავეები მაინც ის ადამიანები არიან, რომლებიც იმ დასახლებაში მამასახლისობენ თუ დიდკაცობენ და იმის ნაცვლად, რომ ლეგენდარული ძიუდოისტის თემურ ხუბულურის მსგავსად, გაშლილი ხელებით შუაში ჩასდგომოდნენ მოჩხუბრებს, უფრო ძაბავდნენ და ზაფრავდნენ სიტუაციას. გასაგებია, რომ ვერც კახი კალაძემ შეიკავა ემოციები და სიტყვიერ შეურაცხყოფაში შეჰყვა მასთან მოპაექრეებს, მაგრამ კახის გაცეცხლება მეორე მხრიდან წამოსროლილ უზნეო ფრაზას მოჰყვა, რომელიც ნამუსგარეცხილი ადამიანის მეტს არავის მოუვიდოდა თავში (კახის ძმის მკვლელობას ეხებოდა).

რა დონის გარეწარი უნდა იყო, რომ ამ ტრაგედიით გულდასერილ კაცს ასეთი სიტყვები წამოაძახო და ისიც ისეთ დროს, როდესაც "ჩახმახი წკიპზეა"...

მძიმე მოსასმენია ერთი და იგივე ფრაზები ამ გაწამებული ხალხისგან, ომის დროს რომ ვიხოცებოდით, სად იყავითო... უფრო ძნელია, უმტკიცო, რომ ვისაც რით შეეძლო, ისე თანაუგრძნობდა და ეხმარებოდა თანამოძმეებს. ისეთებიც მრავლად იყვნენ, წითელ ხიდსა და სადახლოზე თავისა და ქონების გადასარჩენად რიგები რომ დააყენეს, მაშინ როცა წინა ხაზზე სხვებთან ერთად დგომა მათი პირდაპირი მოვალეობა იყო. როგორც ჩანს, ამ ფაქტის გახსენება დღეს ან არავის აწყობს, ანდა ემოციების ტყვეობაში საცერივით ისე იცრება, რომ დავიწყებას ეძლევა.

პ.ს ეს ყველაფერი უკვე ძალიან სახიფათო ზღვარია, გნებავთ ბეწვის ხიდი, რომელიც იოლად წყდება. ამის იქით კი უფსკრული და კატასტროფაა(!), რომლის დროს მხოლოდ და მხოლოდ მტერი რჩება მოგებული. თუ იმდენად გვაქვს დაბნელებული გონება, რომ ამდენი არ გვესმის, მაშინ მართლა ღირსები ვიქნებით უძველესი და უნიკალური კულტურის მქონე ერად კი არა, ქვასროლია ბრბოდ ვიწოდებოდეთ, რომელიც პატრიარქის თხოვნისა და შეგონების საპირისპიროდ, ქართული მულტფილმის ერთი გმირივით, მოძმის დანახვაზე უმადურად დაიღრიალებს: "აგური" "ტალახი... "

P.S. ფრთხილად ვიყოთ, რომ ამ მნიშვნელოვან გზაგასაყარზე ფეხი არ დაგვიცდეს და სამუდამოდ ბნელ გამო(ქვა)ბულში არ ამოვყოთ თავი.

"გიგილო, შენ ვის ძმაზე იღებ ხმას?!"

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გიორგი გოჩაშვილს, რომელმაც კახი კალაძეს შეურაცხყოფა მიაყენა, თანასოფლელმა ნინო ზანგალაძემ ასეთი წერილი მისწერა:

"გიგილო, შენზე თუ მომიწევდა ოდესმე საუბარი, რას წარმოვიდგენდი? ისე, რას იტყვი, საიდან დავიწყო... ადრეული ბავშვობიდან თუ 2004 წელი გავიხსენო? ცოტ-ცოტა ყველაფერს შეგახსენებ, 'ძმობილო,'' და დავიწყებ იქიდან, რამაც ძალიან გამაცოფა. შენ ვის ძმაზე იღებ ხმას, დაგავიწყდა შენი ძმა და ოჯახის წევრები რატომ ჩაცხრილეს მანქანაში? შეგახსენო? კარგი, არ დამეზარება, ნაქურდალ-ნაბარიგავები ფული რომ ვერ გაიყავით, იმიტომ. ვისზე იღებ ხმას, გაქვს კი ამის მორალური და კანონიერი უფლება? შენნაირ ხალხთან არც მორალზე და არც კანონზე არ საუბრობენ, მაგრამ მაინც. აკლებული გქონდათ მთელი დიდი ლიახვის ხეობა... იმაზე აღარაფერს ვიტყვი, წამალს საიდან ეზიდებოდით... იმასაც გაგახსენებ, 2004 წელს, როცა ოქრუაშვილი და ჩვენი ბიჭები რუსული ბომბდამშენების ქვეშ იდგნენ, როცა ჩვენს ქალებს სახლები არ დაუტოვებიათ, შენ თრიალეთში ბუჩქებიდან როგორ იყურებოდი კურდღელივით, მერე გამოჰყევი ხეობელი ბავშვების ავტობუსებს და სანატორიუმში ბავშვებთან ერთად თბილ ფაფას მიირთმევდი. ახლა ვის კაი ბიჭობაზე და ძმობაზე საუბრობ?! 2008 წლის აგვისტოზეც ვთქვა? ოსები ცხინვალს ხიზნავდნენ, თქვენ კი თქვენს სახლებს, რადგან კარგად იცოდით, რაც მოხდებოდა... აღარ გავაგრძელებ... დანარჩენზე უფალმა გაგცეთ პასუხი... რა იცოდა კახიმ, ვინ ხარ, თორემ არც უნდა ეკადრა შენ გვერდით დადგომა... შენნაირებით რომ გაავსო ჩვენმა მაღალმა ციხეები, ისიც ხომ არ დაგავიწყდა, შენ ერთი რიგითი შნირი ხარ, დასჭირდები სახმარად. მოვა შენი დროც. მაგის გეშინია და  იმიტომაც არ სცემ სხვების ხსოვნას პატივს".