"უკან დასახევი აღარ გვაქვს, ჩვენ უკან სამშობლოა" - კვირის პალიტრა

"უკან დასახევი აღარ გვაქვს, ჩვენ უკან სამშობლოა"

"ხალხს ხელისუფლების კი არ ეშინია, ეზიზღება"

"განრიდებისა და თავში ჩაკეტვის უფლება აღარ მაქვს. სანამ ლაგოდეხში ჩავალ, მინდა კათოლიკოს-პატრიარქთან მივიდე და მისი ლოცვა-კურთხევა მივიღო. სოფელ-სოფელ კოსტიუმით კი არა, ჩექმებით უნდა ვიარო, ხალხის პრობლემები გავიზიარო და ვემსახურო ჩემს მეორე მშობლიურ კუთხეს", - მითხრა მოჭიდავე ლუკა კურტანიძემ, რომელიც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა ლაგოდეხის რაიონში.

კახი კალაძემდე გორში ლუკა კურტანიძეს ატკინეს გული, როდესაც "სახალხო კრების" წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ხურვალეთში ჩასულს ლოდი ჩაარტყეს კისერში:

- ძალიან განვიცადე ის, რაც 2010 წელს ხურვალეთში მოხდა. მაშინ ჩვენც დევნილები დაგვიპირისპირეს. ვიცი ომგამოვლილი ხალხის ფსიქოლოგია, რადგან თავადაც გამომივლია ეს უბედურება. სამაჩაბლოს მცხოვრებნი 1989 წლიდან უყურებდნენ ამ კუთხეში დატრიალებულ უბედურებას. ეს ადამიანები მოსაფრთხილებლები არიან. მთელი ქვეყანა უნდა ზრუნავდეს, რომ მათ ნორმალური პირობები შეუქმნან. ნაცვლად ამისა, ხელისუფლება ამ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს იყენებს. ომის უბედურებას გამოქცეულებს, რომელთაც სახლ-კარი და ახლობლები დაკარგეს, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ფაქიზად მიუდგეს, აქეზებენ, ტრენინგებს უტარებენ (ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რადგან ზუსტი ინფორმაცია მაქვს) მამასახლისები და კოორდინატორები.

ეს ხალხი ხელისუფლებას ისე ჰყავს დაგეშილი, რომ საშველად მისულებს უკადრებელს ჰკადრებენ. ტრაგედიაა, რომ მათ ხელისუფლება ასე ცუდად იყენებს.

დამნაშავე ის არის, ვინც ამ ფსიქიკადანგრეულ ადამიანებს აქეზებს და ძმათა დაპირისპირებისთვის იყენებს. ეს ქვეყანას კარგ შედეგამდე არ მიიყვანს. ასეთი პატარ-პატარა დაპირისპირებებით დაიწყო ის უბედურება, რაც წლებია, ვერ მოვიშორეთ და რაც ქვეყანას ანგრევს. ნორმალური ადამიანის გონება ვერ მოიფიქრებს ისეთ რამეს, რაც ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუვათ თავში. დღედაღამ სხედან და იმაზე ფიქრობენ, როგორ მიაყენონ დარტყმა მოწინააღმდეგეს. კაცს, ვინც კახი კალაძეს ის საშინელი სიტყვები უთხრა, შეიძლება ფიქრადაც არ მოსვლია ამ სიტყვების თქმა, მაგრამ ზომბირებულია. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს სახელოვანი ადამიანების დასაკნინებლად, მიწასთან გასასწორებლად. როდესაც ახალგაზრდა თაობას მისაბაძი ავტორიტეტები აღარ ჰყავს, ადვილად მართავს ხელისუფლება, ათას სიბინძურეზე, ჩაშვებასა და გეიაღლუმებზე ელაპარაკება. ახალგაზრდებს გამიზნულად რყვნიან, რადგან გაფუჭებული კაცი ადვილი სამართავია. როდესაც კახი კალაძე, ზურაბ ზვიადაური, ნონა გაფრინდაშვილი და ბევრი სახელოვანი ქართველი აღარ არიან სამაგალითონი, როდესაც ხელისუფლება მათ მოღალატეებად აცხადებს, ვინღა რჩება სამაგალითო?

ზოგიერთი გათახსირებული ტელევიზია ყოვლად უზნეო ადამიანებს ვარსკვლავებს უწოდებს და ამით ბილწავს საზოგადოებას. კახი კალაძეს მშვენიერი ცხოვრება ჰქონდა უცხოეთში, მაგრამ ვერ შეეგუა ამ უსამართლობას და ბრძოლაში ჩაება. ნაცვლად იმისა, ასეთი ხალხი ხელისგულზე ვატაროთ, ხელისუფლება ათას სიბინძურეს სჩადის.

ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ვერავინ შევედრებით ქველმოქმედებაში, ხელისუფლება და მისი გოშია მსახურები რა სიბინძურესა და ტალახს აღარ ესვრიან. ადამიანის გონებამ ბევრი რამ შეიძლება მოიფიქროს, მაგრამ ამდენი უმადურობა და ცილისწამება წარმოუდგენელია. ჭაბუა ამირეჯიბის თქმისა არ იყოს, ცოტანი ვართ? ცოტანი გავაგრძელებთ ბრძოლას და გავმრავლდებით, რომ საქართველო გადავარჩინოთ. რაც ხდება, ამ ხელისუფლების ბოლო ფართხალია, რომელიც მათ იმ ტოტს მოაჭრევინებს, რომელსაც ძლივს ეჭიდებიან. ამდენი სიბინძურით ხელისუფლება საკუთარ განადგურებაზე აწერს ხელს. უკან დასახევი ჩვენ აღარ გვაქვს, ჩვენ უკან სამშობლოა. ამ ბრძოლაში თანდათან დაგვემატებიან თანამებრძოლები, უკვე საკმარისად ბევრი ვართ და ხვალ კიდევ მეტი ვიქნებით.

- ბოლო დროს დაპირისპირებაა სპორტსმენებს შორისაც. სამბოს ნაკრების მწვრთნელმა ოლეგ იაძემ განაცხადა, მერეთში ის სამბისტები დაგვიპირისპირეს, რომელთაც ვავარჯიშებდიო.

- არც ერთ სპორტის სახეობაში იმდენი მედალი არ აუღია საქართველოს ნაკრებს, რამდენიც სამბოში და ბატონ ოლეგს ასე უმადურად მოექცნენ. კაცი, ვისაც ადვილად ვერ მართავს, ამ ხელისუფლებას არ სჭირდება. თუ  ყველაფერში არ დაეთანხმე, ხაზს გადაუსვამს შენს დამსახურებას. თუ იტყვი, რომ არ მოგწონს ის ღირებულებები, რაც რყვნის ახალგაზრდობას და ეროვნულ ღირებულებებს აკარგვინებს, მაშინაც მიუღებელო ხდები, რაც უნდა გამორჩეული იყო შენს საქმეში. ხელისუფლება თავისუფლად მოაზროვნე ადამიანის მტერია. ამიტომაც არის ამდენი ღვაწლმოსილი ადამიანი ოპოზიციაში. ხალხს ხელისუფლების კი არ ეშინია, ეზიზღება. მან დააპირისპირა ძმებივით გაზრდილი ბიძაშვილები, ზვიადაურები, ერთმანეთს. რა გონებამ უნდა მოიფიქროს, რომ ძმებს შორის შუღლი ჩამოაგდოს, მაგრამ ამათ შეძლეს.

არ მიკვირს, თუ სპორტსმენები უპირისპირდებიან ერთმანეთს, რადგან საამისოდ მთელი მანქანა მუშაობს, რომელიც შუღლს ნერგავს. ამ ხელისუფლების პრინციპია, "დააპირისპირე და მართე". ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, რომ ეს ჭირი მოვიცილოთ.

- რას ეტყოდით იმ სპორტსმენებს, რომლებიც ხალხს უპირისპირდებიან?

- მერეთის ინციდენტის მონაწილე ერთ სპორტსმენს შევუთვალე, ასეთ უბედურებაში ხელს ნუ ურევ, თორემ მოგეკითხება-მეთქი. წარმოდგენაც არ შემეძლო, რომ ის იქ იქნებოდა, მაგრამ ასე მოხდა. არ ღირს ამად არც ერთი ხელისუფლება და მით უმეტეს, მათი ავი ზრახვებისა და მათი უკანონო ბრძანებების შესრულება. მათ, ვისაც ხელისუფლება ამ სიბინძურეებში იყენებს, უპირველესად გაწირავენ. გააცნობიერონ ეს კარგად. ვინც ამ უსამართლობასთან ბრძოლაში ვართ ჩართული, ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებთ ამათ მოსაცილებლად. ვისაც უნდა ამ ბრძოლაში ღირსეული ადგილი დაიკავოს, სხვა ყველაფერი უნდა გადადოს.

- ლაგოდეხში არჩევნების მოგება, ალბათ, იოლი არ იქნება.

- მადლიერი ვარ ბატონი ბიძინასი და "სახალხო კრების", რომელთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამასახელეს ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატად. ჩემი ბაბუა ლაგოდეხში ცხოვრობდა, იქიდან გაიწვიეს ომში. მერე ჩვენი ოჯახი აფხაზეთში დამკვიდრდა. მამაჩემის ოცნება იყო, ლაგოდეხში ბაბუის სახლ-კარი დაებრუნებინა. სახლი ვერ დავიბრუნეთ, მაგრამ სოფელ ნინიგორში 1995 წელს სახლი ვიყიდე და მას შემდეგ დედაჩემი იქ ცხოვრობს. ლაგოდეხი ჩემი მეორე მშობლიური კუთხეა.

"სახალხო კრებიდან" მაჟორიტარობის კანდიდატად მალე დასახელდება სოსო ჯაჭვლიანიც. შესაძლოა "სახალხო კრებამ" კიდევ 2-3 წევრი შესთავაზოს ბატონ ბიძინასა და მის გუნდს.