"მიზანმიმართულად ხდება ივანიშვილის გარადიკალება" - კვირის პალიტრა

"მიზანმიმართულად ხდება ივანიშვილის გარადიკალება"

რატომ გაჩნდა NDI-ს კვლევებში პროვოკაციული კითხვები?!

რამდენიმე დღის წინ NDI-მ საზოგადოებას შესთავაზა კიდევ ერთი კვლევის შედეგი, რომელიც სოციოლოგების, ოპოზიციისა და ხელისუფლების აქტიური განხილვის საგანი შეიქნა. რა აჩვენა კვლევამ და რა ვერა? რომელ კითხვაზე პასუხობს ქართველი ამომრჩეველი გულწრფელად, რომელ კითხვაზე გაურბის პასუხს და რატომ ჩნდება კვლევებში ალოგიკური შედეგები, ამის შესახებ საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი გვესაუბრა:

- როგორც  NDI-ს კვლევამ ცხადყო, გამოკითხულთა 75% არჩევნებზე წასვლას აპირებს, ხოლო მოსახლეობის 42% ელის, რომ არჩევნები მეტ-ნაკლებად კარგად ჩატარდება. მოსახლეობის მხოლოდ 17% ელოდება არჩევნების ნაწილობრივ, 4% კი - სრულ გაყალბებას. რაზე მეტყველებს ეს ციფრები?

- NDI-მ კვლევის სოციალური და პოლიტიკური ნაწილები გაყო. ჯერ სოციალური რეიტინგები წარმოგვიდგინა, რომელიც გაცილებით ობიექტურია, ვიდრე პოლიტიკური რეიტინგები იქნება. კარგია, რომ გამოკითხული მოსახლეობის 75% აპირებს არჩევნებზე წასვლას. ყველაზე კარგი ის არჩევნებია, სადაც დარეგისტრირებული ამომრჩევლის მეტი რაოდენობა აძლევს ხმას. საქართველოს მოსახლეობა პოლიტიკურ კითხვებს გულწრფელად არ პასუხობს.

- NDI-ს გამოკითხვაში საინტერესო კითხვაა: "არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი მოუწოდებს ხალხს ქუჩის საპროტესტო აქციებისკენ, დაუჭერდით თუ არა მხარს ამგვარ მოწოდებას"?

- NDI-ს გამოკითხვაში ეს კითხვა შემთხვევით არ გაჩენილა. რატომღაც ამ გამოკითხვისას არ დაუსვამთ კითხვა, რას ფიქრობს ხალხი კონტროლის პალატის საქმიანობაზე. აქედან ჩანს, რომ სტაბილური კამპანია მიმდინარეობს, რათა ივანიშვილს შეუქმნან რადიკალური ოპოზიციური ლიდერის იმიჯი, რომელიც არ არის არჩევნებზე ორიენტირებული და რომლის მიზანია რევოლუცია. ევროპარლამენტში დებატების დროს საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებული ევროპელი პოლიტიკოსებიც ამბობდნენ, რომ ივანიშვილი მიზნად ისახავს ხალხის ქუჩაში გამოყვანას. NDI-ს კვლევაში ეს სრულიად გაუგებარი კონტექსტი, რომ ივანიშვილის მიზანია რევოლუცია და არა არჩევნები, მიზანმიმართულად ხდება იმ კამპანიის ფარგლებში, რასაც ჰქვია ივანიშვილის გარადიკალება. ეს კამპანია არ არის გათვლილი საქართველოს მოსახლეობაზე, რადგან მოსახლეობა კარგად ერკვევა სიტუაციაში, ეს არის გზავნილი უცხოელებისათვის.

კვლევების შედეგები, ჩვეულებრივ,   ითარგმნება და იგზავნება უცხოეთში, საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.  მათ არ იციან, რა ხდება აქ რეალურად. მათთვის NDI-ს კვლევები საფუძვლიანია და მათი აზრის ფორმირებაც ამ კვლევის შესაბამისად ხდება. უცნაურია, რომ მხოლოდ "ქართული ოცნების" ლიდერზე კეთდება აქცენტი, - ივანიშვილმა რომ მოგიწოდოთ ქუჩაში გამოსვლისკენო. რატომ არ დასვეს კითხვა, სააკაშვილმა რომ წააგოს არჩევნები და მოგიწოდოთ არჩევნების შედეგების გაპროტესტება, გამოხვალთ თუ არაო? ან რატომ არ იყო ეს კითხვა დასმული სხვა ოპოზიციონერ ლიდერებზე? რადგან აქცენტი ივანიშვილზე კეთდება, უცხოეთში ხდება აზრის ფორმირება, რომ მას არჩევნების შედეგებზე მეტად ქუჩაში გასვლა აინტერესებს.

- მაგრამ ამ კვლევებს ატარებს  NDI და არა ხელისუფლება.

- ამ კვლევებს თვითონ  NDI არ ატარებს. ამის გაკეთებას რატომღაც ჯიუტად ავალებს ერთ ორგანიზაციას (კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრს), რომელიც ჩემში მაინცდამაინც დიდ ნდობას არ იმსახურებს. ბევრი რამ არის დამოკიდებული კვლევის ველზე. ჩემმა ან რომელიმე ჩემმა პარტნიორმა ორგანიზაციამ რომ ჩაატაროს კვლევა, ბოლომდე არ მივიღებ, რადგან ხალხი სოციალურ თემებზე გულწრფელად პასუხობს, მაგრამ ერიდება პოლიტიკური შIინაარსის კითხვებზე გულწრფელად პასუხის გაცემას. როდესაც გამოკითხულთა 43% ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის, 58% ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ პრობლემად უმუშევრობას, 33% კი ჯანდაცვის ხელმიუწვდომელობას ასახელებს, როგორღა უჭერს ეს ხალხი მხარს ხელისუფლების პოლიტიკას?! ასეთ ვითარებაში რეიტინგებში მმართველი პარტია როგორ ლიდერობს? სად არის ლოგიკა?

- გაიზარდა იმ მოქალაქეთა რიცხვი (43%), რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის. თებერვალში კი გამოკითხულთა 34% ამბობდა, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის.

- აკი გითხარით, ხალხი ერთიან, ზოგად კითხვებზე გულწრფელად პასუხობს, მაგრამ თუ შეეკითხებიან, მიშა სააკაშვილის გამო არ არის დემოკრატიაო? ის დადებითად აღარ პასუხობს. შიშობენ, რომ შესაძლოა მათი ანკეტა ვიღაცას ხელში ჩაუვარდება და პრობლემები შეექმნებათ. ამიტომაც ვიღებთ პოლიტიკურ რეიტინგებში სხვა სურათს, რაც საეჭვოს ხდის ამ კვლევებს. ვვარაუდობ, რომ კვლევის შედეგი ხელისუფლებას უფრო ადრე ჰქონდა ნანახი, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენდნენ, რადგან მოსახლეობის სოციალური პრობლემები, რაც კვლევამ ასახა, ხელისუფლების წინასაარჩევნო სოციალურ  დაპირებებში უკვე გახმაურდა. ხელისუფლებამ კვლევის შედეგის შესაბამისად გასცა წინასაარჩევნო დაპირებები, რათა მოსახლეობას დაანახოს, სწორედ იმ პრობლემების გადაჭრას ვაპირებთ, რაც თქვენ გაწუხებთო. არადა, აქამდე გვარწმუნებდნენ, რომ ყველა სფეროში მოწინავე ვართ.

დასაქმების სამინისტრო შეგვიქმნეს, მაგრამ ვინ გაათავისუფლა ის ხალხი სამსახურებიდან, ვის დასაქმებაზეც ამ სამინისტრომ უნდა იზრუნოს? ჩვენ ხომ ერთი წლის წინ გვეუბნებოდნენ, სამსახურებიდან მხოლოდ კორუმპირებულები გავათავისუფლეთო და ამ კორუმპირებული ხალხის დასაქმებისთვის ვქმნით სამინისტროს?

დასაქმების სამინისტრო ამბობს, უმუშევართა ბაზები უნდა შევქმნათო, მაგრამ ამ ბაზაში მოხვედრილ ადამიანს პურის ფული გაუჩნდება, თუ რა პრობლემა გადაუწყდება? ჩვენს მეზობელ სომხეთში უმუშევრებს 50 დოლარის ოდენობის დახმარებას უხდის სახელმწიფო ეროვნულ ვალუტაში, ხოლო თუ უმუშევარს არასრულწლოვანი შვილები ჰყავს, სახელმწიფო თითოეულ ბავშვზე 30 დოლარს აძლევს. როდესაც სახელმწიფო უმუშევრებს შემწეობებს უხდის, მაშინ უჩნდება მოტივაცია, იზრუნოს სამუშაო ადგილების შექმნაზე. დასაქმება არ ნიშნავს, ადამიანს არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე რომ დაასაქმებ საწარმოში, რათა არჩევნებზე ხმა მოგცეს. ქვეყანაში უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რომ ბიზნესსაქმიანობა იოლი იყოს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ  NDI-ს რამდენიმე ქართველი თანამშრომელი შესაძლოა "ნაციონალების" საარჩევნო სიაში იყოს.

- ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი არის ლუის ნავარო, რომელიც საქართველოში დაბადებული არ არის, არ არის საქართველოს მოქალაქე და შესაბამისად, ვერც საარჩევნო უფლებით ისარგებლებს. ლუის ნავაროს რომ არ ვიხილავთ "ნაციონალების" სიაში, ცხადია, მაგრამ არ გამიკვირდება NDI-ს რამდენიმე წარმომადგენელი ვიხილოთ საპარლამენტო სიაში. ერთხელ ხომ ვნახეთ, რომ IRI-ს ხელმძღვანელი დიმიტრი შაშკინი თურმე "ნაცმოძრაობის" ისეთი მხარდამჭერი ყოფილა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამინისტრო ჩააბარეს. ჩნდება კითხვა, - როდესაც შაშკინი იყო IRI-ს ხელმძღვანელი, რამდენად სამართლიანად აფასებდა ეს ორგანიზაცია მოვლენებს.