"ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ხალხმა სიმართლე არ გაიგოს" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ხალხმა სიმართლე არ გაიგოს"

გასულ კვირას ტელეკომპანია "მაესტროს" 8 ათასი სატელიტური ანტენა დაუყადაღეს. ასეთი მოთხოვნით მთავარმა პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა, რასაც ანტენების დაყადაღება მოჰყვა. რატომ დააკავშირა პროკურატურამ "მაესტროს" ანტენები შპს "ელიტა ბურჯსა" და "გლობალ კონსალტინგთან", ან რატომ ჩათვალა, რომ "მაესტროს" ამომრჩევლის მოსყიდვა ჰქონდა განზრახული? როგორც ჩანს, აქ "რკინის ლოგიკა" უნდა ვეძებოთ.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია: "სატელიტური ანტენების რეალური მესაკუთრის დაფარვის მიზნით შპს "ელიტა ბურჯი" მზად იყო, ანტენების ეტიკეტების ხელახლა დასამზადებლად და შესაფუთად გადაეხადა რამდენიმე ასეული ათასი ამერიკული დოლარი, რათა არ გამჟღავნებულიყო რეალური მესაკუთრის, ანუ "ელიტა ბურჯისა" და "გლობალ კონსალტინგის" შესახებ მონაცემები. აღნიშნული სქემის განხორციელება სრულად ვერ მოხერხდა და ტვირთის ნაწილი, რომელიც საბაჟო დოკუმენტების მიხედვით "მაესტროს" საკუთრებაა, სინამდვილეში "გლობალ კონსალტინგს" ეკუთვნის. საბაჟოსთვის მიწოდებული დოკუმენტების მიხედვით, "მაესტროს" მიმწოდებელი არის იგივე თურქული კომპანია, რომელმაც ანტენები შპს "გლობალ კონსალტინგს" მიაწოდა".

გამოძიების ინფორმაციით, "პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნებისთვის" სატელიტური ანტენების იმპორტს თვალთმაქცური გარიგების მეშვეობით ახორციელებდა შპს "მაესტრო", რომელმაც ჩაანაცვლა "ელიტა ბურჯი" და სხვა კომპანიები". შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი (როგორც ჩანს, მეტი დამაჯერებლობისთვის) ოპერატიული მასალაც გაავრცელა ანტენების დაყადაღების თაობაზე. შს მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილის განცხადებით, ვიდეოფირი იმის დასადასტურებლად გავრცელდა, სატელიტური ანტენები "გლობალ კონსალტინგს" ეკუთვნის თუ "მაესტროს", რასაც ყუთზე მიკრული ეტიკეტებიც მიუთითებს.

მამუკა ღლონტი: "მე გავრცელებულ ვიდეოფირს ფალსიფიკაცია ვუწოდე.  ვერც კი გაიგებთ, საბაჟოზეა გადაღებული თუ არა, ნამდვილად "მაესტროს" ტვირთია თუ სხვა კომპანიის, როდისაა გადაღებული და ა.შ. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ "მაესტრო" რეგიონებში არ გავიდეს და ხალხმა სიმართლე არ გაიგოს. არჩევნების მოახლოებასთან ერთად ვითარება დაიძაბება.

- რას აპირებთ?

- ჩვენ უკვე გავასაჩივრეთ ანტენების დაყადაღების გადაწყვეტილება, სამართლიანობის იმედი არა გვაქვს და შესაძლოა ევროპულ სასამართლომდეც მივიდეთ. უახლოეს ხანში კი არ არის გამორიცხული, უფრო ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ შესაძლებელია "მაესტრო" დაიხუროს. ამ ვითარებას ჟურნალისტების სოლიდარობა სჭირდება. სავსებით შესაძლებელია, ჩვენს მდგომარეობაში ხვალ სხვა მედიასაშუალებაც აღმოჩნდეს.

გასულ კვირას ჟურნალისტებმა პარლამენტთან "მაესტროს" მხარდასაჭერი აქცია გამართეს, ხოლო "პალიტრამედიამ" განცხადებაც გაავრცელა:

"პალიტრამედია" მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ბრალდება, განსაკუთრებით მედიასაშუალებების მიმართ, მაქსიმალურად დასაბუთებული, გამოძიება კი გამჭვირვალე უნდა იყოს, რათა საზოგადოებას არ ჰქონდეს უპასუხო კითხვები და არ გაჩნდეს ეჭვები თავისუფლების შეზღუდვაზე. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს რადიკალური ღონისძიებებისგან და მისცეს ტელეკომპანია "მაესტროს" მაუწყებლობისა და განვითარების შეუზღუდავი შესაძლებლობა".