მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

არჩევნები, როგორც ომი

საქართველოში არჩევნები ომია, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. საქართველოში ხელისუფლების დაკარგვა ჯერ ისევ ნიშნავს თავის დაკარგვას. ამიტომ რა გასაკვირია, რომ ომია. ჯერ იყო და, ხელისუფლებისთვის ბრძოლაში ქართველები ტყვიას ვესროდით ერთმანეთს; მერეც, როდესაც ცოტა უფრო ცივილიზებულები გავხდით,  ტყვია უფრო "ჰუმანურმა" საგანმა, ქვამ შეცვალა. ჯერ 1999 წლის არჩევნებზე ესროდნენ "მოქკავშირის" მხარდამჭერები ქვებს "აღორძინების" მომხრეებს, მერე 2003 წლის არჩევნებზე უკვე სააკაშვილის მომხრეებს (თუ პირიქით) სცემდნენ და უშენდნენ ქვებს. დღეს 2012 წელია, მაგრამ ხელისუფლების მომხრეები რეგიონებში ისევ ქვებით და მუშტებით უსწორდებიან მოქიშპეებს. საინტერესოა, რით განსხვავდებიან სააკაშვილი და მისი მომხრეები შევარდნაძისა და მისი მომხრეებისგან, რომლებმაც მაშინდელ ოპოზიციას - "ნაციონალურ მოძრაობას" ბოლნისში ისეთივე დახვედრა მოუწყვეს, როგორც დღეს მერეთსა და კარალეთში ხვდებიან "ქართულ ოცნებას"?

ჩვენ ისევ ვარკვევთ, ვინ ისროლა ქვა პირველმა, ვინ მოიქნია პირველმა მუშტი, ვის აძლევს ხელს პოლარიზება და დაპირისპირება და ა.შ. საინტერესოა, "ნაციონალური მოძრაობისა" და მიხეილ სააკაშვილისთვის 2003 წელს რომ ეკითხათ, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ბოლნისში მომხდარ ინციდენტზეო, რას უპასუხებდნენ, - ოპოზიციასო? გარდა იმისა, რომ ხელისუფლებას ზოგადად მეტი პასუხისმგებლობა აქვს, არსად ოპოზიცია წინასაარჩევნოდ მოსახლეობასთან საჩხუბრად არ მიდის. ჩხუბით ხმებს ვერ მოაგროვებ. ეგაა, მაშინ, 2003 წელს, ხელისუფლებას ისეთი პროპაგანდისტული მანქანა არ ჰქონდა, როგორიც დღეს აქვს და ისე უსინდისოდაც ვერ იტყუებოდა, შეიძლება ამის სურვილი კი ჰქონდა, მაგრამ ძალა და უნარი - არა. დღევანდელ ხელისუფლებას კი სურვილიც აქვს, უნარიც და ძალაც.

ნეტავ, ოდესმე გვეღირსება არჩევნები თავ-პირის მტვრევის გარეშე? მაინტერესებს, ხელისუფლებისთვის რატომ არაფერი იცვლება, მიუხედავად იმისა, ოპოზიცია რევოლუციის გზას ირჩევს, თუ არჩევნების? როდესაც აქამდე ოპოზიციის დიდი ნაწილი გაიძახოდა, - ხელისუფლება ქუჩიდან უნდა შევცვალოთო, ქუჩებს კეტავდა და რევოლუციით იმუქრებოდა, ვფიქრობდი, ხელისუფლების აგრესიას ოპოზიციის ასეთივე აგრესიული მიდგომა იწვევს-მეთქი. დღეს ოპოზიცია მხოლოდ არჩევნების გზას აღიარებს, თუმცა ხელისუფლების სტრატეგიასა და ქმედებაში არაფერი იცვლება - ისევ მტრის ხატის შექმნა, ისევ პოლარიზება,  ისევ ქვები.

P.S. წინა კვირას სააკაშვილმა, ქობულეთში სტუმრობის დროს განაცხადა: "ვარდების რევოლუციის" ბრენდია - ყველაფერი ხალხისთვის!" როგორც ჩანს, "ყველაფერში" ქვებიც შედის.

თეფშით ან თეფშზე

რისი ეშინია დღეს ყველაზე მეტად ჩვენს ხელისუფლებას? - ოპოზიციის? ძლიერი მოწინააღმდეგის? არა. როგორც გაირკვა, ხელისუფლებას ეშინია თეფშების. სატელიტური ანტენები, რომლებსაც ფორმის გამო თეფშებს ეძახიან, ხელისუფლებამ თავისი ანტიდემოკრატიულობის სიმბოლოდ აქცია. ოღონდ მთელ საქართველოს არ ჰქონდეს არასახელისუფლებო არხების ნახვის საშუალება და ის მზადაა, ყველაზე დიდ აბსურდშიც კი ჩავარდეს. დააყადაღოს თეფშები, ჯერ "მეცხრე არხის", შემდეგ "მაესტროსი" და ყველაფერი ამომრჩევლის მოსყიდვას დაუკავშიროს. მე არ ვაპირებ, ბრალდების დეტალურ განხილვას. ვისაც გჯერათ, რომ ხელისუფლება ამ თეფშებს ამომრჩევლების მოსყიდვის გამო აყადაღებს, გაგატარებთ. მოტივის რეალური საფუძვლის გასაგებად კი საკმარისი მხოლოდ უახლესი მაგალითების მოხმობაა. კარალეთის ინციდენტის შემდეგ სახელისუფლებო არხებმა მთელ საქართველოს ამცნეს, რომ ინციდენტი კახა კალაძის პროვოკაციულმა საქციელმა გამოიწვია. ჩვენ გვაჩვენეს, როგორ იგინება კალაძე, როგორ ისვრიან ვიღაცები ქვებს, კალაძის დაცვა როგორ იღებს იარაღს და გვეუბნებიან, - ნახეთ, ყველაფერი ამის ბრალიაო. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ კაცი თუ ოდნავ მაინც აზროვნებს, ალბათ საკუთარ თავს ჰკითხავს, კალაძე გიჟი ხომ არაა, გინება უმიზეზოდ დაეწყოო; მაგრამ რადგან მიზეზს არ გაჩვენებენ, უნდა იმარჩიელო. შენი ფანტაზია კი ვერაფრით გასწვდება ისეთ მოტივს, რის გამოც ხალხთან შესახვედრად მისულმა თუნდაც ახალგამომცხვარმა პოლიტიკოსმა შეიძლება გინება დაიწყოს. მერე ლოგიკურად იფიქრებ, - განა, ასეთი რა უთხრეს, რომ ვერ მოითმინა. პოლიტიკაში თუ მოვიდა, თმენის ვალდებულება აქვს და არ უნდა აჰყოლოდაო და დაიჯერებ, რომ ხელისუფლება და მისი მომხრეები ამ ამბავში უბრალონი არიან. ხოლო თუ თქვენ გაქვთ სატელიტური ანტენა და გაქვთ საშუალება, "მეცხრე არხს" ან "მაესტროს" უყუროთ, ნახავთ: გინებისა და ჩხუბის დაწყებამდე ერთი წუთით ადრე როგორ ეუბნება კალაძეს ხელისუფლების ერთ-ერთი მომხრე: - შენი ძმა შენ მოკალი, რადგან ფული არ გადაიხადეო.

ვინც ასეთი ბრალდების შემდეგ მშვიდად დარჩებოდა და თმენის ვალდებულებაზე იფიქრებდა, პირველი ქვა კალაძეს იმან ესროლოს.

ასეთი ამბის შემდეგ შეიძლება იფიქრო, კიდევ რითი შეიძლება გამაკვირვონ ამ ტელევიზიებმაო, მაგრამ წინა კვირას ტელეკომპანია "იმედმა" საკუთარი რეკორდი მაინც გააუმჯობესა. ამბავი ასეთია: ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ბერძენიშვილს შეეშალა და მერაბიშვილის მაგივრად თქვა - ივანიშვილი. ბერძენიშვილს უნდოდა ეთქვა, რომ მერაბიშვილი არის დამნაშავე და უნდა გასამართლდეს, რომ მისი ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის, მაგრამ თქვა: - ივანიშვილი უნდა გასამართლდეს, მისი ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არისო. რადგან მანამდე საუბარი სწორედ ვანო მერაბიშვილს შეეხებოდა, ვინც ამ ინტერვიუს უყურა, ყველა მიხვდა, რომ ბერძენიშვილს ეს ორი გვარი ერთმანეთში მექანიკურად აერია. "იმედმა" კი მეორე დღეს, ეთერში, ინტერვიუს მხოლოდ ეს ნაწყვეტი აჩვენა ასეთი წარწერით: "ბერძენიშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ. სენსაციური განცხადება." შედეგად - ყველამ, ვინც რეგიონში ცხოვრობთ და ეს ინტერვიუ სწორედ სატელიტური თეფშის უქონლობის გამო "მაესტროზე" ვერ ნახეთ, დაიჯერეთ, რომ "ქართულ ოცნებაში" განხეთქილებაა და უკვე ერთმანეთს დაერივნენ(!).

ამის შემდეგ თუ ისევ ფიქრობთ, რაიმე იურიდიული დასაბუთებაა საჭირო იმის დასამტკიცებლად, რომ სატელიტურ ანტენებს ხელისუფლება ამომრჩეველთა მოსყიდვის გამო არ აყადაღებს, თუ ამის ისევ გჯერათ, უკვე აღარ ვიცი, საით უნდა გაგატაროთ.

P.S.  მიუხედავად ასეთი სერიოზული მდგომარეობისა, ბოლოს მაინც შევეცდები, გავიხუმრო: ძველი ბერძნები ომში წასვლის წინ ამბობდნენ: "ფარით ან ფარზე!", რაც იმას ნიშნავდა, რომ ომიდან ან ფარით ხელში, გამარჯვებული უნდა დაბრუნებულიყავი, ან გმირულად დაღუპულიყავი და ტრადიციისამებრ ფარზე დასვენებული უნდა ჩამოეყვანეთ. ჰოდა, რადგან აღმოჩნდა, რომ საქართველოში დემოკრატიის არსებობა-არარსებობა სატელიტური ანტენების დამონტაჟებაზეა დამოკიდებული, რომლებსაც ხელისუფლება აყადაღებს, ჩვენი დევიზი დღეს ასეთი უნდა იყოს: თეფშით, ან თეფშზე!