ხელისუფლება მითურ დაპირებებს იძლევა და სრულიად არაადეკვატურია" - კვირის პალიტრა

ხელისუფლება მითურ დაპირებებს იძლევა და სრულიად არაადეკვატურია"

ინგა გრიგოლია: "კახეთში ისეთი ვითარებაა, ცხარე ცრემლით იტირებს, ვინც საკუთარი თვალით ნახავს"

"ძალიან ვიდარდე, რომ ერთი პურის ჩატანაც არ შემეძლო იმ ხალხთან, რომლებიც შიმშილის ზღვარზე არიან. ქრისტიან-დემოკრატებს დიდი სურვილი გვქონდა, დავხმარებოდით იმ ხალხს, რომელსაც კახეთში ასეთი უბედურება დაატყდა თავს, მაგრამ ამ დრაკონული კანონებიდან გამომდინარე, არც ჩვენ მოგვეცა ამის საშუალება. არსებობს ქვეყნის ცხოვრებაში ისეთი დღეები, როდესაც პოლიტიკა ყველამ გვერდით უნდა გადავდოთ, რათა გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანს გვერდით დავუდგეთ და მდგომარეობა შევუმსუბუქოთ", - მითხრა ინგა გრიგოლიამ, რომელსაც ტელეფონით მაშინ დავუკავშირდი, როდესაც საჩხერეში მოსახლეობას ხვდებოდა:

- მაშინ, როდესაც ქართველი საზოგადოება პოლარიზებულია, თქვენი პარტიის, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მოსახლეობასთან შეხვედრებმა რა გაჩვენათ?

- დღეს მართლაც პოლარიზებულია საზოგადოება და ველოდით, რომ ის გადანაწილდებოდა ხელისუფლებასა და "ქართულ ოცნებას" შორის, მაგრამ ფაქტია, ჩვენი მხარდამჭერების რიცხვი არ შემცირებულა. ქუთაისში ჩატარებული ფორუმი ჩვენთვის იყო ტესტი იმისა, რომ არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატებს ძალიან კარგი შედეგი ექნებათ. ახლა საჩხერეში ვარ, სადაც ჩვენს მხარდამჭერებს შევხვდი და ესეც ერთგვარი ტესტი იყო. არ მინდა ჩემს დემაგოგ რესპონდენტებს დავემსგავსო, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ საპარლამენტო არჩევნებზე კარგ შედეგს მივიღებთ.

ივანიშვილი თავისი საარჩევნო შედეგებით ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი რომ იქნება, ცხადია. ბრმა უნდა იყო, რომ დაუკარგო, რაც საჩხერელებს გაუკეთა, მაგრამ ჩვენც გვყავს აქ სერიოზული გუნდი, რომელიც დღეს არ შექმნილა.

- ქრისტიან-დემოკრატები სტიქიით დაზარალებულ კახეთშიც ჩახვედით. რა ვითარება დაგხვდათ.

- ჩემი გუნდი იმითაც მომწონს, რომ კრიზისულ ვითარებაში ტრიბუნებიდან არ ვაკეთებთ განცხადებებს. როცა კახეთი სტიქიამ წალეკა, 2 დღე ყველა ჩვენი ლიდერი ეხმარებოდა სხვადასხვა ოჯახს. კახეთში უმძიმესი ვითარებაა. ხელისუფლება მითურ დაპირებებს იძლევა და სრულიად არაადეკვატურია. ხალხი ისე დაზარალდა, როგორ ეყოფა 1.500 ლარი. კახელებმა სამი წლით დაკარგეს სარჩო-საბადებელი, ბევრს სახლიც აღარ აქვს. როგორც გიორგი თარგამაძემ განაცხადა, მოვითხოვთ სახელმწიფოსგან ვალების რესტრუქტურიზაციას ერთით კი არა, სამი წლით. კახეთში ისეთი ვითარებაა, ცხარე ცრემლით იტირებს, ვინც საკუთარი თვალით ნახავს.

- როგორ შეაფასებთ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, გადაიხადოს ჯარიმა იმ პირობით, თუ თანხა სტიქიით დაზარალებულებს მოხმარდება?

- ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ გაჭირვების დროს ხალხს დაუდგეს გვერდით. ამიტომაც ვაპროტესტებთ იმ კანონებს, რომლითაც პოლიტიკოსებს შეეზღუდათ მოსახლეობის დახმარება. მე რომ მკითხონ, ჩვენს ქვეყანას არა აქვს პოლიტიკური კრიტერიუმების დაწესების ფუფუნება იმ დროს, როდესაც ასეთი გაჭირვებაა ქვეყანაში.

- აღმოვჩნდით ფაქტის წინაშე, რომ სარეზერვო ფონდებში თანხა არ აღმოჩნდა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად.

- ხელისუფლება წინასაარჩევნო ყველა ღონისძიებას სარეზერვო ფონდებიდან აფინანსებს. ყველაფერი წინასაარჩევნო კამპანიისა და პიარისკენ არის მიმართული, რათა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა შეინარჩუნონ ხელისუფლება. სააკაშვილი თავის მინისტრებიანად უნდა წავიდეს. ამბობენ, ვანო კარგი მენეჯერიაო. ვანო იყო ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღებთა სამეულში; ვანო იყო ყველაზე გავლენიანი მინისტრი და ამიტომაც ერთად უნდა წავიდნენ ხელისუფლებიდან.

- ხომ არ გეგმავთ ქრისტიან-დემოკრატები ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობას?

- ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას ქრისტიან-დემოკრატებიდან პირველი მე მივესალმე. სამწუხაროდ, ივანიშვილმა თვითონ გაავლო ხაზი ჩვენსა და მის პოლიტიკურ გუნდს შორის. ქრისტიან-დემოკრატების "ცუდ ტიპებად" გამოცხადება ივანიშვილისაგან წამოვიდა და არ ვაპირებთ, ვეხვეწოთ, ვითანამშრომლოთო.  ივანიშვილს თვითონ რომ არ გაევლო სადემარკაციო ხაზი, შესაძლებელი იყო, გვენახა ოპოზიცია, რომელიც პოლიტიკურ ბრძოლაში ერთმანეთს დაუჭერდა მხარს. ამიტომაც ვინმეს მოვწონვართ თუ არა, ამის მიხედვით არ ვაპირებთ პოლიტიკური სარბიელის დატოვებას. დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებში ძალიან კარგი შედეგი გვექნება. მალე დავასახელებთ მაჟორიტარებს და გაძლევთ პირობას, მათი ვინაობის გამოცხადება გააათმაგებს ჩვენს მხარდამჭერთა რიცხვს. თუ ოპოზიცია დედას არ აგინებს, ლაფის სროლას არ დაუწყებს ერთმანეთს და ვექტორს მიშას მთავრობაზე მიმართავს, ვვარაუდობ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობაში ვეღარ მოხვდება. თუ საარჩევნო კამპანია ნორმალურად წარიმართა, მომავალ პარლამენტში უმრავლესობაში იქნება ოპოზიცია. ოპოზიციიდან ჩვენ გარდა გამოკვეთილია "ქართული ოცნება". თუმცა, შეიძლება საარჩევნო კამპანიამ კიდევ ბევრი რამ შეცვალოს.

იზო რიკაძე

"უბედურებას სიტყვა არ შველის"

იაკუბ კოლასი