ვინ და რამდენად იყიდა პარლამენტის შენობა?! - კვირის პალიტრა

ვინ და რამდენად იყიდა პარლამენტის შენობა?!

გია ცაგარეიშვილი: "რა, ბოშათა ბანაკი ვართ?!"

დეპუტატებმა ბარგი შეკრეს. ფრაქციების აპარატების წევრები ამბობენ, რომ ოთახების დაცლის მითითება პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისგან მიიღეს. ეს მოთხოვნა ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადეს ფრაქცია "ერთობა სამართლიანობის" წევრებმა და ოთახების დატოვებაზე უარი თქვეს. "კვირის პალიტრას" პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ესაუბრა.

- ჩვენი აპარატის უფროს ნანა მურადაშვილს დაახლოებით 4 დღის წინ დაუკავშირდნენ პარლამენტის სამეურნეო და საორგანიზაციო კომიტეტების წევრები და უთხრეს, ოთახები უნდა დაცალოთო. უნდა აღირიცხოს, თუ რისი გატანა გვინდა პარლამენტის შენობიდან, რაც შემდგომ აპარატის უფროსს გაეგზავნება. რაც არ არის ჩვენი საკუთრება, ოთახებში უნდა დარჩეს. ინვენტარი პარლამენტის თანამშრომლებმა რამდენჯერმე აღწერეს, ამჯერად კი ოთახები უნდა დავცალოთ. ეს მოთხოვნა კანონიერ საფუძველს მოკლებულია. დაუშვებელია სამი თვით ადრე მოსთხოვო დეპუტატს სამუშაო ოთახის დატოვება, ვიდრე უფლებამოსილება შეუწყდება.

- პარლამენტის აპარატის უფროსმა დავით ჯანიაშვილმა უარყო, რომ დეპუტატებს ოთახის დაცლა მოსთხოვეს.

- მას შემდეგ უარყო, რაც განცხადება გავაკეთეთ. ერთი გენახათ, როგორ ალაგებდნენ ნივთებს ნუგზარ წიკლაური ან გოკა გაბაშვილი. ივლისის შუა რიცხვებში რომ მეუბნებიან, პარლამენტი დატოვეო, სამარცხვინოა.

- უმრავლესობის წევრებს ან ქრისტიან-დემოკრატებს ბარგი სად გადააქვთ?

- ქრისტიან-დემოკრატებმა თქვეს, ოფისი გვაქვს და იქ გადავალთო. "ნაციონალებსაც" უზარმაზარი ოფისი აქვთ აეროპორტის გზაზე. წასასვლელი შესაძლოა ჩვენც გვქონდეს, მაგრამ ოთახს პრინციპულად არ დავტოვებთ. ისიც გვითხრეს, ყუთებში ჩალაგებული ნივთები  C კორპუსიდან A-ში (სადაც სხდომათა დარბაზი და პრეზიდენტის ფლიგელია) უნდა გადაიტანოთო. ე. ი. ამ ყუთებიანად, ყველა ერთად უნდა ვიყოთ ამ კორპუსში? რა, ბოშათა ბანაკი ვართ?! პარლამენტარები ყუთებზე არ უნდა ისხდნენ, მათ სამუშაო პირობები უნდა ჰქონდეთ. ახლაც საჭირო შეიქნა საგანგებო სხდომის მოწვევა, რადგან კახეთს სტიქია დაატყდა თავს, ბიუჯეტში კი საჭირო თანხები არ არის და ცვლილებაა საჭირო. ღმერთმა ქნას, აგვისტო მშვიდობიანი იყოს, მაგრამ სად მივდივართ მაშინ, თუ 2008 წლის აგვისტოს მსგავსად განვითარდება მოვლენები? სად უნდა შევიკრიბოთ?

- ხომ არსებობს ქუთაისის პარლამენტი?

- იქ რემონტი მიმდინარეობს, ჩაფხუტებით უნდა ვისხდეთ?

- თქვენი აზრით, რატომ სთხოვენ ასე ადრე ბარგის შეკვრას დეპუტატებს?

- შენობის გაყიდვა გადაწყვეტილია. ამბობენ, რომ მყიდველი ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესჯგუფია. ლაპარაკია სასტუმრო "ამბასადორის" მფლობელ ბუბა ქებურიაზე. ამბობენ, 50 მლნ დოლარი უნდა გადაიხადოს, აქედან 25 მლნ გადახდილი ჰქონია. სხვათა შორის, სასტუმროების ცნობილი ქსელის, "კემპინსკის" სახელიც გახმაურდა. კულუარებში თქვეს, რომ "კემპინსკისთვის" შეუთავაზებიათ, შემოდი შენობაში, მოაწყვე, რაც გინდა - სასტუმრო, კაზინოო, მაგრამ ვერ დაითანხმეს ინვესტორი, რომელიც, როგორც ჩანს, არჩევნების ჩავლას ელოდება. ამიტომ ხელისუფლება ისევ "მეწველ ძროხას", ადგილობრივ ბიზნესმენს მიადგა. შესაძლოა, მას მიჰყიდონ ეს შენობა, შემდეგ კი მართვის უფლება 49 წლით (ან უფრო მეტით) მისცენ "კემპინსკის". მსმენია, რომ ძველი თბილისის ტერიტორიაზე ახალი ლაღიძის წყლებიც ქებურიას საკუთრება იყო.

ხელისუფლება შენობის გაყიდვას ჩქარობს, იცის, თუ "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, პარლამენტი თბილისში დაბრუნდება.

- ადრეც ყოფილა ლაპარაკი, პარლამენტის შენობა იყიდებაო, მაგრამ არ დადასტურდა.

- რამდენიმე თვის წინ პარლამენტს არაბ ინვესტორთა ჯგუფი ეწვია. მაშინ ითქვა, შენობის ყიდვა უნდათო, მაგრამ, როგორც ჩანს, გადაიფიქრეს. ვიცი, რომ ხელისუფლება ებრაელ ბიზნესმენებსაც, რომლებიც მერაბიშვილსა და თოფურიძეს დააჭერინა, სთავაზობდა, თუ გინდათ, გაგათავისუფლოთ,  100 მილიონ ლარად იყიდეთ შენობა და შემდგომ იჯარით გადმოგვეცითო...

- აქციები ყოველთვის პარლამენტის შენობის წინ იმართება. აქ თუ სასტუმრო ან კაზინო იქნება, აქციების გამართვა უხერხულიც კი იქნება.

- საქართველოს ბედი ყოველთვის რუსთაველის პროსპექტზე წყდებოდა. დარწმუნებული ვარ, ხალხი ისევ იქ შეიკრიბება და არა აქვს მნიშვნელობა, პარლამენტის შენობაში კაზინო იქნება თუ სასტუმრო.

პარლამენტი ქუთაისში ისე გადაიტანეს, მოსახლეობისთვის აზრი არავის უკითხავს. იმერელი ვარ დედითაც და მამითაც, ძალიან მიყვარს ქუთაისი, იქ ვარ გაზრდილი და ვიცი, რა პრობლემებიც აქვთ ქუთაისელებს. პარლამენტის გადატანას სჯობდა, ქუთაისის თვითმმართველობა გაეძლიერებინათ, მიზნობრივი პროექტები დაეფინანსებინათ. ქვეყანას ისედაც ძვირი უჯდება პარლამენტი ქუთაისში. როგორც ფინანსთა მინისტრმა თქვა, 150 მილიონი უკვე დახარჯულია. არადა, უკვე არსებობს წინა პირობა, რომ პარლამენტის მუშაობა შეფერხდეს. საქმე ის არის, რომ რიგით დეპუტატს მხოლოდ ხელფასი 2.500 ლარი აქვს. შეიძლLება ვინმეს ეს დიდ ანაზღაურებად მოეჩვენოს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ბინის ქირის ფასი ქუთაისში 500-600 ლარამდე გაიზარდა, რასაც კომუნალური და სამგზავრო ხარჯები დაემატება, ოჯახი რით უნდა არჩინოს? გამოდის, დეპუტატს უფლებამოსილების შესასრულებლად შესაბამისი პირობები არა აქვს. კანონით მხოლოდ მაჟორიტარ დეპუტატებს (არა თბილისელებს) ეკუთვნის სახელმწიფოსგან ბინის ქირის თანხა - 500 ლარი. პროპორციული სიით გასულებმა რა ქნან?!

- გამოდის, ან ხელფასი უნდა გაიზარდოს, ან დეპუტატმა უნდა იმყოფინოს.

- ეს თანხა დეპუტატს საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს ვერ შეუქმნის. ქვეყანა ღარიბია და ხელფასის გაზრდის ფუფუნება არა აქვს. ამიტომაც, ქუთაისის პარლამენტში  მუშაობა პარალიზებული იქნება.

პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელის დავით ჯანიაშვილის განცხადებით, პარლამენტის შენობის ფართობი 51 000 კვმ-ია.

უძრავი ქონების სააგენტოს ინფორმაციით, პარლამენტის შენობის საბაზრო ღირებულება მინიმუმ 51.000.000 დოლარს შეადგენს, ანუ 1 კვმ-ის ფასი 1.000 დოლარია

ვინ არის ბიზნესმენი ბუბა ქებურია

გავრცელებული ინფორმაციით, ის საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში საქმიანობს. პარიზში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია მისი აშენებულია. დაუზუსტებელი ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს პრეზიდენტის ბიზნესებს კურირებს.

მოძრაობა "საქართველოს გზის" წევრის, მამუკა ბალიაშვილის აზრით, შესაძლებელია ბუბა ქებურიას უკან რომელიმე მაღალჩინოსანიც იდგეს, რომლის მიზანიც, ერთი მხრივ, პარლამენტის შენობის ხელში ჩაგდება და მეორე მხრივ კი, გადახდილი თანხის "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ფონდში მოხვედრაა.