მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

სტიქია და პოლიტიკა

საინტერესოა, როგორი იქნებოდა ჩვენი პოლიტიკოსების რეაქცია კახეთში მომხდარ სტიქიაზე, არჩევნები რომ არ ახლოვდებოდეს? საინტერესოა, გადასახლდებოდა თუ არა ხელისუფლება კახეთში და ივლიდა თუ არა ასე კარდაკარ პრეზიდენტი? დაბეჯითებით ვერც "კი"-ს იტყვი და ვერც "არა"-ს. ყველა შემთხვევაში სპეკულაცია გამოვა, თუმცა თავისუფლად შეგვიძლია ჩვენს შთაბეჭდილებაზე ვისაუბროთ. შთაბეჭდილება კი ასეთია: რაც უნდა ცინიკურად ჟღერდეს, მეჩვენება, რომ მათ სტიქიამ სულზე მოუსწრო. განსაკუთებით ეს ხელისუფლებაზე ითქმის, რომელიც ამ ყველაფრით კარგ პიარს იკეთებს. შემომხედეთ, ხალხზე ფიქრით არც დღე მძინავს და არც ღამე, - ასეთია ხელისუფლების პოზა. ბუნებრივია, ვერაფრით დაამტკიცებ, არჩევნები რომ არა, ხელისუფლება ამ ხალხს გასაჭირში მიატოვებდაო, მაგრამ დღეს პიარზე გათვლილი მათი ნაბიჯები ძალზე თვალში საცემია.

პრეზიდენტი სტიქიიდან მეორე დღეს მილანში საშოპინგოდ კი აღარ მიდის, არამედ, ადგილზე ჩადის და იქიდან ფეხს არ იცვლის.

რადგან არჩევნები ასე მოახლოვდა, არც ოპოზიციას სურს ჩამორჩეს მოვლენებს. "ქრისტიან-დემოკრატები" კახეთში ჩავიდნენ და იქიდან გააკრიტიკეს ხელისუფლება, 1.500-ლარიანი დახმარება არაადეკვატური შეთავაზებაა, თითოეული ოჯახის ზარალი გაცილებით დიდიაო. კახეთში ჩასვლა არც "ახლებმა" დააყოვნეს. ბიძინა ივანიშვილმა კი, ორიგინალური ხერხი მოიფიქრა: ბიუჯეტში სახელმწიფოს მიერ დაკისრებული ჯარიმიდან 10 მილიონი შეიტანა, რათა ხელისუფლებას კომპენსაციის დარიგების საშუალება ჰქონდეს. მისი მხრიდან ეს მართლაც  კარგი ნაბიჯია, მაგრამ როგორ გინდა ამ დროს, სააკაშვილის მილანში ვოიაჟის მსგავსად, არ გაგახსენდეს ერთი კვირის წინ კარალეთელი დევნილის ნათქვამი: "ახლა რომ მოდიან ჩვენთან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, აქამდე სად იყო ივანიშვილი, სახლებიდან რომ გამოგვყარეს, ჩვენთვის ერთი ჩანგალი მაინც მოეტანაო".

მოკლედ, ამ სტიქიამ ჩვენი სიტუაცია კიდევ უფრო დაამსგავსა ცირკს. პოლიტიკოსები ცდილობენ ყველაფერი, მათ შორის სტიქიაც თავის სასარგებლოდ გამოიყენონ. ყველაზე სასაცილო კი ის არის, მერე ერთმანეთს რომ საყვედურობენ, ხალხის უბედურებაზე ქულებს ნუ იწერთო.

გვექნება თუ არა რევოლუცია

მოდით, ერთმანეთს ქვები აღარ ვესროლოთ,  - შესთავაზა ხელისუფლებამ ოპოზიციას, რომელსაც უკვე დაუშინა ქვები. მოდით ერთმანეთს თავ-პირი აღარ დავამტვრიოთ და არ ვიომოთ, ამბობს ხელისუფლება, რომლისთვისაც ყოველი არჩევნები სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. მოდით, თამაშის წესები დავიცვათ, გამოდის ინიციატივით ხელისუფლება, რომელიც არასდროს იცავს ამ წესებს, რომელიც მზადაა, ყველა მეთოდით - დაშვებულით, თუ აკრძალულით იბრძოლოს, მზადაა, ყველა, ვინც მის წინააღმდეგაა, რუსეთის აგენტად გამოაცხადოს, მზადაა ტელევიზიას ანტენები ჩამოართვას და მოიქცეს ისე, როგორც ირანის ხელისუფლება იქცევა, მზადაა, ყველა ნაციონალური მაუწყებელი თავის პიარზე და ოპოზიციის გაშავებაზე ამუშაოს, ოღონდ ხელისუფლებაში დარჩეს. მზადაა, ყველანაირად შეზღუდოს ოპოზიცია, რომ მას განვითარების მცირე შანსიც არ ჰქონდეს, თუ ეს ოპოზიცია მის კონტროლქვეშ არაა. და სწორედ ასეთი ხელისუფლება გამოდის ინიციატივით, მოდით, კარგად მოვიქცეთ, შევთანხმდეთ, რომ აწი წესიერად და კარგად მოვიქცევით, კარგი ბიჭები ვიქნებით, თუ კანონს დავემორჩილებითო. და რა უნდა ქნას ასეთ დროს ოპოზიციამ?

მით უმეტეს, თუ ამ ყველაფრის სანაცვლოდ ხელისუფლება ოპოზიციისგან არჩევნების აღიარების პირობას ითხოვს. თუ ოპოზიცია უარს იტყვის, ხელისუფლება პიარს ააგორებს, შეხედეთ, არ უნდათ არჩევნების წესიერად ჩატარება და, რაც მთავარია, არჩევნების შემდეგ არეულობისთვის ემზადებიანო. თუ დათანხმდება, მოუწევს წინასწარ შეეგუოს უსამართლო გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს. ხელისუფლებამ იცის, როგორ შექმნას თავისთვის მომგებიანი სიტუაციები. ხელისუფლება, ჩემი რწმენით, ნდი-ს გამოკითხვებმა შეაშფოთა. იმ გამოკითხვის თანახმად, 27% ამბობდა, რომ მზადაა, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის მოწოდებაზე ქუჩაში გამოვიდეს. აქციებისთვის 27% ძალიან დიდი ციფრია. ამომრჩევლების 27%-ის ქუჩაში გამოსვლა უპირობოდ ნიშნავს სიტუაციის დესტაბილიზაციას. ხოლო ივანიშვილს ზოგიერთებივით მილიონი ლარის შეთავაზებით აქციის დაშლაზე ვერ დაითანხმებ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ გამოკითხვის შედეგია ხელისუფლების მიერ ასე სასწრაფოდ შემუშავებული დეკლარაცია.

დაველოდოთ, რას იზამს "ქართული ოცნება", მოაწერს, თუ არა ხელს ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ დეკლარაციას. სწორედ ეს გამოაჩენს, როგორია მისი არჩევნების შემდგომი გეგმები.

P.S. ისე, მე რომ ხელისუფლების ადგილზე ვყოფილიყავი, არც ძველი პარლამენტის შენობის გაყიდვას ვიჩქარებდი და არც კონსტიტუციაში ჩავწერდი, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი აუცილებლად ქუთაისში უნდა შეიკრიბოს. ჰოდა, თუ ივანიშვილი მიტინგს ქუთაისში გამართავდა, პარლამენტს თბილისში შევკრებდი, ხოლო თუ თბილისში გამართავდა აქციას, მაშინ - ქუთაისში. ახლა, 100, თუ 200 ათასი კაცით წინ და უკან ხომ არ ირბენდა?

ამავე თემაზე |ვიდეორეპორტაჟები

- "ლამის თავი ჩამოვიხრჩო!" - კახელი გლეხის ემოციური ვიდეო

- განადგურებული სოფლები და მოსავლის გარეშე დარჩენილი გლეხები - კახეთის სტიქიის შედეგები

- თვითმხილველები კახეთის სტიქიურ უბედურებაზე ყვებიან