სპეცოპერაცია "თეფში", ანუ იპოვეთ ერთი განსხვავება - კვირის პალიტრა

სპეცოპერაცია "თეფში", ანუ იპოვეთ ერთი განსხვავება

"ეს ყველაზე თვალსაჩინო შედარებაა"

"საპარლამენტო არჩევნების წინ, სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს და ოჯახებში დამონტაჟებული ათასობით სატელიტური ანტენა "დააპატიმრეს" - დარწმუნებული ვარ, იფიქრეთ, რომ ეს სიტყვები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ასახავს. არადა, ირანია...

რამდენიმე თვის წინ, მთელი მსოფლიო თითს იშვერდა მაჰმუდ ახმადინეჯადის ავტორიტარული რეჟიმისკენ, როცა მისი განკარგულებით მოსახლეობას სახურავებიდან სატელიტური ანტენები მოუგლიჯეს და ნაკუწებად აქციეს. ირანში მყოფმა უცხოელმა დამკვირვებლებმა ეს ფაქტი შეაფასეს როგორც მასობრივი ზეწოლა მთავრობის მხრიდან დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე და მოსახლეობისთვის ალტერნატიული ინფორმაციის მიღების შეზღუდვა. დამოუკიდებელი ინფორმაცია კი ირანში მეტწილად უცხოური სატელიტური მაუწყებლებით ვრცელდება. ეს ძალიან მოსწონს ირანელ მაყურებელს, რადგან სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობა ადგილობრივი ფოლკლორისა და ხელისუფლების მიერ მოწოდებული, მშრალი ინფორმაციის გარდა თითქმის არაფერს გადმოსცემს.

რა განსხვავებაა ირანის ავტორიტარულ ხელისუფლებასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის, თუ ეს უკანასკნელიც იმავე მეთოდებს მიმართავს? საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ "გლობალ TV"-ის სატელიტური ანტენების დაყადაღება და დემონტაჟიც მოახდინა, შემდეგ კი ტელეკომპანია "მაესტროს" თეფშები "დააპატიმრა". ოფიციალურად ამის მიზეზად ამომრჩეველთა მოსყიდვა დასახელდა, რეალურად კი, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მოსახლეობაში საინფორმაციო ვაკუუმის შექმნას ცდილობს.

თუმცა ჩვენსა და ირანს შორის ერთი განსხვავება მაინც არის. ის მაინც ავტორიტარული სახელმწიფოა და მათი სამართალდამცავებიც არაცივილიზებული მეთოდებით მოქმედებდნენ - ამტვრევდნენ და ანადგურებდნენ სატელიტურ თეფშებს. ჩვენ კი პრეტენზია გვაქვს, რომ დემოკრატიას ვაშენებთ ქვეყანაში და ევროპისკენ გვიჭირავს თვალი. ამიტომ, არ ვამტვრევთ თეფშებს, უბრალოდ ჩვენმა ხელისუფლებამ ქვეყანაში სატელიტური ანტენების გავრცელების შესაძლებლობა საფუძველშივე მოსპო და ცოტა ხნის წინ, "თეფშებით" მოვაჭრე რამდენიმე მაღაზია იძულებით დააკეტვინა მათ მფლობელებს(?!).

მამუკა ღლონტი, ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებელი: "ბოლო დროს საქართველოში ჰიტლერიზმის ნიშნებს ვხედავ - "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ თუ ვინმე მათ პოზიციას არ იზიარებს, მათი მტერია, შეცდომაშია შეყვანილი და ეს ნებისმიერი ძალით უნდა აღკვეთონ, თუნდაც ამისთვის მათი ფიზიკური განადგურება გახდეს საჭირო. მთელი ქვეყანაც რომ იყოს მათგან განსხვავებულ პოზიციაზე, მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ისინი ღაღადებენ ჭეშმარიტებას. ერთი შემთხვევა მაინც გაიხსენეთ, როცა "ნაცმოძრაობამ" აღიარა, რომ დამნაშავეა ან დაპირება ვერ შეასრულა და ამის გამო ბოდიში მოიხადა...

ირანის და საქართველოს პარალელი თვალსაჩინო შედარებაა. რაც ირანისთვის ახმადინეჯადია, იგივეა სააკაშვილი საქართველოსთვის. XXI საუკუნეში ვეროპისკენ, ნატოსკენ ისწრაფოდე და ამავე დროს მედიასაშუალებას უზღუდავდე უფლებას, გააფართოვოს თავისი მაუწყებლობის არეალი, ჩამოართვა "თეფშები", ბაზრობაზე აღკვეთო ანტენების გაყიდვა, ნონსენსია.

- რა მოხდებოდა ევროპაში, მაგალითად, მერდოკისთვის რომ შეეზღუდათ მაუწყებლობა, ან ბერლუსკონის მედიაკომპანიებისთვის ანტენები დაეყადაღებინათ...

- წარმოუდგენელია, ასეთი რამ ევროპაში არ მოხდება, რადგან ამაში სასამართლო და პოლიცია ჩაერევა. კანონით, ქონებას აყადაღებენ მაშინ, როცა ბრალდებული არსებობს. ჩვენთვის კი ბრალი არავის წაუყენებია. სასამართლომ და პროკურატურამ მიიღო აბსურდული გადაწყვეტილება, როცა არ არსებობს ბრალდებული და ყადაღა დაადო იურიდიული პირის ქონებას. ცივილიზებულ ქვეყნებში ასეთი უკანონო მცდელობა ძირშივე იქნებოდა აღკვეთილი სამართალდამცავი უწყებების მხრიდან".

ია ანთაძე, ჟურნალისტი: "პირველ რიგში უნდა განვმარტოთ, რა განსხვავებაა ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ "მასტ ქერისა" ("უნდა გადასცე") და თეფშებს შორის. თუ ეს არ განვმარტეთ, შეიძლება შემოგვიბრუნდეს ვინმე და გვითხრას: აი, ხელისუფლება დათანხმდა "მასტ ქერის" და ადამიანებს ხომ შეუძლიათ მიიღონ ალტერნატიული ინფორმაციაო. ხელისუფლების ინიციატივა იყო, რომ "მასტ ქერი" ამოქმედებულიყო წინასაარჩევნო პერიოდში, მაგრამ ამ შემთხვევაში ორი ძირითადი განსხვავებაა: ერთი ის, რომ "მასტ ქერი" ტექნოლოგიურად შეიძლება ჩაირთოს და გამოირთოს მაშინ, როცა ხელისუფლება ამას გადაწყვეტს  - ის ჩაირთვება წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების წინადღეს გამოირთვება. ხოლო რაც შეეხება "თეფშს", ამ შემთხვევაში შეუძლებელია ვადების დადგენა. თუ ოჯახს აქვს "თეფში", შეუძლია მისთვის სასურველ არხს უყუროს მაშინ, როცა გადაწყვეტს და ვერავინ, მათ შორის ვერც ხელისუფლება, ვერ აუკრძალავს ამას. გარდა ამისა, "მასტ ქერი" საკაბელო ტელევიზიებზეა მიბმული და ის აძლევს შესაძლებლობას მხოლოდ ქალაქის მოსახლეობას (არა ყველა ქალაქის), რომ მიიღონ ალტერნატიული ინფორმაცია, სოფლის მოსახლეობაზე კი "მასტ ქერი" არ გავრცელდება, რადგან საკაბელო ტელევიზიებს სოფლად მცხოვრები მოსახლეობა ვერ უყურებს. სატელიტური ანტენა კი შეგიძლია დაამონტაჟო ყველგან - ქალაქშიც და სოფლადაც.

ხელისუფლების პოზიცია ასეთია: მას უნდა "მასტ ქერი", მაგრამ არ უნდა "თეფში". სატელიტური ანტენები რომ კატეგორიულად არ უნდა ხელისუფლებას, ამას ადასტურებს კიდეც - დააყადაღეს "მაესტროს", "გლობალ თV"-ის ანტენები და ბაზრობებზეც დახურეს "თეფშებით" მოვაჭრე მაღაზიები. ეს არის სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილება, არალეგიტიმური ქმედება. ეს ცალსახად ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას სურს, ალტერნატიული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ მოსახლეობის ნაწილისთვის (თანაც დროებით), ხოლო მეორე ნაწილს ამაზე ხელი არ მიუწვდებოდეს. ეს არის ადამიანის უფლების შეზღუდვა!

ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიულობაზე ოდნავ მაინც აქვს პრეტენზია, წარმოუდგენელია სალაპარაკო იყოს, ხალხმა უყუროს თუ არა დამოუკიდებელ ტელევიზიებს.

ხვალ რა მოხდება, არავინ იცის, შესაძლოა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად მედიაზე ზეწოლის ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდოს".

შეშინებული ერიტრეა

გასულ წელს სატელიტური ანტენები და ინტერნეტი აკრძალეს აღმოსავლეთ აფრიკის სახელმწიფო, ერიტრეაში, რომელიც ეგვიპტის მახლობლად მდებარეობს. მისი ლიდერები შეშფოთებული იყვენენ ეგვიპტეში მიმდინარე არეულობით. შეშინდნენ, საპროტესტო ტალღას ერიტრეამდეც არ მიეღწია და სატელიტური მაუწყებლობისა და ინტერნეტის გათიშვით მოსახლეობის გარესამყაროსგან იზოლირება გადაწყიტეს.