"რევოლუციურ ტრიუმვირატშიც არ იყო ერთსულოვნება ჩემზე" - კვირის პალიტრა

"რევოლუციურ ტრიუმვირატშიც არ იყო ერთსულოვნება ჩემზე"

"კვირის პალიტრაში" დაბეჭდილ ინტერვიუს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესა და სტასბურგის ადამიანის უფლებათა  სასამართლოს ყოფილ მოსამართლე მინდია უგრეხელიძესთან (¹29, 20-26 ივლისი, "სამართლის უზენაესობა და არა კანონის უზენაესობა") რედაქციაში ბათუმის ყოფილი მერისა და წარსულში ასლან აბაშიძის პირადი პატიმრის, თენგიზ ასანიძის სტუმრობა მოჰყვა.

რატომ  იქცა  აბაშიძის პირად ტყვედ, რას ფიქრობს ასლან აბაშიძეზე და რატომ ვერ იპოვა სააკაშვილის ხელისუფლებაში ადგილი ერთხანს პრეზიდენტის ფავორიტმა თენგიზ ასანიძემ, ინტერვიუში შეიტყობთ:

- უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ  თქვენთან საუბრისას ბრძანა, თენგიზ ასანიძე ასლან აბაშიძის ცოლის უახლოესი ნათესავი იყოო, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. თითქოს ჩვენ  ოჯახური დაპირისპირება გვქონდა და არავის ეგონოს, რომელიმე დიდ მამულიშვილობაზე დებდა თავს, ასლან  აბაშიძე და ასანიძე ერთნაირები არიანო. თავის დროზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აჭარაში ჩემზე შეთითხნილი საქმე დაადასტურა. სინამდვილეში კი აი, რა მოხდა: 1993 წლის 4 ოქტომბერს ასლან აბაშიძემ თავის კაბინეტში რუსი ბოევიკები დამასხა თავს და უბრძანა, დააპატიმრეთო! იმ დღესვე გამოცხადდა, თითქოს აბაშიძეს მოკვლას ვუპირებდი, მაგრამ დაცვამ წამართვა იარაღი.

- ამ ამბავს წინ რა უძღოდა? ალბათ, ასლან აბაშიძე უსაფუძვლოდ და უცებ არ გადაწყვეტდა თქვენს გაუვნებლებას.

- მაშინ ბათუმის მერი ვიყავი. ჩემმა პირველმა მოადგილემ, თეიმურაზ კომახიძემ, ასლან აბაშიძის დის ქმარმა, მითხრა, უზენაეს საბჭოში ასლან აბაშიძე თათბირს ატარებს და გთხოვს, სასწრაფოდ მიხვიდეო. ორშაბათი იყო, თავად ვატარებდი თათბირს და უცებ ვერ წავედი. ასლანის სიძემ მალე ისევ მკითხა, მიდიხარ თუ არა, უზენაესი საბჭოდან დარეკესო. თანამშრომლებს დავალებები მივეცი და წავედი. შენობაში შევედი თუ არა, უკან კარი მომიხურეს. სინამდვილეში თათბირი არ ყოფილა. ასლან აბაშიძის ერთ-ერთი მოადგილის, ნოდარ დიასამიძის კაბინეტში ვიცდიდი. ერთი რუსი ახალგაზრდა შემოვიდა ასლანის დაცვიდან, ასლან იბრაგიმოვიჩ ვიზივაეტ ვას კ სებეო. მის პირად ოთახში შემიყვანეს. მაგიდაზე ატამი და ორი ფინჯანი ყავა იდო. ასლანს ხელში რაცია ეჭირა. მაგიდისკენ მანიშნა, თვითონ კი ლაპარაკი გააგრძელა. ვფიქრობ, ვიღაცას რაციით მისცა ნიშანი, \მსხვერპლი ადგილზეაო. ველოდი, როდის დაასრულებდა ლაპარაკს. რამდენიმე დღით ადრე ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი მოკლეს, გვარად გოგიტიძე, და ვიფიქრე, ამ საკითხზე უნდოდა ჩემთან ლაპარაკი, მაგრამ ამ დროს დამესხნენ თავს და ხელ-ფეხზე ბორკილები დამადეს... მესამე დღეს უშიშროების იზოლატორში გამომიცხადეს, რომ აბაშიძის მკვლელობის მცდელობა მედებოდა ბრალად. ჩემი დაპატიმრებისთანავე ჩემი შვილები და ნათესავებიც დააკავეს. ვინც სრულწლოვანი იყო ასანიძეებში, ყველა, სულ 48 სული. ჩემი მეუღლე და ცოლისდაც კი დააპატიმრეს, რომელიც სტუმრად იყო ჩვენთან. მოგვიანებით მათ ჩემი რძალიც მიჰყვა. ძლივს მოასწრო ჩემი თვე-ნახევრის შვილიშვილის სპორტულ ჩანთაში ჩასმა და მეზობლისთვის გადაცემა ბებიამისთან წასაყვანად. ანგარიშსწორების მიზეზი ის გახდა, რომ ასანიძეებს ძალა გვქონდა, არ ვეპუებოდით ასლანსა და მის ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას.

პირველი დაპირისპირება ასლან აბაშიძესთან თბილისიდან მოსული წერილის გამო მომიხდა. თენგიზ სიგუა მოითხოვდა, გამოთავისუფლებული რუსი სამხედროების საცხოვრებელი სახლები ქართველ სამხედროებს უნდა გადაეცეს, რომლებიც რუსებს ჩაენაცვლებიანო. ასლანი კი მავალებდა, სულ სხვა პირებისთვის გამომეწერა ორდერები.  ასლანს რად უნდოდა იქ საქართველოს თავდაცის სამინისტროს მოეკიდებინა ფეხი? ჰოდა, არ ესიამოვნა, თბილისიდან მოსულ  ბრძანებას რომ დავუჯერე და არა მას.

ასლანს გარემოცვა არწმუნებდა, ასანიძეები საშიში არიანო. ჩემი ძმა ხელვაჩაურის პრეფექტი იყო, მე - თამბაქოს ქარხნის დირექტორი, უზენაესი საბჭოს დეპუტატი და ეკონომიკური რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე. ზვიად გამსახურდიამ თბილისში გამომიძახა, არ უთქვამს, რისთვის. მელაპარაკა და ბათუმში რომ დავბრუნდი, ბათუმის პრეფექტად ჩემი დანიშვნა გამოცხადდა. ნათქვამია, ვირს პიტნა სძულდა და ცხვირში ტენიდნენო, ასე დაემართა ასლანსაც.

მე და ჩემი ძმა დეპუტატები რომ ვიყავით, ამასაც ძლივს ეგუებოდა და ჩემი მერობა უკვე მეტისმეტი იყო. ჩვენ 11 დედმამიშვილი ვართ. 8 ძმა ვიყავით და ძლიერი, ფესვმაგარი ოჯახი გვქონდა. თბილისშიც უამრავი მეგობარი მყავდა. ასლანს დაახლოებული პირები ეუბნებოდნენ, ნიადაგი მზადდება, რომ ასანიძეები ჩაგენაცვლონ, ხელისუფლებას უთუოდ წაგართმევენო. არც იმას გამოვრიცხავ, ეთქვათ, მხედრიონელებთან და გვარდიელებთანაც  ახლო მეგობრობა აქვთო. ასლანს საფრთხეს შეუქმნიდა ჩემი სამსახურიდან დათხოვნა და ოპოზიციაში გადასვლა, ამიტომაც გადაწყვიტა, დავეპატიმრებინე.

- თვლით, რომ აბაშიძეს თქვენი შეეშინდა?

- ამის თაობაზე პრესაშიც დაწერილა, სინამდვილეში კი არც ისე მშიშარა კაცია. ზედმეტად ეჭვიან კაცს თამაშობდა, რომელსაც ვითომ ეგონა, რომ ყველას მისი მოკვლა უნდოდა. ამ თამაშით უნდოდა ეჩვენებინა, საქართველოს კი არ ვღალატობ, ცენტრალური ხელისუფლება ცდილობს ჩემს ლიკვიდაციასო. სინამდვილეში აჭარის საქართველოსგან ჩამოცილება უნდოდა და რუსეთის მფარველობით პატარა მეფე იქნებოდა.

მხდალიაო, ასლანზე ვერ იტყვი. მეტსაც გეტყვით, ქუჩური მენტალიტეტის კაცი იყო. საბჭოთა  დროში ჯერ კომკავშირში და მერე თანამდებობაზე რომ არ მოხვედრილიყო და ქუჩას გაჰყოლოდა, უთუოდ კანონიერი ქურდი გახდებოდა...

მითმა, რომ ასლანის მოკვლა მინდოდა, მხოლოდ 4 თვე იცოცხლა და ეს ბრალდება მომიხსნეს. როდესაც აჭარის პროკურორი ასლანთან მივიდა, როგორც დაზარალებული უნდა დაგკითხოთო, უპასუხა, - მე დაზარალებული არა ვარ. დაცვას შეიარაღებული თავდასხმა მოეჩვენა. მე და თენგიზმა მხოლოდ ვიკამათეთო. ამის შემდეგ ძველი სამეურნეო დანაშაული გამომიძებნეს. თითქოს თამბაქოს ფაბრიკაში მუშაობის დროს (იქიდან 1991 წლის მაისში წამოვედი და 1994 წლის ოქტომბერში დამაპატიმრეს) განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა (171 ათასი მანეთი) მივიტაცე. ეს ბრალდება სიკვდილით დასჯასაც კი  ითვალისწინებდა, მაგრამ აჭარის სასამართლომ 10 წელი მომისაჯა. უზენაესმა სასამართლომ აჭარის სასამართლოს განაჩენი დაამტკიცა და საბოლოოდ 8 წელიწადი მომისაჯეს.

6 წლის შემდეგ შევარდნაძემ შემიწყალა, მაგრამ აჭარის უშიშროების სამინისტრომ არ აღასრულა პრეზიდენტის ბრძანება და მორიგი ბრალდება წამომიყენეს. ერთმა სიკვდილმისჯილმა პატიმარმა, რომელიც ზემოთ ნახსენები ხელვაჩაურის პოლიციის უფროსის მკვლელობის გამო იხდიდა სასჯელს, ჩვენება მისცა,  - თავის დროზე არ ვთქვი, რომ პოლიციის უფროსის მკვლელობა თენგიზ ასანიძემ შემიკვეთაო. მოწმედ მეორე პატიმარიც მოიყვანეს, რომელმაც დაადასტურა, მესმოდა, როგორ მისცა ეს დავალებაო. ამ ჩვენების შემდეგ ახალი სასჯელი დამიმატეს - 12 წელი მომისაჯეს. საქართველოს  უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ, რომლის თავმჯდომარეც მაშინ უკვე მერაბ ტურავა იყო,  განიხილა ჩემი საქმე და კატეგორიულად მოითხოვა ჩემი თბილისში ჩამოყვანა სასამართლო პროცესზე დასასწრებად. მართალია, ეს მოთხოვნა არ შესრულდა, მაგრამ ეს ამბავი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა და გაჩნდა კითხვა, თუ ასანიძე მართლაც დამნაშავეა, რატომ ეშინია ასლან აბაშიძეს მისი სასამართლო პროცესზე დასწრებაო.

ციხიდან რომ გამოვედი, ერთმა კაცმა, რომელიც აჭარაში მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ მუშაობდა, მითხრა, როგორც კი აჭარის უმაღლესმა სასამართლომ 8-წლიანი განაჩენი გამოგიტანა და დადგა დრო, ეს საქმე პროცედურულად თბილისში განხილულიყო, აჭარის ჩინოვნიკებს 200 ათასი დოლარის შეკრება დაევალათ თბილისში წასაღებადო. თანხის ძირითადი ნაწილი - 160 ათასი აჭარის საბაჟოს ხელმძღვანელმა გაიღო, 40 ათასი სხვებისგან შეგროვდა. ეს თანხა იმისთვის გადაიხადა ასლან აბაშიძემ, რომ აჭარის უმაღლესი სასამართლოს განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოს დაედასტურებინა(?!).

ვიცი იმ პირის  გვარიც, ვისაც აჭარიდან წამოღებული თანხა მიუტანეს, მაგრამ არ მინდა უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიო. ეს ინფორმაცია სრული სიმართლეა. თქვენს გაზეთს მთელი საქართველო კითხულობს და ტყუილს როგორ ვიკადრებ? არ გამოვრიცხავ, ჩემმა ნათქვამმა ვიღაცებს შორის განხეთქილებაც კი გამოიწვიოს და დავა დაიწყონ, აკი აჭარიდან 160 ათასი დოლარი ჩამოვიდაო. ვიცი, ვიღაც არ გაამხელდა გასანაწილებელი თანხის ზუსტ ოდენობას.

საბოლოოდ, 1999 წლის იანვარში უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, შეთითხნილი დანაშაულიაო და უდანაშაულოდ მცნეს, მაგრამ აბაშიძემ მაინც ციხეში დამტოვა.

- ამის კომპენსაცია სახელმწიფოს დაეკისრა. თანხა გადაგიხადეს?

- სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ 155 ათასი ევრო გადამიხადა სახელმწიფომ. სხვათა შორის, ზურაბ ნოღაიდელის ფინანსთა მინისტრობისას გადააცილეს ვადა და ამის გამო 10 ათასი ლარი სახელმწიფოს დამატებით დაეკისრა.

- მახსოვს თქვენი ადვოკატი გედავებოდათ, ჰონორარი არ გადამიხადაო.

- ლია მუხაშავრია 5 ათას ევროს  სრულიად უსაფუძვლოდ ითხოვდა და მიჩივლა, მაგრამ ჩემთან დავაში სასამართლო პროცესზე გამტყუნდა. საბოლოოდ, ლია მუხაშავრიამ 2.500 ევრო მიიღო.

- დღეს ასლან აბაშიძე დევნილია. მასზე ისევ განაწყენებული ხართ?

- ასლან აბაშიძე სამშობლოში ვერ ჩამოდის, ცოლის საფლავს ვერ ნახულობს. რომ ჩამოვიდეს, იცის, დაიჭერენ და გაასამართლებენ. ვფიქრობ, ღმერთი იმდენ ხანს აცოცხლებს (და მეც მინდა ცოცხალი ვიყო, რათა დავინახო), რომ მოუწევს, ფეხზე წამოუდგეს საქართველოს მოსამართლეს. მინდა დავინახო, როგორ მოისმენს თავისი საქმეების შეფასებას. მჯერა, საკადრის განაჩენს გამოუტანენ და ეს იქნება საზღაური უამრავი უკეთურობის ჩადენისთვის.

- რა მიგაჩნიათ ასლან აბაშიძის უმთავრეს დანაშაულად?

- უამრავი მკვლელობა... მე დამაბრალეს ხელვაჩაურის პოლიციის უფროსის მკვლელობა, მაგრამ გარდაცვლილის ოჯახის წევრები დარწმუნებული არიან, რომ ეს ასლანის შეკვეთა იყო.

ასლანმა ხელვაჩაურის პოლიციის უფროსზე შური იძია, ახალგაზრდობაში ასლანისთვის ხელი გაურტყამს და ამის გამო... როდესაც ბათუმის მერი ვიყავი და დაპირისპირება არ მქონდა ასლანთან, მან ყმაწვილობის დროინდელ მეგობარზე მითხრა, სამსახურიდან უნდა გავათავისუფლოო და გაიხსენა, როდესაც კომკავშირში ვიყავით, დასარტყმელად გამოიქაჩა და მაგას არ შევარჩენო. გამიკვირდა, 25 წლის მერე განიზრახა იმ კაცზე შურისძიება. ამას სულმდაბლობა ჰქვია.

- ახლა რას საქმიანობთ? ითქვა, რომ ერთხანს პრეზიდენტთან გაგიფუჭდათ ურთიერთობა.

- ციხიდან რომ გამოვედი, ველოდებოდი, რომ საჯარო სამსახურში საჭირო გავხდებოდი, მაგრამ რატომღაც განზე დავრჩი. საქართველოს პრეზიდენტი კი დამპირდა, გამომადგებიო, მაგრამ... ციხიდან 2003 წლის 9 აპრილს გამოვედი და 25 დღე დასჭირდა ასლანის გაქცევას. 25 დღის განმავლობაში «ცვეტში» ვიყავი, მაგრამ მერე პრეზიდენტს ვიღაცამ უთხრა, ეს კაცი ხელისუფლებაში არ უნდა იყოსო...

ასლან აბაშიძემ ბევრი სისაძაგლე გამიკეთა და ის პირები, ვინც მის დროს მიპირისპირდებოდნენ, დღესაც ჩინოვნიკები არიან. ხელისუფლებაში ჩემი დაბრუნება მათთვის დაუშვებელი იყო. იფიქრეს, რომ დაბრუნდეს, ხომ  იტყვის ყველაფერსო. სამწუხაროდ, პრეზიდენტისთვის ხმის მიწვდენის საშუალება ჰქონდა იმ ხალხს, ვისაც პილპილი ჰქონდა ნაჭამი. რევოლუციურ ტრიუმვირატშიც არ იყო ერთსულოვნება ჩემზე.

2 თვის განმავლობაში დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს წევრი ვიყავი. პრეზიდენტმა გვითხრა, საბჭოს წევრების ნაწილი აჭარის უზენაეს საბჭოში შევა, ნაწილი კი ჩინოვნიკებად წამოვლენ თბილისშიო და მხოლოდ მე არ შემისრულა დანაპირები.