"ბლეფი" და არჩევნების გაყალბების თანამედროვე მექანიზმები - კვირის პალიტრა

"ბლეფი" და არჩევნების გაყალბების თანამედროვე მექანიზმები

მოსახლეობის ერთი ნაწილის აზრით, ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს, რადგან ფიქრობენ, რომ სახელისუფლებო არსენალში გაყალბების საჭიროზე მეტი ტექნიკური თუ ფსიქოლოგიური "იარაღია". ეს კარგად იციან მათაც, ვისაც საარჩევნო კომისიებში უმუშავიათ.

ბესარიონ ჯალაღანია, საოლქო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე: - გაყალბების მექანიზმი უამრავია. ხელისუფლებას საამისოდ დიდი რესურსი აქვს, მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც იმ ოპოზიციური პარტიების წევრების კეთილსინდისიერება იქნება, რომლებსაც უბნებზე გაანაწილებენ.

მარაოს პრინციპი

საარჩევნო უბანზე იგზავნება  აქტივისტი, რომელიც იღებს ბიულეტენს, ხოლო საარჩევნო ყუთში აგდებს ცარიელ კონვერტს, უბიულეტენოდ. მისი ხმა იკარგება, სამაგიეროდ, ბიულეტენი უბნის გარეთ გააქვს, სადაც "საჭირო პირი" ბიულეტენში მისთვის საჭირო ნომერს შემოხაზავს და გადასცემს საგანგებოდ მობილიზებულ ამომრჩეველს, რომელმაც თავადაც უნდა გამოიტანოს სუფთა ბიულეტენი უბნიდან. განმეორდება იგივე მანიპულაცია და ა.შ. ასე მარაოს პრინციპით გრძელდება ხმის მიცემა. ამ მექანიზმს კომისიის წევრები ვერ გააკონტროლებენ, რადგან კონვერტის გახსნის უფლება არა აქვთ.

კარუსელი

ეს არის კარგად აპრობირებული გაყალბების მექანიზმი, როცა საარჩევნო უბნიდან უბანში მიკროავტობუსებით გადაჰყავთ ერთი და იგივე ხალხი. აქ უკვე სიების გაყალბებასთან გვაქვს საქმე. ეს ხალხი სიებშია შეტანილი. წინა არჩევნებზე 300 ათასზე მეტი ყალბი პირადობის მოწმობა დაიბეჭდა. "ნNაციონალური მოძრაობის" თითო აქტივისტს სამი სხვადასხვა პირადობის მოწმობა ჰქონდა. კახეთში დააფიქსირეს, როგორ გამოიტანეს იუსტიციის სახლიდან პოლიეთილენის ტომრებით პირადობის მოწმობები. ერთი და იმავე პირის სამ სხვადასხვა პირადობის მოწმობაში სახელის მხოლოდ ერთ ასოს ცვლიან - ვთქვათ, ამომრჩეველს ჰქვია მაია, მეორეში ჩაუწერენ მაიკოს, მესამეში - მაკას და ა.შ.

მას შემდეგ, რაც წაგების საშიშროება  დაემუქრა "ნაციონალურ მოძრაობას", გაყალბების ახალ-ახალ ტექნოლოგიაზე დაიწყო ფიქრი. ადრე ამომრჩეველთა სიები ბინებისა და ოთახების მიხედვით იყო დალაგებული. ახლა ალფაბეტის მიხედვით დაალაგეს. ეს კი სიების შედარებას ართულებს.

ოქმების გამოცვლა

თითქოს ოქმის გამოცვლა შეუძლებელი უნდა იყოს. როგორც წესი, ოქმის 10 ეგზემპლარს ადგენენ და კომისიის თითოეულ წევრსა და დამკვირვებლებს ურიგებენ. ოქმებზე კომისიის ყველა წევრს უნდა ჰქონდეს ხელი მოწერილი. თუ ოქმს არ ეთანხმება რომელიმე მათგანი, მაშინ ეს მიწერილი უნდა იყო შენიშვნის სახით ოქმზე, მაგრამ როცა კომისიის წევრები ვითომ ოპოზიციონერებით არიან დაკომპლექტებული, ოქმების შეცვლა იოლია. ეს ის შემთხვევაა, როცა კომისიის წევრებს შორის ხდება შეთანხმება. როცა კომისიაში სანდო, კომპეტენტური და მებრძოლი ადამიანია, გაყალბების ალბათობა ნაკლებია. გაყალბება, ძირითადად, ე.წ. ოპოზიციის კომისიის წევრების ხელისუფლებასთან არაკეთილსინდისიერი გარიგების შედეგია.

გაყალბების დიდი რესურსია არაქართველი მოსახლეობით დასახლებული რეგიონები. მაგალითად, ჩემს დროს ქვემო ქართლში ოპოზიციას თითქმის არ ჰყოლია კომისიაში ხალხი. Aამიტომ იქ რა ხდებოდა, ვერავინ გააკონტროლებდა. ეტყობა, ე.წ. ოპოზიცია არც იყო დაინტერესებული იქ თავისი ხალხის ჩასმით(?!).

ჩიპიანი პირადობის მოწმობა

ტექნიკურად პრობლემურია ჩიპიანი პირადობის მოწმობა. მას მისამართი არა აქვს. ასეთი 300.000-ზე მეტი მოწმობაა დაბეჭდილი. თუ ხელისუფლებამ მოიწადინა, ამ პირადობის მოწმობების მფლობელებს რამდენიმე უბანში შეუძლიათ ხმის მიცემა. ასევე გაყალბების რესურსია გადასატანი ყუთი, რომელიც ავადმყოფებსა და იმ ხალხთან მიაქვთ, რომელთაც სიარული არ შეუძლიათ. წესით, ოპოზიციის წარმომადგენელი აუცილებლად უნდა ესწრებოდეს ყუთის გადატანას, მაგრამ, როგორც წესი, ვითომ ოპოზიციას აყოლებენ. მომავალი არჩევნების მთავარი პრობლემა ის არის, რომ "ქართულ ოცნებას" მხოლოდ ორი კაცის წარდგენის უფლება აქვს კომისიაში. კოალიციაში სულ ორი სუბიექტია, რომელთაც შეუძლიათ კომისიაში ხალხის წარდგენა - "მრეწველები" და კონსერვატიული პარტია. გაყალბების ერთ-ერთი მძლავრი მექანიზმია ე.წ. სპეცუბნები პოლიციისა და ჯარის ნაწილებისთვის. ამ უბნებზე მძლავრი კონტროლია საჭირო, თორემ შეუძლიათ სპეცუბნებზეც მისცენ ხმა და მერე საკუთარ საარჩევნო უბანზეც.

მიუხედავად ამ მექანიზმებისა, ხელისუფლება ხედავს, რომ შესაძლოა ყველაფერი ეს არ აღმოჩნდეს საკმარისი, რადგან ვითარება შეიცვალა და ისეთი ერთსულოვნება ოპოზიციასა და "ნაცმოძრაობას" შორის, როგორიც აქამდე იყო, აღარ იქნება. ამიტომ კანონში შეაქვთ ცვლილება, რომლის მიხედვითაც გამოუყენებელი ბიულეტენები აღარ დაითვლება. არადა, თუ საარჩევნო უბანზე დარღვეულია ბალანსი და მისული მოქალაქეების, გაფუჭებული და გამოუყენებელი ბიულეტენების ჯამი არ ემთხვევა ერთმანეთს, შეიძლება შედეგების გასაჩივრება. თუ კანონით არ მოგცეს ასეთი ბიულეტენების დათვლის უფლება, ბალანსს როგორ დაადგენ?

ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ხელოვნურად შექმნეს, ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლაა. ცოტა ხნის წინ რუსთავის ადმინისტრაციული საზღვარი შეცვალეს -  კრწანისის სამხედრო ნაწილი რუსთავს შემოუერთეს. რუსთავში დიდი ხანია "ქართული ოცნების" ოფისია. ზონებად იყო გადანაწილებული ყველაფერი, "კარდაკარიც" ჩაატარეს და ყველა სტრუქტურა შექმნეს. ახლა კი საოლქო კომისიიდან შეგვატყობინეს, რომ ადმინისტრაციული საზღვრები შეიცვალა. თურმე გარდაბანს ჩამოაჭრეს კრწანისის ნაწილი და რუსთავს მიუერთეს. ამ ნაწილში მოჰყვა სპეცუბანი - სამხედრო ნაწილი. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ჯარი დილიდან საღამომდე ერთი უბნიდან მეორეზე ატარონ და თითო ჯარისკაცს რამდენჯერმე მიაცემინონ ხმა.

"სახელმწიფო" დავალება

არჩევნების გაყალბება არც შევარდნაძის ხელისუფლებისთვის იყო მიუღებელი, მაგრამ 2010 წლის მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას გაყალბების ახალი ტექნოლოგია დაინერგა. ადრე გაყალბების ტექნიკურ მხარეს გამგეობა უზრუნველყოფდა, სწორედ ისინი მუშაობდნენ კომისიების წევრებთან. 2010 წელს კომისიის წევრების უშიშროებაში დაბარება დაიწყეს და "მეგობრულად და კონფიდენციალურად" გამოუცხადეს, რომ უმაღლეს სახელმწიფო დონეზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა წაეღო ხმათა უმრავლესობა, ოპოზიციას კი რაღაც ნაწილი. უშიშროებაში ეს ხალხი "დაარიგეს", რომ თუ აქამდე საკმარისი იყო მხოლოდ ოქმის შესაბამისად გაფორმება და მასზე ყველა კომისიის წევრის ხელის მოწერა, ამჯერად ყუთში საჭირო ოდენობის ბიულეტენებიც უნდა ყოფილიყო. არავის გამოუთქვამს პროტესტი, ყველამ პირნათლად აღასრულა ეს "სახელმწიფო" დავალება.

2010 წლის არჩევნებზე რეგიონებში ოპოზიცია და "ნაციონალური მოძრაობა" სინამდვილეში ერთი გუნდი იყო. კომისიის წევრთაგან ბევრი დაარწმუნეს, რომ ეს სახელმწიფო ინტერესი იყო და თუ ასე არ მოიქცეოდნენ, სამშობლოს უღალატებდნენ, რომ მტერს არ ეძინა და ა.შ.

გიგი უგულავას ქალაქის მერად არჩევისას კი გაყალბების მექანიზმების გამოყენება, ფაქტობრივად, არც დასჭირვებიათ, რადგან იმდენი იმუშავეს, გაყალბების ტექნიკური ნაწილის გამოყენებას აზრი არ ჰქონდა. გია ჭანტურიას პირდაპირ დაავალეს, რომ მას უნდა ეყარა კენჭი ხმების გაწოვისთვის. როცა კენჭს იყრიან პირები, რომლებმაც იციან, რომ მათ ხმას არავინ მისცემს საკუთარი ნათესავების გარდა, ისმის კითხვა: რისთვის სჭირდებათ მათ ფულის, ენერგიის და დროის ხარჯვა? ეს ყველაფერი იმისთვის გაკეთდა, რომ ხმები დაჰკლებოდა ალასანიას.

ახლა უკვე სხვა ვითარებაა და შეთანხმება კომისიებში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არ მოხდება, ამიტომ ახალი მექანიზმების შემუშავებაზე დაიწყეს ფიქრი.

ორი ოქმის პრინციპი

დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ 2008 წელს პირველად მასობრივად გამოიყენეს ორი ოქმის პრინციპი: ადგენენ ორ ოქმს - ერთს რეალური სურათის ამსახველს და მეორეს, რომელიც ხელს აძლევდა ხელისუფლებას. ცენტრალურ კომისიაში სწორედ ისინი გაგზავნეს. რეალურ ოქმებს კარგა ხანს იტოვებდნენ, თუკი საერთაშორისო ორგანიზაციები შემოწმებას მოინდომებდნენ. ოქმს აყალბებენ მაშინ, როცა კომისიაში სრული კონსენსუსია მიღწეული ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის და ისინი ერთიან, ასე ვთქვათ, "უმაღლეს" სახელმწიფო დავალებას ასრულებენ.

გაყალბების მასშტაბი ახლა თვისებრივად სხვა სახისაა, ვიდრე "ვარდების რევოლუციამდე" იყო. ადრე არჩევნებზე ოპოზიცია ხელისუფლებასთან ხმებზე ვაჭრობდა. ხელისუფლებას ეუბნებოდნენ, თუ ამდენს არ დამიწერ, ოქმზე ხელს არ მოგიწერო და იყო ერთი ამბავი, მაგრამ ის, რასაც "ვარდების ხელისუფლების" პროფესიონალი გამყალბებლები ახერხებენ, წარმოუდგენელია დამკვირვებლებისა და საზოგადოებისათვის, - არჩევნების შემდეგ ჩაამატეს ბიულეტენები, მაშინ, როცა ყველაფერი დათვლილი და დასრულებული იყო. როცა არასახარბიელო სურათი გამოიკვეთა, სტამბაში ახალი ბიულეტენები დააბეჭდვინეს, დაუძახეს კომისიის თავმჯდომარეებსა და წევრებს და ბიულეტენები დაამატეს. 2008 წელს სააკაშვილმა ყველა ქალაქი: თბილისი, ქუთაისი, ოზურგეთი, თელავი, ყვარელი და ბათუმიც კი წააგო. ტოტალური გაყალბება სოფლებსა და რაიონებში მიმდინარეობდა. იქ იოლია ეს საქმე. საზოგადოდ, არჩევნებს აყალბებენ მაშინ, როცა ამაში გარეული არიან საარჩევნო კომისიის წევრები ოპოზიციიდან. როდესაც ოპოზიციის წევრები აშკარა გაყალბებაზე არ აცხადებენ პროტესტს, ესე იგი, მოსყიდული ან დაშინებული არიან. იყო შემთხვევები, როცა ერთ სოფელში თუ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული სულ 37 ამომრჩეველი იყო, მაგრამ ოთხასზე მეტ კაცს ჰქონდა არჩევნებში მონაწილეობა მიღებული. როცა ამაზე პროტესტს არ აცხადებს ოპოზიციური პარტიის კომისიის წევრი, კეთილსინდისიერებაზე ლაპარაკი ზედმეტია.

ბლეფი

ბლეფი დიდ როლს ასრულებს არჩევნების ბედის გადაწყვეტაში. ორიოდე წლის წინ ვანო მერაბიშვილმა სიცილით უთხრა რუს ჟურნალისტს, ჩვენ შევქმენით მითი, რომ მთელ საქართველოში ვისმენთ საუბრებს. რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია, მაგრამ მითი ამართლებსო. ასევე ამართლებს მითი არჩევნებზეც... საგანგებოდ ავრცელებენ ხმას, თითქოს ხელისუფლებას ისეთი ტექნიკური საშუალებები აქვს, კალმებისა და ფარდის სამაგრების ჩათვლით, რომ აფიქსირებენ, რომელი ამომრჩეველი ვის მისცემს ხმას. სინამდვილეში ეს წმინდა წყლის სიცრუეა, რადგან მთელ საქართველოს კი არა, მცირე ნაწილსაც ვერ მოუსმენენ, ამის ადამიანური რესურსი არ არსებობს. ასეთი ბლეფი მასის ფსიქოლოგიაზეა გათვლილი, რადგან ტექნიკურ მხარეზე მეტად სწორედ ფსიქოლოგიური წნეხი ამართლებს.