"დედა გყავს? - ვკითხე ჯარისკაცს" - კვირის პალიტრა

"დედა გყავს? - ვკითხე ჯარისკაცს"

"ეს ბიჭები არ არიან ღირსი, ერქვათ ზონდერები და გადაჰყვნენ ხელისუფლებას"

"არც სააკაშვილის მეხოტბე ვარ და არც ივანიშვილის მგალობელი!მინდა დავუბრუნდე ჩემს სახლ-კარს

და გამოჩნდეს ძალა, რომელიც ამის იმედს ჩამისახავს"

"კოკოითიმ თავისი ხალხი ცხინვალიდან გაიყვანა და ომს გაარიდა, ჩვენს მთავრობას კი მაშინ არც მოვუკითხივართ. ხეობიდან ძლივს გამოვაღწიეთ"

"ჩვენ ვერ შევეგუებით, რომ საქართველოს რუკას ამოგლეჯილი ჰქონდეს ლიახვის ხეობა"

შვილმკვდარი დედის გულწრფელი სიტყვები, "ქართული ოცნების" გორის აქციაზე, ალბათ, ყველას ახსოვს. მან ე.წ. ზონდერებს ხალხის გვერდით დადგომა სთხოვა. "კვირის პალიტრა" ესტუმრა ქალბატონ მანანა ოთინაშვილს, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დეტალებიც გაიხსენა და ამჟამად არსებულ პოლიტიკურ დაძაბულობასა და ურთიერთდანდობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

- მე არც სააკაშვილის მეხოტბე ვარ და არც ბიძინა ივანიშვილის მგალობელი! ერთადერთი სადარდებელი მაქვს, - მინდა დავუბრუნდე ჩემს სახლ-კარს და გამოჩნდეს ძალა, რომელიც ამის იმედს ჩამისახავს.

6 თვე ვაგროვე გარდაცვლილი შვილის ძვლები, რომელიც ხელისუფლების არაკონტროლირებად ტერიტორიაზე იყო. როგორც იქნა, ლიახვის ხეობაში ჩემს ეზოში დავმარხე და ახლა მისი საფლავიც დასაბრუნებელი გამიხდა. სანთელი ვერ ამინთია და წითელი კვერცხი ვერ გადამიგორებია, ეს ოცნებად მექცა.

- თქვენ გორში "ქართული ოცნების" აქციაზე იყავით.

- დიახ, მაგრამ არც სააკაშვილი მიხსენებია და არც ივანიშვილი, ჩემი ხალხის გაერთიანებას დავუჭირე მხარი. იმდენი არა ვართ, რომ ორად ვიყოთ გახლეჩილი და ერთმანეთს დაპირისპირებული.

- თქვენ მიმართეთ ე.წ. ზონდერებს, დამდგარიყვნენ ხალხის მხარეს.

- ზოგიერთ მათგანს ვიცნობ. ავბედითობის გამო ლიახვის ხეობის ბიჭებმა დიდი აგრესია ბევრჯერ ნახეს. ამიტომ მათში სისასტიკემ დაიბუდა. არადა, ის ბიჭები არიან, რომელთა მშობლებმაც ხეობა წლების განმავლობაში კბილებით შემოინახეს. ზოგმა ადრიანად დაკარგა მამა და ოჯახის ტვირთი ადრეულად დააწვა, ზოგს უსამართლო ომში ძმა დაეღუპა. კარგი ბიჭები იყვნენ და მჯერა, ახლაც არიან, სამწუხაროდ, მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ვიღაც ბოროტად იყენებს.

ისინი არ არიან ღირსი, ერქვათ ზონდერები და გადაჰყვნენ სააკაშვილის ხელისუფლებას.

მჯერა, გულის სიღრმეში სიკეთის ნაპერწკალი აქვთ შერჩენილი.

მე მათ მოვუწოდე, დაიკავონ სწორი პოზიცია და მთლად პრეზიდენტის იმედი ნუ ექნებათ. მათი გასასტიკება არც სააკაშვილს აძლევს ხელს. ბევრჯერ დამინახავს ეს ბიჭები, მათ კი ჩემთვის თვალი მოურიდებიათ. ამას რომ ვხედავ, ტირილი მინდება. მე მჯერა მათი და ვაცხადებ, - სააკაშვილს ნუ ექნება მათი ზონდერობის იმედი. გადამწყვეტ მომენტში ეს ბიჭები ზურგს შეაქცევენ.

- რატომ ფიქრობთ, რომ ეს ბიჭები სააკაშვილის გვერდით არ დადგებიან?

- იმიტომ, რომ სააკაშვილს არასდროს უთქვამს, ლიახვის ხეობა უნდა დავიბრუნოთო. პირიქით თქვა, რამდენიმე სოფელი და პატარა ქვების გორა დავკარგეთო. რაფიელ ერისთავი ამბობდა: არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედაო. არც ჩვენ უნდა გავცვალოთ ქვის გროვები. სადაც უნდათ, ჩაგვასახლონ, როგორ კარგადაც უნდა გვაცხოვრონ, ჩვენი ნატერფალ-ნაფერფლარი ნასახლარები გვირჩევნია. მე იმ იმედით ვცოცხლობ, რომ საფლავი ჩემი შვილის გვერდით მეღირსება.

და კიდევ ერთი, ვიტყვი იმას, რაც შეიძლება მწარედ მოსასმენი იყოს, მაგრამ ვერ დავმალავ: კოკოითიმ თავისი ხალხი ცხინვალიდან გაიყვანა და ომს გაარიდა, ჩვენს მთავრობას კი მაშინ არც მოვუკითხივართ. ხეობიდან ძლივს გამოვაღწიეთ.

- როდის დატოვეთ ლიახვის ხეობა?

- 25 აგვისტოს. მანამდე იმ ცეცხლსა და კვამლში გავძელი. ვცდილობდი, სახლ-კარი დაწვას გადამერჩინა. ბოლოს თითო-ოროლა სახლი იყო შემორჩენილი, მათ შორის - ჩემიც. ერთი რუსი ჯარისკაცი მოვიდა ხელში ბენზინით სავსე ჭურჭლით, მივხვდი, სახლის დაწვას აპირებდა. კართან გადავუდექი, ჯერ მე მომკალი და მერე დაწვი-მეთქი. გაიწიეო, შემომიღრინა და ავტომატის ლულა მომიშვირა. თვალი თვალში გავუყარე, არსად არ წავალ-მეთქი. ვხედავ, ჩახმახზე ხელის გამოკვრას აგვიანებს, არადა, ველოდები, როდის მესვრის. ეს დაახლოებით 1 წუთს მაინც გაგრძელდა. ამიტომ ვისარგებლე და კარს ხელი ვკარი. რომ გაიღო, კედელზე ჩემი გარდაცვლილი შვილის სურათი გამოჩნდა. "დედა გყავს?" - ვკითხე ჯარისკაცს. კიო, თავი დამიქნია. ჰოდა, დედაშენს შენი სურათი კედელზე რომ ეკიდოს და ჩემს მდგომარეობაში იყოს, განა ასე არ მოიქცეოდა-მეთქი? შევხედე, თვალებში ცრემლი ჩაუდგა. მხარზე ხელი დამადო და მითხრა, - "ბაბუშკა, ნე ბოისა, მხოლოდ ეს სახლი იქნება მე".

ქართული გამოურია და ასე გამაგებინა, ეს სახლი ჩემი იქნებაო. იყოს შენი, ოღონდ ნუ დაწვავ-მეთქი, ვთხოვე. წასვლის წინ დამიბარა, ასე აღარ მოიქცე, შეიძლება ისეთი ჯგუფი მოვიდეს, რომელსაც არ შეეცოდებიო. ამ დღის მერე ყოველდღე მოდიოდნენ, ეზიდებოდნენ ყველაფერს, წვავდნენ ჩემი მეზობლების სახლებს. მე და ჩემს ქმარს ოკუპანტები ჯირკებს გვაგროვებინებდნენ, თან დაგვყვიროდნენ, სწრაფად იმუშავეთ, თორემ ტვინებს გაგასხმევინებთო. არცთუ შორს ჩემი ხანდაზმული დედა ცხოვრობდა. ერთხელაც მის სანახავად წავედი. შინისკენ გამობრუნებულმა კვამლი შევნიშნე და მივხვდი, რომ ჩემს სახლსაც წვავდნენ... ბოლოს ხეობიდან რის ვაი-ვაგლახით გამოვედით. ისევ რუსებს ვთხოვეთ ტყვიავამდე მიყვანა. ვფიქრობდი, ალბათ, გზაში დაგვხოცავენ-მეთქი, მაგრამ სხვა გზა არ იყო. წითელი ჯვრის წარმომადგენლებამდე მიგვიყვანეს. ასე გამოვაღწიეთ სამშვიდობოს ხალხმა, რომლებიც ხელისუფლებამ მიგვატოვა.

- თქვენი შვილის, ჰამლეტ ხაჭაპურიძის დაღუპვა საკმაოდ გახმაურებული ამბავი იყო. ოსებმა ცხედრის გადმოცემისთვის გამოსასყიდი მოითხოვეს.

- მაშინ კრიმინალებს როგორც ქართული, ასევე ოსური მხრიდან ერთმანეთთან ფარული კავშირი ჰქონდათ, ჰყავდათ შუამავლებიც, რომლებიც ასეთ საქმეებს აგვარებდნენ. ადამიანებს იქითა მხარესაც იტაცებდნენ და აქეთაც. 2005 წელს ვითარება დაიძაბა, 4 ოსს კაცი შემოაკვდა და სროლა-სროლით ქართული სოფლებისკენ დაიძრნენ, ეტყობა, სურდათ მკვლელობა ქართველებისთვის დაებრალებინათ. მათ გზა პოლიციამ გადაუღობა, რასაც ერთი პოლიციელიც ემსხვერპლა და ისინიც. ამის შემდეგ გაიტაცეს ჩემი შვილი ბიძაშვილებთან ერთად. ზუსტად 4 კაცი. სულერთია, ვინ იქნებოდა, ჩვენს ბიჭებს გადააწყდნენ და წაიყვანეს. შვილის გამოსახსნელად ყველაფერი ვიღონეთ, მოლაპარაკება გვქონდა კოკოითის დე ფაქტო ხელისუფლებასთანაც, დახმარებას ვთხოვდით. სხვათა შორის, ვიდრე დახვრეტდნენ, ჩემი შვილი ერთ ოსს უცნია და უთქვამს, შენ გაგათავისუფლებო, მაგრამ არ დაუტოვებია ბიძაშვილები. ამის შემდეგ ზურგში ესროლეს.

6 თვე ისიც არ ვიცოდი, მკვდარი რომ იყო, არადა, გამოსასყიდს მაინც ითხოვდნენ. შემომითვალეს, მხოლოდ შენი შვილი დაბრუნდებაო, თუმცა გულმა მიგრძნო, რომ მატყუებდნენ. კოკოითის ხელისუფლება იმაში დაგვეხმარა, რომ ჩემი შვილის ძვლები და კბილები გამოგვიგზავნა, რითაც მისი იდენტიფიცირება მოხდა.

ჩვენ ვერ შევეგუებით, რომ საქართველოს რუკას ამოგლეჯილი ჰქონდეს ლიახვის ხეობა. გვახსოვს, პატრიარქი წავიდა პერევში და მიაღწია იმას, რომ რუსის ჯარმა უკან დაიხია. ე.ი. მოლაპარაკება შესაძლებელია. იქნებ ის მაინც გააკეთონ, შვილმკვდარი დედები და მიცვალებულების პატრონები წელიწადში ერთი დღით, ბრწყინვალე აღდგომას მაინც მიგვიშვან საფლავებთან.

აუცილებელია რუსებსა და ოსებთან მოლაპარაკება. მე ვიყავი სამშვიდობო კლუბის წევრი, როცა ჩემი შვილი დაიღუპა, მაშინ მისი ცხედარი ნაპოვნი არ მქონდა, როცა ოსური ტელევიზიით გამოვედი და ვთქვი: ჩემი შვილი მკვდარია თუ ცოცხალი, გიწვდით ხელს, შევრიგდეთ, ბოლო მსხვერპლი იყოს და პირობას გაძლევთ, ჩემი შვილები შურს არ იძიებენ-მეთქი. მახსოვს, საპასუხო ნაბიჯებიც კი გადმოიდგა. ომი უბრალო ადამიანებს არ უნდათ, ომი სჭირდება ხელისუფლებას, რომელიც უგერგილობით ებმება ომის ფერხულში და მასზე დაქვემდებარებული კრიმინალები კი მის "დავალებებს" ასრულებენ. მაშინაც კი, როცა ხეობაში ვცხოვრობდით, ღამით სროლები იყო, დღისით კი ოსები ჩვენთან მოდიოდნენ და რაღაცებს ყიდულობდნენ, ზოგჯერ ნისიადაც მიჰქონდათ და დათქმულ დროს გვაძლევდნენ თანხას. წარმოიდგინეთ ჩვენ შორის რამხელა ნდობა იყო.

სააკაშვილს 2008 წლის ომმა წაართვა შანსი, რომ მოლაპარაკებით რაღაც გადაწყვიტოს, ამიტომ ეს ახალმა ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს. ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ იმედის ნაპერწკალი გამიჩინა და ვფიქრობ, არ შევცდები.

- პოლიტიკური აქტიურობის გამო თქვენზე ზეწოლა ხომ არ დაწყებულა?

- არა, მერიდებიან. მხოლოდ ერთხელ იყო უსიამოვნო ფაქტი, რომელიც მალე აღმოიფხვრა. მაშინ "გლობალ თV"-ის ანტენა დავდგი და შუქი გამომირთეს. მას შემდეგ არავითარი პრობლემა არ შემქმნია.

სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე

"ომი სარკეა, რომელიც ყოველ ადამიანს საკუთარ გამოსახულებას აჩვენებს"

უ. თეკერეი