რატომ დაითხოვეს სამსახურიდან ნინა ხატისკაცი - კვირის პალიტრა

რატომ დაითხოვეს სამსახურიდან ნინა ხატისკაცი

"ჩემი დათხოვნის მიზეზი აღმასრულებელ დირექტორთან შეუთანხმებლობა გახდა. ვგრძნობდი, რომ მისთვის სასურველი თანამშრომელი არ ვიყავი..."

სოსო ცისკარიშვილი:

"რით განსხვავდება მარკ მალენი დიმიტრი შაშკინისგან, რომელმაც მაია მიმინოშვილი მოხსნა?"

"მე საჯაროდ გამომაქვს ინფორმაცია ჩემი ბიზნესინტერესების შესახებ"

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ჩემი გათავისუფლების მიზეზებზე არ სურს საუბარი. მე კი მიკავშირდებიან პირები, რომელთაც ცილისმწამებლურ ინფორმაციას აწვდიან ჩემს გათავისუფლებაზე. ეს ჩემს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად", - აცხადებს ამავე ორგანიზაციის პროგრამების ყოფილი ხელმძღვანელი ნინა ხატისკაცი:

- დაახლოებით საღამოს 8 საათზე გამგეობის თავმჯდომარე მარკ მალენმა დამირეკა, შეხვედრა მთხოვა და როცა შევხვდი, მითხრა, გათავისუფლებული ხარ სამსახურიდან იმის გამო, რომ ზოგიერთ საკითხზე ვერ შეთანხმდი აღმასრულებელ დირექტორთანო, თან დასძინა, ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლებაო. ამის შემდგომ აღმასრულებელ დირექტორთან, ეკა გიგაურთან მოვითხოვე შეხვედრა, რადგან ის არის პასუხისმგებელი თანამშრომლების დანიშვნასა და გათავისუფლებაზე. ეკა მარკთან ერთად შემხვდა. რამდენიმე მიზეზი ჩამომითვალეს, მათ შორის, გუნდთან არაინტეგრირებულობა, რაც ვერ გავიგე, რას გულისხმობს.

როდესაც რაიმე მიზეზით ადამიანს ათავისუფლებ, მასთან ერთხელ მაინც უნდა გქონდეს გამოხატული უკმაყოფილება. ასეთი რამ არ ყოფილა.

ამ ორგანიზაციაში 2004 წლიდან ვმუშაობდი, ეკა გიგაური კი მეორე წელია, რაც მოვიდა. იდეალური ურთიერთობა არასოდეს გვქონია, ბოლო დროს ჩემთან კომუნიკაცია შეწყვიტა. იმ საკითხებშიც კი, სადაც ჩართული ვიყავი, ინფორმაციაზე ხელი აღარ მიმიწვდებოდა. ვგრძნობდი, რომ მისთვის სასურველი თანამშრომელი არ ვიყავი...

ქალბატონმა ეკამ გათავისუფლების მიზეზად რამდენიმე საკითხი დაასახელა: ერთ-ერთი ის, რომ ჩვენი ორგანიზაციის ბათუმის ოფისში წასვლისას ორი დღით ადრე გავაფრთხილე გიგაური, და რომ ჟურნალისტებთან ურთიერთობას მას არ ვუთანხმებდი. არადა, მედიაში ჩემი მიწვევა დაფიქსირებული იყო ორგანიზაციის კალენდარში, მაგრამ როდესაც შეხვედრიდან გამოვდიოდი და ჟურნალისტები აზრს მეკითხებოდნენ, ამაზე წინასწარ ორგანიზაციას როგორ შევატყობინებდი? ჩემთვის შენიშვნაც არ მოუციათ, რომ რაღაც სხვანაირად უნდა გამეკეთებინა. ორგანიზაციაში ყველას თავისი ნიშა ჰქონდა, არავინ არავის ეჯიბრებოდა.

- მარკ მალენი ამბობს, რომ რამდენჯერმე გაგაფრთხილეს.

- ბოლო წელიწად-ნახევარი, რაც ჩვენთან ეკა გიგაური მოვიდა, მარკთან კომუნიკაცია არ მქონია. თუმცა, პრივატულ საუბრებში ამბობენ, რომ ჩემთან პრობლემები ჰქონდათ. ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ ორგანიზაციის ფინანსურ მაქინაციებში ჩემს მონაწილეობას. ეს ცილისწამებაა. მოვითხოვ, კონკრეტულად განაცხადონ მიზეზი, რის გამოც გამათავისუფლეს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ერთი თეთრის  ოდენობის ფინანსურ მაქინაციაშიც არ მიმიღია არასოდეს მონაწილეობა.

ეს იყო უდიდესი განხიბვლა, რაც ოდესმე მიმიღია. ძნელია ისეთ ადამიანთან მუშაობა, რომელსაც არ მოსწონხარ. მარკ მალენი 10 წელია ჩვენი გამგეობის თავმჯდომარეა. მიუღებელი იყო ის ფორმა, რომლითაც მან ჩემთან ურთიერთობის შეწყვეტა გადაწყვიტა. ასეთი ხისტი ფორმით გათავისუფლებამ ძალიან მატკინა გული.

- თქვენთან შეხვედრისას ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ახსენა ფინანსური მაქინაციები?

- ფინანსურ მაქინაციებზე არ გვქონია საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მიზანი არ არის ორგანიზაციაში დაბრუნება, გამგეობის წევრებს შევხვდები და ვკითხავ, რამდენად სამართლიანი იყო ეს.

ნინა ხატისკაცის სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ "სრულიად გაურკვეველი მიზეზით ბოკერიას რომელიღაცა ბოკვერმა სამსახურიდან გაათავისუფლა ქალბატონი ნინა ხატისკაცი. ეს ისეთი ფაქტია, რომელზეც დუმილი ავნებს ჩვენს საზოგადოებას. არსებობს ეჭვი, რომ ეს გადაწყვეტილება მარკ მალენმა მიიღო. თუ ასეა, სირცხვილი მას. რით განსხვავდება მარკ მალენი შაშკინისგან, რომელმაც მაია მიმინოშვილი მოხსნა? გამოდის, მარკ მალენი "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი მხარდამჭერია".

"კვირის პალიტრის" კითხვებს მარკ მალენმაც უპასუხა:

- ბატონო მარკ, რა გახდა ხატისკაცის გათავისუფლების მიზეზი?

- ეს შიდაორგანიზაციული საკითხია და არ ვაპირებთ იმ კონკრეტული ინციდენტებისა და მიზეზების დეტალების სიღრმისეულად განხილვას, რომლებმაც ნინა ხატისკაცის სამსახურიდან გათავისუფლება გამოიწვია. გადაწყვეტილება მისი სამუშაოს შესრულების ხარისხისა და სხვებთან ერთად მუშაობისას არსებული სირთულეების გამო მივიღეთ. ასე რომ, ეს ამბავი არც ისეთი საამაყო თუ დრამატულია, როგორც ამას თვითონ წარმოაჩენს. მისი კომენტარი, რომ არავის გაუფრთხილებია, არასწორია. ჩვენ მრავალი თვის განმავლობაში გვქონდა მასთან ამ საკითხებზე საუბარი, ის კი იგნორირებას უკეთებდა.

- პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ნინა ხატისკაცის გათავისუფლება თქვენი და გიგა ბოკერიას ახლო ურთიერთობას უკავშირდება.

- სიმართლე გითხრათ, არ წამიკითხავს, მაგრამ თუ მართლაც თქვა, მაშინ ცდება. ცისკარიშვილს არ ვიცნობ. იქნებ სწორედ ბატონი სოსო არის იმ ადამიანის ახლობელი, ვისაც სურდა, ჩემ შესახებ მას ამგვარი განცხადება გაეკეთებინა?

- არსებობს აზრი, რომ თქვენ საქართველოში რამდენიმე ბიზნესი გაქვთ და ამიტომაც ანგარიშს უწევთ ხელისუფლების სურვილებს და ვერ ხართ მთლად დამოუკიდებელი.

- ამავე ლოგიკით ვერც ერთი ადამიანი, ვისაც აქვს ბიზნესი, ვერ იქნება დამოუკიდებელი. ბევრისგან განსხვავებით, მე საჯაროდ გამომაქვს ინფორმაცია ჩემი ბიზნესინტერესების შესახებ. საქართველოში არც ისე ბევრი კერძო პირია, ვინც სრულად და დაუფარავად ასაჯაროებს საკუთარ ინტერესებსა და ინვესტიციებს. მჯერა, რომ სწორედ ასეთი გამჭვირვალობა უწყობს ხელს ინტერესების კონფლიქტის პრევენციას. პრობლემები ჩნდება მაშინ, როდესაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულ ადამიანებს აქვთ ინვესტიციები ან იღებენ დაფინანსებას და მალავენ ამას. მათზე ზეწოლა ბევრად იოლია, ყოველ შემთხვევაში, მე ასე წარმომიდგენია. გამჭვირვალობის იდეა კი საკმაოდ კარგად მუშაობს, მაგრამ ვთვლი, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არის მისი დეფიციტი.

ჩემი ბიზნესინტერესები "საერთაშორისო გამჭვირვალობისთვის" პრობლემას არასდროს წარმოადგენდა არც საზოგადოებისა და არც სეკრეტარიატისთვის. მან სულ ახლახან მოგვცა აკრედიტაცია, რომელსაც სამ წელიწადში ერთხელ ვაახლებთ.

მარკ მალენის ბიზნესწილები

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში მარკ მალენის ბიზნესწილების შესახებ შემდეგი ინფორმაციაა განთავსებული: betsyhotel - შპს "ბეტსი" 2012 წლის 25 ივლისის მონაცემით, 25%-იანი წილი; geocapital  - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ჯეოკაპიტალი" 2012 წლის 4 მაისის მონაცემით, 30%-იანი წილი.