"საქართველოში დენთის სუნი მცემს" - კვირის პალიტრა

"საქართველოში დენთის სუნი მცემს"

"როგორც ჩანს, მორიგი სამხედრო დაპირისპირებისკენ მიდის პროცესი"

"როგორც შიდა, ასევე საგარეო ომის საფრთხე რეალურია"

რამზან კადიროვის ხელისუფლებას ჩაბარებული და "ცოდვებმიტევებული" ხიზრი ალდამოვი საქართველოს ხელისუფლებას ექსტრემისტულ და ტერორისტულ ძალებთან ურთიერთობაში ადანაშაულებს.

მისი ხმაურიანი პრესკონფერენციის დეტალებზე "კვირის პალიტრას" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ესაუბრა. მან რამდენიმე სკანდალური ინფორმაცია გაახმაურა და იმ საფრთხეებზე გვესაუბრა, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე, კერძოდ, სექტემბერში შეიძლება აღმოჩნდეს.

- ხიზრი ალდამოვის ამოცანა არ არის სიმართლის თქმა. მას დავალებული აქვს, რომელიმე რეალურ ამბავზე ააგოს ტყუილი, რაც მეტი დამაჯერებლობისთვის სჭირდება. სავარაუდოდ, ამ ინტერვიუს პრესკონფერენციათა ციკლი მოჰყვება. მიზანი ისევ საქართველოს დისკრედიტაციაა, რომელსაც რუსეთი ტერორისტების მფარველობაში დაადანაშაულებს და იტყვის, აი, ბატონო, დოკუ უმაროვის იატაკქვეშეთისა და ქართველების ხელით ლონდონის ოლიმპიადისთვის ტერაქტების სერია მზადდებაო.

ყველაზე საყურადღებო, რაც ხიზრი ალდამოვმა თქვა, ის იყო, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა (როგორც შევარდნაძის, ასევე სააკაშვილის პრეზიდენტობისას) გავლენას ახდენდა და ახდენს ჩრდილოკავკასიურ პოლიტიკაზე. მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე დიდი ოდენობით იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერება ინახებოდა, რითაც ჩრდილოკავკასიელი ბოევიკები მარაგდებოდნენ. ხიზრი ალდამოვმა ისიც თქვა, რომ საქართველოდან რუსეთის ტერიტორიაზე არაბი ტერორისტებიც გადადიოდნენ; რომ საქართველო მონაწილეობდა იმ ტერაქტების ორგანიზებაში, რაც ბოლო პერიოდში რუსეთში, ჩეჩნეთში, ინგუშეთსა თუ დაღესტანში მოხდა. იგრძნობოდა ბესლანის ტერაქტთან საქართველოს დაკავშირების მცდელობაც, რაც ასევე სრული აბსურდია. მთავარი მესიჯი კი, რისი თქმაც ალდამოვს დაავალეს, იყო ის, რომ სააკაშვილი არ მოისვენებს და ტერაქტების სერია გაგრძელდება.

- მაინც რომელ ეპიზოდში თქვა მან სიმართლე?

- საფუძველი იმის თქმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება სხვადასხვა ფორმით ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე ახდენს გავლენას, არსებობს. მაგალითად, ერთ დროს რუსლან გილაევის ბოევიკთა რაზმის ყოფნას ჩვენს ტერიტორიაზე არავინ უარყოფს. ჩრდილოეთ კავკასიაში იარაღის გადატანის შემთხვევებიც იყო, რაც ზღვაში წვეთის ტოლფასია. თუნდაც იმიტომ, რომ გეოგრაფიული და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, საქართველოს ტერიტორიიდან ჩრდილოკავკასიელებისთვის შეიარაღების მიწოდება შეუძლებელია, კავკასიის ქედზე ვერ გადაატარებ. მით უფრო ისეთი ტიპის იარაღს, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს საბრძოლო მოქმედებებზე. გამონაკლისს შეადგენს საზენიტო რაკეტა "სტინგერი", რომელმაც შეიძლება დიდი დარტყმა მიაყენოს რუსეთის ავიაციას. "სტინგერისა" რა გითხრათ, მაგრამ 90-იან წლებში რუსული წარმოების ასეთივე ტიპის სარაკეტო კომპლექსი კი გადაიტანეს.

ჩემი თვალით ვნახე, - 90-იანი წლების ბოლოს სოფელ ჩირი-იუჩში იარაღით დაუფარავად ვაჭრობდნენ როგორც რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე სხვა ათასი ჯურის ხალხი. ისიც ნურავის დაავიწყდება, რომ პავლე გრაჩოვმა მთელი დივიზიის იარაღის საწყობები გადასცა დუდაევს.

მოკლედ, შემთხვევები იყო, მაგრამ მცირე მნიშვნელობის, რომელთაც ახლა აზვიადებენ.

კითხვაზე: იყვნენ თუ არა არაბი ემისრები პანკისის ხეობაში? იყვნენ! - საჯაროდ ვაცხადებ. ჰქონდათ თუ არა გავლენა ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე? - ჰქონდათ! მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ 1991 წლიდან არაბულ სამყაროს ჩრდილოეთ კავკასიაში კარი რუსეთის სპეცსამსახურებმა გაუღეს. აბა, გაიხსენეთ, ვინ შექმნა მოსკოვში ორგანიზაცია "მიოსი"? - რუსულმა სპეცსამსახურებმა. ეს საუდის არაბების ორგანიზაცია შეწირულ თანხებს არაბული სამყაროდან იღებდა და მერე დაღესტნისა და ინგუშეთის ბანკებში ანაწილებდა. ასე რომ, ჩვენკენ თითის გამოშვერა უაზრობაა.

ხიზრი ალდამოვმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, - თითქოს ქართულმა სპეცსამსახურმა 120 ტონა ტროტილი ბულგარეთიდან შემოიტანა და ჩრდილო კავკასიაში ექსტრემისტულ-ტერორისტული ჯგუფები მოამარაგა. ჯერ ერთი, ალდამოვს რატომღაც აერია, შევარდნაძის დროს შემოიტანეს ტროტილი თუ სააკაშვილის, მაგრამ დავუშვათ, შემოიტანეს, 120 ტონა ასაფეთქებელი ნივთიერების გადატანა კავკასიის ქედზე, ციცაბო კლდეებზე როგორ წარმოუდგენია?! ასეთი ტყუილი გულუბრყვილო ხალხზეა გათვლილი. მთავარი, რაც ალდამოვის პრესკონფერენციაზე მოვისმინე, არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ცეცხლის განუახლებლობის შესახებ დოკუმენტზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.

ეს იურიდიული თვალსაზრისით აბსოლუტურად გამართლებულია, რადგან მეორე მხარე არ უნდა იყოს მხოლოდ სამხრეთი ოსეთი, ან აფხაზეთი. დოკუმენტს ან საქართველომ და რუსეთმა უნდა მოაწერონ ხელი, ან მათთან ერთად სამხრეთ ოსეთმაც და აფხაზეთმაც. მე ვთქვი, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ დოკუმენტის უგულებელყოფა დანაშაულია, მაგრამ სწორია იმ თვალსაზრისით, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან არ აწერენ ხელს. ხიზრი ალდამოვის განცხადებებით კიდევ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რუსული მხარე "საპასუხო" ღონისძიებებისთვის ემზადება, ეს გამოკრთა თავად ხიზრი ალდამოვის ნათქვამში.

ფაქტია ისიც, რომ რუსებმა განაცხადეს, აფხაზეთში იარაღის რამდენიმე სამარხი აღმოვაჩინეთო. მათ თურქეთსაც კი დასდეს ბრალი, საქართველოსთან ერთად ოლიმპიადის ჩაშლას ცდილობსო. ყოველივე ეს საინფორმაციო ომის ერთ-ერთი რგოლია. როგორც ჩანს, მორიგი სამხედრო დაპირისპირებისკენ მიდის პროცესი. ამასთან, ოსებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ღრომის ხეობაში რუსული სპეციალური დანიშნულების რაზმი შემოვიდა დიდი რაოდენობის მძიმე ტექნიკით, რომელიც არა საზღვრის დასაცავად, არამედ საპასუხო იერიშის მოგერიებისთვის არის განკუთვნილი.

ამ ფონზე საქართველოში რეზერვისტების შეგროვების კამპანია კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენ ბევრ მათგანს ვესაუბრეთ და არც კი ვიცი, რა დავარქვა იმას, რაც მათგან შევიტყვეთ, - ისინი თავს რეზერვისტს კი არა, პარტიზანს უწოდებენ! თავიდან ბაჩო ახალაია მათ კონფიდენტებს უწოდებდა. ამ ახალგაზრდებს ამზადებენ არა მხოლოდ ომისთვის, არამედ იმასაც ეუბნებიან, თქვენ უნდა დაიცვათ თქვენი სოფელი, ქვეყანა, მაგრამ თუ დაიწყება შინაარეულობა, მაშინაც უნდა მოგვეხმაროთო. არ ვიცი, რას აპირებს ხელისუფლება, როგორ მოიქცევა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ისევ მოაწყობს პროვოკაციას.

ჩემი ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ბატალიონი უკვე გადავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში, ალბათ, იმისთვის, რომ მიტინგების დარბევის იურიდიული უფლება მიეცეს. მათ დაურიგეს ფარები, ხელკეტები და ყველა საჭირო იარაღი. ამ ბატალიონის გარდა, რამდენიმე სხვა სპეცდანიშნულების რაზმიც გადავიდა შს სამინისტროს შემადგენლობაში. სხვათა შორის, ისინი ვანო მერაბიშვილს შს მინისტრობის დროს ჩამოართვეს და გადასცეს თავდაცვის სამინისტროს.

როგორც შევიტყვე, მუხროვანის ტყეში წვრთნას გადის პარტიზანების სამი ასეული. იგივე ხდება სამეგრელოშიც. ახლახან აფხაზებს მოუხდათ შეტაკება ოთხკაციან რაზმთან, რომლის ერთ-ერთი წევრი, ჩახავა დაჭრილი აიყვანეს და ათქმევინეს, თუ რატომ არის ამ პარტიზანების ჯგუფში. ვეჭვობ, ამ ინფორმაციასაც დეზინფორმაციული პროპაგანდისთვის გამოიყენებენ. ჩვენს საზოგადოებას კი რომელიც დაკავებულია არჩევნების პერიპეტიებით, ეს ინფორმაცია მეორეხარისხოვნად მიაჩნია. არადა, როგორც შიდა, ასევე საგარეო ომის საფრთხე რეალურია.

როგორც ჩანს, მორიგი სამხედრო დაპირისპირებისკენ მიდის პროცესი.

"ნაცმოძრაობის" მთავარი ამოცანა უმრავლესობით გამარჯვებაა. დღევანდელ ვითარებას რომ გადავხედოთ, ამის გარანტია არ არსებობს. ამ გუნდს ჰყავს ნიჭიერი, მაგრამ არაადეკვატური ხელმძღვანელი, რომლის პოლიტიკური კარიერა დასრულებულია. მისი მდგომარეობის გადარჩენა შეუძლია მხოლოდ ორ რამეს, - არჩევნების მოგებას ან ომს. ვერ გეტყვით, ხელისუფლება შინაომისთვის ემზადება თუ საგარეოსთვის, მაგრამ გარე ფაქტორები ისეთია, რომ დენთის სუნი მცემს.

- ხიზრი ალდამოვმა, ერთი მხრივ, მოუწოდა საქართველოს მოსახლეობას, შეცვალოს პრეზიდენტი, მეორე მხრივ კი თქვა, რომ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მოკლავს. ესეც რუსული სპეცსამსახურის დაკვეთით განაცხადა?

- არა, ეს მისთვის "თავისუფალი გამოსვლა" იყო. ამით ანტისააკაშვილური განწყობა გამოხატა. ხიზრის კარგად ვიცნობ და ისეთი რამეები ეშლებოდა, რაც არ უნდა შეშლოდა. ხშირად ავიწყდებოდა, რა უნდა ეთქვა, ცრუობდა; თქვა, ყოფილი უშიშროების მინისტრი ავთო იოსელიანი გულით კი არ გარდაიცვალა, მოკლესო. არადა, იოსელიანი უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე იყო და ის ონკოლოგიური დაავადებით გარდაიცვალა. ეს ყველაფერი ხიზრი ალდამოვმა მშვენივრად იცის, მაგრამ ის რუსული სპეცსამსახურების დაკვეთით ლაპარაკობდა.

- მან ყველა სააკაშვილის მოკლულად გამოაცხადა: დუმბაძე, პატარკაციშვილი, ჟვანია...

- დარწმუნებული ვარ, პატარკაციშვილი და ჟვანია სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი გახდნენ, მაგრამ ამას ვერ ვიტყვი დუმბაძეზე, რომელიც, ჩემი აზრით, ბიზნესგარჩევებს შეეწირა.

ზაალ კასრელიშვილი, კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე: - ხიზრი ალდამოვის საქართველოდან წასვლის ორ მიზეზზე ლაპარაკობენ, ერთი მის მატერიალურ ხელმოკლეობას უკავშირდება. ამბობენ, ავად გახდა და არათუ სამკურნალოდ, საავადმყოფომდე მისასვლელი ფულიც არ ჰქონდაო. მეორე მიზეზი მის ცოლ-შვილს უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი რუსეთის სპეცსამსახურებმა აიყვანეს ალდამოვზე ზეწოლისთვის. ასეა თუ ისე, საქართველოს იმიჯზე ცუდად მოქმედებს მისი განცხადებები. შარშან რუსეთის ეფ-ეს-ბეს უფროსის მოადგილემ თქვა, რომ აქვს უტყუარი ვიდეო-აუდიომასალა, სადაც ჩეჩენი ბოევიკები საქართველოს ხელისუფლებას ტერორისტული აქტების მომზადებაში ადანაშაულებენ. ამ მასალას (ხიზრი ალდამოვის "ჩვენებებთან" ერთად) რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში წარადგენს.

- და მაინც, სააკაშვილის ხელისუფლებასა და ჩრდილოკავკასიელ ბოევიკებს კავშირი მართლაც აქვთ?

- ეჭვი მეპარება, ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებს საქართველოს ხელისუფლებასთან კავშირი ჰქონდეთ. სააკაშვილს ხელს  არ დავაფარებ, მაგრამ ასეთი ბრალდებები ცუდად აისახება ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე. თავის დროზე ერთ-ერთმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ პაკისტანში მუშარაფს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლა ტერორისტების ხელშეწყობისათვის, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა. რუსეთიც აუცილებლად შეეცდება ამ ფაქტების გამოყენებას. სააკაშვილის ხელისუფლება მაინც მოახერხებს რთული ვითარებისგან თავის დაძვრენას, მაგრამ ხალხი და სახელმწიფო აღმოჩნდებიან ცუდ მდგომარეობაში.