მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

"ქართული ოცნება" "საოცრებათა მოედანზე"

5 აგვისტოს "ქართული ოცნება" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქციას ბათუმში მართავს. თავიდან აქციის გამართვა ევროპის მოედანზე სურდათ, მაგრამ ქალაქის მერიამ, - ჩვენთან ტურისტული სეზონია და მთელი აგვისტო ყველა მოედანზე და სკვერში ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი. მართალია, ზუსტად არ გვახსოვს, ეს რა ღონისძიებებია, მაგრამ რომ გვაქვს, ზუსტად ვიცით, ამიტომ ქალაქგარეთ გამართეთ ეგ აქციაო. "ქართულმა ოცნებამ", - ევროპის მოედანზე არ გინდათ, მაშინ "საოცრებათა მოედანზე" გავმართავთო (ასე დაურქმევიათ "ანბანის კოშკის" წინ მოედნისთვის) და რადგანაც, კონსტიტუციის თანახმად, არც მერიას და არც არავის აქვს უფლება, აქციის გამართვას ხელი შეუშალოს, ადგილობრივი მთავრობაც ამ წინადადებას "დიდსულოვნად" დათანხმდა. მოკლედ, 5 აგვისტოს "ქართულ ოცნებას" "საოცრებათა მოედანზე" ვიხილავთ, თუმცა, მე თუ მკითხავთ, ისინი უკვე დიდი ხანია იქ არიან. უფრო სწორად, მას შემდეგ, რაც მიზნად არჩევნებში გამარჯვება დაისახეს. იმ დღიდან ხელისუფლება მათ წინააღმდეგ ისეთ ჯადოსნობებს იგონებს, "საოცრებათა ქვეყანაში" ალისასაც რომ არ შეხვედრია. ხელისუფლებამ "ქართული ოცნებისთვის" ნამდვილი ჯადოსნური სამყარო შექმნა თავისი ჭინკებით, ტროლებით, დევებით თუ გველეშაპებით.

"ავი სულების" ისეთი მობილიზაციაა გამოცხადებული, რომ იფიქრებ, მთელი სამყაროდან თავი აქ მოიყარესო. ამ ჭინკებს, ტროლებს, დევებს თუ გველეშაპებს "კაშჩეი ბესმერტნი" მეთაურობს, რომელსაც არაფრით უნდა, რომ იმ კვერცხს მიაგნონ, სადაც მისი სული იმალება. მოკლედ, ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო თავგადასავალზე ერთი კარგი ზღაპარი დაიწერება, იმ განსხვავებით, რომ ზღაპრებში ძირითადად მთავარი გმირები ღარიბები და ობლები არიან, ჩვენს შემთხვევაში კი ის მილიარდერია და მიუხედავად ამისა, წინასწარ ვერავინ გეტყვით, დაამარცხებს თუ ვერა მოწინააღმდეგეს, რადგან თავადაც არანაკლებ საოცრებებს სჩადის. მაგალითად, მან "საოცრებათა მოედანზე" აჭარის მართლაც "საოცარი" მაჟორიტარები უნდა წარადგინოს. ექვსი მაჟორიტარიდან სამი აბაშიძის დროინდელი ჩინოვნიკია: ერთი აჭარის პროკურორი იყო, ერთი ხულოს პოლიციის უფროსი, ერთი კი საერთოდ ასლან ბაბუს მოადგილე. ჩვენი წინასაარჩევნო სიტუაცია "საოცრებათა მოედანია", აბა, რა არის?!

მოძალადენი და დაბეჩავებულნი

თქვენი არ ვიცი და მე ზუსტად ვიცოდი, რომ სააკაშვილი როზა წყაბელიას ინციდენტს უყურადღებოდ არ დატოვებდა. როდესაც მთელი ინტერნეტსივრცე მოიარა ქალბატონ როზაზე ძალადობის კადრებმა, მაშინვე ვიფიქრე, რადგან უკვე კადრები არსებობს, ხელისუფლება ალბათ ძალადობის უშუალო მონაწილეებს საჩვენებლად დასჯის, შემდეგ კი პრეზიდენტი გამოვა და მკაცრად გაკიცხავს მოძალადეებს-მეთქი. თუმცა პრეზიდენტმა მაინც მაჯობა. თავად ეახლა ქალბატონ როზას და გულში მაგრად ჩაიკრა. ვაღიარებ, აქამდე ჩემი ფანტაზია ნამდვილად არ წასულა. ქალბატონ როზაზე ძალადობა ჩართული კამერების წინ, ჟურნალისტების თანდასწრებით განხორციელდა, თუმცა, ბუნებრივია, არა იმის გამო, რომ იგი თავის გაჭირვებაზე ჟურნალისტებს უყვებოდა. ამ სოფელში პრეზიდენტს ელოდებოდნენ და ამ ადამიანებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ეს ქალბატონი მასთან მისვლას და თავისი გაჭირვების შესახებ მოყოლას შეეცდებოდა. ამიტომ იჩქარეს მისი ტერიტორიიდან გაყვანა და სწორედ ამიტომ არ მოერიდნენ ჟურნალისტებს. როზა წყაბელიასთან, რომელიც წალენჯიხის რაიონის სოფელ ცაიშში ჟურნალისტებს საკუთარ გაჭირვებაზე უყვებოდა, ჯერ ერთი ახალგაზრდა მივიდა, რომელმაც ხელი ჰკრა, მერე სხვები მიეხმარნენ და ქალი გაურკვეველი მიმართულებით გაათრიეს.

კადრების გავრცელებიდან მეორე დღესვე მოძალადეებს აკავებენ და თხუთმეტი დღით ციხეში სვამენ, ინციდენტის შემსწრე პოლიციელს თანამდებობიდან ათავისუფლებენ, ხოლო პრეზიდენტი პირადად ჩადის ქალბატონ როზასთან ბოდიშის მოსახდელად. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ასეთი ძალადობა ტენდენცია კი არ არის, არამედ გამონაკლისი, რომელზეც ხელისუფლებამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. ამ დროს ინტერნეტსივრცეში კიდევ ერთი ვიდეო ჩნდება, სადაც უკვე კახელი შვილმკვდარი ქალბატონი ჰყვება იმის შესახებ, თუ როგორ ჩაკეტეს უცნობმა ტიპებმა გამგეობის შენობაში, შემდეგ კი ძალის გამოყენებით მანქანაში ჩატენეს და ტერიტორიას გაარიდეს. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ იგი კახეთში ჩამოსულ პრეზიდენტთან შეხვედრას აპირებდა. შემდეგ გახსენდება რამდენიმე თვის წინ გასული რეპორტაჟი, სადაც ასევე გაჭირვებული ქალბატონი უკვე პრეზიდენტის დაცვას ცემაში ადანაშაულებს და სრული უფლება გაქვს იფიქრო, რომ ეს ტენდენციაა და არა გამონაკლისი, რომ მოძალადე ხელისუფლება გვყავს, რომ ყველა სოფელში, სადაც პრეზიდენტი ჩადის, სწორედ ასე ასუფთავებენ ტერიტორიას, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ და პოლიციამ კარგად იცის, ვინაა ხელისუფლების მომხრე და ვინ - მოწინააღმდეგე და ხალხსაც ალბათ, ამის მიხედვით არჩევენ. თუ ვინმე მაინც მივიდა თავისი სურვილით, ალბათ სწორედ ასე გაათრევენ. უბრალოდ, ცაიშში ერთი იაღლიში მოუვიდათ: მტკიცებულება დატოვეს, ეს ყველაფერი კამერების წინ გააკეთეს, თუმცა სააკაშვილი სააკაშვილი არ იქნებოდა, ყოველივე თავის სასარგებლოდ რომ არ გამოეყენებინა.

ეს კადრები კარგად აჩვენებს ხელისუფლების სახეს, მაგრამ არანაკლებ კარგად საზოგადოების მდგომარეობაზეც მიგვითითებს. კადრებში კარგად ჩანს, რომ ორ ადამიანს, ვინც ქალბატონს მიათრევს, წინააღმდეგობას ვერავინ უწევს. რამდენიმე მათგანი აღშფოთებას მხოლოდ სიტყვებით გამოხატავს. თუმცა, რა უნდა მოსთხოვო საზოგადოებას ან ხელისუფლებას იმ ქვეყანაში, სადაც პედაგოგი, იმის შიშით, რომ სამსახურიდან გააგდებენ, ოპოზიციური პარტიის ლიდერს სახლში არ უშვებს. მერე ამ კახელმა პედაგოგმა პირდაპირ განუცხადა ჟურნალისტებს, ივანიშვილი რომ შემომეშვა, სამსახურიდან გამაგდებდნენ, აგერ ერთი მასწავლებელი ქმრის პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლესო. ამ პედაგოგმა ბავშვებს რა უნდა ასწავლოს? ან ამ ხელისუფლებას რა უნდა მოსთხოვო, რომელსაც ისე ჰყავს პედაგოგი დაბეჩავებული, რომ კარზე მომდგარი სტუმრის სახლში შეშვების ეშინია!

ჭერი თუ სკვერი?

სტიქიით დაზარალებულთა პირველი კატეგორია 1.300-1.500 ლარს, მეორე - 800-900 ლარს, მესამე კი 300-500 ლარს მიიღებს; დაზარალებულთათვის განკუთვნილ სასურსათო პაკეტში 2 ლიტრი ზეთი, 5 კგ შაქარი და 5 კგ მაკარონი შედის; გლეხებს საბანკო კრედიტის დაფარვა ერთი წილით გადაუვადდებათ; სტიქიით დაზარალებულებს მთავრობა ღვინოს დაურიგებს. ესაა იმ დახმარებების ძირითადი ჩამონათვალი, რომელსაც ხელისუფლება დაზარალებულებს ჰპირდება. არ ვაპირებ მარჩიელობას, ეს ყველაფერი საკმარისია თუ არა, თავად განსაჯეთ. უბრალოდ, სააკაშვილი ისე იქცევა, თითქოს მთავრობა ჯერარგაგონილ საქმეს აკეთებს. პრეზიდენტმა, მიუხედავად იმისა, რომ კახეთში რწმუნებული ჰყავს, დამატებით სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა - ლევან ბეჟაშვილი, რომელიც მანამდე აუდიტის სამსახურს ედგა სათავეში. ამბობენ, ბეჟაშვილი კახეთიდან კენჭს იყრის და საამისოდ ამზადებენო. როგორც  უნდა იყოს, გულისამრევი იყო ის ტექსტი, რომლითაც პრეზიდენტმა ბეჟაშვილს მიმართა: "ვაჟკაცური საქციელი გამოავლინე, დატოვე მაღალი თანამდებობა.

როგორც გავიგე, გინდა დაეხმარო შენს მშობლიურ კუთხეს. რადგან ასეთი გადაწყვეტილება მიიღე, მინდოდა მეთხოვა, ჩაუდგე სათავეში კახეთის აღორძინების და აღდგენის შტაბს, იყო იქ მთავრობის და ჩემი - პირადი წარმომადგენელი". გეგონება, ეს ყველაფერი წინასწარ გადაწყვეტილი არ იყო. ასეთი სპექტაკლები რა საჭიროა. მათ ხომ ყოველთვის დიდი სიყალბის სუნი ასდის. ან ამ დანგრეულ თელავში სახელდახელოდ სკვერის მოწყობა რაღა იყო? საოცარია, განსაკუთრებული ფილტრის პირობებში როგორ მოხვდა იქ მარტოხელა დედა, რომელმაც პრეზიდენტს უთხრა: "აბა, ახლა ჩემს ხუთი წლის შვილს ჰკითხეთ, რომელსაც 7 დღეა სახურავგადაცლილ სახლში სძინავს, სკვერი ურჩევნია, თუ ჭერი?" პრეზიდენტი არ დაიბნა და მიუგო: "მშვენივრად მესმის თქვენი. ყველაფერი ექნება, სახურავიც და სკვერიც, ისევე როგორც მთელ კახეთს" და სწრაფად გაეცალა იქაურობას.