"ამ შვიდ დღეში ყველაფერი გააკეთეს ბანკის გასაკოტრებლად" - კვირის პალიტრა

"ამ შვიდ დღეში ყველაფერი გააკეთეს ბანკის გასაკოტრებლად"

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად საქართველოს ბიუჯეტში 80 მილიონი ლარი გადარიცხა. ეს ის თანხაა, რომელიც მას ჯარიმის სახით დააკისრეს. მას შემდეგ, რაც ეს ფული  სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე დაირიცხა, "ქართუ ბანკი" დროებითმა მმართველობამ დატოვა. თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლება არ აპირებს ბანკს თუნდაც 80 მილიონის სანაცვლოდ თავი დაანებოს. ბანკის პრეზიდენტ ნოდარ ჯავახიშვილს არასახარბიელო პროგნოზი აქვს, - ის ორ კვირაში ბანკში ეროვნული ბანკის შესვლას ელოდება.

-  ამ შვიდ დღეში ყველაფერი გააკეთეს ბანკის გასაკოტრებლად. საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ თუკი გაჩნდებოდა  დროებითი მმართველობის მოხსნის საშიშროება, უნდა მოეხერხებინათ და როგორმე ეროვნული ბანკიდან დროებითი ადმინისტრაციაB შემოეყვანათ ბანკის არალიკვიდურობის ან რომელიმე ნორმის დარღვევის საბაბით.

შემოვიდნენ თუ არა, იმავე დღეს დაიწყეს მოლაპარაკება ევრობანკთან ვალდებულებების წინასწარ დაფარვაზე. არადა, ევრობანკი არაფერს სთხოვდა ბანკს და ესენი აძალებდნენ, გინდა თუ არა, შენს ვალდებულებას დავხურავთო. გარდა ამისა, დაიწყეს თელავის ფილიალის რეკონსტრუქცია.  800.000-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმეს შპს "ინ სი"-სთან მაშინ, როდესაც თელავის ფილიალის შენობა სულ 500.000-ად ვიყიდეთ. ხელშეკრულება ისეა გაფორმებული, რომ არ არსებობს არც ხარჯთაღრიცხვა, არც პროექტი, არც დეფექტური აქტი, არადა, 800.000-ის გადარიცხვას ითხოვდნენ.

როცა თანამშრომლებმა ეს გააპროტესტეს, სპეციალური აქტი გამოსცეს და დაავალეს ბუღალტერს, 300.000 ავანსის სახით გადაერიცხა ამ კომპანიის ანგარიშზე (შპს "ინ სი" არის კომპანია, რომელსაც რამდენიმე მსხვილი სახელმწიფო ტენდერი აქვს მოგებული. როგორც ამბობენ, მას ზურაბ ადეიშვილი მფარველობს).

ამ შვიდ დღეში უგულავამ და ზარქუამ გაუგონარი რამ მოახერხეს, - 4 დეველოპერულ კომპანიასთან 50 მლნ დოლარის გენერალური და საკრედიტო ხელშეკრულებები გააფორმეს. მართალია, ვერ მოასწრეს სესხის გაცემა, მაგრამ მიუხედავად იმისა, გაიცემა თუ ბანკის ვალდებულებებში ჩაჯდება, პირდაპირ იმოქმედებს ბანკის ლიკვიდურობაზე. 50 მილიონის ვალდებულების აღება ბალანსზე კატასტროფულად არღვევს ბანკის ლიკვიდურობას. ეს არის პირდაპირი საფუძველი ეროვნული ბანკის შემოსვლისა "ქართუში".

24 ივლისს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებებს იმისთვის, რომ ბანკი არალიკვიდური გაეხადათ. ხარჯთაღრიცხვა არ არსებობს, პროექტი და ბიზნესგეგმა არ არის წარმოდგენილი, არ არსებობს უზრუნველყოფა. პირველად ვნახე ასეთი ხელშეკრულება. ხელშეკრულების ხელმოწერიდან 5 დღეში ბანკი ვალდებულია გასცეს სესხი. თუ არა და 182,5% უნდა გადაუხადოს წლიურად კლიენტს ჯარიმად; ხოლო კლიენტმა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 15 დღეში უნდა წარმოადგინოს უზრუნველყოფის დოკუმენტაცია, თუ არ წარმოადგენს, პასუხისმგებლობა ეხსნება; ანუ ეს არაუზრუნველყოფილი და არამიზნობრივი სესხია, რაც კრედიტის, როგორც ეკონომიკური პროდუქტის არსს ეწინააღმდეგება. ხელშეკრულებაში მიზნობრიობის გრაფაში წერია: "კლიენტის წესდებით გათვალისწინებული მიზნობრიობა". ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც ვიყავი, უამრავ თანამდებობაზე მიმუშავია, მაგრამ ასეთი ხელშეკრულება საბანკო სექტორში არასოდეს მინახავს!

დროებითმა მმართველობამ დაარღვია "ბანკი "ქართუს" სესხების გაცემისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი პროცედურული ნორმები იმისთვის, რომ დროებითი მმართველები დაბრუნებულიყვნენ ბანკში. 7 დღეში მოასწრეს იმდენი, რამდენსაც ბევრი სხვა კომპანია ვერ მოასწრებდა 7 თვეში. დროებითმა მმართველობამ ყველაფერი გააკეთა, რომ შეექმნა ეროვნული ბანკის დროებითი მმართველობის შემოსვლის საფუძველი. იცოდნენ, რომ ბანკი 4 დეველოპერულ კომპანიაზე 50 მლნ ლარს 31 ივლისამდე ვერ გასცემდა.

ზარქუამ წასვლის წინ დაიბარა, ტყუილად გიხარიათ, ორ კვირაში დავბრუნდებიო და ეს სულაც არ იყო შემთხვევითი. სწორედ ეს პერიოდია საკმარისი იმისთვის, რომ მიიღონ ანგარიშგება და შემოიყვანონ დროებითი ადმინისტრაცია, ალბათ, ისევ ზარქუას ხელმძღვანელობით. როგორც ვიცი, აქედან წასვლისთანავე ეროვნული ბანკის მრჩეველი გახდა.

ჩვენ უკვე შევიტანეთ სასამართლოში სარჩელი, ამ აბსურდულ ხელშეკრულებას ვასაჩივრებთ, მაგრამ რად გინდა, ვიცი, რა შედეგსაც მივიღებთ!