"ცოტა მოგვიანებით, მაგრამ სამართალი აუცილებლად ჭამს პურს" - კვირის პალიტრა

"ცოტა მოგვიანებით, მაგრამ სამართალი აუცილებლად ჭამს პურს"

"მორიგი პოლიტიკური ანგარიშსწორება კახა კალაძის მიმართ", - პოლიტიკური თანაგუნდელები ასე აფასებენ სასამართლოს მიერ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძის საქართველოში არსებული ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღებას.

მთავარი  პროკურატურის განცხადებით:  "კახა კალაძის საბანკო ანგარიშებზე ბოლო პერიოდში ჩაირიცხა 6 მილიონი ამერიკული დოლარი, საიდანაც  ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში  ნაღდი ფულის სახით გატანილია 1 მლნ 600 ათასი ლარი, რომლის შემდგომი მოძრაობა არც ერთ საბანკო დაწესებულებაში არ ფიქსირდება.”არ არსებობს თანხასთან დაკავშირებული რაიმე სახის სამოქალაქო გარიგების დამადასტურებელი დოკუმენტი“და რომ ”დროის იმავე მონაკვეთში, საერთო ჯამში, დაახლოებით, 900.000 ლარის ოდენობით თანხა უნაღდო ანგარიშსწორებით მიიმართა სხვადასხვა ხარჯების ასანაზღაურებლად. ამიტომაც მთავარი პროკურატურა იკვლევს საეჭვო ფულის ასავალ-დასავალს და გამოძიების დასრულებამდე უზრუნველყოფს საბანკო ანგარიშების დაყადაღებას".

პროკურატურა ვერ ადასტურებს, მაგრამ ეჭვობს, რომ კალაძე ფულის გათეთრებით არის დაკავებული.

შალვა თადუმაძე, კახა კალაძის ადვოკატი: "პროკურატურამ თავისი განცხადებით დაადასტურა, რომ კალაძის ანგარიშების დაყადაღება უბრალოდ კაპრიზია, რათა ხელისუფლებამ მის ჯიბეში ხელი აფათუროს. ფულის გათეთრებაზე ლაპარაკი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ კალაძის ანგარიშზე გადარიცხული თანხის წარმომავლობა გაურკვეველი იქნებოდა, აღნიშნულ შემთხვევაში კი "ყველაფერი ნათელია. თუ დასაბუთებული ვარაუდი არსებობს, კალაძის მიმართ უნდა მიმდინარეობდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, მაგრამ აღნიშნულ განჩინებაში ამაზე ლაპარაკი არ არის.

კალაძე აცხადებს, რომ საქართველოში, მის ანგარიშებზე მხოლოდ ოჯახის წევრების პირადი საჭიროებისთვის რიცხავდა თანხას თავისივე უცხოური საბანკო ანგარიშებიდან. "ეს თანხები განკუთვნილი იყო საოჯახო ხარჯებისთვის. ბევრ რამეს ვაკეთებ, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ჩემს სახლში. ამ ფულს საერთო არაფერი აქვს პოლიტიკასთან".

"კვირის პალიტრასთან" საუბარში კახა კალაძემ განაცხადა, რომ ანგარიშების დაყადაღების საფუძველი არ არსებობდა.

-  კახა, რას გედავებათ პროკურატურა, რა საფუძველი აქვს მის ბრალდებას?

- დასამალი არაფერი მაქვს, პროფესიონალი ფეხბურთელი ვიყავი, საკმაოდ მაღალი ანაზღაურება მქონდა. ნამდვილად არ ვიცოდი, თუ სპორტში მიღებული გასამრჯელო უკანონო იყო. პროკურატურის ბრალდება, თითქოს უკანონო შემოსავალი მქონდა და მის ლეგალიზაციას ვახორციელებდი, სასაცილოა.

წლებია, რაც ჩემს წინააღმდეგ იბრძვიან ჩინოსნები და მათდამი დაქვემდებარებული ჯიბის ტელევიზიები, მაგრამ იმის შემდეგ, რაც პოლიტიკაში მოსვლის განცხადება გავაკეთე, ტალახის სროლა უფრო გაძლიერდა. დაიწყეს იტალიაში აგორებული საფეხბურთო სკანდალით, შემდეგ თავად კრიმინალური მენტალობის მქონე რეჟიმმა სცადა, დავეკავშირებინე ვიღაც ქურდებთან, ხან მილანს ასახელებდნენ, ხან - ნიცას, ხან - გატუზოს საძმოს... შემდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადმოვიდნენ და კარალეთში, ქვის ხანაში ჩარჩენილი სააკაშვილ-ბასიშვილის ზონდერებმა ქვები დამიშინეს. აღარაფერს ვამბობ იმ ფაქტზე, როდესაც ერთმა არაკაცმა ჩემს მიცვალებულ ძმას შეურაცხყოფა მიაყენა. ახლა საბანკო ანგარიშები დამიყადაღეს, მაგრამ ხალხის თანადგომას ვგრძნობ და მეც სიყვარულით ვპასუხობ.

არავინ იცის, ამათ თავში რა უდევთ, ან კიდევ რას მოიმოქმედებენ. გამიჭირდება გამოცნობა, მაგათ ტვინში რა იხარშება. თუმცა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყნისთვის სასიკეთოს არაფერს აპირებენ.

-  როგორ დაიცავთ თქვენს სიმართლეს?

-  მართალია, დღეს ქართული თემიდა ბრმასთან ერთად ყრუ და მუნჯიცაა, მაგრამ მოვა დრო, როდესაც სასამართლო გათავისუფლდება. სამართალი ცოტა მოგვიანებით, მაგრამ აუცილებლად ჭამს პურს...