"ასეთია ნაცების ნება" - კვირის პალიტრა

"ასეთია ნაცების ნება"

"ივანიშვილმა მხედრის სვლა გააკეთა"

"ბანკის ანგარიშების დაყადაღება და კარალეთი პრელუდია იყო, აგვისტოში უარესს უნდა ველოდოთ"

"საიდან აქვს ფული კალაძესო, ეს კითხვა მხოლოდ იდიოტს თუ გაუჩნდება"

"ხელისუფლებას ჰგონია, კახი კალაძეს მხოლოდ საქართველოს სამ ბანკში აქვს ანგარიშები და სხვა ქვეყნებში არა? ხელისუფლების ქმედებები მარაზმამდე მივიდა", - გვითხრა "ქართული ოცნების" წევრმა, ცნობილმა მოჭადრაკე ზურაბ აზმაიფარაშვილმა, რომელსაც კოალიციაში ახალი მისია დააკისრეს.

- თბილისში მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატად განგიხილავდნენ, რატომ არ დაგასახელეს?

- ვაკისა და დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატად განმიხილავდნენ, მაგრამ საბოლოოდ სხვაგვარად გადაწყდა. ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა შავგულიძე კარგი ადვოკატი და ადამიანია. ის იცავდა გირგვლიანების ოჯახის ინტერესებს, რომლებიც ჩემი მეზობლები არიან და გული შემტკიოდა მათზე. შიდა ბრძოლა არ ყოფილა, ვის დაასახელებდნენ ვაკის მაჟორიტარად. ჩემთვის გაცილებით საინტერესოა ის, რასაც დღეს ვაკეთებ, - "ქართული ოცნების" კოალიციის შტაბში ახალგაზრდობის რგოლს ვხელმძღვანელობ. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" კოალიციის ერთიან სიაში წარადგენს კანდიდატებს და ამ სიაში მეც ვიქნები.

- გავიგე, რომ ნათია მოგელაძის სამსახურის ინტერესის ობიექტი თქვენც გახდით.

- ჩვენი პარტიის ანგარიშზე 40 ათასი ლარი ჩავრიცხე და ამას მოჰყვა ჩემი კონტროლის პალატაში დაბარება. რადგან ჩვენი პარტია ივანიშვილის სახელს უკავშირდება, ჰგონიათ, უმდიდრესი პარტიაა. ერთ-ერთი უღარიბესი პარტია ვართ, რადგან კანონმდებლობა კრძალავს პარტიის ანგარიშზე 60 ათას ლარზე მეტის შეტანას. კონტროლის პალატაში განვაცხადე, თუ საჭირო იქნება, კიდევ შევიტან 20 ათასს ანგარიშზე, რადგან ლიმიტი მაქვს-მეთქი.

მონიტორინგის სამსახურში ყველა საჭირო დოკუმენტი წარვადგინე, მათ შორის - სინგაპურის საშემოსავლო სამსახურიდანაც, სადაც გადასახადს ვიხდი. დოკუმენტურად დავასაბუთე, რომ ჩემი წლიური შემოსავალი 150 ათას ლარზე მეტია და როდესაც ამხელა შემოსავალი გაქვს, 40 ათასი ლარის შეწირვის გამო კითხვა არ უნდა დაგებადოს. მაინც მკითხეს, რაში და რამდენ ფულს ხარჯავ, გაქვს თუ არა კიდევ დამატებითი შემოსავალიო. ისეთი კითხვები დამისვეს, რაც პროკურატურის კომპეტენციაა და არა მონიტორინგის სამსახურის. ამან გამაღიზიანა, არ გაქვთ უფლება ეს მკითხოთ-მეთქი. ჩემთან საუბარი ვიდეოფირზე იწერებოდა, ხელითაც ვწერდი ყველაფერს. ასე დამნაშავეებს აწერინებენ ჩვენებას, რომ იქ არავინ არაფერი ჩაამატოს და მერე არ თქვას, რაღაც სხვაზე მომაწერინეს ხელიო. მე ხომ დამნაშავე არ ვიყავი? კონტროლის პალატაში ადვოკატთან ერთად მივედი. ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, ადვოკატის გაყოლა არ დამჭირდებოდა.

- თქვენ უფრო იოლად გადარჩით - კახი კალაძეს კი ანგარიშები დაუყადაღეს.

- თუ კახის უკანონო შემოსავალი ჰქონდა და ფულს ათეთრებდა, ანგარიშები კი არ უნდა დაუყადაღონ, უნდა დააპატიმრონ. საიდან აქვს ფული კალაძესო, ეს კითხვა მხოლოდ იდიოტს თუ გაუჩნდება. მას ხომ რამდენიმემილიონიანი კონტრაქტი ჰქონდა საფეხბურთო კლუბ "მილანთან". იმათაც დაუყადაღეს ანგარიშები, ვინც კოალიციის სახელით "კარდაკარს" ატარებდა მოსახლეობაში.  კალაძეს ვერაფერს დააკლებენ, მაგრამ ეს ხალხი კი დააზარალეს.

ვფიქრობ, მალე ჩვენი ბინების მფლობელობაშიც შეიტანენ ეჭვს და გამოგვასახლებენ. სააკაშვილს ისეთი ფანტაზია აქვს, ვერავინ გამოიცნობს, რას მოიმოქმედებს. ანალიზი მხოლოდ ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანის ქმედებებს შეიძლება გაუკეთო. სავალალო ის არის, რომ ამ კაცის ფანტაზია ყველა მოქალაქეს აყენებს რისკის ქვეშ.

- როდესაც ბიძინა ივანიშვილმა 80 მილიონი ჯარიმა გადაიხადა, ხელისუფლებამ განაცხადა, ეს პიარისა და ბანკ "ქართუდან" დროებითი მმართველის გასვლისთვის გააკეთაო.

- ივანიშვილმა 80 მილიონი ბიუჯეტში უპირველესად მათ დასახმარებლად შეიტანა, ვინც სტიქიამ დააზარალა. თუ ეს ივანიშვილის პოლიტიკური იმიჯისთვისაც კარგი იყო, ამაში ცუდს ვერავინ დაინახავს, თუ გაუკუღმართებული აზროვნება არა აქვს. ივანიშვილს არასოდეს უთქვამს, რომ ჯარიმას გადაიხდიდა და არც ის, რომ შეწყვეტდა სამართლებრივ დავას უკანონო ჯარიმის გამო. ვფიქრობ, ეს საქმე სტრასბურგამდე მივა და ნათელია, სასამართლოს შედეგი როგორიც იქნება. თუკი დღეს საარჩევნო კამპანია არ არის გამოცხადებული, თუკი ბიძინა ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე და არ არის "ქართული ოცნების" წევრი და არც კოალიციის ოფიციალური თავმჯდომარე, როგორც ბიზნესმენმა რა ჩაიდინა? 80-მილიონიანი ჯარიმის გადახდით მან გამოიყენა ერთადერთი ლეგალური გზა ხალხის დასახმარებლად. ხელისუფლებამ ეს თანხა ხალხს უნდა მისცეს. ივანიშვილის ეს სვლა მეტად წამგებიანია ხელისუფლებისთვის და ამიტომაც გაღიზიანდა.

პირველ დღეს, როდესაც ივანიშვილმა 10 მლნ შეიტანა ბიუჯეტში, გაოგნებულმა ხელისუფლებამ ვერაფერი თქვა. ვერ წარმოიდგინეს, რომ ივანიშვილი ასე კარგად გამოიყენებდა მათ ჩადენილ სისულელეს. თუ ხალხის დახმარების ლეგალურ გზას ისევ შეუზღუდავენ ივანიშვილს, ის კიდევ "ჩაიდენს" რამეს, რომ ხელისუფლებას თავი დააჯარიმებინოს და ამით ხალხს დაეხმაროს. საჭადრაკო ენაზე რომ ვთქვათ, ივანიშვილმა მხედრის სვლა გააკეთა. ჭადრაკში ყველა ფიგურა ჰორიზონტალებზე, დიაგონალებსა და ვერტიკალებზე მოძრაობს, მხედარია ერთადერთი ფიგურა, რომელიც კუთხურ სვლებს აკეთებს. ივანიშვილმა შემოვლითი გზით გააკეთა ეს კეთილი საქმე. რა დასაძრახია, თუ პოლიტიკურ ქულებსაც მოიპოვებს? პოლიტიკოსის რეიტინგი ყოველ წუთს შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ივანიშვილის პიროვნულ რეიტინგს ვერაფერი შეცვლის.

- ის, რაც ხდება "ქართული ოცნების" რეგიონებში ჩასვლისას, აჩენს ვარაუდს, რომ ხელისუფლება მხოლოდ კონტროლის პალატის იმედად არ არის. ამის საილუსტრაციოდ კარალეთის მაგალითიც კმარა.

- კარალეთზე არანაკლები მოხდა კახეთში, სოფელ ვაჩნაძიანში, სადაც გიორგი ნატროშვილი 30 დღით დააკავეს. რამდენიმე დღის წინ მამა ინფარქტით გარდაეცვალა. ოჯახში ტრაგედია დატრიალდა იმის გამო, რომ ყველა ტელევიზიამ აჩვენა, როგორ დაადო სახეზე ხელი გიორგი ნატროშვილმა ქალს, მაგრამ  არავინ დაინტერესებულა, რა უძღოდა ამას წინ -  გამგეობის თანამშრომელმა მის მეუღლეს ამ ინციდენტამდე კახპა უწოდა. კაცმა ცოლის ინტერესების დაცვა მოინდომა და 30 დღით ჩასვეს ციხეში, გამგეობის თანამშრომელს კი პასუხს არავინ სთხოვს ბილწსიტყვაობისთვის, რადგან ასეთია ნაცების ნება. ამიტომაც რა გასაკვირია, რომ ეს ხელისუფლება კარალეთში ქვებს გვესროდა. რაც კახი კალაძეს კარალეთში უთხრეს, იმას ადამიანი არ იკადრებდა. ის ზონდერი, რომელსაც ასეთი საშინელი რამის თქმა შეუძლია, ყველაფერზე წავა...

ეტყობა, "ნაციონალური მოძრაობა" შიდა კვლევებს ხშირად ატარებს და იცის, რომ კოალიციისა და ივანიშვილის რეიტინგები იზრდება. ამას ირიბად ადასტურებს NDI-ს და IRI-ს კვლევაც. მათი პოლიტიკა მაქსიმალურად აგრესიული იქნება აგვისტოში. ბანკის ანგარიშების დაყადაღება და კარალეთი პრელუდია იყო, აგვისტოში უარესს უნდა ველოდოთ. მინდა "ქართული ოცნების" წევრებს და ყველას მოვუწოდო, მაქსიმალურად ფრთხილად იყვნენ. არ მისცენ პროვოცირების საშუალება ხელისუფლებას.

ხელისუფლება შეეცდება გამოიყენოს ოლიმპიადის პერიოდიც და საზოგადოებაში შექმნას განწყობა, ყველას გავუმკლავდებითო.

სამაგალითოდ გაუსწორებენ ვიღაცებს ანგარიშს, რომ საზოგადოება დააშინონ. შეიძლება გათვალო ჭკვიანი, ბოროტი ან კეთილი ადამიანის ქმედება, მაგრამ სააკაშვილის ქცევას კომპიუტერული პროგრამითაც კი ვერ გათვლი.

მიხარია, რომ საქართველო აღმოჩნდა ქვეყანა, რომელმაც დიდი საპრიზო ფონდი დააწესა გამარჯვებულისათვის - 1 მლნ 200 ათასი დოლარი. მაგრამ რატომ არის მეორე ადგილზე გასული სპორტსმენისთვის საპრიზო ფონდი 30 ათასი და მესამეზე გასულისთვის კი 20 ათასი დოლარი? სპორტსმენი ვარ და ვიცი სპორტსმენის ფსიქოლოგია.

წარმოგიდგენიათ, ფინალამდე მისულ ჩვენს მოჭიდავეს როგორი ემოცია ექნება შეჯიბრების წინა ღამეს? როდესაც იცის, რომ ოქროს მედლისთვის 1 მლნ 200 ათასს მიიღებს და წაგებისთვის კი მხოლოდ 30 ათასს.

თუ მიშა ისეთი მაგარია, რომ პირველი ადგილისთვის მილიონ დოლარზე მეტს აძლევს სპორტსმენს, კეთილი ინებოს და ადეკვატური ჯილდო მისცეს მეორე და მესამე ადგილზე გასულებსაც, რომ სპორტსმენს გული არ გაუსკდეს ასპარეზობის წინა ღამეს. შესაძლოა, ვიღაცამ თქვას, ამხელა საპრიზო ფონდი გამარჯვებისთვის სტიმულის მიმცემი იქნებაო, მაგრამ არა. სტიმული მაშინ იქნებოდა, მეორე და მესამე ადგილებზეც რომ ადეკვატური ყოფილიყო საპრიზო ფონდი.

- თქვენი მეგობარი გარი კასპაროვი საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებულია, ამან თქვენი ურთიერთობა ხომ არ დააზარალა?

- რაც პოლიტიკაში მოვედი, მე და გარის მას მერეც რეგულარული ურთიერთობა გვქონდა. მხოლოდ ბოლო ერთი თვეა, აღარ გვისაუბრია. მაინცდამაინც არ ესიამოვნა, რომ ოპოზიციაში გადავედი. რადგან გარის მეგობრები გიგა ბოკერია, ვანო მერაბიშვილი და საქართველოს პრეზიდენტი არიან, მისთვის უფრო სასიამოვნო იქნებოდა, თუ "ნაციონალურ მოძრაობაში" შევიდოდი და არა "ქართულ ოცნებაში". ვუთხარი, შენი ხელისუფლების ოპოზიციაში თუ ხარ, მეც უნდა გამიგო იმ ხელისუფლების ოპოზიციაში ყოფნა, რომელიც ვითომდა პუტინის მტერია-მეთქი. მიშა და პუტინი პოლიტიკური მეგობრები არიან, რაც არ ავალდებულებთ, პური ერთად გატეხონ. მთავარია, მათი ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს. მას მერე გარი კასპაროვთან პოლიტიკაზე აღარ მისაუბრია.

ერთხელ შევარდნაძემ გარი კასპაროვს უთხრა, რად გინდა ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობაო? დაენანა გარი კასპაროვი პოლიტიკისთვის. Mმე რომ მკითხონ, რა მინდა პოლიტიკაში, ამაზე პასუხი მაქვს: ამ ხელისუფლებამ სხვა გამოსავალი აღარ დამიტოვა და გვერდით დავუდექი კაცს, რომელსაც შესწევს ძალა ქვეყანაში ვითარება სასიკეთოდ შეცვალოს. როდესაც ივანიშვილი ქვეყანას სწორ ვექტორზე დააყენებს პირველი, ვინც პოლიტიკიდან წავა, მე ვიქნები.