სიცრუის მორევში ჩაძირულები - კვირის პალიტრა

სიცრუის მორევში ჩაძირულები

ანუ "გვეშველება რამე"?!

იტყუება ყველა: დიდი თუ პატარა, ღარიბი თუ მდიდარი, პოლიტიკოსი თუ მუსიკოსი, ჩინოვნიკი თუ ფარმაცევტი

"კვერცხი ახალია", - მიმტკიცებდა გამყიდველი... მომატყუა, - შინ მისულს გაფუჭებული კვერცხის სუნმა ჭამის მადა დამიკარგა. გაბრაზებული და მშიერი სავარძელში ჩავესვენე და ტელევიზორი ჩავრთე. აჩვენებენ ვიდეოფირს არქივიდან. 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი დედაქალაქში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და აღუთქვა, რომ 2009 წელს ყველა დევნილი ზამთარს აფხაზეთში შეხვდებოდა.”გარანტიას გაძლევთ, დიდი სიამოვნებით მოვაწერ ხელს ლუჟკოვის შენაძენი სახლების ჩამორთმევას და გადმოცემას თქვენთვის და ქართული სახელმწიფოსთვის", - ეს სააკაშვილმა 2007 წლის მიწურულს თქვა, 2008 წლის აგვისტოში კი იყო ომი... დევნილთა რიცხვიც გაიზარდა...

ინტერნეტში ვკითხულობ: "მარინა ბუხრაშვილი უსახლკაროა, სნეული და სოციალურად უმწეო. მან 2007 წელს წერილი მისწერა პრეზიდენტს და დახმარება სთხოვა. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ პასუხი მიიღო. ამ დროს სააკაშვილი 7 ნოემბრის ცნობილი ამბების შემდეგ უკვე გადამდგარი იყო თანამდებობიდან და მის ხელახლა დასაკავებლად იბრძოდა. მოკლედ, პრეზიდენტობის კანდიდატი ბუხრაშვილს სწერდა: "არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ერთად ვერ გადავჭრით; ვიშუამდგომლებ შესაბამისი ორგანოების წინაშე, რათა თქვენს წერილში დასმული საკითხები დროულად და სამართლიანად იქნეს გადაწყვეტილი". მარინამ და მისმა ახლობლებმა არჩევნებზე სააკაშვილს დაუჭირეს მხარი. მას შემდეგ პრეზიდენტის მზრუნველობით აღსავსე ხმა შორიდანაც აღარ მისწვდენიათ!..

palitratv.ge-ზე ჩანაწერს ვხსნი. სააკაშვილი თავის რეზიდენციაში გუბერნატორებსა და რეგიონების ხელმძღვანელ პირებთან მორიგი სიტყვით გამოდის: "რა ავტოკრატია! მართლა ხომ არ ბნელა, ღია კარს რომ ვამტვრევთ! სად არის საქართველოში თავისუფალი აზრის შეზღუდვა?! გაქვთ თქვენი აზრი? - გამოთქვით. გინდათ¬ მიტინგის ჩატარება? - ჩაატარეთ. გინდათ ვიღაცის გალანძღვა? - მლანძღეთ, რამდენიც გინდათ. აბსოლუტური იმუნიტეტი გამოვიმუშავე ყველანაირი შეურაცხყოფის მიმართ. ყოველთვის ვუსმენ კრიტიკულ აზრს"!". პრეზიდენტი თურმე თავად ადევნებს თვალს, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეს და სისულელეა, რომ საქართველოში ვინმეს აჩუმებენ და ქვეყანაში ავტოკრატიაა. ამას ამბობს პრეზიდენტი, რომელიც გაპრეზიდენტების შემდეგ ხალხს დაჰპირდა, რომ ეკონომკლასით იფრენდა, კრწანისის სამთავრობო რეზიდენციას გაყიდდა და ფულს ხალხს მოახმარდა, თავად კი ჩვეულებრივ ბინაში იცხოვრებდა; რომ მოხსნიდა მინისტრს, რომელიც ტელეფონით არ დაელაპარაკებოდა მოქალაქეს...

ბოლო დროს გვაუწყა, რომ მისი მინისტრები თურმე გაღლეტილები არიან(!).

"ტელესამებად" ცნობილი არხებიდან მხოლოდ ხელისუფლების სასარგებლო ინფორმაცია მოედინება, რათა საგანგებოდ მომზადებულმა სიცრუემ დაიპყროს მასების გონება. რეგიონების მოსახლეობას არა აქვს ალტერნატიული აზრის მოსმენის შესაძლებლობა. ამიტომაც ატყდა ერთი ამბავი "გლობალ ტვ"-ის და "მაესტროს" ანტენებზე. თუ ხელისუფლებას სურს ძილ-ბურანში ამყოფოს მოსახლეობა, წაართვას დამოუკიდებლად აზროვნების უნარი. მაშინ "გლობალ TV"-ის ანტენების მასობრივად დაყენება ნაციონალურ ტელევიზიებს მასებზე ზემოქმედების - ფსიქოტრონული იარაღის ფუნქციას დაუკარგავს.

დედაჩემი მირეკავს და ანტენების დაყადაღებით შეშინებული მეკითხება, სოფელში რომ დავამონტაჟეთ,”ის ხომ ჩვენი შეძენილია, იმასაც მოხსნიანო? შემდეგ მაპარებს, რომ ძვირად ღირებული წამალი, რომელიც ექიმმა გამოუწერა, უხარისხოა და არ რგებს. სხვა ექიმს უთქვამს, ფარმაცევტული კომპანიის კლინიკაში რატომ მიხვედი, იქ ექიმებს დავალებული აქვთ პაციენტს”მკურნალობის პერიოდი გაუხანგრძლივონ და მათივე კომპანიაში დამზადებული უხარისხო წამლები გაასაღონო. რომელს უნდა დაუჯერო, ორივე ექიმია, არადა, ერთ-ერთი ტყუის და ეს ტყუილი კიდევ უფრო ვნებს ადამიანის, ამ შემთხვევაში, დედაჩემის ჯანმრთელობას...

ჩემი აზრით, ყველაზე დამანგრეველი სახელმწიფო მოხელის, ხელისუფლების პირველი პირების ტყუილია. განურჩევლად იმისა, რა ერქმევა მეთაურს - მეფე, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი თუ ბელადი, არ უნდა იტყუებოდეს და უნდა ახსოვდეს, რომ თევზი ყოველთვის თავიდან ყარს. მატყუარა წინამძღოლს მიჰბაძავს ერი და სიცრუე შთანთქავს სახელმწიფოს. თუ ქვეყანაში, პირველი პირი მატყუარაა, მასავით ტყუიან ხელისუფლების ყველა რგოლში, ტყუიან ბანკსა და მაღაზიაში, საავადმყოფოში, სადაზღვევო კომპანიაში, სკოლასა თუ საბავშვო ბაღში. ტყუიან ქუჩაში, სატელეფონო საუბრისას, პირისპირ. ტყუილში იზრდებიან ბავშვები და ფსიქიკა უმახინჯდება თაობებს.

წმინდა იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სიცრუის შესახებ ამბობს: "სიცრუე სიყვარულის განმრყვნელია, ხოლო ცრუფიცი - ღვთის უარყოფა. გონიერთაგან არავინ ჩათვლის სიცრუეს მცირე ცოდვად, რადგან არ არსებობს ცოდვა, რომლის წინააღმდეგაც ყოვლადწმიდა სული ისეთ სასტიკ სიტყვებს ამბობდეს, როგორსაც სიცრუის შესახებ ამბობს: "რომელი იტყოდის სიცრუესა, არა წარემართოს წინაშე თუალთა ჩემთა" (ფს. 5,7). როგორც ყოველგვარ ვნებას, ასევე სიცრუესაც სხვადასხვა სიმძიმის ბოროტება ახლავს, რადგან სხვაგვარად განისჯება იგი, ვინც სასჯელის შიშით ცრუობს და სხვაგვარად, რომელიც უმიზეზოდ ტყუის. ერთი მხიარულებისთვის ტყუის, მეორე - გემოთმოყვარეობისათვის, მესამე იმისთვის, რომ გარშემომყოფნი გააცინოს. ზოგიერთი სულაც იმისთვის, რომ მოყვასს მახე დაუგოს და ბოროტი მიაგოს".”

ცალკე თემაა, ვინ რატომ ტყუის, თუმცა, ფაქტია, სიცრუის დეტექტორიც ვერ გაუძლებდა იმ დატვირთვას, რაშიც დღეს საქართველოა გახვეული. ტყუილის ძალაუფლება თითქოს კომუნისტებისგან გადმოეცა მემკვიდრეობით ჩვენს ხელისუფლებას, რომელსაც წინაპრების თვალსაჩინო მემკვიდრე ედუარდ შევარდნაძე ჩაუდგა სათავეში. საქართველოს ისტორიაში პოლიტიკური ბლეფისა და მატყუარა პოლიტიკოსების მარათონი დაიწყო. შევარდნაძეც დაგვპირდა მილიონ სამუშაო ადგილს, მალე საქართველოში აღარ იქნებიან ღარიბები, იქნებიან მხოლოდ მდიდრები და ძალიან მდიდრებიო. შევარდნაძე წავიდა, მაგრამ ჩვენს გამდიდრებას საშველი არ დაადგა. ამჯერად მისმა მემკვიდრე სააკაშვილმა დაგვარწმუნა, 2008 წელს საქართველო იქნება ევროპული ქვეყანაო, მაგრამ 2008 წელს რუსეთთან ომში დავმარცხდით. მაგრამ დღემდე გვარწმუნებენ, კი არ დავმარცხდით, გავიმარჯვეთო!

ექსპერტების ვარაუდით, გვატყუებს საერთაშორისო საზოგადოებრიობაც და ამის მაგალითად მოჰყავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბლეფი - შოკური თერაპიის მოდელით ეკონომიკის“რეფორმირება”90-იანი წლების შუახანებიდან დღემდე. შედეგი - მოსახლეობის ნახევარი უცხოეთში გაიხიზნა. ისედაც მძიმე სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემები კიდევ უფრო დამძიმდა.

დასავლეთი აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ მხოლოდ მსუბუქ აღშფოთება-შეშფოთებას, განცხადებებსა და რეზოლუციებს სჯერდება, აფხაზეთსა და ცხინვალში დაბრუნების საქმეში კი ერთი ნაბიჯითაც ვერ წავიწიეთ წინ.

ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე: - 70 წელი ვცხოვრობდით ტყუილით და როგორც კი ვიგრძენით, რომ ზემდგომთა ძალაუფლება გაიბზარა, ქუჩაში პირველად ქართველები გამოვედით... ტყუილი ყოველთვის პროტესტს იწვევს, - შენი ჭირიმე, მომატყუეო, არავის უთქვამს. ყველა ხელისუფლება ხალხს რაღაცას უმალავს და რაღაცას არასწორად ეუბნება, მაგრამ განსაკუთრებით გაღიზიანებს აშკარა ცილისმწამებლური ტყუილი. ისეთ ტყუილსაც კი არ გვეუბნებიან, ლოგიკურად რომ მოგვეჩვენოს.

ხელისუფლებამ ბევრი შეცდომა დაუშვა, ამიტომაც ზღუდავს მედიას. ძალაუფლების ხელიდან გაშვება არ უნდა, რადგან იცის, რომ პასუხს მოსთხოვენ. ამიტომაც ტყუის. მედიის ბლოკირება არის მკაფიო ნიშანი იმისა, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რა პრობლემებია ქვეყანაში. ხელისუფლებას სურს, ადამიანები კარგი კუთხით ხედავდნენ ამ ცხოვრებას, მაგრამ კარგად ხარ, კარგად ხარო, კაცს ეძახო და ამ დროს ისე ამყოფო, ლარი არ ედოს ჯიბეში, არ გამოვა.

- ცოტა ხნის წინ კუბლაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოების 85% ენდობა ქართულ სასამართლოს, არადა, სტრასბურგში ჩვენი მოქალაქეების საჩივრების განხილვას ვერ აუდიან.

- ევროპელი პარტნიორები რეგულარულად გვახსენებენ, რომ სასამართლო ჩვენთან არ არის ობიექტური და პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი. ესენი კი ბეჯითად ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ სასამართლოთი ყველა კმაყოფილია. წინა კვლევაშიც და ახლაც გამოჰკითხეს ის ხალხი, ვისაც სასამართლოში ჰქონდა საქმე. ეს ღიმილის მომგვრელია, რადგან სასამართლოში რომ კაცია მისული, იმისგან, რა თქმა უნდა, ადეკვატურ პასუხს ვერ მიიღებ. გამოდის, მათი კვლევა რეალობას ეყრდნობა, ოღონდ ისე შერჩეულს, როგორც მკვლევარს სურს. სოციოლოგიაში შერჩევას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. არ არის მართებული, თქვენ შესახებ¬აზრი ვკითხო მეგობრებს, მათ, ვინც თქვენთანვალშია ან რაღაცას მოელის, და მერე ვთქვა, რომ საზოგადოება თქვენზე ასე ფიქრობს. ეს არ იქნება ადეკვატური კვლევა.

ქალებს მაკიაჟი გიყვართ, რომ უკეთ მოგვაჩვენოთ კაცებს თავი. მაკიაჟი ტყუილი არ არის? თუკი მაკიაჟი უგემოვნო და უზომოა, მაშინ ფუფალაა ჩვენ წინ. ახლაც ფუფალასთან გვაქვს საქმე.

მთელი სახელმწიფო ფუფალაა და ჩვენ, ყველანი, გარეული ვართ ამ ამბავში.

სააკაშვილმა იუსტიციის მინისტრობისას სამინისტროსთან დააყენა ფორმაში გამოწყობილი დაცვა, ისე, როგორც ევროპულ სადარაჯო პუნქტებზეა. მაშინ უკვე ჩანდა, რომ ის გარეგნულ ეფექტებზე იქნებოდა ორიენტირებული და არა შინაარსობრივზე, მაგრამ ხალხი მაინც მოტყუვდა და ვაშას ძახილით აიყვანა პიედესტალზე. წლების განმავლობაში, სანამ თავად ხალხს არ დაერია, ეკონომიკა არ დაანგრია, მისი მმართველობის სტილი - შადრევნები, გარეგნულ ეფექტებზე დახარჯული მილიონები გაღიზიანებას არ იწვევდა. ასე რომ, ჩვენ ამ ვითარების თანაავტორები ვართ. ხელისუფლება არ მოსულა ვინმეს ბრძანებით, ჩვენ ავირჩიეთ. დემოკრატიის არსიც ეს არის, - ხალხი ირჩევს და მერე თავს უნდა დააბრალოს, თუ ცუდი აირჩია. გამოსავალი ახალი არჩევნებია.

საზოგადოება უნდა იყოს პრინციპული და გააკეთოს ის, რაც სწორად მიაჩნია! წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარი არჩევანი სწორედ მას წამოეწევა და დაარტყამს ბეჭებში, ისე, როგორც დაემართათ სააკაშვილის ამომრჩეველ დევნილებს. ყველაზე მწარე დღეში ხომ დევნილები ჩაყარა სააკაშვილმა? ასეთივე მძიმე დღეში ჩავარდება ყველა, ვინც ხმის მიცემის დროს იფიქრებს, ხვალინდელ ქათამს დღევანდელი კვერცხი მირჩევნიაო...

ფსიქოლოგების განმარტებით, როდესაც მარცხს ან შეცდომას პოზიტიურად ასაღებ, მაგალითად, ომში დამარცხებას გამარჯვებად ან ფეხბურთში წაგებას - მოგებად, რეალობას ღალატობ, რის გამოც ისევ რეალობა დაგსჯის. უფრო მეტი უარყოფითი რეაქცია წამოვა მოწინააღმდეგისგან, ვიდრე სიმართლეს არ აღიარებ".

P.S. უპირველესად ალბათ საკუთარ თავში უნდა შევებრძოლოთ ტყუილს, რომ სიცრუის მორევში არ ჩავიძიროთ და აუცილებლად გვეშველება.

და კიდევ, ნუ მომატყუებ, რომ კვერცხი ახალია!

ცხვირი ააშკარავებს

არსებობს მოსაზრება, რომ მატყუარას ცხვირი ააშკარავებს. თურმე, როდესაც ტყუი, სისხლის წნევა მატულობს და გამოიმუშავებს ნივთიერებას, რომელიც გავლენას ახდენს ცხვირის ლორწოვანსა და ნერვულ დაბოლოებებზე, რაც ქავილს იწვევს. ამ დროს ცხვირს იფხან ან ისრეს.

ანუ "გვეშველება რამე"?!

"სიცრუე ადვილად გაიდგამს ფესვებს ადამიანის სულსა და გულში, თუ მას ათასგვარად გაუმეორებ"

იოზეფ ჰემელსი