"ალია ჰოლდინგს" 50.000 ლარის გადახდა დააკისრეს (!) - კვირის პალიტრა

"ალია ჰოლდინგს" 50.000 ლარის გადახდა დააკისრეს (!)

თბილისის სააპელაციო სასამართლომ "ალია ჰოლდინგს" მსახიობ ოთარ კობერიძის სასარგებლოდ 50.000 ლარის გადახდა დააკისრა. საქმე ეხება 2011 წლის ზაფხულში "ალიასა" და "ქრონიკაში" გამოქვეყნებულ სტატიებს, სადაც რესპონდენტები კობერიძეს ბავშვების გარყვნაში ადანაშაულებდნენ. "ალია ჰოლდინგის" წინააღმდეგ სასამართლოში კიდევ რამდენიმე სარჩელია შესული...

დიტო ტიკარაძე, გაზეთ "ალიას" პასუხისმგებელი რედაქტორი: "გასული წლის ზაფხულში "ალიაში" დაიბეჭდა ინტერვიუ ელიზბარ ჯაველიძესთან, სადაც ამბობს, რომ წლების წინ ოთარ კობერიძე მხილებული იყო პედოფილიაში, რომ ამაზე სასამართლოში საქმეც იყო აღძრული, მაგრამ შემდეგ ეს ამბავი მიჩუმათდა. ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ ჟურნალისტს დაუკავშირდა უამრავი ადამიანი, რომლებმაც ჯაველიძის ბრალდება დაადასტურეს და კონფიდენციალობის დაცვის გარანტიით სხვა ფაქტებიც გაუმხილეს. ეს მასალა შემდეგ გაზეთ "ქრონიკაში" გამოქვეყნდა. არც ერთ სტატიაში გაზეთი და ჟურნალისტი თავის პოზიციას არ გამოხატავდა, არც რამეს ამტკიცებდა. მიუხედავად ამისა, კობერიძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა არა ჩვენი რესპონდენტების, არამედ ჩვენს წინააღმდეგ და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 50.000 ლარი მოითხოვა. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ "ქრონიკა" ეყრდნობოდა რესპონდენტების მონათხრობს, ამიტომ კობერიძის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. ამის შემდეგ კობერიძემ ეს საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ამ უკანასკნელმა "ალია ჰოლდინგს" კობერიძის სასარგებლოდ 50.000 ლარის გადახდა და სტატიებში მოყვანილი ფაქტების უარყოფა დააკისრა, თუმცა, არ ვიცით, რა მოტივით, რადგან კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაგვიბარებია.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მედიასაშუალებას დააკისრეს მორალური ზიანის ანაზღაურება იმისთვის, რომ რესპონდენტების მოსაზრებები გამოაქვეყნა. ხვალ შესაძლოა, ნებისმიერი დააჯარიმონ. დღეს მე ინტერვიუში სასამართლოს დავადანაშაულებ მიკერძოებულობაში, ჰოდა, შეიძლება ჩათვალონ, რომ "კვირის პალიტრამ" მორალური ზიანი მიაყენა სასამართლოს და თქვენც დაგაკისრონ ჯარიმა...

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებთ, თუმცა არ გვაქვს იმედი, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. ყველამ ვიცით, რომ საქართველოში მოსამართლე მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებს და გადაწყვეტილებებს ერთი ადამიანი იღებს - კანონსა და სამართალს ქვეყანაში სააკაშვილი ქმნის. როგორც ჩანს, ახლა კარგი დროა მედიასთან საბრძოლველად: ზაფხულია, თან წინასაარჩევნო პერიოდი. ფიქრობენ, რომ ახლა გაზეთებისთვის არავის სცალია. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილმა "ალია ჰოლდინგს" დახურვის განაჩენი გამოუტანა. 50 ათასი ლარი არის პირველი ჯარიმა, რასაც მოჰყვება მეორე საქმე - "რეალ TV"-ის სარჩელი "ალია ჰოლდინგის" წინააღმდეგ. "რეალ TV"-მ გვიჩივლა იმის გამო, რომ რამდენიმე სტატიაში ეს ტელევიზია გურამ დონაძის ტელევიზიად იყო მოხსენიებული. ამისთვის ეს ტელევიზია 100 ათასი ლარის გადახდას ითხოვს. თბილისში, ალბათ, 10 ადამიანი რომ გააჩეროთ, ცხრა გეტყვით, რომ "რეალ TV" დონაძის ტელევიზიაა. იურიდიულად ვის ეკუთვნის, არ ვიცი და არც მაინტერესებს, მაგრამ ცნობილია, რომ ეს ტელევიზია დონაძის მითითებებს ასრულებს. შესაძლოა, სასამართლომ ჩათვალოს, რომ ეს "რეალ TV"-ის მორალური შეურაცხყოფაა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო აქაც მოგებული გვაქვს, სააპელაციო სასამართლომ 100 ათასი ლარის გადახდა დაგვაკისროს. ეს გაზეთის ფინანსური განადგურებაა, მაგრამ სანამ ფიზიკურად ვიარსებებთ, მზად ვართ, ბოლომდე ვიბრძოლოთ!

- როგორც ცნობილია, სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელია "ალია ჰოლდინგის" წინააღმდეგ - "საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრიც" გიჩივით...

- ამ შემთხვევაშიც საქმე ეხება სტატიას, რომელიც კონკრეტული რესპონდენტების ნაამბობზე დაყრდნობით დაიბეჭდა. "საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრი" ინტერნეტსაიტებზე აქვეყნებდა განცხადებას, თითქოს "ალიას" ჟურნალისტი "საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრისგან" თვეში 6.000 ლარს ითხოვდა იმის სანაცვლოდ, რომ ცენტრის საწინააღმდეგო სტატია არ დაბეჭდილიყო. გვპირდებოდნენ, რომ წარმოადგენდნენ აუდიოჩანაწერებს, თუმცა ჯერ არაფერი გვინახავს და დარწმუნებული იყავით, ამას ვერც ვერავინ ნახავს, რადგან ასეთი რამ არ არსებობს.

ეს არის მიზანმიმართული ბინძური კამპანია "ალია ჰოლდინგის" წინააღმდეგ. რამდენიმე დღის წინ "ფეისბუკზე" შეიქმნა გვერდი, სადაც მოითხოვენ, რომ "ალიამ" და მსახიობმა გია ბურჯანაძემ ბოდიში მოუხადონ საქართველოს. მსახიობი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ სვანეთში ასულ ბიძინა ივანიშვილს დაახვედრეს ნაციონალების მხარდამჭერები, ხელისუფლებამ აიყვანა რამდენიმე დეგრადირებული ადამიანი და ისინი სვანები კი არა, მეგრელები იყვნენ. ამისთვის, თურმე, ჩვენ უნდა მოვიხადოთ ბოდიში. არ ვიცი, სადამდე მივდივართ... რა უფლება მაქვს, რესპონდენტის სიტყვები შევცვალო? ასე რომ, ეს არის მიზანმიმართული კამპანია "ალია ჰოლდინგის" წინააღმდეგ, რომელსაც ერთი მიზანი აქვს: "ალიასა" და "ქრონიკის" დახურვა.