მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

"ვხსნი ჯადოს და ყადაღას"

დაედოს ყადაღა! - წესით, ეს უნდა იყოს მმართველი გუნდის მთავარი საარჩევნო ლოზუნგი. ყადაღა ხელისუფლებამ ბრძოლის მთავარ საშუალებად აქცია. აყადაღებენ ყველაფერს, კომპანიებით დაწყებული და ანტენებით დამთავრებული. წინა კვირას ინფორმაცია გავრცელდა, რომ ლანჩხუთში იმ ადამიანებს, ვინც "ქართული ოცნების" კარდაკარში მონაწილეობდა, ხელფასები დაუყადაღეს. რამდენიმე ადამიანს, ვისაც დაუსაბუთებელი თანხების პარტიებისთვის შეწირვა დაჰბრალდათ, აუქციონზე სახლებს გაუყიდიან, რადგან ჯარიმა ვერ გადაიხადეს. კომპანია "ელიტა ბურჯის" ქონება აუქციონზე გაიყიდა. დღე არ გავა, რაღაცის დაყადაღების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელდეს. მოკლედ, ყადაღა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა, მართალია, იმას, რასაც ყადაღა დაედო, ქართულად "დაყადაღებული" ჰქვია, მაგრამ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, უფრო შესაფერისი სიტყვა "ყადაღადადებული" მგონია. ლამისაა მთელი საქართველო სწორედ ყადაღადადებულებად ვიქცეთ. ეჭვი მაქვს, ყადაღა და დაყადაღება მალე ჩვენს ფოლკლორშიც საპატიო ადგილს დაიკავებს. ამ სიტყვების გამოყენებით წყევლა გამოდის განსაკუთრებით კარგი. მაგალითად ასეთი: შენ გნახე დაყადაღებული! ან: შენ დაგაყადაღა ჭირმა! ან კიდევ: ჩემხელა ყადაღა დაგადე გულზე! მერე ვინმე ჯადოქარიც გამოჩნდება, ვინც ასეთ სერვისს შემოგთავაზებთ: ვხსნი ჯადოს და ყადაღას; პოეტი, ვინც ასეთ ლექსს დაწერს: როცა ყადაღა ასე ნავარდობს, სიცოცხლის ყველა კარი ჩარაზეთ... და ვიქნებით ყველანი ყადაღადადებულები.

შენ, ბიჭო, ხომ არ გამოალისტრახოვდი?!

"ალისტრახო" საქართველოში მალე საზოგადო სახელად იქცევა. ხშირია შემთხვევა, როდესაც ენაში საკუთარი სახელი საზოგადოდ იქცევა ხოლმე. ასეთი გზა გაიარეს, მაგალითად, სახელებმა: "ყვარყვარე", "ლუარსაბი", "ჯაყო". თუმცა ეს ამბავი ადრე მოხდა. სახელი "ალისტრახო" კი ახლა, ჩვენ თვალწინ გადის ამ პროცესს, თან ისინი სულ ლიტერატურული პერსონაჟები იყვნენ, ეს კი ნაღდია. თუ საქმის კურსში არ ხართ, ახლავე ჩაგაყენებთ:

საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9"-ის ზესტაფონის კორესპონდენტს, ეკა დუგლაძეს, უკვე ერთი თვეა კამერებით შეიარაღებული რამდენიმე ადამიანი დასდევს, რომლებიც თავს ჟურნალისტებს უწოდებენ და "მედიაჯგუფის" წარმომადგენლად ასაღებენ. ისინი მას ხან რა შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართავენ და ხან - რომლით. ბოლოს ლამის სახლში შეუცვივდნენ. ამ ჯგუფს ვინმე ალისტრახო როხვაძე მეთაურობს (ყოველ შემთხვევაში გარედან ასე ჩანს, რომ ისაა მთავარი). ალისტრახო და მისი რაზმი რა ხალხია, ვერავინ გაარკვია. ამ დრომდე ერთადერთი, რისი გონივრული ეჭვიც არსებობს, ისაა, რომ მათ ხელისუფლება მფარველობს ან ხელისუფლების ხელდასხმით მოქმედებენ, რადგან ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს პოლიცია უყურადღებოდ ტოვებს. ეჭვს, რომ ამ საქმეში ხელისუფლების ხელი ურევია, ის ფაქტიც ამძაფრებს, რომ ანალოგიურ ქმედებას ჟურნალისტების მისამართით სხვა რეგიონებშიც ჰქონდა ადგილი, თუმცა ზესტაფონი და ალისტრახო მაინც გამორჩეულები აღმოჩნდნენ. ერთადერთი, რაც მის და მისი ჯგუფის საქციელს შეიძლება ეწოდოს, ეს არის მარაზმი. აქამდე მეგონა, რომ საზღვარი მარაზმსაც ჰქონდა, მაგრამ ვცდებოდი. ეს უსაზღვრო მარაზმია და ვფიქრობ, მალე საქართველოში უსაზღვრო მარაზმს სიტყვა "ალისტრახოიზმით" გამოვხატავთ, ხოლო ყველა პოლიტიკურად მოტივირებულ მარაზმატიკს ალისტრახოს დავარქმევთ. შენ, ბიჭო, ხომ არ გამოალისტრახოვდი?!

სპორტი და პოლიტიკა

მომღერლების თუ მსახიობების პოლიტიკაში გარევა ძველი ამბავია. პრინციპში სპორტსმენი პოლიტიკოსებიც გვყოლია, მაგრამ ის, რასაც "ქართული ოცნება" ამ მიმართულებით აკეთებს, უპრეცედენტო მოვლენაა. "ქართულმა ოცნებამ", ფაქტობრივად, სპორტსმენებისგან მხარდამჭერთა მთელი არმია შექმნა. განსაკუთრებით მოჭიდავეთა ფრონტზე იაქტიურეს. იმდენი მოჭიდავე მიიმხრეს, რომ ცალკე ნაკრები შეუძლიათ ჩამოაყალიბონ. ეს ყველაფერი მტკივნეული პროცესი აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის და დაიწყო სპორტსმენებზე ზეწოლა. გახსოვთ, როდესაც ძიუდოისტი ამბაკო ავალიანი აცხადებდა, რომ ფაქტობრივად მოტყუებით წაიყვანეს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრთან, ლადო ვარძელაშვილთან სალაპარაკოდ, ხოლო ამ უკანასკნელის მხრიდან მუქარას ჰქონდა ადგილი. ვარძელაშვილი მას "ქართული ოცნების" მხარდაჭერის გამო ხელფასის მოხსნით დაემუქრა. რამდენიმე საათის განმავლობაში ავალიანის მეგობრებს ძიუდოისტი გატაცებული ეგონათ.

ამ დღეებში უფრო დიდი სკანდალის მოწმენი გავხდით. ოლიმპიადიდან გამოქცეული ბეთქილ შუკვანიც ზეწოლაზე ალაპარაკდა. როდესაც მისი პოლიტიკური სიმპათიების შესახებ გაიგეს, მასზეც ზეწოლა დაიწყო. შუკვანის სიტყვებით, საქმე იქამდე მივიდა, რომ იძულებული გახდა, სასტუმროს ფანჯრიდან გამოპარულიყო და საქართველოში ხორვატი მეგობრის დახმარებით დაბრუნებულიყო. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო ამ ყველაფერს უარყოფს, თუმცა ავალიანის და სხვა ფაქტების გათვალისწინებით, ძნელია მათი უარყოფის ირწმუნო. გადაჭრით იმის მტკიცებაც ძნელია, რომ შუკვანი ყველაფერს სიმართლეს ჰყვება, მაგრამ მთელ ამ ამბავში მთავარი სხვა რამეა. მთავარი სპორტის პოლიტიზებაა. ამ მხრივ კი სცოდავს როგორც ხელისუფლება, ისე "ქართული ოცნებაც". ხელისუფლება სცოდავს იმიტომ, რომ წესით, ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველა ადამიანს აქვს უფლება პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდეს და ამ შეხედულებების გამო არ უნდა იდევნებოდეს, ხოლო "ქართული ოცნება" სცოდავს იმის გამო, რომ სპორტსმენებზე ნადირობს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ის, რა თქმა უნდა, ხელისუფლებისგან განსხვავებით უკანონოს არაფერს აკეთებს, მაგრამ მე მაინც გაუმართლებელი საქციელი მგონია, ოლიმპიადის წინ სპორტულ სამყაროში განხეთქილების შეტანა. სპორტსმენმა ოლიმპიადის წინ შეჯიბრების მოგებაზე უნდა იფიქროს და არა პოლიტიკური განცხადებების კეთებაზე, ხოლო, თუ შუკვანი მედალს აიღებდა და ამ გამარჯვებას "ქართულ ოცნებას" მიუძღვნიდა, ეს პოლიტიკური განცხადება იქნებოდა, სხვა არაფერი. ოლიმპიადის მედალი და გამარჯვება მთელი ერის საკუთრებაა, შუკვანს ერთნაირად გულშემატკივრობდნენ როგორც "ქართული ოცნების", ისე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები. ამიტომ ამ შემთხვევაში ვერც შუკვანს და ვერც "ქართულ ოცნებას" ვერ გავამართლებ.

ბუნებრივია, ხელისუფლების გამართლება საერთოდ შეუძლებელია, რადგან ის ქურდულ ტრადიციებში, საქმის გარჩევით ცდილობს პრობლემის მოგვარებას. მოწოდება - სპორტი და პოლიტიკა გამიჯნეთ - სწორია, ოღონდ ასეთი მოწოდების გაკეთების უფლება ხელისუფლებას არ აქვს, რომელმაც ზვიადაურის "ქართულ ოცნებაში" წასვლის გამო ახმეტის ძიუდოს დარბაზს მისი სახელი გადაარქვა.