"თუ ეს ვინმეს მოსყიდვა ჰგონია, დაბალი წარმოდგენა ჰქონია ჩვენს ხალხზე" - კვირის პალიტრა

"თუ ეს ვინმეს მოსყიდვა ჰგონია, დაბალი წარმოდგენა ჰქონია ჩვენს ხალხზე"

ქრისტიან-დემოკრატების გურჯაანში გამართული აქციით სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაინტერესდა. როგორც შევიტყვეთ, მოგელაძის უწყება ერთ კვირაში ამცნობს თავის გადაწყვეტილებას ქრისტიან-დემოკრატებს. "კვირის პალიტრა" გურჯაანის გახმაურებული ღონისძიებისა და გეგმების შესახებ ქრისტიან-დემოკრატთა ლიდერს გიორგი თარგამაძეს ესაუბრა:

- სასაცილოა, რომ ქართული მედიის ერთმა ნაწილმა ყურადღება მიაქცია კიტრსა და პამიდორს და არა ჩვენს მრავალათასიან შეკრებას კახეთში. მედიაპოლარიზების პირობებში უყურადღებობა არ გვიკვირს იმ მედიასაშუალებებისაგან, რომლებიც ჩვენს შეკრებებს არც კი ესწრებიან.  მედიის ერთ ნაწილს შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური სიმპათია, მაგრამ, როდესაც ამხელა შეკრება იმართება და კეთდება უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური განცხადებები, არაადეკვატურია ინტერესი ამ შეხვედრის მხოლოდ დასასრულის მიმართ. როდესაც ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას ვაწყობთ, ვითვალისწინებთ კანონმდებლობით დაწესებულ შეზღუდვებს და ვცდილობთ, არ დავარღვიოთ. გურჯაანში ჩამოსული იყო კახეთის ყველა რაიონის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის აქტივის წარმომადგენელი, მათ საკმაოდ გრძელი გზის გამოვლამ მოუწიათ და, ბუნებრივია, ყველა ჯგუფს გაუჩნდებოდა წახემსების სურვილი. ეს აზრი ჩვენს წევრებს თვითონ გაუჩნდათ და ორგანიზება გაუკეთეს ნამგზავრი ხალხის დაპურებას. აუდიტის სამსახურის ინტერესი არ გამკვირვებია, მაგრამ გამიკვირდა ცალკეული მედიასაშუალებების ინტერესი, მაშინ, როდესაც, ერთი მხრივ, მათ ასეთი ინტერესი არ გამოუჩენიათ ხელისუფლების მიერ რესტორან-რესტორან ხალხის ტარებისას და მეორე მხრივ, სხვა პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული აქციის შემდეგ მთელ მაგისტრალზე დახურული რესტორნებისადმი.

ჩემი მოკრძალებული საყვედური მიიღოს ყველა იმ მედიაორგანიზაციამ, რომელიც გურჯაანის მასშტაბური ღონისძიების გაშუქებას იწყებდა და ამთავრებდა კიტრისა და რამდენიმე შამფურის ჩვენებით.

თუ ვინმეს ჰგონია, ეს არის მოსყიდვის მცდელობა, დაბალი წარმოდგენა ჰქონია ჩვენს ხალხზე.  ზოგიერთი პოლიტიკოსისაგან განსხვავებით, არა მგონია, ჩვენი ამომრჩეველი მწვადზე ან  ტომარა ფქვილზე გაიყიდოს.

აუდიტის სამსახურში უკვე ჰყავდათ დაბარებული ჩვენი თხუთმეტამდე აქტივისტი. ისინი, რომლებიც კადრებში ფიგურირებდნენ როგორც ღონისძიების ორგანიზატორები. ასევე დაიბარეს მონაწილეებიც.  კახეთში საკუთარი მარნებიდან ღვინის გამოტანა, კიტრით, პამიდვრითა და ხორცით ადამიანის გამასპინძლება არა მგონია, დანაშაული იყოს.

აუდიტის სამსახური ხშირად არღვევს გონივრულობის საზღვრებს. ამის საშუალებას აძლევს მას გამკაცრებული კანონმდებლობა, რომელიც ფინანსური ნაკადების რეგულაციას ითვალისწინებს საარჩევნოდ. ვითარება ასეთია: რინგზე გამოსულია რამდენიმე მოკრივე, რომლებსაც არბიტრი უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს. არ გამკვირვებია აუდიტის სამსახურის დაინტერესება მას შემდეგ, რაც ობიექტურობით არცთუ გამორჩეულმა რამდენიმე მედიასაშუალებამ ჩვენი ღონისძიება გააშუქა. ეს საკმარისი აღმოჩნდა ჩვენ მიმართ სამართალწარმოების დასაწყებად და, ალბათ, ჩვენს დასაჯარიმებლადაც. თუმცა, არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია იმ ათეულ შემთხვევას, როდესაც ხელისუფლების პირველი პირები უმასპინძლდებოდნენ თავიანთ აქტივისტებს. ისინი ხალხს რესტორნებში, სუფრასთან ხვდებოდნენ და ჩვენსავით მთის ფერდობზე არ შეკრებილან და მოსახლეობის მოტანილი პურმარილი არ მიურთმევიათ.

აუდიტის სამსახურისა და მმართველი პოლიტიკური გუნდის კონტროლირებადი რეპრესიული მანქანისგან მეტს არც ველი, მაგრამ ჩემთვის მიუღებელი იყო სხვების ჩასაფრება. რა ვუყოთ, დღეს ასეთია ვითარებაა. არბიტრი განსხვავებულ ვითარებაში ამყოფებს რინგზე გასულ პოლიტიკურ მოთამაშეებს, - ზოგს ხელებს უკრავს, ზოგს ფეხებს, ზოგს უნდა, რომ პირი აუკრას. ასეთ მდგომარეობაში ყველაზე ხშირად ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობაა. ფაქტობრივად, არ გვაჩენენ არც ერთ პოლიტიკურ ტოქ-შოუში. ზოგიერთ არხზე ნამყოფიც არ ვარ. ასეთია ქართული მედიარეალობა, მაგრამ არ ვწუწუნებთ და ამის ალტერნატივად მოსახლეობასთან შეხვედრებს ვარჩევთ.

- რამდენიმე კვირაა თქვენი ყოფილი კოლეგები, ჟურნალისტები აქციებს მართავენ იმის გამო, რომ რეგიონებში ყველა საინფორმაციო არხი მისაწვდომი იყოს, რათა ხალხმა ალტერნატიული აზრი მოისმინოს.

- ამ საკითხზე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან ვისაუბრე. არც ერთი მასშტაბური შეხვედრა არ ყოფილა, სადაც ამ თემაზე მე და ინგა გრიგოლიას განცხადება არ გაგვეკეთებინა. ქვეყანაში პროფესიული ჟურნალისტური სტანდარტების მიღწევის მთავარი წინა პირობა თანაბარი კონკურენცია და თავისუფლებაა. "მასტ ქერის" პრინციპის დანერგვაში ჩვენ დიდი წვლილი მიგვიძღვის. "მაესტროსთვის" საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მინიჭებაშიც ჩვენი როლი არცთუ მეორეხარისხოვანი იყო. მე ვიყავი ის, ვინც აშშ-ის ადმინისტრაციას ამ საკითხის მოგვარებაში დახმარება სთხოვა.

ჩემთვის მიუღებელია ის პროფანული, არცთუ სასაცილო შემთხვევები, როდესაც ვხედავთ, როგორ უშლიან ხელს "კოლეგები" ერთმანეთს მუშაობაში. ეს მეტყველებს ქართულ მედიასა და პოლიტიკაში არსებულ არაჯანსაღ ვითარებაზე.

ეს ქართული პოლიტიკის დეგრადაციის მაჩვენებელია. პოლიტიკური კონფრონტაცია უკვე მედიაში გადმოვიდა, მედია ამ კონფრონტაციის იარაღი გახდა.

მაგრამ მოვა დრო და მედიასაშუალებები პოლიტიკური სიმპათიისაგან გათავისუფლდებიან. ამის იმედს მიჩენს თუნდაც "მედიაპალიტრის" არსებობა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მედიასახლისაგან არასოდეს გვისარგებლია განსხვავებული პრეფერენციებით, ეს არაერთხელ აღმინიშნავს. ობიექტურად გვექცეოდით და ამისთვის მადლობელი ვიყავით.

როგორი ვითარება იქნება მედიასა და საზოგადოდ, ქვეყანაში, დამოკიდებულია იმაზე, რა შედეგი იქნება 2012 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებში. ყველა სიმახინჯის აღმოფხვრის გასაღები არის ისეთი ბალანსი პარლამენტში, როდესაც არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ექნება იმდენი რესურსი, სხვა ძირითადი მოთამაშე გაანადგუროს. მთავარია, პოლიტიკურ და მედიასივრცეში არ იყვნენ დომინანტები. ჩვენი პოლიტიკური ძალის მთავარი მისიაა, ხელი შეუწყოს  ქვეყანაში პოლიტიკური და მედიასივრცის გაჯანსაღებას და საზოგადოებაში კონფრონტაციის განელებას.

- 1-ლი ოქტომბრისთვის რას ელით?

- ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე შევიტანეთ განაცხადი, რომელიც არის განაცხადი საქართველოს მომავალზე, სადაც ჩვენს შვილებს ექნებათ ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა, მშობლებს არა მარტო დასაქმების, არამედ ღირსეული ხელფასის მიღების საშუალება, ხანდაზმულებს კი - შესაფერისი დაფასება. ეს ფორმულა, ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოების ყველა წევრისთვის თანაბრად არის მისაღები, რადგან მასში გამოსჭვივის ჩვენი საზოგადოების ყველა თაობაზე ზრუნვის სურვილი. დიდი იმედით ველი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს.  ველი, რომ ეს იქნება იმ განაცხადის აღსრულების დასაწყისი, რასაც ჰქვია ერთიანი საქართველო ყველა თაობისთვის.

იხილეთ ვიდეო: უფასო მწვადები კახელებს "ქრისტიან-დემოკრატებისგან"