"ყველაფერი ამაოა მანქურთებისა და უჯიშო ნაძირალების ხელში" - კვირის პალიტრა

"ყველაფერი ამაოა მანქურთებისა და უჯიშო ნაძირალების ხელში"

"ლეგიტიმური პრეზიდენტი არა გვყავს, ამაზე მეტი უბედურება რა უნდა სჭირდეს ქვეყანას?"

"ქართველები ჩვენი გათავისუფლების წიგნს ვწერთ"

"როგორც კი ტვინი ამერევა, გამომაფხიზლეთ, სულაც თავში ჩამარტყით რაღაც, რომ სისულელე არ ჩავიდინო"

"ჩვენი ეკლესია, სპორტი, ხელოვნება, ნებისმიერი დარგი კატასტროფის წინაშეა. რუსთაველის თეატრი აღარ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება ადამიანმა დიდი ხელოვნება შექმნას. მე კი დიდ მოღვაწეებთან და დიდ ხელოვნებას ვარ ნაზიარები. მსახიობის პროფესია იმისათვის არ ამომირჩევია, რომ ვიღაცას ბაზარში ან ბენზინის რიგში ვეცნე. ჩემთვის მთავარი იყო ის სულიერი მდგომარეობა, რითაც ეს პროფესია მაცვიფრებდა. მსახიობის პროფესიას ადამიანთმცოდნეობას ვუწოდებ, მაგრამ თუ ქვეყანა თავზე დაგვექცა, ჭირს წაუღია ხელოვნება", - ამბობს მსახიობი, "ქართული ოცნების" მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა პაპუაშვილი:

- ახლა პოლიტიკაში ყოფნა ქვეყნის გადარჩენისკენ ნაბიჯის გადადგმაა.  ხელისუფლების  უვიცობამ, სიმხდალემ და კაცთმოძულეობამ გადამადგმევინა ეს ნაბიჯი. მინდა პასუხისმგებლობა ავიღო, რადგან მომბეზრდა ასე ცხოვრება. აღარ მაკმაყოფილებს ზოგიერთი პოლიტიკოსის ქცევა, მათი საქმიანობა. ადამიანები, რომლებიც ვითომ თავიანთი ჭკუით ქვეყანას მართავენ, პოლიტიკოსობას იბრალებენ, მაგრამ რა ხეირი აქვს ამით ქვეყანას? ახლა ისეთი გაჭირვება უდგას ჩვენს ქვეყანას, გვერდზე უნდა გადავდოთ ჩვენი ხელობა და ქვეყნის გადასარჩენად დავიძრათ.

ვიცი, რომ ქვეყანას აქვს ურთულესი პრობლემები, რომელიც ხვალ-ზეგ ვერ გადაიჭრება, მაგრამ ხომ არის ისეთი პრობლემები, რომლებიც ერთ კვირაში ან ერთ თვეში მოგვარდება, თუკი ხელისუფლებამ მოინდომა. განგებ რაღაც ჩიხებს იგონებენ, რომ ადამიანი გაწვალდეს, დამცირდეს, გაკოტრდეს. თუ მაგარი ბიჭები ვართ, შევებრძოლოთ ამას და მოვუხსნათ ხალხს ეს პრობლემები. ამათი ყურება აღარ შეიძლება. განა ეს ცოტა არგუმენტია საიმისოდ, რომ პოლიტიკაში წავსულიყავი?

- ამბობენ, პოლიტიკაში პროფესიაში ხელმოცარული ადამიანები მიდიანო, თქვენ კი პოპულარული მსახიობი ხართ.

- რუსთაველის თეატრი კატასტროფის წინაშეა, მაგრამ მხოლოდ რუსთაველის თეატრი? ქვეყანაა კატასტროფის წინაშე. სპორტი და ხელოვნება მაშინ გვჭირდება, როდესაც ქვეყანა ძლიერია. ვეღარ გამოვდივარ სცენაზე. აღარც ტაში მომწონს და აღარც მორთმეული ყვავილი. თეატრიდან რომ გამოვდივარ, სევდიანი და გულმოკლული დავდივარ. აღარ მინდა ასეთი მსახიობობა!

- ბოლო დროს თეატრში გიჭირდათ გაჩერება. რობერტ სტურუას წასვლის მერე აღარ ღირდა რუსთაველის თეატრში დარჩენა?

- თუ სტურუას წასვლა თეატრს და მსახიობებს არ დაგვემჩნეოდა, მაშინ მის მოღვაწეობას რა ფასი ექნებოდა? სამხატვრო საბჭო ავირჩიეთ, გვინდოდა, რეპერტუარი შეგვენარჩუნებინა, კბილებით ვეჭიდებოდით ყველა შესაძლებლობას, კომპრომისებზეც წავედით, მაგრამ ყველაფერი ამაოა, როდესაც მანქურთებს, უჯიშო ნაძირალებს ელაპარაკები, რომელთაც არაფერი წმინდა არა აქვთ. ეპოქა, რომელშიც ვცხოვრობთ, ფსიქოლოგებისა და მედიკოსების შესაფასებელია. ეს რა ადამიანები არიან ხელისუფლებაში? ბევრს ვფიქრობ და როდესაც ჩემს თავს დეპუტატად წარმოვიდგენ, ვოცნებობ, როგორ გადავუწყვეტ ხალხს პრობლემებს. ხალხი ხომ ჩემ გვერდით იქნება? როგორც კი ტვინი ამერევა, გამომაფხიზლეთ, სულაც თავში ჩამარტყით რაღაც, რომ სისულელე არ ჩავიდინო.

მსახიობებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ კარგი პოლიტიკოსები არიან. ჩვენი პროფესია პოლიტიკასაც მოიცავს. კარგად ვიცით პოლიტიკოსთა აზრები, იდეები, მოტივაცია და ისიც, ვინ რატომ იფხანს ცხვირს ან ვის რატომ უშრება ხშირად პირი. ჩვენ ადამიანების სულსა და გულში ვიყურებით.

- როგორ გადაწყდა, რომ მთაწმინდაზე გეყარათ კენჭი?

- ბატონ ბიძინას ადამიანის დარწმუნება არ უჭირს. ისე მესაუბრა, როგორც დიდი ხნის მეგობარს, გულწრფელად, ადამიანურად. ჩემს გულში ჩაიხედა და ორი სიტყვით გაიგო, რატომაც ვდგამდი ამ ნაბიჯს.

ისე არ იქნება, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე გამახსენდეს ხალხი. ესენი ხალხს დაამშევენ, გააკოტრებენ, შეურაცხყოფას მიაყენებენ და მერე მიუტანენ წამალს, ბინტს, ვაშლს. ხალხმა არ უნდა ჩაიგდოს თავი ასეთ მდგომარეობაში. ვის რა აქვს ამათი სამათხოვრო? ადამიანს უნდა ჰქონდეს ხელფასი და იმდენი პენსია, რომ სხვას ხელში არ უყურებდეს.

მეუბნებიან, გზა ხომ დაგვიგესო. გზა თუ დაგიგო, ბევრი ხალხიც დახოცა; შადრევანი თუ გააკეთა, სასამართლოს ბოქლომი დაადო; ფასადები თუ მითხიპნ-მოთხიპნა, ადამიანები დაჩაგრა და ციხეში გამოკეტა.

თუ გინდათ ბორკილებისგან გათავისუფლება, უნდა იბრძოლოთ. როდემდე ვიძახოთ, რომ კბილი გვტკივა? ამოიგდე ეს აყროლებული, დაჭიანებული კბილი და დაისვენებ. მინდა თანამოქალაქეებს ვუთხრა, - ემზადეთ ბედნიერი მომავლისთვის, რომელიც სულ მალე დადგება. გახდით თანამონაწილე ნამდვილი, ჭეშმარიტი ზეიმის და არა ფსევდოზეიმებისა. Bბედნიერების ხანა დგება, მაგრამ უთქვენოდ ბედნიერებას ვერ მივაღწევთ. თუ ისევ ასე გინდათ ცხოვრება და არჩევნებიდან არჩევნებამდე კანფეტებსა და წამლებს ელოდებით, მაშინ ჩემს დეპუტატობას აზრი არა აქვს. ჩემი რწმენა უნდა გქონდეთ, მე არ მოგატყუებთ. კმარა ხალხის მოტყუება და ტვინის დაბნელება. მთელი საქართველო დაძაბულია, ჩურჩულით ლაპარაკობს და ყველა ტელეფონს თიშავს. მთელი ქვეყანა დაყადაღებული, წართმეული და დაყაჩაღებულია. ამ 8 წლის განმავლობაში ვერ მიხვდნენ, ვინ მართავს ქვეყანას? აბა, ჩემგან რა გაპრიალებული საუბარი უნდათ? ამ ბრძოლას მე გამარჯვებით დავამთავრებ. მე იმ ხელისუფლების წარმომადგენელი უნდა ვიყო, რომელიც გეყვარებათ, რომელიც პატივს გცემთ და თან გადაგყვებათ. მე პარლამენტში ლაი-ლაისთვის არ მივდივარ. მაჟორიტარი დეპუტატის სიტყვა პარლამენტში ქვას უნდა ხეთქავდეს, კანონი და ბიუჯეტი უნდა უმაგრებდეს ზურგს, რომ ხალხს პრობლემები მოუგვაროს.

- ხალხს სახლებს უყიდიან იმის გამო, რომ "ქართულ ოცნებას" ფული შესწირეს.

- ხელისუფლების მხარდამჭერებს მინდა ვკითხო: ესაა დემოკრატია, თავისუფალი აზროვნება, პროგრესულობა და ჩვენ ვართ ჩარეცხილები, რეტროგრადები, მოღალატეები და რუსეთის აგენტები?! ეს მონობა, ბოლშევიზმი, ჩამორჩენილობა, გარყვნილება და უნიჭობაა. ჩვენ კი ვქადაგებთ ისეთ თავისუფლებას, სადაც არ იქნება საზოგადოების დაყოფა, ვინ ჩემი მომხრეა და ვინ მოწინააღმდეგეო. დამთავრდა ეს პროვინციალიზმი და ქაჯობა. თავისუფლებაა გვირგვინი ყოველივე სასიკეთოსი. ესენი მონობას ქადაგებენ, რადგან თვითონ არიან მონები. მათი აზრით, მთელი ერი ერთნაირი გამომეტყველების უნდა იყოს და ერთნაირად აზროვნებდეს. ამ კრეტინებმა აი, ასეთი ქვეყნის შენებას ჩაუყარეს საფუძველი. გონებაგახსნილი ადამიანი ხომ მონახავს სხვაობას ჩვენსა და მათ შორის?

- სვანეთში ბიძინა ივანიშვილთან ერთად იყავით, სადაც 5-ნომრიან მაისურებში ჩაცმული ხალხი შეძახილებით დახვდა ბიძინა ივანიშვილს. ითქვა, რომ ეს ხალხი სამეგრელოდან იყო აყვანილი, მათსა და სვანებს შორს დაპირისპირების საფრთხეც კი შეიქმნაო.

- ბედნიერი ვარ, რომ სვანეთში კვირიკობას დავესწარი. საკუთარი თვალით ვნახე, რა მზაკვრობა ჰქონდა ჩაფიქრებული ხელისუფლებას, მაგრამ მთავარი ისაა, კაცი რა გზას აირჩევ. სიბილწე, მდაბიოობა და უზნეობა ვერ ერევა ზნეკეთილობას. ისეთი უსუსურები, უდღეურები და საწყლები იყვნენ ისინი, ვინც ვითარების დაძაბვას ცდილობდა, შეგეცოდებოდათ. თვალნათლივ ჩანდა, ერთი მხარე რა უბადრუკობას სჩადიოდა და მეორე მხარე როგორ დიდსულოვნად იტანდა ამ ყოველივეს. ბიძინა ივანიშვილის საქციელი ჩემთვის ზნეკეთილობის გაკვეთილი იყო. ბევრი ისეთი რამ ვნახე, გულიც კი ამიჩუყდა, - ბიძინა ივანიშვილი, ჩვეულებრივი ადამიანი, დადიოდა მტვერში და ელაპარაკებოდა ადამიანებს, რომლებიც რაღაცებს ეძახდნენ ვიღაცის დავალებით. მთელი სვანეთი მტვრის ბუღშია გახვეული. ვითომ რაღაცებს აკეთებენ. ვითომ მესტიის ცენტრს აშენებენ, სინამდვილეში კი ეს ბუტაფორიაა.

იქ რამე კი არ შენდება, დეკორაციები დგას. სეტის წმინდა გიორგის ეკლესია ისე ჩახერგეს, მისასვლელი აღარ დატოვეს. არადა, ცერემონია ჰქონდათ სვანებს: მესტიის ცენტრიდან დაიძვრებოდნენ ცხენოსნები და შედიოდნენ სეტის წმინდა გიორგის ეკლესიაში. მესტიაში ამხედრებული თამარ მეფის გაუგონარი ძეგლი დგას, ვერ მივხვდით, რატომ არის ის თამარ მეფე და რატომ ჰქვია ცხენი იმ არსებას, გულის ამაჩუყებელი იყო სოფლებში შეხვედრები, ყველამ მიიღო თავის გაჭირვებაზე პასუხი და ყველას იმედი ჩაესახა.

კვირიკეს ეკლესიასთან ასვლა რთული იყო, რადგან მთის წვერზეა. ამ გზას უცებ ვერ აივლი. შესვენებაა საჭირო. ზოგან ისეთი ბილიკებია, თუ გზა არ დაუთმე, ორი ადამიანი ერთად ვერ გაივლის. ავდიოდით ამ გზაზე და ბიძინა სათითაოდ ელაპარაკებოდა ხალხს, ამშვიდებდა, იმედს აძლევდა. სვანები შეურაცხყოფილი იყვნენ იმით, რომ ბიძინას მისამართით ასეთ წმინდა დღეს რაღაც შეძახილები ისმოდა. ტაძარს რომ მივუახლოვდით, პატარა მიტინგივით მოეწყოთ წითელ და თეთრმაისურიან ახალგაზრდებს. დროშებს აფრიალებდნენ და ყვიროდნენ. საშიში ვითარება შეიქმნა, მაგრამ მაინც არ დაიხია ბიძინამ უკან. ყველას მიესიყვარულა. გულკეთილობით და სიყვარულით მარცხდება თურმე მდაბიოობა. მოგზავნილებმა იკნავლეს, სიყვარული კი სიყვარულად დარჩა. ის კაცი, პრეზიდენტი რომ ჰქვია, ამ გზას აივლიდა? ვერ აივლიდა. შვეულმფრენით ჩამოფრინდებოდა, ხალხს გააყრევინებდა და თავის "შნირებს" დაახვედრებდნენ, რადგან არა აქვს უნარი, გულღიად შეხვდეს ხალხს. ეს მისი სამშობლო აღარ არის.

კვირიკეს ეკლესიასთან ისეთი დაძაბულობა იყო, სამღვდელოებამ ითამაშა უდიდესი როლი დაძაბულობის განსამუხტავად. მდუმარედ იდგნენ ტაძრის წინ და მათ მიერ გაკეთებული ჯებირის გადალახვა ომის ტოლფასი გახდებოდა. მათი ლოცვითა და ტაქტიანი ქცევით დიდი უსიამოვნება ავიცილეთ თავიდან.

ბიძინა ივანიშვილი მესტიაში ოფისს რომ ხსნიდა და ამომრჩევლებს ხვდებოდა, მეორე მხარე მოვარდა და ყვიროდნენ, მათ უკან კი ზონდერბრიგადა იდგა. სვანეთში ამოყვანილმა ამ საცოდავმა ხალხმა სამარშრუტო ტაქსებში გაათენა ღამე. ლუდი და სიგარეტი უფასოდ მიუტანეს, საჭმელი კი მშივრებს ჩვენი თანაგუნდელის, ვიქტორ ჯაფარიძის დამ მიუტანა.

ეს ხალხი ისეთი უბადრუკი იყო, მათნაირი მხარდამჭერი რომ მყავდეს, თავს მოვიკლავდი. სვანეთისკენ ეს სვლა ძალიან თბილად გამახსენდება, მიუხედავად იმისა, რომ იქ დავინახე სხვადასხვა კუთხის ხალხის Aდაპირისპირების მცდელობა. ეს რა უბედურება დაგვეცა თავში ამ ხელისუფლების სახით?

კაცმა, რომელიც თავს პრეზიდენტს ეძახის, ხალხის დასაპირისპირებლად და უბედურების მოსახდენად სვანეთში სხვადასხვა კუთხის ხალხი ამოიყვანა.

ვინ იცის, რას ელაპარაკნენ და როგორ აუმღვრიეს ტვინი საწყლებს. მათზე არ ვბრაზობ, მეცოდებიან.

რაც სვანეთში მოხდა, ხელისუფლების ისეთი მარცხია, ენით ვერ აგიწერთ. ბიძინა  რომ ეტყოდა, შვილოო, თავიანთი ნამოქმედარისა რცხვენოდათ და სახეებს მალავდნენ. თავზე გამუდმებით შვეულმფრენები დაფრინავდა, ყოველ ნაბიჯზე სოდ-ი და კუდ-ი დაგვყვებოდა. რას მიაღწიეს? ვერაფერს! ძალიან შეირცხვინეს თავი.

დღეს ქართველები ჩვენი გათავისუფლების წიგნს ვწერთ. მასში ჩაიწერება ბევრი წარმატებაც და მარცხიც. ამ წიგნის სხვა ქვეყნებიდან გადმოწერა და კალკირება არ შეიძლება. 2008 წელს სააკაშვილი დამარცხდა, მაგრამ ხედავთ, თურმე რამხელა მონსტრს ვებრძოდით ხელშიშველი, უფულო, ამდენჯერ ნაღალატევი? რა რესურსი გაგვაჩნდა, რომ ამას გავმკლავებოდით? არაფერი.  ლეგიტიმური პრეზიდენტი არა გვყავს, ამაზე მეტი უბედურება რა უნდა სჭირდეს ქვეყანას? ამ კაცმა თავისი დანიშნული და გაკონტროლებული არჩევნები წააგო და მერე რაღაცების გადაკეთება დაიწყო. ამ ხერხების გამოყენებას ისევ შეეცდება, მაგრამ აღარ გამოუვა. ერთსულოვნებაა ამისთვის საჭირო. ერთიანობითა და სიყვარულით გამოვა ეს საქმე და არა გაბოროტებითა და გახლეჩით.

რატომღაც ამათ ნაკეთებ სიბინძურეებს ივიწყებენ და ჩამოთვლიან ხოლმე: მანქანებს აღარ იპარავენ, სარკეებსა და მინებს აღარ ხსნიან, მობილურს არავინ გვაცლის ჯიბიდანო, მაგრამ ადამიანებზე არაფერს ამბობენ! მოიპარონ დანჯღრეული "ოპელის" სარკე, ოღონდ ადამიანი არ მოკლან წამებით. შეიძლება ამდენი მკვლელობა? რადგან მანქანის სარკეებს არ იპარავენ, ეს ყოფილა წარმატება და კარგი ქვეყანა გვქონია. ჭირს წაუღია მანქანა, სხვას იყიდი, მაგრამ დახოცილ ბიჭებს ვინ დააბრუნებს? მომიყვანეთ ის ბიჭები და მაშინ დავმშვიდდები! ან

სამარშრუტო ტაქსებიდან რადიოების ამოცლა და თეფშების დაყადაღება არ არის ქაჯობა?! რა უბედურებაა ეს თეფშებთან ომი?

ოქტომბერში დიდ ზეიმს ველოდები. ამ ჭირს რომ მოვიშორებთ, ქვეყანაში სიმშვიდე, სამართლიანობა იქნება, ნიჭიერებს გზა გაეხსნებათ, აღარ იქნება ხალხი დათრგუნვილი. სამართლიანი სასამართლო წართმეულს დააბრუნებს, მართალს გაამართლებს და მტყუანს გაამტყუნებს. მე ასეთ საქართველოს ვგულშემატკივრობ. ნუ მივატოვებთ ამ ბრძოლაში ერთმანეთს და ერთ კაცს ნუ ავკიდებთ მთელ სიმძიმეს. ტვირთი გადავინაწილოთ, შევეხიდოთ ამ კაცს. ისიც არ გაწყდება წელში და ქვეყანასაც ეშველება!

თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? გთხოვთ კომენტარი დატოვოთ ჩვენს საიტზე ან მოგვწეროთ რედაქციაში