ოცნება სპორტშიც იკრძალება?! - კვირის პალიტრა

ოცნება სპორტშიც იკრძალება?!

რა მოხდება, თუ სამშობლოში დაბრუნებული ოლიმპიური ჩემპიონი, ოქროს მედლის მფლობელი ლაშა შავდათუაშვილი იტყვის, რომ ის მხარს არ უჭერს "ნაციონალურ მოძრაობას"?

ლონდონის ოლიმპიადის მონაწილე ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. "არ მაპატიეს, რომ ოლიმპიადაზე წასვლის წინ ბიძინა ივანიშვილი მოვინახულე და დავპირდი, რომ ჩემს გამარჯვებას მას მივუძღვნიდი. თუ მმართველი პოლიტიკური ძალა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში დარჩება, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს დავტოვებ", - აცხადებს შუკვანი. სამწუხაროდ, ის ერთადერთი სპორტსმენი არ არის, ვინც საქართველოს ხელისუფლებას ასეთ ბრალდებას უყენებს. მათი თქმით, თუ წინათ ქართველი სპორტსმენები შიმშილს, სიცივესა და გაჭირვებას გაურბოდნენ, ამჯერად კომფორტული საწვრთნელი დარბაზებიდან პოლიტიკურ წნეხს გაურბიან. თუმცა, რომელიმე მეზობელ თუ შორეულ ქვეყანაში კი არ მიდიან, სადაც სპორტს სპორტის ადგილი უჭირავს და პოლიტიკას - პოლიტიკის, არამედ”"ქართულ ოცნებას" ეკედლებიან, - ამბობენ სპორტსმენები. სპორტის ასეთი პოლარიზება საზოგადოების არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევს. ხალხი გმობს შუკვანზე ხელისუფლების ზეწოლას, მაგრამ არ ესმის, რატომ უნდა მიეძღვნა მას თავისი გამარჯვება "ქართული ოცნებისა" და ივანიშვილისთვის - ძიუდოისტი ხომ ლონდონში საქართველოს ღირსების დასაცავად წავიდა და არა ხელისუფლების ან რომელიმე პოლიტიკური გუნდის მხარდასაჭერად.

"ნუთუ პოლიტიკური რვაფეხა ისე შემოეჭდო ქართულ სპორტს, რომ ლონდონის ოლიმპიადაც კი წინასაარჩევნო ბრძოლის არენად იქცა? ეს საქართველოში სპორტის სიკვდილს ნიშნავს", - წერენ ინტერნეტფორუმზე. ქართული სპორტის არასახარბიელო მდგომარეობაზე კი აშკარად მეტყველებს ოლიმპიადის დაწყებიდან დღემდე მოპოვებული ერთადერთი მედალი; მერე რა, რომ ოქროა... ჯერ კიდევ გვაქვს იმედი, რომ ლაშა შავდათუაშვილის გამარჯვება ოლიმპიადაზე ქართველების ერთადერთი გამარჯვება არ იქნება.

ბეთქილ შუკვანი: "სროლის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი გია უდესიანი პირველად აეროპორტში ვნახე. გამომწვევად მიყურებდა, მიბღვერდა, ჩემს გასაგონად აგინებდა "ქართულ ოცნებას", რომ ავყოლოდი.  ბიჭებმა მირჩიეს, ყურადღება არ მიაქციოო და ასეც მოვიქეცი. მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციაში ოფიციალური სტატუსი არ ჰქონდა, ლონდონში შეჯიბრების წინ მაინც შეძლო ახლოს მოსვლა და ჩემი გალანძღვა. ძალიან დაძაბული ვიყავი. ამას მოჰყვა მსაჯების არაკეთილსინდისიერი საქციელი. მაღალ ქულებს ვიღებდი და დაბალს მაძლევდნენ. მეორე შეჯიბრებაზე თითიდან სისხლი წამომივიდა. ამ დროს ბრძოლა უნდა შეწყდეს და სპორტსმენმა დაშავებულ ადგილს მიხედოს, მსაჯმა კი ბრძოლა არ შეწყვიტა. ამ ყველაფერმა ფსიქოლოგიურად გამტეხა და მოწინააღმდეგემაც მძლია. სპორტის მინისტრთან, ლადო ვარძელაშვილთან მივედი, ვთხოვე, დაიცავით ჩემი უფლებები, თქვენც ხომ ხედავდით, რომ დამჩაგრეს-მეთქი. პასუხის ღირსიც არ გამხადა და ნერვებმოშლილი გამოვბრუნდი უკან.

ათი საათი ვიყავი ოთახში ჩაკეტილი. მერე დელეგაციის ერთ-ერთი წევრი მოვიდა - უდესიანს უნდა შენი ნახვა, დაბლა ათ კაცთან ერთად არის, ნასვამიაო. ამ დროს იმანაც დაურეკა; სად ხარ, დროზე ჩამომითრიეო, უყვიროდა, თან მე მაგინებდა. როგორ ფიქრობთ, ერთი ათს რომ შევხვედროდი, კარგად წავიდოდა საქმე? ამიტომაც ვარჩიე მშვიდად წამოსვლა. ბარგი ჩავალაგე და პირველ სართულზე ჩამოვედი. უდესიანი თანმხლებ პირებთან ერთად ჰოლში იდგა. უკან ავბრუნდი და მეორე სართულის ფანჯრიდან ეზოში გადავედი. მერე ხორვატი მეგობარი ვნახე და ვთხოვე, ბილეთის აღებაში დამხმარებოდა. აი, ასე გამოვიპარე საქართველოში.

მე პოლიტიკის არაფერი გამეგება. ერთი რამ ვიცი - ხალხს ძალიან უჭირს, შია და საქართველოდან გარბის, რომ გადარჩეს. აღარ მინდა, ასე გაგრძელდეს, ამიტომაც ვუჭერ მხარს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც, მწამს, ჩემს ხალხს არ გააუბედურებს. სულ ეს არის!.. ბეთქილ შუკვანი პოლიტიკოსი არ არის, სპორტსმენია, მაგრამ თუ ეს ხელისუფლება დარჩება ქვეყნის სათავეში, მე დავტოვებ ნაკრებს. რატომ გადავწყვიტე გამარჯვება მიმეძღვნა "ქართული ოცნებისთვის" ? იმიტომ, რომ სოლიდარობას ვუცხადებ ყველას, ვინც ხალხს არ ჩაგრავს".

"დაუფარავად ვისაუბრებთ ყველაფერზე, რასაც ხელისუფლება, თავისი ზონდერებით, ჩვენს წინააღმდეგ აკეთებს. ჯერ მარტო ის რას ნიშნავს, რომ ყველა სპორტული ფედერაციის  ხელმძღვანელი ხელისუფლების მაღალჩინოსანია? სამინისტრო მოუწოდებს სპორტსმენებს, გამიჯნონ სპორტი და აქტიური პოლიტიკური საქმიანობა. ჩვენ გვაქვს მოქალაქეობრივი პოზიცია. სამინისტრომ სწორედ ეს მიიჩნია ჩვენს დანაშაულად. ხელისუფლება თავად ურევს ერთმანეთში სპორტსა და პოლიტიკას. სპორტდარბაზების კედლებიდან ზვიადაურის სურათები ჩამოგლიჯეს, ახმეტაში ზვიადაურის სახელობის დარბაზს სახელი შეუცვალეს, ძვლების დამტვრევითა და დენზე შეერთებით ემუქრებოდნენ ჩვენს მეგობრებს", - ნათქვამია 3 აგვისტოს გავრცელებულ მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ 2012 წლის ევროპის ჩემპიონი სამბოში ნოდარ მეტრეველი, ხუთგზის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი სამბოში უშანგი კუზანაშვილი, საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში ამბაკო ავალიანი, ბოლო დღეების სკანდალის გმირი ბეთქილ შუკვანი და სხვ. მათივე თქმით, სპორტსმენები ოლიმპიადის წინ ზეწოლის ფაქტებზე ლაპარაკს იმიტომ ერიდებოდნენ, რომ ოლიმპიადაზე პრობლემები არ შეჰქმნოდათ. ნაკრების საქართველოში დაბრუნებისთანავე უფრო მეტს ვიტყვითო, ამბობენ. მხარე, რომელსაც შუკვანი ადანაშაულებს, დუმს. ძიუდოისტის ბრალდებებს მხოლოდ უარყოფენ. საგულისხმოა ისიც, რომ დელეგაციის ხელმძღვანელობამ არაფერი იცოდა შუკვანის საქართველოში დაბრუნების შესახებ.  მათი თქმით, ოთახში ჩაკეტილი სპორტსმენი დეპრესიაში იყო და მარცხს განიცდიდა, არადა, ის უკვე ორი დღის დაბრუნებული გახლდათ სამშობლოში(?!).

მიმდინარე მოვლენების გამო ჩნდება კითხვა: რა მოხდება, თუ სამშობლოში დაბრუნებული ოლიმპიური ჩემპიონი, ოქროს მედლის მფლობელი ლაშა შავდათუაშვილი იტყვის, რომ ის მხარს არ უჭერს "ნაციონალურ მოძრაობას"? დავიჯეროთ, ისევე გაუსწორდებიან, როგორც "მოღალატე" ზვიადაურს? ზვიადაურზე რადგან ვთქვით, არ ეგების მისი ოლიმპიური გამარჯვების გაუხსენებლობა. ეს არ იყო, უბრალოდ, ოლიმპიური ოქრო.

2004 წლის 18 აგვისტოს ზურაბ ზვიადაურმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ოლიმპიური ოქრო მოიპოვა. 2004 წლის აგვისტოში კი, როდესაც ათენში მიმდინარე ოლიმპიადაზე ქართველები საქართველოს ღირსებისთვის იბრძოდნენ, სამაჩაბლოში ომი იყო და ჩვენი ჯარისკაცები ტერიტორიული მთლიანობისთვის თავს სწირავდნენ. "ეს არ არის ჩემი გამარჯვება, ეს იმ ბიჭების გამარჯვებაა, ვინც ჩემს სახლს, ჩემს ოჯახს, ჩემს მიწას იცავს.  ჩემს გამარჯვებას ვუძღვნი მთელ საქართველოს. როცა ჩემპიონი გავხდი, საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მომილოცეს გამარჯვება. ძალიან ბედნიერი ვიყავი. იმიტომ კი არა, რომ პირველმა პირებმა დამირეკეს, იმიტომ, რომ მათთვის ჩვენი სპორტსმენების გამარჯვება უბრალო სპორტული გამარჯვება არ არის. როცა იგრძნობ, რომ მხოლოდ საკუთარი პრესტიჟისთვის არ გარჯილხარ და მთელი ერი შენთან აიგივებს საკუთარ ღირსებას, ბედნიერებაა", - მითხრა ზურაბ ზვიადაურმა 2004 წელს, ათენში სატელეფონო საუბრისას.

"მეგონა, რომ არა მხოლოდ მე ვიბრძოდი სპორტულ ტატამზე საქართველოს ღირსებისთვის, ხელისუფლების პირველი პირებიც იმავეს ცდილობდნენ პოლიტიკურ ტატამზე. მეგონა, რომ ქვეყნიდან გაქცეული ქართველობა უკან დაბრუნდებოდა და ყველა ერთად ავაშენებდით ამ ქვეყანას, სამწუხაროდ, იმედი გამიცრუვდა. ამათ უფრო მეტი გააქციეს... იმის გამო, რომ ოლიმპიადაში სპორტის ყველა სახეობის წარმომადგენელი მონაწილეობს, ასპარეზობა ომს ემსგავსება. გამარჯვება საბრძოლო პოზიციების აღებას ჰგავს, წაგება კი - სახელმწიფო ტერიტორიების დაკარგვას. მგონი, ამიტომაც არის ოლიმპიური ჩემპიონობა ყველაზე დიდი ტიტული", - ამბობს იმედგაცრუებული ძიუდოისტი, რომელიც ამჟამად ახმეტაში ”ქართული ოცნების" სახელით იბრძვის მაჟორიტარობისთვის.

1996 წელსაც გვქონდა შესაძლებლობა, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოლიმპიური ოქრო მოგვეპოვებინა ატლანტაში, თუმცა, დელეგაციის ხელმძღვანელების, სპორტული მაღალჩინოსნების უგერგილობის გამო, მაშინდელ, ქართული და არა მხოლოდ ქართული ძიუდოს ვარსკვლავს, მსოფლიო ჩემპიონს თავის წონაში დავით ხახალეიშვილს ასაწონ თუ სარეგისტრაციო დარბაზში დააგვიანდა და ჩვენი ფალავანი ტატამზე გაუსვლელად დამარცხდა. დასანანია, როდესაც გამარჯვების შანსს უკარგავენ ასეთ სპორტსმენს. რა მნიშვნელობა აქვს, ეს მაღალჩინოსნების გულგრილობის გამო მოხდება, თუ პოლიტიკური წნეხის შედეგად!.. და საერთოდ, რატომ უნდა აინტერესებდეს ხელისუფალს სპორტსმენის პოლიტიკური მოსაზრება?

იხილეთ ვიდეო - სკანდალი ოლიმპიურ გუნდში: ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი ლონდონიდან გამოიქცა