"ნაციონალური მოძრაობა" უბოროტესი ძალაა და რაც შეიძლება მალე უნდა მოვიშოროთ" - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობა" უბოროტესი ძალაა და რაც შეიძლება მალე უნდა მოვიშოროთ"

ვახო კომახიძე: "პირები, ვისაც საფრთხე ემუქრება, ფრთხილად უნდა იყვნენ, ეს აუცილებელია"

"აქ თეფშები რომ დაეყადაღებინათ, მთელი შევეიცარია გარეთ გამოვიდოდა და არავის აპატიებდა ამას"

"ნებისმიერი მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა, არჩევნებში მისცეს ხმა და ამას ვერც მინისტრისა და ვერც პრეზიდენტის ბრძანება ვერ შეცვლის. ქართველი ემიგრანტები, რომელთაც ხმის მიცემის უფლება შეეზღუდათ, შეშინებული და გულდაწყვეტილი არიან", - მეუბნება ვაშინგტონში მცხოვრები ვაჟა აფშინაშვილი, რომელიც აუღელვებლად ვერ ლაპარაკობს საგარეო საქმეთა მინისტრ ვაშაძის ბრძანებაზე, რომელმაც უცხოეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობა სათუო გახადა:

- მე აშშ-ში ცხოვრების უფლება მაქვს. საკონსულო აღრიცხვაზე 2007 წელს ამიყვანეს, მაგრამ ყველა ხომ არ არის ჩემს მდგომარეობაში? აშშ-ში მცხოვრები ქართველების უმეტესობას 24-საათიანი სამუშაო რეჟიმი აქვს. უმეტესობა არალეგალია და არავინ მისცემს ცნობას საცხოვრებელი ადგილიდან. არც  არსებობს ისეთი ინსტანცია, რომელიც ასეთ ცნობას გასცემს. აქ მისამართი მართვის მოწმობასა და პასპორტში უწერიათ. აშშ-ში 2002 წლიდან ვარ. 2007 წლამდე არ იყო სავალდებულო არჩევნებისთვის რეგისტრაცია და სარეგისტრაციო მოწმობის აღება. საკონსულო აღრიცხვა, რომელიც ახლა შემოიღეს, ბარიერია არჩევნებში მონაწილეებისთვის. საკონსულომ გაავრცელა ჭორი, რომ რეგისტრაციისთვის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ე.წ. მწვანე ბარათია საჭირო.

ეს იყო მინიშნება, - ვინც ჩვენიანი არ იქნებით, ყველას ჩაგიშვებთ საემიგრაციო სამსახურშიო.

საკონსულო დეპორტაციით აშინებენ ჩვენს მოქალაქეებს, რისი უფლებაც არა აქვთ. ეს საქართველო კი არა, ამერიკაა. საკონსულოს თანამშრომელს უფლება არა აქვს, გავლენა მოახდინოს ამერიკულ კანონმდებლობაზე.

- რატომ უქმნიან საქართველოს მოქალაქეებს პრობლემას, რომ ხმა მისცენ არჩევნებში?

- ორი მიზეზია: პირველი - რაც უფრო ნაკლები ამომრჩეველი მივა ხმის მისაცემად საკონსულოში, სააკაშვილისა და მისი ბანდის ყულაბაში მეტი ხმა ჩაიყრება.  მეორე - აქ კარგად იციან ქართველი ემიგრანტების განწყობა - 90% "ოცნების" მხარდამჭერია. აქ მყოფთა 99% საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობს.

- ემიგრანტებმა წამოიწყეთ ე. წ. თეფშების აქცია და საქართველოში აპირებთ 50 ათასი სატელიტური ანტენის გამოგზავნას.

- ამ მოძრაობაში მეც ჩართული ვარ. საქართველოს ხელისუფლებას იმიტომ არ აძლევს ხელს ანტენების დაყენება, რომ არ უნდა ობიექტური ინფორმაცია გავრცელდეს და ხალხმა სიმართლე გაიგოს. Eემიგრანტები იმედით შევყურებთ საქართველოში მიმდინარე პროცესებს. "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი არიან იმედი იმისა, რომ ეს ხელისუფლება მშვიდობიანად მოგვცილდება. ის უბოროტესი მაოხრებელი ძალაა და რაც შეიძლება მალე უნდა მოვიშოროთ.

- ივანიშვილს რის გამო უცხადებთ მხარდაჭერას?

- ქართული სიბრძნეა, ხე ნაყოფით იცნობაო და ბიძინა ივანიშვილი თავისი საქმეებით გაიცნო აქაურმა ქართველობამ.

შვეიცარიაში ჩემს კოლეგას, ვახო კომახიძეს დავუკავშირდი: - ვინც მძიმე პირობების გამო გაქცეულია ქვეყნიდან, ბუნებრივია, ვერ იქნება ხელისუფლების მოკავშირე არჩევნებში და ამიტომაც შეუზღუდეს ხმის მიცემის უფლება. ყველაზე მეტად შეიზღუდებიან არალეგალურად მცხოვრებნი, მათ გაუჭირდებათ დოკუმენტების წარდგენა საკონსულო სამსახურებში. ქართველები უცხოეთში ლეგალურად ცხოვრობენ თუ არა, არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ უნდა შეეზღუდოთ, თუკი დაადასტურებენ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან.

არალეგალურად საზღვარგარეთ მცხოვრებ ხალხს მძიმე პირობების გამო მოუწიათ საქართველოდან წამოსვლამ. აქაც არ ცხოვრობენ ბედნიერად. სარჩოს მოსაპოვებლად და საქართველოში ახლობლების დასახმარებლად, უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება. არა მგონია, ეს საარჩევნო ურნასთან მათი მისვლის შემთხვევაში ხელისუფლების სასარგებლოდ ხმის მიცემაში გამოიხატოს.

- რას ფიქრობთ ხელისუფლების ქმედებებზე მისი მთავარი ოპონენტის მიმართ?

- საქართველო არ ეკუთვნის იმ ქვეყნებს, სადაც არჩევნები ნორმალურად ტარდება და ეს უკვე ბევრი რამის მთქმელია. როდესაც პოლიტიკური თუ სამართლებრივი პროცესი ხელის გადაგრეხაზეა, ძნელია რაიმეს პროგნოზირება. როდესაც სასამართლო არ არის სამართლიანი და გადაწყვეტილებებს პოლიტიკური ნიშნით იღებენ, ვერაფერს გათვლი. ეს რებუსივით ვითარებას ქმნის. ხელის გადაგრეხაში კი ის მოიგებს, ვისაც უფრო ძლიერი მკლავი აღმოაჩნდება. ჩვენ სამართლიანობისათვის ბრძოლის მითოლოგიურ სამყაროში ვართ გადასული, მითები კი ყოველთვის სიკეთის გამარჯვებით მთავრდება. ნათელი ყოველთვის გაიმარჯვებს, მაგრამ როდის, ეს არავინ იცის.

- რამდენიმე თვის წინ თქვენ ილაპარაკეთ საფრთხეზე, რომელიც ივანიშვილს ემუქრებოდა. ისევ არსებობს საფრთხე?

- ჩემი ნათქვამი კონკრეტულ ინფორმაციას ეფუძნებოდა, მაგრამ არ იყო საკმარისი იმ ანალიზისთვის, თუ როგორ შეიძლება ეს მოხდეს. ის საფრთხე, რომელზეც ვილაპარაკე, შეიძლება ტრანსფორმირდეს, შეიძლება - არა. პირები, ვისაც საფრთხე ემუქრება, ფრთხილად უნდა იყვნენ, ეს აუცილებელია.

როდესაც ჟურნალისტიკის დატოვებამ მომიწია, ერთხანს უშიშროების სამინისტროში ვმუშაობდი. უშიშროების მინისტრი ჯერ ადეიშვილი იყო, მერე მერაბიშვილმა შეცვალა. ერთხელ ვანო მერაბიშვილთან ვსაუბრობდი.

მაშინ (2004 წელი) უკვე იყო უკმაყოფილების გამოვლინებები. მაშინ ვანომ თქვა, ამათ ჰგონიათ, ხელისუფლებას ადვილად გავუშვებთ ხელიდან. ნეტავ ვინმეს თუ აქვს ილუზია, რომ ჩვენ ამას ოდესმე დავთმობთ? ვერ უნდა მიხვდნენ, რომ ეს არ მოხდებაო?

ეს საუბარი შედგა ჯერ კიდევ 2004 წელს, როდესაც მათ ხელისუფლებაში ლეგიტიმურად ყოფნის ხანგრძლივი პერიოდი და "ხერხემალი" ჰქონდათ. დარწმუნებული ვარ, აზრი არ შეუცვლიათ. საქმეზე ეტყობათ. ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს, რაც საქართველოში ხდება, მაგრამ შევეგუეთ ამ ძალიან ცუდ, ენით აუწერელ საშინელ მდგომარეობას. ასეთი რამ ცივილიზებულ ქვეყანაში არ ხდება. შვეიცარია დალაგებული ქვეყანაა და არაფერზე შფოთავს, მაგრამ მთელი ქვეყანა გარეთ გამოვა და არავის შეარჩენს უკანონობას. აქ თეფშები რომ დაეყადაღებინათ, მთელი შვეიცარია გარეთ გამოვიდოდა და არავის აპატიებდა ამას. რატომღაც ველოდებით, რაღაც ისეთი მოხდეს, რასაც არ ავიტანთ, მაგრამ ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს? ქართველი საზოგადოება ისეთ უკანონობას იტანს, რომელსაც არც ერთი საზოგადოება არ აიტანდა.

- იქნებ ხელისუფლების სიხისტემ დააშინა საზოგადოება?

- როდესაც სააკაშვილმა სპეცოპერაცია ჩაატარა "იმედში", ყველა ამბობდა, რომ ეს იყო დანაშაული ხალხის წინაშე, მაგრამ, როდესაც გადადგა, გამოჩნდა რამდენიმე სუბიექტი, რომელთაც მასთან ერთად მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა და საზოგადოებამაც მიიღო სააკაშვილის მიუღებელი თამაშის წესი. მას ჯერ პასუხი უნდა ეგო დანაშაულზე და მერე მიეღოთ გადაწყვეტილება პოლიტიკოსებს, მასთან ერთად მიიღებდნენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. უცნაურია, კაცი, რომელსაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებოდა, საზოგადოებამ ამ პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლა.