”ზანგები ვართ თუ რა?!” - კვირის პალიტრა

”ზანგები ვართ თუ რა?!”

სააკაშვილის ეს ფრაზა, შესაძლოა, საერთაშორისო სკანდალის მიზეზი გახდეს

ამერიკელები სააკაშვილს რასიზმში ადანაშაულებენ?!

საჯარო გამოსვლისას, რომელიც მთელ საქართველოში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და სადაც სააკაშვილმა სიტყვა "ზანგები" იხმარა, შესაძლოა საერთაშორისო სკანდალის მიზეზი გახდეს. როგორც ჩანს, ამერიკელების ყურამდე ამ ამბავმა დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიაღწია. ამერიკის საქველმოქმედო ფონდის Bethune-Duboiss თავმჯდომარე ბილ ტაკერი (ბილ ტაკერის უახლოეს მეგობართა სიაში შედიან პრეზიდენტი ობამა ოჯახით, პრეზიდენტი ბილ კლინტონი ოჯახით, მედიამაგნატი ტედ ტერნერი და სხვ.) თეთრი სახლის წინ აქციის მოწყობასა და პრეზიდენტ ობამასთვის კითხვით მიმართვას გეგმავს: "აუცილებლად შევეკითხები ამერიკის მთავრობას, კაცს, რომელიც თავს უფლებას აძლევს, ტელევიზიით რასისტული გამონათქვამებით გამოვიდეს, რატომ უწოდებენ ამერიკის მეგობარს?" - მითხრა ბილ ტაკერმა ექსკლუზიურ ინტერვიუში.

საქართველოს მოსახლეობას კარგად ახსოვს, რომ სააკაშვილმა ჯერ სიტყვა "ზანგები" იხმარა, შემდეგ კი ველურებიც დაუმატა. ამ დროს პრეზიდენტი საბაჟოს უფროსსა და პრემიერ-მინისტრს საქართველოს საბაჟო პუნქტებზე შექმნილ ვითარებაზე ესაუბრებოდა.

პრეზიდენტი: - საფრანგეთში ხართ ნამყოფი?

საბაჟოს უფროსი: - არა.

პრეზიდენტი: - ინგლისში?

საბაჟოს უფროსი: - კი.

პრეზიდენტი: - რამდენჯერ?

საბაჟოს უფროსი: - ორჯერ.

პრეზიდენტი: - საზღვარზე რამდენჯერ გაუხსნიათ ჩანთა?

საბაჟოს უფროსი: - არც ერთხელ.

პრეზიდენტი: - არც ერთხელ! კარგი, ნიკა, ირლანდიაში სწავლობდი ხომ? რამდენჯერ შესულხარ ირლანდიაში?

პრემიერ-მინისტრი: - ძალიან ბევრჯერ.

პრეზიდენტი: რამდენჯერ გაუხსნიათ შენი ჩანთა?

პრემიერ-მინისტრი: - თითქმის არც ერთხელ.

პრეზიდენტი: - მაშინ ჩვენ ზანგები ვართ თუ რა?! რატომ ვიქცევით ველურებივით?!

პრეზიდენტის გამოსვლის ეს მონაკვეთი, რამდენად სწრაფადაც დაიბლოკა "ნაციონალური მაუწყებლების" ეთერში, იმდენად სწრაფად გავრცელდა ინტერნეტით. ამის შემდეგ პრეზიდენტის პრესსამსახური იძულებული გახდა, განმარტება გაეკეთებინა:

"პრეზიდენტის პრესსამსახური იმედგაცრუებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის გამონათქვამი შეგნებულად არასწორად იქნა ინტერპრეტირებული ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მიერ. ქართულ იდიომატურ გამოთქმას არავითარი კავშირი არა აქვს არც რასასთან და არც რასებს შორის განსხვავებასთან".

პრეზიდენტის გამონათქვამი უკრიტიკოდ დარჩა მმართველ პარტიაში. პარლამენტარმა პავლე კუბლაშვილმა მედია თემის გაზვიადებაში დაადანაშაულა. იურისტი ლია მუხაშავრია კი მიიჩნევდა, რომ პრეზიდენტის ნათქვამი "ზანგები" რასისტული იყო, სიტყვა "ველურები" კი კიდევ ერთი უხამსობა.

"ვერანაირ კონტექსტს ვერ მოუძებნით იმ წინადადებას გასამართლებლად, სადაც ერთდროულად არის ნახმარი სიტყვა "ზანგიც" და "ველურიც". ველურის გარეშეც შეურაცხმყოფელია ეს სიტყვა და ის ამოღებულია ამერიკის კონტინენტზე არათუ საჯარო გამოსვლებში, არამედ ყოფით ურთიერთობაშიც კი".

ბილ ტაკერი: - ეს ამბავი რადიოტოქ-შოუდან გავიგე. ითქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა შავკანიანი მოსახლეობა ზანგებად მოიხსენია. ამან ძალიან აღაშფოთა ამერიკელები. რიგითი ამერიკელისათვის საქართველო უცნობი ქვეყანაა, მაგრამ ამ გადაცემის შემდეგ ბევრმა გაიგო, რომ არსებობს ქვეყანა, რომლის პრეზიდენტი თავს უფლებას აძლევს, სატელევიზიო ეთერში რასისტული გამონათქვამები იხმაროს. ეს გადაცემა კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარეობდა და გადაცემის ბოლოს ბევრ ამერიკელს დარჩა შთაბეჭდილება, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტი ასეთ სიტყვებს ხმარობს ტელევიზიით, მაშინ შესაძლოა, ეს ქვეყანაც რასისტული სახელმწიფო იყოს. ვაპირებთ თეთრი სახლის წინ მანიფესტაციის გამართვას, სადაც აუცილებლად იქნებიან აფროამერიკელები და ქართველები.

ჩვენ დავუსვამთ კითხვას ბატონ ობამას მთავრობას, რატომ ეძახიან საქართველოს პრეზიდენტს დემოკრატს, ხოლო საქართველოს - მეგობარ ქვეყანას მაშინ, როცა მას ასეთი მთავრობა მართავს? დაგეგმილი გვაქვს, თეთრი სახლის წინ დავდგათ დიდი მონიტორი და ვაჩვენოთ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა.

ჩვენ კონტრაქტი გვაქვს გაფორმებული ბევრ მედიაჯგუფთან, რომლებიც ამ მოვლენას მასშტაბურად გააშუქებენ.

საინტერესო იქნება ამერიკის ხელისუფლების პოზიცია. საინტერესოა, რატომ ჰქვიათ საქართველოს პრეზიდენტსა და მის მთავრობას, რომელსაც ხმაც კი არ ამოუღია პრეზიდენტის ამ გამონათქვამზე, დემოკრატები?

უახლოეს მომავალში ამ საკითხს ამერიკის კონგრესსა და სენატშიც დავაყენებთ. დღეს, როცა მთელი მსოფლიო დაპატარავდა და ერთი პატარა სამეზობლო გახდა, ასეთი გამოხდომები მიუღებელია!  ჩემი სიტყვები ფუჭი ლაყბობა არ არის. ჩემი ოჯახი ყოველთვის იდგა დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე.

ჩემი აწ გარდაცვლილი მეუღლე სი დოლორეს ტაკერი სხვადასხვა დროს გახლდათ ფერადკანიანთა ნაციონალური ასოციაციის ლიდერი, RAINBOW COALITION-ის ლიდერი, ქალთა ნაციონალური ორგანიზაცია "დემოკრატთა ნაციონალური კომიტეტის ლიდერი, 1955 წლიდან ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტთა ლიდერი, პენსილვანიის შტატის სახელმწიფო მდივანი და ა.შ. 1984 წელს დააარსა ფონდი Bethune-Duboiss-ი, რომელიც დღესაც უდიდეს დახმარებას უწევს ხელმოკლე შავკანიან მოზარდებს, უხდის სწავლის საფასურს, ასაქმებს და ა.შ. პოლიტიკურ არენაზე გამოსვლის პირველივე დღეებიდან ტაკერების ოჯახი იყო მარტინ ლუთერ კინგის თანამებრძოლი და მისი მკვლელობის შემდგომ ადამიანის უფლებათა დაცვის, თანასწორობისა და სიტყვის თავისუფლებისათვის ბრძოლის გამგრძელებელი.

ქართველ და ამერიკელ მეგობრებთან ერთად ჩვენ შევქმენით საქველმოქმედო ორგანიზაცია International Friends of Georgia, რომელიც საქართველოში დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების გამარჯვებას შეუწყობს ხელს. მე ამ ჯგუფის ერთ-ერთი დამაარსებელი ვარ.