რატომ არ დაურეკა სააკაშვილმა პუტინს - კვირის პალიტრა

რატომ არ დაურეკა სააკაშვილმა პუტინს

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #32)

"სარკოზის ბოლომდე გარანტია არ ჰქონდა, რომ რუსი გენერლები არ დაითანხმებდნენ კრემლს თბილისში შესვლაზე"

"ჟურნალისტები გაფრთხილებული იყვნენ, რომ 8-ში, 2 საათისთვის პირდაპირი ჩართვა იქნებოდა ცხინვალიდან"

არის თუ არა სააკაშვილი "ამერიკელების მოყვანილი", რატომ არ დაელაპარაკა ომის დროს სააკაშვილი ტელეფონით პუტინს, რომელიც მის ზარს ელოდა? ამ თემით განვაგრძეთ საუბარი საქართველოს პარლამენტის წევრ პეტრე მამრაძესთან:

- საზოგადოება ფიქრობს: ვაშინგტონში თუ რამე გადაწყვიტეს, ჩვენ რას ვიზამთო. ერთი ოპოზიციონერი ევროპელებს ეუბნებოდა, სანამ სააკაშვილს ვაშინგტონი არ წაიყვანს, არაფერი გამოვაო. არადა, სააკაშვილის ბედი ამერიკაში არ გადაუწვეტიათ. ის მათ არ დაუსვამთ. აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი "ვარდების რევოლუციის" დაუძინებელ მტრად ჰყავდათ გამოცხადებული "ვარდების რევოლუციის ბავშვებს".

- საზოგადოებამ პირიქით იცოდა.

- დიახ, ფილმიც კი არის გადაღებული, რომ რიჩარდ მაილსი იყო "ვარდების რევოლუციის" დირიჟორი. მაილსს რომ ვაცილებდით, ერთ შეკრებაზე თამადა ვიყავი (რიჩარდი ჩემი მეგობარია) და ვუთხარი, ესენი გიყურებენ როგორც მოსისხლე მტერს, რომელიც ბოლომდე იბრძოდა, რომ არ მომხდარიყო ის, რაც მოხდა და საზოგადოებამ პირიქით იცის-მეთქი. მაილსს ჩემს ნათქვამზე გაეცინა და მითხრა, პეტრე, ასე იწერება კაცობრიობის ისტორია, ხშირად შავზე თეთრს ამბობენ და პირიქითო. 2003 წელს მაილსი სააკაშვილსა და მის გუნდს კატეგორიულად ეუბნებოდა, დაიცავით თქვენი ხმები პარლამენტში. მსოფლიო გვერდში გიდგათ, მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტს (ვინც უნდა იყოს ის) აცალეთ კონსტიტუციით გათვალისწინებული ვადის ბოლო დღემდე. თუ აიძულებთ, რომ გადადგეს, თქვენ ბევრად უარესად წახვალთ და საქართველოს ოღროჩოღრო გზა ელისო.

- ინტერვიუს პირველ ნაწილში 2008 წლის აგვისტოზე გვიამბეთ. გეცოდინებათ, რა ხდებოდა მთავრობაში, როდესაც ცხინვალი დავკარგეთ?

- პანიკა იყო. ყველა სადღაც გარბოდა. ეს აღწერილია რონალდ ასმუსის წიგნში "მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა". ცხინვალის დაბომბვის მერე, 8 აგვისტოს, სააკაშვილი გამარჯვებული სახით გამოვიდა და რუსები არც უხსენებია. 9 აგვისტოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის შესახებ. 10 აგვისტოს ვიცოდით, რომ სააკაშვილი სადღაც ბლინდაჟში იყო და არ მოვიდა პარლამენტში. ბაქრაძემ გვაუწყა, რომ რუსები აპირებდნენ ზუგდიდზე შეტევას. საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა გამოიჩინა სიბრძნე და არ დაუპირისპირდა რუსულ არმიას.

- ზოგმა ეს ფაქტი უარყოფითად შეაფასა.

- პირიქით, ქართველმა ხალხმა ამით სიბრძნე აჩვენა. როდესაც შენზე განუზომლად დიდი ძალა შემოდის, როგორ უნდა შეეწინააღმდეგო? ლაჩარმა, რომელიც გორში სამარცხვინოდ გაიქცა, როგორ უნდა შეაფასოს ქართველი ერის თვისებები? რაღაც მოელანდა და მიატოვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. 7 აგვისტოს ღამეს ერთი ქართველი დიპლომატი (ვინაობას ვერ გაგიმხელ), რომელიც ერთ-ერთ ქვეყანაში იყო, იქაურ რუს კოლეგას ესაუბრა და მისგან პუტინის ტელეფონის ნომერი მოიპოვა. რუსეთის ელჩმა უთხრა, სანამ გვიან არ არის, პუტინი ელის ზარს სააკაშვილისგანო. ქართველი დიპლომატი ელაპარაკა თავის უფროსს, საგარეო საქმეთა მინისტრ ეკა ტყეშელაშვილს და გადასცა ინფორმაცია. უთხრა, რომ წუთები წყვეტდა ყველაფერს. ტყეშელაშვილმა, - სააკაშვილს სძინავს და ვერ გავაღვიძებო.

მოგვიანებით ქართველმა დიპლომატმაK ისევ დარეკა. იგივე პასუხი მიიღო, სააკაშვილს სძინავსო. არ ვიცი, მართლა ეძინა თუ ტყეშელაშვილს დაავალა ასე ეთქვა, მაგრამ მოკლე ხანში ქართველი დიპლომატის მობილურზე სააკაშვილის ზარი გაისმა, აბა, რა გინდოდაო. სააკაშვილს გამარჯვებული კაცის ხმა ჰქონდა, რომელსაც ერთი ფიქრი ჰქონდა, გამარჯვება ეზეიმა. დიპლომატმა უთხრა, სანამ ქვეყანა დაიღუპა, დარეკე პუტინთანო. სააკაშვილი ჯერ გაჩუმდა და მერე უთხრა, რუსებმა შენ რატომ შეგარჩიეს ამ საქმისთვისო. ხომ გესმით, რაც იგულისხმა. პირდაპირ ხელი დაადო. რაკი სააკაშვილმა ეს აკადრა, იმ დიპლომატმა უთხრა, მაშინ დაგემშვიდობებიო და ყურმილი დაუკიდა. ის, რომ პუტინი მის ზარს ელოდა, არაადეკვატურმა სააკაშვილმა სისუსტის ნიშნად მიიღო, იმის ნიშნად, რომ პუტინი ამერიკის შიშით მთელ ძალას ვერ გამოიყენებდა და ვერ შეაკავებდა სააკაშვილის მოძრაობას ცხინვალისკენ. სააკაშვილმა იფიქრა, ეს კაცი (ქართველი დიპლომატი) რუსებმა იმისთვის შეარჩიეს, რომ სახე შეინარჩუნონო.

მთავრობაში მთელ ღამეს გრიალებდნენ და გამარჯვებას ზეიმობდნენ. გრიალი 8 აგვისტოსაც გაგრძელდა. სააკაშვილი ყოველ ნახევარ საათში რეკავდა უგულავასთან, რომელიც ცხინვალისკენ მიმავალ დროშებით დატვირთულ კორტეჟს ხელმძღვანელობდა. ჟურნალისტები გაფრთხილებული იყვნენ, რომ 8 აგვისტოს პირველიდან 2 საათამდე პირდაპირი ჩართვა იქნებოდა ცხინვალიდან.

კორტეჟის ეპიზოდი ასმუსის წიგნშიც არის და კარგად ასახავს იმ განწყობას, რომელიც მთავრობაში იყო. არადა, წლების განმავლობაში აფრთხილებდნენ სააკაშვილს, რომ პროვოკაციას არ წამოგებოდა. რუსები ელოდნენ, როდის უმტყუნებდა ნერვები და ასეც მოხდა, სააკაშვილმა რუსებს ლანგრით მიართვა იმის საშუალება, რომ მთლიანად დაეპყროთ სამხრეთი ოსეთი, მიეყოლებინათ ახალგორი და მთლიანად წაეღოთ აფხაზეთი. ამის მერე ბრუნდება საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის უმძლავრესი ბაზები, ცხინვალში დგება სარაკეტო დანადგარი Точка У, რომლის რადიუსში მთელი საქართველო შედის.

- ბრძანეთ, საქართველოდან მილიონები წაიღო გენერალმა ევგენი ბორისოვმაო. კონკრეტული ინფორმაცია გაქვთ ამის თაობაზე?

- მაშინ სამთავრობო წრეებში ხმა გავრცელდა, რომ ბორისოვი ვაჭრობდა. ამბობდა, რა ვქნა, მიბრძანეს, რომ ეს და ეს უნდა ავაფეთქოო. ლაპარაკი იყო გორის ბაზაზე, საქართველოს მასშტაბით სამხედრო ინფრასტრუქტურასა და საწყობებზე. გორში ბევრი რამ ააფეთქეს, მაგრამ რაც არ აფეთქდა, იმაში მილიონები გადაიხადეს. მთავრობაში ამბობდნენ, მაგის დედა ვატირეთ, მილიონერად მიდის ბორისოვი, რომელიც ყოველღამ თბილისში გვყავდაო. არ ვიცი, ვის ჩამოჰყავდა ყოველ ღამით თბილისში, მაგრამ ასმუსი წიგნში აღწერს, როგორ გაიშალა სახელდახელო სუფრა გორში. მაგიდაზე შპროტი და არაყი იდო და მაშინ კახა ლომაიამ ჰკითხა ბორისოვს და რუს გენერლებს, ბოლოს და ბოლოს რისთვის ხართ აქო? გენერლებმა უპასუხეს, დიდი არაფერი, მთავარ მაგისტრალს ავიღებთ და ქვეყანას შუაზე გადავჭრით. დასავლეთი აღმოსავლეთს მოსწყდება და თბილისი დაუცველი დარჩება, მერე გააჩნია, რა ბრძანებას მივიღებთო.

ნიკოლა სარკოზის საქართველოში ჩამოსვლას არ ურჩევდნენ მრჩევლები. ბუშმაც იგივე უთხრა, თბილისიდან 40 კილომეტრში არიან რუსები. თავი დაანებე, რუსების ქმედება დაგმე და აღარ ჩახვიდეო. კატასტროფა იქნებოდა, რომ ევროგაერთიანების პრეზიდენტი ჩამოსულიყო საქართველოში და რუსებს თბილისი მაინც აეღოთ, რადგან ჩვენ გამო რუსეთთან ომს არავინ დაიწყებდა. სარკოზის ჩამოსვლამდე ფრანგებს მთელი ქსელი ჰქონდათ აქ ჩართული. გაშიფრული ჰქონდათ რუსი გენერლების საუბრები სარდლობასთან. გენერლები ითხოვდნენ, თბილისი ღიაა, გთხოვთ ნებას, რომ შევიდეთო. მართალია, ზეპირი მოლაპარაკება იყო, რომ ომი მთავრდებოდა და ცეცხლის შეწყვეტაზე ხელს აწერდნენ, მაგრამ სარკოზის ბოლომდე გარანტია არ ჰქონდა, რომ გენერლები არ დაითანხმებდნენ კრემლს თბილისში შესვლაზე...

12 აგვისტოს თბილისში სარკოზი ჩამოვიდა დოკუმენტით, რომელზეც მედვედევი აწერდა ხელს. მეექვსე პუნქტში ეწერა: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსი დადგინდება მხოლოდ საერთაშორისო მოლაპარაკების შედეგად. სააკაშვილმა თქვა, ამას ხელს არ მოვაწერო. სარკოზი არწმუნებდა, ეს პუნქტი გარანტიაა, რომ ცხინვალი და სოხუმი დამოუკიდებლობას ვერ გამოაცხადებენ, ევროგაერთიანება, ნატო, ამერიკა, გაერო ამას არასოდეს დათანხმდება და რუსეთი მათ ვერ ცნობსო, მაგრამ სააკაშვილის გარემოცვაში იყო ის ხალხი, ვინც მის ნება-სურვილს უსიტყვოდ ეთანხმებოდა. სარკოზი თითქმის ყვიროდა, სად არის ამერიკა და ბუში, ჩემს გარდა ვინმე გეხმარებათ? მე ვარ აქ, თქვენ გვერდით, გეუბნებით, მოაწერეთ ხელი, სანამ ტანკები თბილისში შემოსულანო. ამაზე მიშას პასუხი ის იყო, რომ პარლამენტის წინ მიტინგზე გავარდა.

გადაწყდა, მედვედევისთვის ბაქრაძეს დაერეკა და მეექვსე პუნქტის ამოღება ეთხოვა. ბაქრაძემ კრემლს დაურეკა. ოპერატორმა უთხრა, გაგიჟდით? პრეზიდენტს სძინავსო და ყურმილი დაუკიდა. ამის მერე სარკოზი დაუკავშირდა თავისიანებს. დარეკეს მოსკოვში საფრანგეთის საელჩოში. საელჩოს წარმომადგენელმა, რომელიც მანამდე საქართველოში იყო ელჩად, ქვეყანა შეძრა და წუთებში დაუკავშირდა მედვედევს... სარკოზიმ და მედვედევმა ილაპარაკეს. სარკოზიმ უთხრა, ხელს აწერენ, მაგრამ მეექვსე პუნქტის ამოღება უნდათო. "ამოიღე", - მხოლოდ ეს თქვა მედვედევმა. საერთაშორისო სამართლის ფრიადოსანმა მედვედევმა ერთი ფრაზით გადაწყვიტა ეს საკითხი - საქართველოს ტერიტორიებს საერთაშორისო გარანტია მოსცილდა.

ამბობენ, ეს ხუთპუნქტიანი შეთანხმება დღემდე არ არის ხელმოწერილიო, მაგრამ ვიცი, რომ ხელი მოაწერა სააკაშვილმა, ის სარკოზიმ ხელიდან ხელში გადასცა კონდოლიზა რაისს და მას შემდეგ არავის უნახავს. ტექსტი გამოქვეყნებულია, მაგრამ სააკაშვილის ხელმოწერილი დოკუმენტი არავის უნახავს.

(გაგრძელება იქნება)

მარი ზანდუკელი