"ფინალი დამნაშავეთა საბრალდებო სკამზე დაჯდომა იქნება" - კვირის პალიტრა

"ფინალი დამნაშავეთა საბრალდებო სკამზე დაჯდომა იქნება"

"მიშა უკვე ცოფიანი ძაღლივით დარბის და  მისი განცხადებებიდან აზრის გამოტანა შეუძლებელია"

გაზეთ "ნოიე ციურხერ ცაიტუნგის" ცნობით, 11 აპრილს ციურიხის სასტუმრო "მარიოტში" სოზარ სუბარისა და ვახტანგ კომახიძის შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი დაუფარავად იღებდა. ისინი ჩამწერი მოწყობილობიანად დააპატიმრეს.

"ნოიე ციურხერ ცაიტუნგის" ინფორმაციით, შს სამინისტროს ორმა თანამშრომელმა 3 კვირა შვეიცარიულ ციხეში გაატარა, შემდეგ კი ისინი საქართველოში გამოგზავნეს. ეს შემთხვევა გაზეთს შვეიცარიის უშიშროების სამსახურმაც დაუდასტურა.

ამ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად სოზარ სუბარს დავუკავშირდით:

- ვახო კომახიძესთან შეხვედრის დროს სასტუმროში ისეთი არავინ დამინახავს, რომ მეფიქრა, გვითვალთვალებენ ან გვიღებენ-მეთქი. როგორც ჩანს, ეს სასტუმროს პერსონალმა დააფიქსირა. ვახოსთან შეხვედრისას ისეთი არაფერი მითქვამს, რასაც შემდეგ პრესაში არ მოვყვებოდი. ვახოსთვის რომც მეკითხა იმ პირების სახელი და გვარი, ვისგანაც ჰქონდა ინფორმაცია, არ მეტყოდა. მას იმიტომ ენდვნენ, რომ იცოდნენ, მათი უსაფრთხოება დაცული იქნებოდა. ვახოს რომც დაესახელებინა, ვალდებული ვიქნებოდი საქართველოში ჩამოსვლისთანავე მიმეწოდებინა ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რასაც ვერ ვიზამდი იმ პირების უსაფრთხოების გამო. ამიტომ საზოგადოდ მაინტერესებდა, სანდო იყვნენ თუ არა ის პირები. მითხრა, მათ კარგად ვიცნობ და ვენდობიო.

- შს სამინისტროს თანამშრომლების დაკავების შესახებ როდის გაიგეთ?

- ეტყობა, ეს ინფორმაცია შვეიცარიელმა ჟურნალისტმა გაახმაურა. არ მახსოვს, ვიღაცამ მითხრა, ინფორმაცია გავრცელდა, რომ საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლები დააკავეს ციურიხშიო, მაგრამ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ცხადია, მაინტერესებს, ვინ გვითვალთვალებდა, მაგრამ რომც ვიკითხო, რა აზრი აქვს? შს სამინისტრო უარყოფს, მსგავსი არაფერი მომხდარაო. არ იტყვიან, ვინ იყო ეს ხალხი და რატომ იყვნენ ციურიხში. როდესაც შვეიცარიის პოლიცია ადასტურებს მომხდარს, ნიშნავს, რომ ფაქტი ნამდვილია. ეს შემთხვევა კანონის ორმაგი დარღვევაა. დაირღვა შვეიცარიის კანონმდებლობა, რადგან სასამართლოს უნებართვოდ არავის აქვს მოსმენების უფლება. ასევე დაირღვა საქართველოს კანონმდებლობაც, რადგან როდესაც პოლიტიკოსებს სახელმწიფო უსმენს, ეს დანაშაულია.

არ არის ახალი ამბავი, რომ საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს უსმენს და დევნის. თურმე ეს ხელისუფლება უსმენდა სახელმწიფო მინისტრ გოგა ხაინდრავას და ეს ჩანაწერი გამოაქვეყნეს კიდეც. Gგოგა ხაინდრავა მაშინ პოლიტიკური ოპოზიცია კი არა, სახელმწიფო მინისტრი იყო და უმნიშვნელოვანესი სფერო ებარა. ასევე უსმენდნენ პარლამენტის წევრებს. როდესაც სახალხო დამცველი ვიყავი, სადმე რომ ჩავიდოდი, ჩემს მანქანას მინიმუმ ერთი მანქანა დასდევდა და შორიახლოს ჩერდებოდა, თითქოს ჩემი დაცვა იყო. Eეს იმ მანიის გამოხატულებაა, რომლითაც სააკაშვილი და მერაბიშვილი არიან შეპყრობილი. დარწმუნებული ვარ, არც ახალი მინისტრი ახალაია იქნება გამონაკლისი.

- კახი კალაძეს ქონება დაუყადაღეს და 17 მილიონი ლარით დააჯარიმეს იმის გამო, რომ საკუთარი ანგარიშიდან 3.388.992 ლარი გაიტანა. სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებას პროგნოზირებს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატიც, რადგან ივანიშვილმაც საკუთარი ანგარიშიდან 5.552.135 ლარი გაიტანა.

- საქართველოს დღეს ბოლშევიკური ხელისუფლება ჰყავს. ცდილობენ, განაკულაკონ ყველა, ვინც მათიანი არ არის... ამის პარალელურად პრესაში ყოველდღე ვკითხულობთ, რომ კაცმა, რომელიც ციხიდან გამოვიდა, 60.000 ლარი შესწირა "ნაციონალურ მოძრაობას", სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლმა, ვისაც სხვა შემოსავალი არა აქვს, 20.000 ლარი და მათ არავინ აჯარიმებს. რატომ არ დაინტერესდა კონტროლის პალატა მათი შემოწირულობით და შემოსავლების კანონიერებით? აშკარაა პოლიტიკური ნიშნით დევნა. ხელისუფლება ცდილობს, "ქართულ ოცნებას" არსებობის საშუალება არ მისცეს, მაგრამ ვერაფერს გააწყობენ. შემომწირველი უკვე ასეულათასია და ყველამ თითო ლარიც რომ გადმორიცხოს, "ქართული ოცნება" მაინც ძლიერი იქნება.

- თქვენ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველი ხართ და ამ ცნობებს, ალბათ, მიაწვდით.

- ამ ინფორმაციას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას ვაწვდით. გაეროსთვის ვამზადებ დოკუმენტს, სადაც ყველა ფაქტი იქნება თავმოყრილი. სააკაშვილმა იცის, რომ ან ძალაუფლება უნდა შეინარჩუნოს, ან სასამართლოს სკამზე აღმოჩნდეს. ამიტომაც უკვე ცოფიანი ძაღლივით დარბის და მისი განცხადებებიდან აზრის გამოტანა შეუძლებელია.

- გამორიცხავთ, რომ აღმასრულებელი მივიდეს კალაძისა და ივანიშვილის სახლებში და მათი გამოსახლება სცადოს? რა იქნება ამის გაგრძელება?

- ამის გაგრძელებას ერთად ვნახავთ. ფინალი კი ამ ხელისუფლების შეცვლა და დამნაშავეთა საბრალდებო სკამზე დაჯდომა იქნება.

თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? გთხოვთ კომენტარი დატოვოთ ჩვენს საიტზე ან მოგვწეროთ რედაქციაში