"არაფრის გადახდას არ ვაპირებთ! ბოლოს და ბოლოს, თვე-ნახევარი ღია ცის ქვეშ გავათევთ ღამეს..." - კვირის პალიტრა

"არაფრის გადახდას არ ვაპირებთ! ბოლოს და ბოლოს, თვე-ნახევარი ღია ცის ქვეშ გავათევთ ღამეს..."

"რომელ კანონში წერია, რომ კაცი შეიძლება იმიტომ დააჯარიმო, რომ საკუთარი ფული მოხსნა ანგარიშიდან?"

თბილისის საქალაქო სასამართლო აგრძელებს პოლიტიკური პარტიის ანგარიშზე დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხების გადარიცხვის მოტივით დაჯარიმების სერიალს. ამჯერად გადარიცხული თანხის ხუთმაგი ოდენობით 16 პირი დააჯარიმეს. მათ შორის ბანკ "ქართუს" 8 თანამშრომელი და გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი. მათ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას ედავებიან, კახი კალაძემ კი 17-მილიონიანი ჯარიმა საკუთარი ანგარიშიდან ფულის გატანის გამო დაიმსახურა. მოგელაძის უწყება კალაძეს ანგარიშზე ფულის უკან დაბრუნებას კატეგორიულად სთხოვდა. როგორც სასამართლო გადაწყვეტილებით ირკვევა, თურმე კალაძემ ვერ დაასაბუთა, სად წაიღო საკუთარი ანგარიშიდან გამოტანილი ფული(?!). დაჯარიმებულის საბანკო ანგარიშები და ქონება დაყადაღებულია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ბანკ "ქართუს" თანამშრომელთაგან პირველი გენერალური დირექტორის მოადგილე ნატო ხაინდრავა დაიბარეს. დაკითხვის საგანი "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გადარიცხული 13.600 ლარის წარმომავლობა იყო.

ნატო ხაინდრავა: "ჩემი ხელფასი  6.800 ლარია. როცა ბანკში დროებითი მმართველობა შემოვიდა, სამსახურიდან გამათავისუფლეს და კომპენსაცია 13.600 ლარი და პლუს 11 დღის ნამუშევარი გადამიხადეს, რაც  სრულად გადავრიცხე "ქართულ ოცნებაში", ოღონდ მას შემდეგ, რაც ძველი თანამდებობა დამიბრუნდა და შემოსავლის წყარო გამიჩნდა. ის თანხა ზარქუამ და უგულავამ ჩამირიცხეს ანგარიშზე და შემდეგ გადავურიცხე "ქართულ ოცნებას". რა არის აქ დაუსაბუთებელი?"

ნოდარ ჯავახიშვილი: - წესზე, კანონსა და სამართალზე შეიძლება ილაპარაკო იქ, სადაც ამ წესებს ცნობენ და ემორჩილებიან. სასამართლო და ყველა სხვა უწყება ერთი კაცის პარტიული ინტერესების მსახურია და რა დასაბუთებასა და დაუსაბუთებლობაზე ვლაპარაკობთ? მას შემდეგ, რაც ეს ბაკქანალია დაიწყო, სასამართლოს საარჩევნო დავებზე არც ერთი გამამართლებელი გადაწყვეტილება არ გამოუტანია. მე ბატონმა უგულავამ და ზარქუამ გადმომირიცხეს 20.000 ლარის კომპენსაცია. აქედან 17 ათასი "ქართული ოცნების" ანგარიშზე შევიტანე, ჩავთვალე, რომ 3.000 მანამდე მქონდა ნამუშევარი და მეკუთვნოდა. კალაძე 17 მილიონით დააჯარიმეს საკუთარი ანგარიშიდან ფულის მოხსნის გამო. ის ფული მას შემდეგ მოხსნა ანგარიშიდან, რაც ათასობით მოქალაქეს ანგარიშები დაუყადაღეს. რომელ კანონში წერია, რომ კაცი შეიძლება იმიტომ დააჯარიმო, რომ საკუთარი ფული მოხსნა ანგარიშიდან? ვერ დაასაბუთა რაში დახარჯა ეს ფულიო. ბუხარში რომ შეეკეთებინა, ვისი რა საქმე იყო? ნაქურდალი აქვს თუ  უკანონოდ ნაშოვნი? ჩემი თანამშრომელი, რომელმაც "ქართული ოცნების" ანგარიშზე 100 და 200 ლარი გადარიცხა, დააჯარიმეს. კაცს 3.000 ლარი აქვს ხელფასი და ეუბნებიან, ფულის წარმომავლობა ვერ დაასაბუთეო.

არც მე და არც ჩემი თანამშრომლები არაფრის გადახდას არ ვაპირებთ. თვე-ნახევარი, ბოლოს და ბოლოს, ღია ცის ქვეშ გავათევთ ღამეს. ვიყიდით ერთ დიდ კარავს და დავიძინებთ შიგ. მაგდენი ფული დაგვრჩა ჯერ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელისუფლებისაგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაინც ვერ წარმომედგინა, რომ მოგელაძე დასაჯარიმებლად მიბარებდა.

- რა გეგონათ, რისთვის გიბარებდათ?

- რა ვიცი, თავს საკმაოდ სიმპათიურ მამაკაცად ვთვლი... გადავწყვიტე, უარი ვთქვა ხელფასზე. ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს, რომ მოგელაძის წესები ვერ შევასრულე და თავს დავისჯი, ხარაკირის გაკეთებას ვაპირებ... თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაჯარიმებულები სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ. თუმცა,  ადვოკატ ირმა ჭკადუასთვის შედეგი წინასწარ არის ცნობილი, საქმე დაყადაღებული ქონების აუქციონზე გატანამდე მივა.

კანონის, საერთაშორისო ნორმების დარღვევას აპროტესტებს არასამთავრობო სექტორიც. 10 აგვისტოს, კამპანია "ეს შენ გეხებას" ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებმა საერთაშორისო დამკვირვებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს მიმართეს, არ დაიშურონ ძალისხმევა საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის და დროული და სათანადო შეფასება მისცენ სახელმწიფო დაწესებულებების რეპრესიებს.

ნინო ლომჯარია, "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი: "ხშირად ის ბრალდებები, რასაც აუდიტის სამსახური, პროკურატურა თუ სასამართლო უყენებს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს, დაუსაბუთებელია. "ეს შენ გეხებას" მიმართვის თანახმად, სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა მიკერძოებულია და  ოპოზიციური პარტიების, განსაკუთრებით მთავარი ოპოზიციური კოალიციის შევიწროებისკენაა მიმართული".

"ეს შენ გეხებას" განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე საათში თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა გადაწყვეტილება საქართველოში არსებული კახი კალაძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების თაობაზე, ასევე, 100%-იან წილებზე კომპანია "მაქს ბეკსა" და "კალა კაპიტალში" და მის კუთვნილ უძრავ-მოძრავ ქონებაზე. ჯარიმა კალაძემ 7 დღეში უნდა გადაიხადოს.