"უკან დასახევი არა მაქვს და არც დავიხევ" - კვირის პალიტრა

"უკან დასახევი არა მაქვს და არც დავიხევ"

"ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატი მე ვიქნები"

როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, შესაძლებელი იყო, ზოგიერთ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი შეცვლილიყო. კულუარებში რამდენიმე გვარს ასახელებდნენ კერძოდ, წყალტუბოსა და ხაშურში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებს: პაატა ზაქარეიშვილსა და ვალერი გელაშვილს, ხარაგაულში - ნოდარ ებანოიძეს, ხულოში - ზია საგინაძეს, ქობულეთში - ფატი ხალვაშს და ოზურგეთში - ზვიად კვაჭანტირაძეს. ცნობილი გახდა, რომ ხაშურისა და რამდენიმე მიმდებარე სოფლის მოსახლეობამ ვალერი გელაშვილის კანდიდატურის შეცვლის მოთხოვნით ხელმოწერები კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერებს გადასცა. კოალიციის ხაშურის ოფისში არ გამორიცხეს, რომ გელაშვილის კანდიდატურის უარყოფა ხელისუფლების ან ზოგიერთი პირის ინტერესებს უკავშირდება. "კვირის პალიტრა" ვალერი გელაშვილს დაუკავშირდა:

- ჩემს საწინააღმდეგო ხელმოწერებს "ნაციონალური მოძრაობა" აგროვებს. მათ კავშირი აქვთ ჩვენი კოალიციის რომელიღაც წარმომადგენელთან და მისი ხელით არეგულირებენ ამას. მოსახლეობის პირადობის მოწმობები შეაგროვეს, მაგრამ ის ვერ განსაზღვრეს, რომ ხელმოწერები ერთსა და იმავე კაცს არ გაეკეთებინა. ასეთი ხელმოწერებით სავსე რამდენიმე რვეული გვაქვს შტაბში.

- ითქვა, რომ გიპირისპირდებათ კოალიციის წევრი, ხაშურის საარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი გიორგი ცხადიაშვილიც.

- რადგან შტაბის უფროსი იყო, პრეტენზია ჰქონდა ხაშურის მაჟორიტარობაზე და რომ არ წარადგინეს, განაწყენდა.

- ბრძანეთ, კოალიციაში ჰყავთ ვიღაც "ნაციონალებსო". ეს პირი იგულისხმეთ?

- არ ვიცი, ცხადიაშვილი "ნაციონალებს" ემსახურება თუ არა, მაგრამ როდესაც ჰკითხეს, უჭერთ თუ არა ვალერი გელაშვილს მხარსო, უპასუხა, ჩემი მხარდაჭერა რა შუაშია, ხალხმა უნდა დაუჭიროს მხარიო. თუ მხარს მე არ მიჭერს, მაშინ ვის უჭერს?!

- ითქვა, რომ განიხილება მაჟორიტარობის კანდიდატობიდან თქვენი მოხსნის საკითხი.

- მე ვიქნები ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატი. 7 წელი ველოდი ამ დღეს, უკან დასახევი არ მაქვს და არც დავიხევ!

- რას ელოდით 7 წელი?

- რომ ვიღაც ჩაუდგებოდა სათავეში ამ ხელისუფლებასთან ბრძოლას. ბიძინას მოსვლასაც ველოდი პოლიტიკაში. ვფიქრობდი, შეუძლებელია, გული არ სტკიოდეს იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება-მეთქი. 1999-2003 წლებში ვიყარე კენჭი ხაშურში და ორივეჯერ გავიმარჯვე. მიუხედავად იმისა, რომ 30 წელი სხვაგან ვცხოვრობდი, მაჟორიტარობისას ხაშური არ მიმიტოვებია.

- გავრცელდა ვიდეოფირი, რომ ხაშურის ერთ-ერთ სოფელში ხალხი ჩხუბით დაგხვდათ.

- სოფელ ვაყაში რომ ვიყავით, ხელისუფლებამ მეზობელი სოფლიდან სამარშრუტო ტაქსით მოიყვანა ორი პრობაციონერი და ქალი, რომელსაც შვილები ჯარში ჰყავს. ქალისთვის 200 ლარი მიუციათ... რადგან არ მიცნობდა (გვერდზე მედგა), სხვა მხარეს იქნევდა ხელებს და ყვიროდა.

ბატონმა ბიძინამ, სანამ გორში მიტინგზე მაჟორიტარობის კანდიდატად დამასახელებდა, მითხრა, ვიცი, ბევრი პროვოკაცია მოგიწყვესო. სანამ "ქართულ ოცნებას" შევუერთდებოდი, ხელისუფლებასთან დავა მქონდა დაკისრებული ჯარიმის გამო. ხელისუფლება ვითომ შეთანხმებაზე წამოვიდა. ეს იმიტომ  გააკეთა, რომ ბიძინას ეფიქრა, სახელმწიფოსთან მოლაპარაკებაზე მიდის, ოღონდ ჯარიმის თანხა შეუმცირონო. ჯარიმის ნაწილს ისედაც ვაღიარებდი, მაგრამ არ ვაღიარებდი 1 მლნ 650 ათასი ლარს. საქმე სასამართლოში უნდა განხილულიყო. ამასობაში "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მიიტანეს ამბავი, ვითომ ხელისუფლებასთან შეთანხმებაზე მივდიოდი. ბატონ ბიძინას პირდაპირ ვუთხარი, დავალიანებას, რომელსაც ვაღიარებ, გადავიხდი, რაც არაკანონიერად დამაკისრეს, არა-მეთქი. მითხრა, მას შემდეგ, რაც მაჟორიტარად დაგასახელებ, არა მგონია, სახელმწიფო შენთან შეთანხმებაზე წამოვიდესო. ასეც მოხდა. სამი დღის წინ იყო სასამართლო და ძალაში დატოვეს გადაწყვეტილება, რომ 3,5 მილიონი ლარი უნდა გადავიხადო. შეთანხმებაზე განგებ მელაპარაკებოდნენ, რომ შტაბისთვის დაენახებინათ, ეგ ხელისუფლებასთან შეთანხმებაზე მიდის და არ წამოაყენოთ კანდიდატადო. ამ ხელისუფლებამ ისე გამიმეტა, წესით, ცოცხალი არ უნდა ვიყო, როგორ გავურიგდებოდი? ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატი მე ვიქნები. პროვოკაცია კიდევ ბევრი იქნება. ჰგონიათ, ნერვები მომეშლება, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ მათ პროვოკაციებს არ წამოვეგები.