"ყველა ომი ერთ დღეს აუცილებლად მთავრდება" - კვირის პალიტრა

"ყველა ომი ერთ დღეს აუცილებლად მთავრდება"

"გზა ცხინვალიდან თბილისამდე ყველაზე მოკლეა ერთმანეთთან კვლავ მისასვლელად, ეს გზა უნდა აღდგეს"

"ყველა ომი ერთ დღეს აუცილებლად მთავრდება. მთავარია, მისი ხანძარი გულში ისე არ შეუშვა, რომ ადამიანობა დაგაკარგვინოს. ომის დასრულების შემდეგ, როდესაც ყველაფერი დაიწმინდება და დრო ყველას თავის ადგილს მიუჩენს, სული და სინდისი სუფთა უნდა გქონდეს, თორემ ვერც ხალხში გამოყოფ თავს და შენთვის ახალი ომი დაიწყება - ომი საკუთარ მესთან. ის ხშირად გკითხავს, შენ ხომ შეგეძლო, გადაგერჩინა მავანი, რატომ არ გააკეთე ეს?" - ეს სიტყვები ქართველების ოსი ეროვნების რძალს, მადინა შიუკაევას ეკუთვნის. ის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ოსი სეპარატისტების თავდასხმის შიშით ქართველებისგან დაცლილ სოფელს მარტო იცავდა. მადინა არ იყო ერთადერთი, ვინც თავი ქართველებისთვის დადო ამ ომში. კარალეთელმა ოსმა ბიძინა ფარქაშვილმა სიცოცხლე გაწირა თანშეზრდილი ქართველი ბიჭების გადასარჩენად. ბიძინა სეპარატისტებმა გაიტაცეს და მოკლეს, მისი საფლავი დღემდე უცნობია.

ქართველი და ოსი გლეხები ისევ ეძებენ ერთმანეთთან მისასვლელს და იმისათვის, რომ ნაბიჯის გადადგმა გაუიოლდეთ, ცდილობენ, წარსულიდან კარგი გაიხსენონ. მათი მოგონებები, რომელშიც კაცთმოყვარეობისა და ჰუმანიზმის საუკეთესო მაგალითები იკითხება, უკვე წიგნად იქცა. ევროკავშირის დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ადმინისტრირებული პროგრამა "კობერმის" ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართლოსის" ორგანიზებით სამ - ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა  წიგნი "ომის სხვა სახე". მის შექმნაზე მუშაობდა ოთხი ჟურნალისტი - ორი ქართველი (ერთ-ერთი თქვენი მონა-მორჩილიც იყო - ავტ.) და ორი ოსი. წიგნები ორივე მხარეს, ცხინვალში, გორსა და თბილისში დაურიგდა იმ ხალხს, ვინც ბარიკადების სხვადასხვა მხარეს იდგა. ეს არის ცდა, რათა ამ ადამიანებმა ერთმანეთს კვლავ მიაწვდინონ ხმა.

მეგი ბიბილური, არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართლოსის" ხელმძღვანელი: -”2008 წლის აგვისტოს შემდეგ, როდესაც განსაცდელში ჩავარდნილი ხალხის დასახმარებლად დავდიოდით, ომისათვის მახასიათებელი ტრაგიკული ამბების გარდა, ჩვენ მოვისმინეთ მოგონებები ოსების სიკეთეზე ქართველების მიმართ. მოგვიანებით ოსი კოლეგებისგანაც შევიტყვეთ, რომ ომგამოვლილები თავისიანებს უყვებოდნენ უმძიმეს წუთებში ქართველებისგან ოსებთან გამოჩენილი ჰუმანურობის ამბავს. გადავწყვიტეთ ამ პროცესისთვის ისეთი მიმდინარეობა მიგვეცა, რომ როგორმე წასდგომოდა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების საქმეს. წიგნში შესულია 40 ამბავი. ორი ამდენი დასაბეჭდი დარჩა. ალბათ, ოსებსა და ქართველებს კიდევ მეტი მოსაყოლი აქვთ. თითოეული ამბავი ნამდვილია, ფაქტობრივად, შეულამაზებელი.

პროექტის მხარდამჭერი იყო გაზეთი "კვირის პალიტრაც", რომელიც დროდადრო ექსკლუზიურად აწვდიდა მკითხველს ამბებს ომის სხვა სახის შესახებ.

აი, ერთი ამბავიც: ზურა ყოფილი ჯარისკაცია. ცხინვალის ომში მიღებული მძიმე ჭრილობის გამო ფეხი მოსჭრეს და ვეღარასოდეს იბრძოლებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯილდო არავის მიუცია, მეგობრებისთვის ზურა გმირია, მაგრამ თვითონ ამბობს, რომ ამის თქმის საბაბი არავისთვის მიუცია: საგმირო არაფერი ჩამიდენია, ომის გააზრებაც კი ვერ მოვასწარით, ისე უცებ დამთავრდა ყველაფერიო.

ერთ-ერთ ოსურ სოფელში, ნახევრად დანგრეულ სახლში, ქართველ ჯარისკაცებს მოხუცი ქალი უნახავთ. სოფელში არავინ ყოფილა დარჩენილი ერთმანეთზე დაუძლურებული მოხუცების გარდა. ქალი რომ უპატრონოდ დაეტოვებინათ, ტანჯვით დაიღუპებოდა, ვერავინ მოუვლიდა. ზურას მოხუცი ხან ხელში ატატებული უტარებია, ხანაც ზურგზე მოკიდებული.

"მოხუცი ხელში რომ ავიყვანე, მეთაურმა გაკვირვებულმა შემომხედა, მაგრამ ვერაფერი მითხრა. ქალი ძალიან უმწეო იყო. ტკივილისგან დაოსებულს ტირილის თავიც აღარ ჰქონდა. ეტყობოდა, რომ გადარჩენის იმედი გადაეწურა და წინააღმდეგობა გამიწია, დამტოვეო. მივეფერე, ნუ გეშინია, ბებო, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. ეჰ, ყველაფერი დამთავრდაო, ამოიოხრა და ხელი ჩაიქნია. ომი აღარ უნდა ყოფილიყოო. არ უნდა დაეწყოთ თქვენს შვილებს და არც იქნებოდა-მეთქი. ჩემი შვილები გაიქცნენ, იარაღს ხელს არ ჰკიდებენო. თქვენ რატომ არ გაჰყევით-მეთქი? აქ დავიბადე, ეს არის ჩემი მიწა, ისინი ახალგაზრდები არიან და სხვაგანაც ნახავენ თავშესაფარს, მე კი სხვაგან, აბა, რა უნდა ვაკეთო, დამტოვე, აქ მოვკვდებიო. არ შემეძლო მისი დატოვება. თავიდან ბიჭები სახეს მარიდებდნენ, რომ არ დასცდენოდათ, მოდი, შეგეშველებითო.

მერე ზურგჩანთა და საჭურველი გამომართვეს და მორიგეობით ატარებდნენ. ძნელია, ომში სხვამ ათრიოს შენი ბარგი. არადა, ბებიაჩემი მახსენდებოდა იმ ქალის დანახვაზე, ბებია, რომელიც რამდენიმე წლის წინ, 88 წლისა მძიმედ დაავადმყოფდა და ლოგინად ჩავარდა. მე ვუვლიდი. სწორედ ისე ხელში ატატებული ან ზურგზე მოკიდებული დამყავდა, როგორც დაჭრილი ოსის ქალი. მოხუცი დროდადრო მეხვეწებოდა, დამტოვე, ცოდო ხარო, თან მეფერებოდა დამჭკნარი ხელით. ვერ დავტოვებდი, ერთი წამითაც არ მიფიქრია ამის გაკეთება, მაგრამ საჰაერო დაბომბვა რომ დაიწყო, ცუდ დღეში ჩავვარდი, მოხუცთან ერთად სირბილი გამიჭირდა. მალე საშინელი დარტყმა და ტკივილი ვიგრძენი და გონება დავკარგე. გონს სამი დღის შემდეგ მოვსულვარ, ჰოსპიტალში. იმ მოხუცის ამბავი ვიკითხე. ბიჭებს ჩემთან ერთად წამოუყვანიათ მანქანით. ისიც ფეხში იყო დაჭრილი. გადარჩა, არც ამპუტაცია დასჭირვებია. მე კი ფეხი დავკარგე. ერთხელ მეგობარმა მითხრა, იქნებ მარტო რომ ყოფილიყავი, ეს არც დაგმართნოდაო. მე კი სულ ვფიქრობ, მარტო რომ ვყოფილიყავი, იქნებ საერთოდაც არ გადავრჩენილიყავი. არ ვიცი, რა ბედი ეწია იმ მოხუცს, ცოცხალია  თუ არა, მაგრამ სულ მგონია, რომ იმ დღეს ბებიაჩემის გადარჩენას ვცდილობდი".

ცხინვალელი ირინა ომის შემდეგ სხვა ქვეყნიდან შემოვლითი გზით უკვე ორჯერ იყო ნათესავებთან თბილისში. ამბობს, რომ ომის დროს სარდაფში შვილებთან ერთად ჩაკეტილი ქართველმა ჯარისკაცმა გადაარჩინა. ”

ამ ამბების მოყოლის სურვილი არის მცდელობა, მოვძებნოთ ხელჩასაჭიდი, რომ კვლავ ერთად ვიყოთ. "გზა ცხინვალიდან თბილისამდე ყველაზე მოკლეა ერთმანეთთან კვლავ მისასვლელად, ეს გზა უნდა აღდგეს", - ამბობს ირინა.