"პრეზიდენტს რომ შემახვედრა, იმდენს ვეტყვი, არ დავზოგავ!" - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტს რომ შემახვედრა, იმდენს ვეტყვი, არ დავზოგავ!"

"სოფლებში ისეთი გაჭირვებაა, რომელზეც წარმოდგენაც კი არ აქვთ რუსთაველის  გამზირზე მოპრაკუნე პოლიტიკოსებს"

"შემეძლო, წიკლაური  უარეს დღეში ჩამეგდო, მაგრამ, როგორც სტუმარს, მოვერიდე"

საჩხერის რაიონის მკვიდრი როსტომ ტალახაძე ცოტა ხნის წინ გავიცანი, სოფელ კორბოულში ნაციონალ ნუგზარ წიკლაურის სტუმრობის დროს. წიკლაურს თამამი და გონიერი გლეხის კრიტიკა არ ესიამოვნა, ვითომ გამარჯვებულის იერით ზურგი აქცია და იქით გასწია, სადაც, იქაურების თქმით, საჩხერის გამგებლის მიერ საგანგებოდ შერჩეული "პირმოთნე ელექტორატი" ელოდა... როსტომ ტალახაძე კომუნისტების დროსაც ვერ ეგუებოდა უსამართლობას, რაც 1985 წელს იმით დასრულდა, რომ ედუარდ შევარდნაძეს მატყუარების რიგებში ყოფნაზე უარის ნიშნად პარტბილეთი გაუგზავნა. ახლა, "ვარდების რევოლუციის" მხარდაჭერის გამო თავს დამნაშავედ მიიჩნევს.

- იმედი მქონდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მიღწევით დავამარცხეთ მსოფლიოში ყველაზე კაცთმოძულე - მარქსიზმ-ლენინიზმის იდეოლოგია. თურმე შევცდი...

როდესაც ყანაში სარეველა გამოერევა, თუ ძირფესვიანად არ ამოთხარე, არ გაიტანე ყანის გარეთ და არ დაწვი, ისევ აღმოცენდება. სწორედ ყანიდან გაუტანელი სარეველა აღმოგვიცენდა ამ მთავრობის სახით.

თუ დროზე არ გამარგლე, მთელ ყანას მოსპობს... პრეზიდენტმა, რომელიც დემოკრატიაზე ლაპარაკობს, ბეშუმში თქვა, ვერ მოგართვით, რომ ჩემი ნაშენები და ნაკეთები ვიღაცას დავუტოვოო. ეს არ არის პატრიოტის განცხადება. რას ჰქვია, არ უნდა დამიტოვოს?! ეს ქვეყანა მხოლოდ მისია?! ხალხი ქვეყანას თვითონ მიხედავს, სააკაშვილისა და ისეთების გარეშე, ვინც გველეშაპივით დაეპატრონენ ყველაფერს.

- თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს ხელისუფლება?

- ცოტათი მაინც ჩახედული ღვთის კანონებში...  უნდა იცოდეს, რას ითხოვს ღმერთი თავის ხატად და სახედ შექმნილი ადამიანისგან, რა მოვალეობას აკისრებს მას.  დავით აღმაშენებელმა მშვენივრად იცოდა, რომ საერო კაცის, მით უფრო, ხელისუფალის ცხოვრება და საქმიანობა ხშირად სცდება  ღვთიურ გზას, ამიტომაც დაიბარა, ფეხით მიარეთ გულზეო, და "გალობანი სინანულისანი" დაწერა... სახელმწიფო ღვთიური კანონებით უნდა შეიქმნას. პირველი კაცი - ადამი არც რაიკომის მდივანი ყოფილა და არც პრეზიდენტი, ღმერთმა მისცა მიწა... მიწიდან და გლეხიდან მოდის სახელმწიფოს მშენებლობა, ამის დავიწყება ვინც სცადა, ვერ ხარობს.

თუ გლეხი ვერ იგრძნობს, რომ მიწის პატრონია, თუ ის მთავრობის გადმოგდებული ტომარა ფქვილისა და სასუქის იმედად იქნება, სახელმწიფო ვერ იარსებებს. დიდ გაჭირვებაშია ხალხი რეგიონებში. სოფლებში ისეთი გაჭირვებაა, წარმოდგენაც კი არა აქვთ რუსთაველის  გამზირზე მოპრაკუნე პოლიტიკოსებს, რომლებსაც უზარმაზარი ხელფასი აქვთ და კიდევ დამატებით აუარება ფულს აკეთებენ...

- როგორ ცხოვრობს თქვენი სოფელი დღეს?

- ინგრევა. ამათ ისე წაიყვანეს საქმე, გლეხს მიწას აძულებენ. აშშ-ში მოსახლეობის 14% სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული და მთელ ქვეყანას არჩენს. ჩვენთან 50% სოფლად ცხოვრობს და მაინც უცხოეთიდან შემოგვაქვს პროდუქტი. თამარ მეფის დროს ხორბალი გაჰქონდათ და ტყავეულზე ცვლიდნენ. თუ მაშინ საქართველოში მცხოვრები 11 მილიონი ადამიანი  თავსაც იკმაყოფილებდა მარცვლეულით და გარეთაც გაჰქონდა, დღეს რა დაგვემართა?! 4 მილიონიც არ ვართ, ის მიწა ხომ ისევ მიწად დარჩა? კოლმეურნეობის დროს თავმჯდომარე აკონტროლებდა კოლმეურნეობის მიწას, მის ხელში იყო ტრაქტორი და სხვა. ახლა ტრაქტორები და ტექნიკა ჩააბარეს გამგებელს, ის არის კოლმეურნეობის თავმჯდომარეც და ყველაფერიც. ერთი კაცი მთელი რაიონის მიწებს აკონტროლებს. შეუძლებელია, 50.000-კაციან საჩხერის რაიონში როდესაც დასჭირდება გლეხს, მაშინ გამოატანონ ტრაქტორი.

სასოფლო-სამეურნეო იარაღების შემოტანა საბაჟო გადასახადებისგან უნდა გაეთავისუფლებინათ, ხალხიც შემოიყვანდა მეორად ტრაქტორებს ისე, როგორც მეორადი მსუბუქი ავტომობილები შემოჰყავთ.

"ოპელის" ფასად მოტობლოკს და ტრაქტორს იყიდდა კაცი და თვითონ მიხედავდა თავის მიწა-წყალს. ახლა - ტრაქტორი ძვირი, საწვავი ძვირი, სასუქი ძვირი! მიწას რასაც დაახარჯავ, იმის საფასურს ვერ აიღებ, მოგებას - მით უფრო. ყველაფერი, რაც გლეხს სჭირდება, მონოპოლიზებულია იმისათვის, რომ ვიღაცას ბიზნესი ჰქონდეს აწყობილი, უცხოეთიდან ზიდონ უხარისხო პროდუქტი, რომელსაც ადგილზე კონკურენციას ვერავინ გაუწევს. როდესაც სოფლის მეურნეობა მთავრობაზეა დამოკიდებული, გლეხიც მორჩილია |- რასაც უბრძანებ, იმას აკეთებს...

- რას გულისხმობთ?

- ნაციონალები ამტკიცებენ, რომ თურმე ანტენებით შესაძლებელია მოსახლეობის მოსყიდვა. არადა, მოსყიდვა მაგათი მოგონილია. 30-ლარიან დახმარებას აძლევენ სოციალურად დაუცველებს და გამოჭერილი ჰყავთ - თუ არ მისცემ ხმას დღევანდელ ხელისუფლებას, მოგიხსნითო. ხალხი ისეთი გაჭირვებულია, საკუთარი ნების წინააღმდეგ მიდის. მარტო მოსყიდვა? დაშინებას აღარ იკითხავთ?! სამსახურიდან არაერთი გაათავისუფლეს, რატომ ნაციონალებს არ აძლევთ ხმასო! კიდევ ბევრს უპირებენ მოხსნას... ხალხს ეშინია სამსახურის დაკარგვის. როგორ უნდა იცხოვრო ამ უბედურ დროში?

დღეს ნაციონალები ვეღარ ახერხებენ ასჯერ მოტყუებული მოსახლეობის ისევ თავისი გზით წაყვანას, მაგრამ ზოგს ხმის ამოღების ეშინია - რომ არ წავიდნენ, მერე რა ვქნათო? მე კი არხეინად ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ნაციონალების დრო წასულია. მაგათ გონებას აღარ შეუძლია, რაიმე საინტერესო შესთავაზოს ხალხს. ნუგზარ წიკლაურს თვითონაც არ სჯერა იმის, რასაც ხალხს ჰპირდება. როდესაც ეს ვუთხარი, გაკვირვებულმა შემომხედა, ფიქრობდა, ალბათ, როგორ გამოიცნო ჩემი გულისნადებიო. შემეძლო უარეს დღეში ჩამეგდო, მაგრამ, როგორც სტუმარს, მოვერიდე. არჩევნებამდე ისეთი ამბები დატრიალდება, ნაციონალები მთლად გაშიშვლდებიან. ყველაფერი ნათელი გახდება მათთვისაც კი, ვისაც ჯერ კიდევ ეშინია საკუთარი აზრის გამოხატვისა.

ცოდნა და განათლება ამათ არა აქვთ! მხოლოდ კომპიუტერისა და ინგლისურის ცოდნაა საქმე? პირველი, რაც უნდა იცოდე, საკუთარ ხალხთან სალაპარაკო ენაა. არც ერთმა მინისტრმა ეს არ იცის. მინისტრები დანიშნული არიან არა კვალიფიკაციის მიხედვით, არამედ პოლიტიკური ნიშნით. დღეს საჩხერის რაიონში უამრავი პროფესიონალი უმუშევარია; ვინც მუშაობს, უმეტესობა უვიცი და უცოდინარია.

- ივანიშვილს არაფერს უწუნებთ?

- მე ბიძინას პარტიის წევრი არ ვარ და ნუ შემომხედავთ ისე, როგორც მისი იდეოლოგიის მიმდევარს. მე სიმართლე მაინტერესებს. სიმართლე კი ის არის, რომ ნაციონალები უნდა წავიდნენ. პრეზიდენტს რომ შემახვედრა, იმდენს ვეტყვი, არ დავზოგავ. ყოველთვის ვერ მოატყუებს ხალხს, ეს უნდა ახსოვდეს! პოლიტიკოს ბიძინას ტელევიზიით ვიცნობ, როგორც საჩხერელი კი საქმით გავიცანი. ვიცოდი, რასაც აკეთებდა პოლიტიკაში წასვლამდე. დედამიწის ზურგზე ბევრი მილიარდერია, მაგრამ ფულს ასე არავინ დაგირიგებს და არავინ მოეხმარება მრავალშვილიანსა და გაჭირვებულს. შესაძლოა, სათანადო კადრები არ ჰყავს გვერდით, მაგრამ ასეთ ადამიანს ღმერთი მოუნახავს გზას და შემწეს... სტალინისა და ბერიას ცოდვების გამო ისჯება დღეს ქართველი ხალხი დაკარგული აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი. ყოველი ერი, რომელიც მომავალს სიყალბით აშენებს, უღირსია. ასეთი ერის საქმეში უზენაესიც ნაკლებად ერევა. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს დღევანდელი მთავრობა პოლიტიკური სიმხურვალისგან ისეთ რამეს არ ჩაიდენს, რომ მათმა შვილებმა საკუთარი მამები უარყონ და გვარი დამალონ...