"ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ და ამიტომაც დამსაჯეს" - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ და ამიტომაც დამსაჯეს"

"პავლონიის ხეებს ისევ მოვაშენებ, მაგრამ ამის გამჩეხი კაცი რომ ქვეყანას სიკეთეს ვერ მოუტანს, ხომ ცხადზე უცხადესია?"

"არქიფო სეთურის სოფელში ჰგონიათ თავი?"

"გურულები, ბიძია, გაჭირვებული არიან, თვარა გამოთაყვანებულები კი არა"

"ეშაფოტზე რომ ამიყვანონ, მაინც არაა მაგათი საშველი!"

ოზურგეთის რაიონის სოფელ ცხემლისხიდის მკვიდრს, "ქართული ოცნების" მხარდამჭერ ნუგზარ გიორგაძეს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე პავლონიის ნერგები გაჩეხილი დახვდა. ნუგზარ გიორგაძე ამ ბარბაროსობას პოლიტიკური მოტივით ხსნის.

- აპრილში პავლონიის (ძვირფასი ჯიშის ხე) 250-ზე მეტი ნერგი დავრგე. პავლონიაზე მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა და მინდოდა ხალხისთვის მენახებინა, რა სიკეთის მოტანა შეუძლია ამ ხის მოშენებას. სადაც პავლონია მქონდა დარგული, იქვე თხილის ბაღიც არის. იმ დღეს თხილის ბაღის გასუფთავება მინდოდა. ნაკვეთში რომ მივედი, თავზარი დამეცა, - პავლონიის ბაღი ნახევრად გაჩეხილი დამხვდა. გული ჩამწყდა, ცხადად დავინახე, რომ არიან ადამიანები, რომელთაც ამის გაკეთება შეუძლიათ. მე რომ ვერაფერი დამაკლეს, ხეები გაჩეხეს.  მთელმა რაიონმა იცის, რომ ეს სპეციალური ეკონომიკური პროექტი იყო. მინდოდა სოფლის მცხოვრებთაც გაეშენებინათ პავლონია, რომ თავი დაეღწიათ სიდუხჭირისთვის.

"ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ და ეჭვი არ მეპარება, ეს ამბავი პოლიტიკას უკავშირდება. ამ ბარბაროსობამდე ჩვენს სოფელში "ქართული ოცნების" ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩამოვიდა. ერთი სოფლიდან 160 კაცი მოვიდა შეხვედრაზე. მეც საბუთებით "შეიარაღებული" მივედი. თან მქონდა საკრებულოს გადაწყვეტილების მონაცემები, რის მიხედვითაც, იმდენი თანხაა ჩვენი სოფლისთვის გამოყოფილი, აქამდე აშენებული უნდა ვიყოთ. თურმე სოფლის ხელშემწყობი პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები ჩაუტარებიათ და ჩამოთვალეს ის "სიკეთე", რაც ჩვენს სოფელში გაკეთებულა: მდინარის კალაპოტის გასწორხაზოვნება, სალუქვაძეების უბანში გზის შეკეთება, საბავშვო ბაღის შეკეთება, ჭაბურღილების მოწყობა, თოვლის საწმენდი დეტალის დამზადება (აბსურდი!), განათებების მოწყობა, მრიცხველების დაყენება. გარე განათება კი დააყენეს, მაგრამ სადაც რაიონის უშიშროების უფროსი ცხოვრობს, მას ჩაურთეს, დანარჩენს კი უკიდია ისე, ბუტაფორიად. ზოგიერთი რამ მართლაც გააკეთეს, მაგრამ ხარჯებში რომ ჩავიხედე,  სამლარიან საქმეში 10-10 ლარი აქვთ გაწერილი. გურულები, ბიძია, გაჭირვებული არიან, თვარა გამოთაყვანებულები კი არა.

ამის მერე პროვოკატორი ქალი შემოგზავნეს შეკრებაზე, ჩვენ მაგფერ ქალებს ბე-ტე-ერებს ვეძახით. ჰოდა, ამ ქალს იმის თქმა ხომ უნდოდა, ქვეყანა შენდებაო, მარა არაფერი თქვა, შეაწუხა სინდისმა.

იმ შეხვედრაზე ბევრი იყო ისეთი, რომელსაც სიკეთე ჰქონდა გაკეთებული ქვეყნისთვის და მათ შორის ამ ქალისათვისაც, რომელიც შვიდი შვილის დედაა. ჰოდა, ვერ იკადრა უკადრებელი. გამიხარდა, თურმე ამ გათახსირებული ხელისუფლების ხელშიც შეუძლიათ ადამიანებსL სიკეთის დანახვა...

ამის შემდეგ ამოძრავდნენ "ნაცმოძრაობის" შიკრიკები. ხალხს ჩამოუარეს და უთხრეს, სასაფლაოს შემოსაღობად თანხაა გამოყოფილი, მოვიტანთ ყველაფერს, ოღონდ თქვენ უფასოდ უნდა იმუშაოთო. ხარჯებში ხომ გაწერილი აქვთ სამუშაოების შესრულება და სოფელს ეუბნებიან, უფასოდ იმუშავეო. არქიფო სეთურის სოფელში ჰგონიათ თავი თუ რაშია საქმე? მიხვდა ხალხი ამ დოკუმენტების ჩვენების მერე, რომ ხელისუფლება ფულს უტეხავს. ამისთანა მხილება არ მოეწონათ და მეორე თუ მესამე დღეს კრების ჩატარება უნდოდათ. ხალხი დაიბარეს, მარა არ მივიდა არავინ, სამაგიეროდ მე მივედი. ოთხი კაცი დამხვდა სულ. ვუთხარი, ამ სოფლის შვილი ვარ, ამდენ ხანს ვერ ვერთვებოდი სოფლის საჭირბოროტო საკითხებში-მეთქი (უცხოეთში ბიზნესი მქონდა).

ჩვენი ხელისუფლების საგმირო საქმეების გამო 2007 წელს გამოვთქვი პროტესტი, მიტინგზეც ვიყავი თბილისში. ჰოდა, მიტინგს გაჩვენებთო და ჩხრეკა ჩაატარეს ცალკე ჩემსა და ცალკე ჩემი ცოლის სახლში. ჩემი ცოლის სახლში ბაბუამისის ნაქონი გეკოს თოფი იპოვეს და 2 წელი მომისაჯეს). მორჩა ჩემი პირობითი სასჯელი-მეთქი და მივაფარე ცხვირში საბუთი - ჩვენი პრეზიდენტი ამდენ ფულს რომ ხარჯავს, სად მიგაქვთ-მეთქი?.. მეორე დღეს გაჩეხილი დამხვდა პავლონიის ბაღი. ამით გამაფრთხილეს, თუ ჭკუით არ იქნები, კიდევ უარესს გაგიკეთებთო. პავლონიის ბაღი კი არა, ეშაფოტზე რომ ამიყვანონ, მაინც არაა მაგათი საშველი! შეშინებული კაცების გაკეთებულია ეგ!

2003 წელს ამ ხელისუფლების მხარდამჭერი ვიყავი. შევარდნაძის დროს ორი სოფლის გამგებელი და საკრებულოს წევრი ვიყავი, რამდენჯერ დავაყენე საკითხი, რომ სოფლისთვის მიეხედათ, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. 63 წლის კაცი ვარ და ღირსება არ დამიკარგავს. მაინც ვერ შემაშინებენ. პავლონიის ხეებს ისევ მოვაშენებ, მაგრამ ამის ჩამდენი რომ ქვეყანასა და ხალხს სიკეთეს ვერ მოუტანს, ხომ ცხადზე უცხადესია?