"არ ვაპირებთ ომს!" - კვირის პალიტრა

"არ ვაპირებთ ომს!"

"საქართველოდან 7 აგვისტოს დილით გავედი დასასვენებლად..."

"თუკი ვინმე უსამართლოდ ჯარიმდება, არსებობს საშუალება, რომ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სიმართლე დაამტკიცოს"

რუსეთის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი 8 აგვისტოს \ცხინვალს ეწვია და განაცხადა, რომ სუვერენულ სახელმწიფოში ჩავიდა. აგვისტოს ომის მეოთხე წლისთავზე ცხინვალში სტუმრობა მას, ალბათ, შემთხვევით არ დაუგეგმავს. რა თქვა ამ ქმედებით მედვედევმა? რუსეთის პრემიერის ამ ნაბიჯის შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიგი წერეთელთან:

- დარწმუნებული ვარ, საქართველოს ყველა მოქალაქე მედვედევის ამ ნაბიჯს უარყოფითად აღიქვამს. ეს არალეგიტიმური, უკანონო ნაბიჯია და გამოწვევას ჰგავს. მაგრამ გარდა კანონიერებისა, აქ არის მორალური მხარეც. თუმცა, სხვა არაფერია მოსალოდნელი იმ ადამიანებისგან, ვინც საქართველოს დასაპყრობად ჯარები გამოგზავნა, ვის გამოც საქართველოში ასი ათასზე მეტი დევნილია, ჩვენი ტერიტორიების 20% კი ოკუპირებული, ვინც ცდილობს საქართველოს განვითარება შეაჩეროს. ეს არის მცდელობა, რაღაც ნიშანი მისცეს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას და ხაზი გაუსვას სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის ლეგიტიმაციას. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია იმ საზღვრებში, რომლებიც დადგენილია ჩვენი და საერთაშორისო კანონმდებლობით. ამიტომ მედვედევის ვოიაჟები ამ კანონმდებლობას და ამ ტერიტორიების ლეგალურ სტატუსს ვერ შეცვლის. ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული და ამის თაობაზე არაერთი პოლიტიკური დოკუმენტია შედგენილი. მედვედევის ქმედება გამაღიზიანებელი ფაქტორის შექმნის მცდელობა უფროა.

ამ ფაქტს ასე არ დავტოვებთ და ყველა მაღალ ფორუმზე, სადაც გამოსვლის შესაძლებლობა გვექნება, მსოფლიოს დავანახებთ, თუ როგორ იქცევა რუსეთის ხელისუფლება და როგორ უპირისპირდება იმ პოლიტიკას, რომელიც განვითარებულ სამყაროს აქვს, როგორ არ იცავს საერთაშორისო შეთანხმებებს, მათ შორის ჰელსინკის აქტს, რომ ეთნოწმენდასა და ოკუპაციას სხვა დარღვევებსაც უმატებენ.

- აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის დაკრძალვაზე პრეზიდენტის ნათქვამი, მის სისხლს არავის შევარჩენთო, განხილვის საგანი გახდა. ზოგი ფიქრობს, ხელისუფლება ისევ ომის ალბათობას ხომ არ უშვებსო.

- არა მგონია, ასეთ ნათქვამს დიდი განხილვა სჭირდებოდეს. "არშერჩენა" იმას ნიშნავს, რომ საქართველო უნდა გამთლიანდეს, უნდა გავიდეს საოკუპაციო ჯარი და დარწმუნებული ვარ, ვინც ეს გააკეთა, ოდესმე პასუხს აგებს. არ ვაპირებთ ომს. საქართველო ახლაც და ადრეც აცხადებდა, რომ ყველა პოლიტიკური ამოცანის (მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის) მშვიდობიანად გადაჭრა სურს. სწორედ ამისთვის ვიბრძვით საერთაშორისო არენაზე. ჩვენ არ ვაპირებთ რუსების პოზიციის გაზიარებას და იმის თქმას, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ.

- ხშირად გამიგონია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე აფხაზი და ოსი მოსახლეობა უნდა დავიბრუნოთ, მაგრამ რამდენად მიმზიდველი იქნება მათთვის საქართველოში ცხოვრება, სადაც ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო შეიძლება ადამიანი დაჯარიმდეს, ციხეში მოხვდეს ან მდიდარმა კაცმა ქონების ნაწილი დაკარგოს.

- ნამდვილად საჭიროა ნდობის აღდგენა ხალხს შორის, ურთიერთობა და კონტაქტი. ოსებიც და აფხაზებიც კარგად ხედავენ, რომ დანარჩენი საქართველო გაცილებით სწრაფი ტემპით ვითარდება, ვიდრე მათი რეგიონები. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთ ქართული სახელმწიფო ბევრ რამეს სთავაზობს, მათ შორის - ნეიტრალურ პასპორტსაც, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულია. ასეთი მდგომარეობა მუდმივად ვერ გასტანს. მჯერა, ჩვენ ვიქნებით ერთიანი ერი, მხოლოდ დროებითი პრობლემები გვაქვს ერთმანეთთან.

- მე ოპონენტებისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებაზე გკითხეთ.

- ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა იყოს. მცდელობა იმისა, ვიღაც მუდმივად მსხვერპლის როლში იყოს, ვიქტიმიზაციის სურათები შექმნას და მერე ამაზე მთელ მსოფლიოში გზავნოს წერილები, აი, რა დღეშიD ვართო, ეტყობა, მათი ტაქტიკაა. თუკი ვინმე უსამართლოდ ჯარიმდება, არსებობს საშუალება, რომ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სიმართლე დაამტკიცოს. შეიძლება გადაცდომები იყოს, რადგან კანონებს ადამიანები ქმნიან, მაგრამ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ყველა ქმედება კანონიერი უნდა იყოს.

- ბოლო დროს შეხვედრებზე ხელისუფლების წარმომადგენლებს მოსახლეობა აქტიურ ოპონირებას უწევს. ერთი ასეთი ემოციური შეხვედრა თქვენც გქონდათ მშობლიურ ჭიათურაში.

- ჩემი წინაპრები საჩხერიდან, კერძოდ, გორისიდან არიან, მაგრამ იქ არაფერი არ მაქვს. მარტო იმერეთში კი არა, ბევრ რეგიონში დავდივარ. მოსახლეობა, მით უმეტეს, ჭიათურაში, მართალია, მთლად დალხენილი არ არის, მაგრამ ბოლო წლებში არც მდგომარეობა გართულებულა. ბოლო 2 წლის განმავლობაში იქ განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები (გაზი, წყალი, გზა), მაგრამ ხალხს კონკრეტული პრობლემები აქვს. მე ვიყავი ისეთ სოფლებში, სადაც მისასვლელად ცენტრალური მაგისტრალიდან 45 წუთი ოღროჩოღრო გზით უნდა იარო.

ხალხის ოპონირება იმას ნიშნავს, რომ ხედავს, ხელისუფლებას მათი პრობლემების მოგვარების პოტენციალი აქვს.A ზოგჯერ ვიღაც ხელოვნურად ძაბავს ვითარებას, მაგრამ  ეს გასაკვირი არ არის საარჩევნო პერიოდში.

- ინტერნეტში გამოქვეყნდა იმ პოლიტიკოსთა სია, რომელთაც აგვისტოს ომის დროს საზღვარი გადაკვეთეს. ამ სიაში თქვენც იყავით. იქნებ გვითხრათ, რატომ და როდის გადაკვეთეთ საზღვარი?

- თქვენს გაზეთს ბევრი მკითხველი ჰყავს და სიმართლეს გეტყვით: საქართველოდან 7 აგვისტოს დილით გავედი დასასვენებლად. იმ დღეს არ იყო ინფორმაცია, რომ ცხინვალში დაძაბულობა მასშტაბურ საომარ მოქმედებებში გადაიზრდებოდა. იმ დღეს პრეზიდენტიც ჩინეთში ოლიმპიადაზე აპირებდა გამგზავრებას. მე ოლიმპიური დელეგაციის წევრებთან ერთად მომიწია გამგზავრებამ, მაგრამ 7-ში საღამოს რომ შევიტყვეთ რა მოხდა, უკან დავბრუნდი. 8-ში დილიდან აეროპორტში ვიყავი. მხოლოდ ერთადერთი რეისი იყო დანიშნული სტამბოლიდან და 9-ში გამთენიისას უკვე თბილისში ვიყავი. Mამის შემდეგ ვხელმძღვანელობდი პარლამენტში გახსნილ ჰუმანიტარული დახმარების შტაბს და მთელი თვე არ გვიძინია, არსად წავსულვართ. როდესაც განცხადებებს გააკეთებენ, ყველამ იფიქროს, ხომ არ ასხამს ამით წყალს რუსეთის ხელისუფლების წიქვილზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების დამხობა ჰქონდა განზრახული.