მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

To be continued!

აქამდე ვიცოდი, რომ ღრუბლებს მზე ეფარებოდა, ჰა, ჰა, მთვარე, მაგრამ პრეზიდენტი? არადა, თავად მოჰყვა ამის შესახებ: მახსოვს, ავფრინდით, მივფრინავდით ღრუბლებში, დამალულები, ყველა მხრიდან რუსული თვითმფრინავები დაფრინავდნენ, ცა იყო გადაკეტილი, ასე, ღრუბელ-ღრუბელ მალვით, როგორც იქნა, ჩავფრინდით ფოთში და დავიწყე გამოსვლა პირდაპირ ეთერში. რუსებმა რომ დამინახეს პირდაპირ ეთერში, მოასხდნენ რამდენიმე ათეულ ბეტეერს და წამოვიდნენ ჩემს დასაჭერად. ამ დროს გადაუდგა მათ ფოთის შესასვლელთან ადგილობრივი პოლიციის რაზმი. რუსებს თან ახლდათ ერთი ქართველი... და ამ ქართველმა უთხრა ჩვენს პოლიციელებს, ნუ გეშინიათ, ჩვენ ფოთში შევალთ, ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ერთი ადამიანი, არავის არაფერს დავუშავებთ. ამ პოლიციელმა უპასუხა, ამ შემთხვევაში ის ერთი ადამიანი არის საქართველო.

თითქმის მთელი ომი ფოთში გავატარე. ვიდრე რუსებმა სენაკის ბაზა არ დატოვეს, იქ ვიყავი. სიმართლე გითხრათ, პრეზიდენტის ჩამოსვლა არ მახსოვს (შეიძლება იმიტომ, რომ მაგ დროს უკვე წამოსულიც ვიყავი), თუმცა იქ რომ ის ნამდვილად იყო, ამას სხვა ჩემი კოლეგები ადასტურებენ. პრეზიდენტი ფოთში, როგორც მისი საიტი იუწყება, 28 აგვისტოს ჩასულა. ამ დროისთვის რუსები დისლოკაციის ძირითადი ადგილიდან, სენაკის ბაზიდან უკვე გასულები იყვნენ, თუმცა ფოთში ისევ რჩებოდნენ. რაც შეეხება ფოთიდან პირდაპირ ჩართვას, ვერ ვიპოვე ადამიანი, ვისაც ახსოვდეს, მაგრამ აქ მთავარი ეს არ არის. მთავარი ის არის, რომ ჩვენი პრეზიდენტი მართლაც საოცარი მთხრობელია. მისგან უდავოდ დიდი მწერალი დადგებოდა, ამ სულელური პოლიტიკით რომ არ დაკავებულიყო. თუ რამდენად შესაძლებელია, რომ თვითმფრინავი თუ ვერტმფრენი (რადგან არ ვიცით, რითი მიფრინავდა) ღრუბლებში დაიმალოს, მაშინ როდესაც რადარები არსებობს, ეს სამხედრო ექსპერტებმა არკვიონ. ჩვენ ტექსტის მხატვრულ მხარეს მივხედოთ. ჯერ მარტო "გადაკეტილი ცა" რად ღირს.

სურათი წარმოიდგინეთ: მტრის თვითმფრინავებს და საზენიტო საშუალებებს რომ ცა აქვთ გადაკეტილი და ამ დროს პრეზიდენტი ღრუბლების უკან იმალება და ისე მიფრინავს, ანუ ღრუბელ-ღრუბელ მიიპარება. ჯერ ერთ ღრუბელს ამოეფარა მისი ვერტმფრენი (ალბათ, მაინც ვერტმფრენით იყო, თორემ ღრუბლიდან ღრუბელზე მოხტუნავე თვითმფრინავი ნამეტანია), მერე მეორეს, მერე მესამეს და ასე ფოთამდე. წარმოიდგინეთ ამისთვის რა სიმამაცეა საჭირო. უცებ ღრუბლები რომ დიდი მანძილით აღმოჩნდეს ერთმანეთისგან დაშორებული? რა უნდა ქნას? ხომ დაინახეს რუსებმა? მაგრამ ჩვენს პრეზიდენტს არ ეშინია. ის მაინც ღრუბელ-ღრუბელ მიიპარება. აგერ ცხვირი გამოყო მისმა ცათმფრენმა ჰოპ, ჰოპ, და უკვე ფოთშია.

თუმცა ისტორია აქ არ მთავრდება. აქ პრეზიდენტის საოცარი მოგზაურობის ისტორია წყდება და იწყება სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მამაცი პოლიციელის ამბავი, რომელიც თავის რაზმთან ერთად რამდენიმე ათეულ "ბეტეერზე" მომსხდარ რუსებს გადაუდგა. და განა მხოლოდ გადაუდგა! მათ უზნეო წინადადებას პასუხიც გასცა. თან რა პასუხი - ამ შემთხვევაში ის ერთი ადამიანი არის საქართველო! მართალია, შემდეგ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის არ გაკადნიერდება და საკუთარ პერსონასა და საქართველოს ერთმანეთთან არ გააიგივებს, რომ აქ სააკაშვილი კი არა, პრეზიდენტი, როგორც ქვეყნის სიმბოლო, იგულისხმებოდა, მაგრამ ამით რისი თქმაც უნდოდა, ხომ ყველამ გავიგეთ? ჰოდა, ყველაფერი გასაგებია. გაუგებარი მხოლოდ ის არის, რა ბედი ეწია იმ მამაც პოლიციელს და მის რაზმს. რაც პრეზიდენტმა ეს ამბავი მოჰყვა, მას შემდეგ მთელი სოციალური ქსელი ამ პოლიციელის ბედს არკვევს. რა უპასუხეს მას რუსებმა? ან რა უქნეს? პასუხით მოხიბლულებმა "ბეტეერების" ლულები დახარეს და უკან გაბრუნდნენ, თუ ბრძოლა გაჩაღდა და მამაცი პოლიციელი პრეზიდენტის, იმავე ქვეყნის, გადარჩენას შეეწირა? ასევე საინტერესოა, თუ ის პოლიციელი გადარჩა, თავად მოუყვა პრეზიდენტს თავისი პასუხის შესახებ, თუ ეს პასუხი ხალხში ლეგენდად გავრცელდა? ეს ყველაფერი პრეზიდენტმა აღარ მოგვიყვა. ფაქტობრივად, ამბავი ყველაზე საინტერესო ადგილას გაწყვიტა და ამით ინტრიგა შეინარჩუნა...

ქვეყნის მამაცი მეთაური, რომელიც ღრუბლებსაც კი თავის სასარგებლოდ იყენებს, მტერი, რომელსაც ისეთი ძალა აქვს, რომ ცის გადაკეტვაც კი შეუძლია და ერთგული ქვეშევრდომი, რომელიც ქვეყნის მეთაურს გადაარჩენს, რაც ამ შემთხვევაში ქვეყნის გადარჩენას ნიშნავს. უბრალოდ, ისტორია დაუმთავრებელია... To be continued!

ომი მე დავიწყე, მე!

ომის დაწყებიდან ოთხი წელი გავიდა და მთავარი სალაპარაკო ისევ ისაა, ვინ დაიწყო ომი. თითქოს ყველანი ვთანხმდებით, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და თან ვერ ვთანხმდებით. თითქოს ყველაფერი ნათელია, მაგრამ ამ დროს, ნათელი არაფერი არაა. თითქოს ამ თემაზე საუბრის დასრულება მთავრობის ინტერესებში უნდა იყოს, მაგრამ ყველაზე მეტს ის საუბრობს. რატომ? დამნაშავის კომპლექსი აწუხებს და მუდმივად თავის მართლების სურვილი აქვს? თუ ეს თემა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის კარგი მასალაა? აბა, სხვა რა მიზეზი უნდა იყოს ასეთი დაუსრულებელი განხილვისა? წელს ჩვენს ხელისუფლებას "სატოპკე" რუსეთის პრეზიდენტმაც აუწია, როდესაც განაცხადა, - 2008 წელს ჯერ კიდევ 2006 წელს შემუშავებული და 2007 წელს ჩემ მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით ვმოქმედებდითო.

ატეხა ჩვენმა ხელისუფლებამ ერთი ამბავი: აგერ, თავად პუტინმა აღიარა, რომ აგრესორია, რომ ადრევე ჰქონდა ჩაფიქრებული საქართველოს დაპყრობაო. მიეძღვნა ამ თემას სიუჟეტები, გამოყარეს ხელისუფლების "ჯიბის" ექსპერტები და დაიწყო ისევ იგივე, - ხომ ხედავთ, აგრესორიც კი აღიარებს თავის დანაშაულსო. არადა, სინამდვილეში პუტინმა ის აღიარა, რომ მათ 2006 წლიდან ჰქონდათ გეგმა, როგორ უნდა მოეგერიებინათ საქართველოს აგრესია, თუ ეს უკანასკნელი სამხრეთ ოსეთს თავს დაესხმებოდა. პუტინის ამ განცხადებაში უფრო მნიშვნელოვანი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე "აპალჩენცების" მომზადების აღიარებაა, ვიდრე გეგმის არსებობა. ჩვენ რომ არანაირი გეგმა არ გვქონდა, აბა, ესაა კარგი?

მოკლედ, მარტივად თუ ვიტყვით, პუტინის "აღიარებას" არც არაფერი შეუცვლია, მაგრამ ხელისუფლების სურვილი, თავი იმართლოს, იმდენად დიდია, რომ მზადაა, მოსახლეობა კიდევ ერთხელ მოატყუოს. დიახ, მხოლოდ ჩვენი მოსახლეობა, თორემ საერთაშორისო ასპარეზზე ყველამ ყველაფერი დიდი ხანია იცის და, პუტინის "აღიარება" ჩვენთვის ვერც ვერაფერს შეცვლის, რადგან მთავარი ის კი არ არის, ომს ვინ იწყებს, არამედ - ვინ იგებს. ჩვენ კი ისევ პირველს ვარკვევთ. ესენი იმდენს იზამენ, ბოლოს ნოდარ დუმბაძის ფოსტალიონივით გამოვვარდები და ვიყვირებ: თქვენ გგონიათ, ომი პუტინმა დაიწყო ან სააკაშვილმა? არა, ბატონო, ომი მე დავიწყე, მე! იქნებ ამის მერე მაინც მორჩეს ამაზე ლაპარაკი.